გახარიას მლანძღველები, პარლამენტში შემსვლელები და გუბაზისა და ლევან ბერძენიშვილის ლექსიკა - კვირის პალიტრა

გახარიას მლანძღველები, პარლამენტში შემსვლელები და გუბაზისა და ლევან ბერძენიშვილის ლექსიკა

აგვიხდა დიდი ხნის ოცნება - შედიან ჯიუტი გოგო-ბიჭები პარლამენტში ნელ-ნელა. ერთბაშად არ მივიდნენ. საერთოდ, საქართველოს პარლამენტი ერთ უსაქმურ სალაყბოდ რომ არის აღიარებული საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისგან, არჩევნებზე მიუსვლელობითაც გამოხატეს, მაგრამ ეგ ჰკადრე ახლა ნულს ქვემოთ წასულრეიტინგიან პოლიტიკოსებს! მაგათ გამო მოდიოდნენ დასავლეთიდან მედიატორები და ფასილიტატორები, ოღონდაც შედით ბუტკაში კი არა, პარლამენტში, მერე თუნდაც ნიკა მელიას გამოვაშვებინებთ, რურუას და არავითარ შემთხვევაში - გოგი წულაიასო!

გიორგი ბარამიძეს განუცხადებია, "ქოცების" ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლებაო. აუჰ, შენ გაიხარე, გია ბატონო! შენი პარტიის წარსული საგმირო საქმეებიდან გამომდინარე, ხმებიც უნდა მიიღოთ და საუკუნო სახელისუფლებო გარანტიებიც! და რა არ გასვენებთ? ნუთუ, აღარ უნდა შეგრცხვეთ თქვენ და თქვენს გადამრჩენ "ქოცებს"? 2008 წლის ომი რომ გამოაცხადეთ მოგებულად, ყოველი მეოთხე სასჯელმისჯილი რომ იყო და გაუბედურებული, თან რუსულ პოლიტიკას აკრიტიკებდით და სპიკერად რუსეთუმე ბურჯანაძე გყავდათ, ბიზნესებს ხელში აწვდიდით, თან ევროპელობაზე დებდით თავს! ბანკების თავგასულობით ხალხს ყულფს უყრიდით და ამ დროს, თქვენი თანამოაზრე, დიდი ბანკირი მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ქვეყანა უფსკრულში გადაუშვა "ოცნებამ". ცალკე კომედია ისაა, რომ ელისაშვილმა საჯაროდ დასდო ბრალი ხალხის გაუბედურებაში, მაგრამ მინდა შევუერთდე გამომსვლელებს და მადლობა გადავუხადო ყველას მოთმინებისთვის. მინდა ვისურვო, რომ მომავალში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი დრო საკითხების შესათანხმებლად და ამდენი შუამავალი. მინდა ვისურვო, რომ დღევანდელი დღე იქნება გარდატეხისა და შემოტრიალების წერტილი ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების, რამეთუ ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ ერთ ადგილზე დგომითო, - მოგვახსენა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერისას ბატონმა მამუკამ.

აი, თქვე ღვთის პირიდან გადავარდნილებო, რას დაარბენინებდით ამ დიპლომატებს? როდის უნდა შეგრცხვეთ?! კარგად ივაჭრეთ და კარგად მოაჩვენეთ თავი, გგონიათ, ხალხს?! ყველას ვეუბნები ამას! ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ეს საცირკო სანახაობა, ხან პარლამენტში, ხანაც პარლამენტს გარეთ რომ არ მოგვაკელით, ესაა თქვენი მამულიშვილობის ხარისხი! აქამდე "ნაცები" და "ქოცები" ლანძღავდით ერთმანეთს, ახლა გახარიას გუნდს დაეტაკეთ ორივე მხარე. მართლა და, არ გამართლდეს ეჭვი, რომ გახარია ბიძინას (ან/ანუ რუსეთ-ამერიკის) ახალი პროექტია, მაშინ რას იზამთ? ჯერ ოპოზიციურ ფლანგს მოასუფთავებს ადგილობრივ არჩევნებზე, მერე 2024 წელში პარლამენტშიც მივა და დაპირებული "მე თქვენ დაგამთავრებთ" აღსრულდება (ეჰ, მეც რამდენს ვოცნებობ). ოდნავი იმედი, იცით, რატომ მაქვს?! პირწმინდად რომ ლანძღავენ გახარიას, ეგებ და კი არის ისე, ხალხს რომ გამოადგება? მაგრამ საქართველოში ლანძღვაც პოლიტსტრატეგიად ითვლება, მაგალითი გნებავთ? გუბაზისა და ლევან ბერძენიშვილის ლექსიკა მიშასთან დაკავშირებით რომ მახსენდება, სირცხვილის სიწითლის დაკარგვისა აღარ მიკვირს და გახარიას ქება-დიდება ან ლანძღვა-გინება უნდა გავიოცოთ?!

ვიტყოდი, ღმერთო, ამერიკას მაინც უშველე, ჩვენი საშველი მაინც აღარ არის-მეთქი, მაგრამ ჯიუტად მჯერა, რომ გვეშველება! გვეშველება იმიტომ, რომ ჭკუასა და არჩევნებს ოდესმე, მოგვიანებით მაინც ვისწავლით!

პ.ს. მოკლე ხანში ვერ ვისწავლით ჭკუას, ტესტი უკვე გაკეთებულია! ქვეყანა თავზე დაგვემხო და ამ დროს, ათი წლის წინანდელ ზანგური-მაყაშვილის საოჯახო ბატალიებს ისე დეტალ-დეტალ ვიხილავთ, თითქოს ვინმე გვავალებდეს. და მაინც, ჩანს, ოღონდ კი პარლამენტში სკამები შეივსოს ბოლომდე, მერე ქვა ქვაზე არ დარჩენილა!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს