ხისტი არჩილი, კომპრომისული კუჭავა და 500 მილიონი ბიუჯეტში, ანუ ამ ნახევარი მილიარდიდან არც "ატკატს" ექნება ადგილი და არც ნეპოტისტურ დასაქმებას?
ხისტი არჩილი,  კომპრომისული კუჭავა და 500 მილიონი ბიუჯეტში, ანუ ამ ნახევარი მილიარდიდან არც "ატკატს" ექნება ადგილი და არც ნეპოტისტურ დასაქმებას?
ღმერთო ჩემო, არჩილ თალაკვაძე წავიდა პარლამენტის სპიკერის თანამდებობიდან! ასე უხმაუროდ, უემოციოდ ამხელა თანამდებობის პირის წასვლა?! ნუთუ აღარ გვაინტერესებს პოლიტიკური ბატალიები? ვინ მიჰყავდათ, ვინ მოჰყავდათ, სულ კაკალ-კაკალ ვიცოდით ადრე. თან, საქართველოს მასშტაბით კი არა, მსოფლიოსა და გალაქტიკაშიც კი! ვიცი, რასაც მეტყვით, - გვაინტერესებს მხოლოდ საინტერესო სახეები და არა ისეთები, ვისი წასვლაც და მოსვლაც არაფრობაა!

არჩილის სიტყვას თუ ვინმემ მოუსმინეთ, ფრიად უცნაური იყო. თუ სწორად გავიგე, მე, რადიკალური და ხისტი, მივდივარ, სანაცვლოდ
კორექტული, დიპლომატიური და კომპრომისული კუჭავა მოვაო! ნეტავ გვარი ხომ არ მეშლება?! თუ მეშლება, ეგ არაფერი, მთავარია, კარგი საქმეებით ისე დაგვამახსოვროს ყველას თავი, რომ მერე ვეღარც დავივიწყოთ. თორემ ახლა ვის სად
დასვამ ამ პარლამენტში, რა მნიშვნელობა აქვს?! აღმასრულებელი ხელისუფლებაც ძალიან საცოდავად გამოიყურება. აგე, მოახლოვდა ადგილობრივი არჩევნები და უკვე რას ლაპარაკობენ, რას აკეთებენ, ძალიან რთული გასაგებია. სტრატეგიები რომ არ გააჩნია ქოცნებას, ეგ ძველი სიმღერის ტექსტია. განსაკუთრებით საკადრო და პიარ-სტრატეგიები აქვთ ისეთი ფარჩაკი, ზოგჯერ კიდეც მეცოდებიან! მგონი, 500 მილიონის დახარჯვას აპირებენ რაღაც სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ეს ნახევარი მილიარდი საიდან გამოტყვრა ბიუჯეტში? ამ გაქანებული ეკონომიკური კრიზისის ჟამს, როცა ზეთი ისეთი ფასით იყიდება, მხოლოდ შვილისთვის თუ გაიმეტებს დედა, ფქვილის ფასიც ზეცამდეა ასული და საწვავზე აღარ ვლაპარაკობ (ნეტავ, ის ყბადაღებული ერთი ლარი ვის ჯიბეში მიდის ახლა?!), რომელი გადარეზერვებული ფული აღმოგაჩნდათ? დავიჯერო, ამ ნახევარი მილიარდიდან არც "ატკატს" ექნება ადგილი და არც ნეპოტისტურ დასაქმებას? ეჰ, ბატონო მთავრობავ, ფულისა და იდეების გაცუდებაში კი ხართ ჩემპიონები და მე რა უნდა მოგიხერხოთ, როცა ჩემი თავისთვის ვერაფერი მომიხერხებია. გავიწყდებათ ალბათ, ქვეყანა, რომელიც მთლიანად ასაშენებელია, მოსაწესრიგებელია განათლება, კულტურა, წარმოების ყველა სახე, ამ დროს ბიუროკრატიული აპარატის მოცულობით ბევრ წარმატებულ ქვეყანას ასწრებს! ახლა არ ვიცი და რამდენიმე წლის წინ ქუთაისის მერიაში დაახლოებით იმდენივე ადამიანი მუშაობდა, რამდენიც ლონდონის თვითმმართველობაში! რაოდენობრივად და თვისებრივად სამუშაო არც მინდა შევადარო, მაგრამ ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სახელფასო დანახარჯებს რომ გადავხედე, გული შემიღონდა! იმდენი რა აკეთეს ამ დაქცეულ მუნიციპალიტეტში, ამდენი რომ ჩაიჯიბეს?

ათასჯერ მაინც მაქვს ნათქვამი, ბატონებო, პირველადი წარმოებისათვის, სოფლის მეურნეობის წახალისებისათვის დაბრუნებადი გრანტები უნდა აამოქმედოთ, რომ გვეშველოს-მეთქი. განა სირცხვილი არაა, ყველაფერს რომ ვყიდულობთ? გავუშვებთ ემიგრაციაში თანამოქალაქეებს და ისინიც ფსიქიკის ნგრევის ხარჯზე აქეთ გზავნიან ფულს, რომელსაც მერე ვხარჯავთ სომხურ სტაფილოსა და ბრაზილიურ ქათმის ბარკალში! გამოდის, რომ მაინც ჭამასა და სმაში დაგვიხარჯავს ჩვენი წუთისოფელი და ბარემ აქვე მოვიყვანოთ, გავზარდოთ და შევჭამოთ! ნუ დაგავიწყდებათ ისიც, ტოკიოში ათჯერ მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, ვიდრე მთელ საქართველოში, თან ათასჯერ უკეთესი პირობებით. აქ რა ჭირი გვეტაკა? შრომა რომ არ უნდა ბევრს, გასაგებია, მაგრამ ვისაც შრომა უნდა, მათთვის რას აკეთებთ?

ნამოხვანისჰესი რომ გაქვთ ენაზე დაკრული, კი გაჩვენეს რიონისხეობელებმა, რა შეუძლია ხალხს. ის გამწარებული "ფეისბუკგამპრავებლებიც", ისტერიკაში რომ არიან, თუ ჰესები არ იქნება, ჩავბნელდებითო?!. მეტი სიბნელე რაღა გვინდა, როცა სამართალი ვერ გაგიმეფებიათ და ეკონომიკა ვერ ამოგიქოქიათ! ისე, რა ამის პასუხია, მაგრამ შუახევჰესი რა დაჯდა, არაფერი რომ არ გამოუმუშავებია? ვის ატყუებთ, თითქოსდა ამ ჰესზეა ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა დამყარებული! თუ მაინც ძვირი დენი უნდა ვიყიდო, ბარემ მეზობლებისგან ვიყიდი, აქ რატომ გადავტბოროთ მიწები?! თან, მოგახსენებთ, დედამიწაზე ერთ-ერთი განსაკუთრებული რესურსი ნიადაგია და იცით, რამდენი წელია საჭირო, დედაქანიდან ნიადაგი რომ შეიქმნას? თუ იცით, კი უთხარით თქვენს სადღეღამისო "ფეისბუკბალელშჩიკებს", ცოტა მოუკლონ "ჰესები უნდა აშენდეს" ტირაჟირებას, თორემ ხალხის აგრესია იზრდება. მოგეხსენებათ, წიწილებსა და ხმებს შემოდგომაზე ითვლიან და...

პ.ს. სააღდგომოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი რომ აგრძელებს მიმოსვლას, ეს გასაგებია, შიდასაქალაქო - ფერხდება. ე.ი. კორონა ქალაქის შიგნით ვრცელდება, ქალაქიდან ქალაქში - არა! ჰო, კიდევ - სასაფლაოები იკეტება. გაიხსნება არჩევნებზე? აბა, თქვენ იცით, საარჩევნო უფლება საყოველთაოა! ძმათა და დათა მათ შესვენებულთათვის თავისუფალი არჩევანი არ უნდა იზღუდებოდეს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
nona
06 მაისი 2021 12:04
momecona dzalian!
im Namoxvans bare-ori gogra (magat im organos tavi ar hqvia da) gadakveba, guli migrdznobs
gio
29 აპრილი 2021 20:15
გილოცავთ. არ მოითქვით სულიიი/
muamar kadafi
29 აპრილი 2021 15:45
რამდენიმე წლის წინ ქუთაისის მერიაში დაახლოებით იმდენივე ადამიანი მუშაობდა, რამდენიც ლონდონის თვითმმართველობაში - ახლა მეტი იქნება
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები