ქართველი ნელსონ მანდელა, გაბუტული ანტიბიძინისტები და რით სჯობს მიშა ნინოს - კვირის პალიტრა

ქართველი ნელსონ მანდელა, გაბუტული ანტიბიძინისტები და რით სჯობს მიშა ნინოს

ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებული იქნებაო, გვამცნეს. ეს რა ესმა ყურთა ჩემთა! კი ეკუთვნით დასვენება პარლამენტარებს, განსაკუთრებით - ახალშესულებს. კი არაფერი უკეთებიათ, მაგრამ ამოდენა მოთმენა, თითქოსდა არ უნდოდათ, ცოტა ძალას გამოაცლიდა "ხმაწართმეულებს"?

აი, როგორ მივჩერებოდით ამ უპურო სანახაობას, რასაც ქართველი პოლიტიკოსები გვთავაზობდნენ თვეების განმავლობაში! ნუთუ მეტი სადარდელი არ გვქონდა, ვიდრე ოპოზიციის პარლამენტში შესვლა? კოვიდის გამო მსოფლიო ძრწოდა და ამ დროს ჩვენ ვუყურებდით ძიძგილაობას, შეიყვანდა თუ არა მიშელის ფასილიტაცია განაწყენებულ და გაბუტულ ანტიბიძინისტებს. ჯერ შეყვანაზე იყო "შედი-არ შევალ" და ახლა კი თვალებს ვითხრით ციხისკენ ცქერით, გამობრძანდება თუ არა ქართველი ნელსონ მანდელა საპატიმროდან! ვთვლი, რომ მელია არ არის ბრიყვი ყნაწვილი, იცის, რასაც აკეთებს და იმასაც კარგად ხვდება, რასაც აკეთებინებს უკრაინაში გადახვეწილი მიშას ერთგულება! აბა, სიგუასავით მოიქცევა?! ეს ის სიგუაა, ანაკლიაში თუ სადღაც რაღაც ფესტივალი რომ გამართა და თან სოციალურ სივრცეში ახლახან მიშაზე რომ ბრძანა, მიშას სულ არ ედარდება საქართველო, ეგ მიშისტებს ის მიშა ნუღარ ჰგონიათ, რომელიც აქედან წავიდა, ისეთი იყოს თითქოს, ერთი ცხოვრებამოწყობილი ლოთიაო! ამ განცხადიდან მოკლე ხანში მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ დადგნენ თავიანთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ნუ ჩათვლიან, რომ თუ სააკაშვილი ქვეყანაში ვერ ჩადის, ეს მათ სიტუაციას უადვილებს, პირიქით, ეს აძნელებსო...

მიშას ლოთობა არის თუ არა მართალი, არ დავეძებ, რადგან ჩემი საქმე არაა, უკრაინის მოქალაქე დათვრება თუ ფხიზლად იქნება. არც იმაზე დავიწყებ ტირილს, აქ ჩამოვა თუ კიევში იქნება. სადარდებელი ისაა, რაც თქვა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. ეს ტედროსი ის კაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას რომ ხელმძღვანელობს. ის, რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შეიძლება სხვაგანაც მოხდეს, თუ ყველა არ შევასრულებთ იმ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს, რომელსაც ჯანმო ითხოვს პანდემიის დასაწყისიდანო. ვასრულებთ, ბატონო, და თან - როგორი პუნქტუალობით! ვიღაც ანტივაქსერ თინა ბაბოს ვუსმენთ ტელევიზიით, კიდევ ის ხალხი, ვინც სარდაფებში მოთუხთუხებული შხამებით კაიფობს, "ასტრაზენეკას" იწუნებს, ცალკე თემაა ჩინური ვაქცინის დაწუნება სოციალური ქსელებით!

მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი პრობლემა გვაქვს, სააღდგომოდ მაინც მოვახერხეთ სოციალურ ქსელებში "ხმალაობა" აღდგა/აღსდგაზე, ხატისპური ჰქვია თუ არა სინამდვილეში პასქას, უნდა იყოს თუ არა სააღდგომოდ კვერცხი მოხატული და ათასი საჭირბოროტო საკითხი. ამას დაუმატეთ ფხაკაძის "ლაივები" ევროპიდან, რომლის მოსმენის შემდეგ გადაწყვეტით ვთქვი, ვინც გადავურჩებით კოვიდს, ეს ფხაკაძე გაგვისტუმრებს ნევროტიკული "ფეისბუქსივრცის" ნეგატივებით!

ორიოდე სიტყვა ჭყონდიდის ეპარქიისა და რიონისხეობელი გოლეთიანის შესახებაც უნდა ვთქვა. დიდი მარხვის პერიოდში რაც ხდებოდა ჭყონდიდში, ქართული ეკლესიის სირცხვილია, რასაც გოლეთიანი აკეთებს, დიდად საამაყოა! კი გაიძახიან "ჰესისტები", ეგ ბიჭი საპოლიტიკოსო პლაცდარმს იწყობს, თორემ როგორ შეიძლება, დენის წარმოების მოწინააღმდეგე იყოს ვინმეო?!. აგე, ბატონო, არც პოლიტიკაში ვარ, არც გაპოლიტიკოსებას ვცდილობ, მაგრამ გოლეთიანის პოზიცია მიჭირავს ისევე, როგორც ათასობით ადამიანს! მარტივ რამეს ვიკითხავ: რაც მიშას დროს დასაწუნებელი იყო, ბიძინას დროს რად გახდა მოსაწონი? ეჭვი მაქვს, ვინმე დიდი ქოცთაგანი დგას ამ დიდი პროექტის უკან დიდი მოგების სურვილით და ეგებ ვინმემ უთხრათ, როცა ბუნებაში ყველაფერი გადაგვარდება, მერე უნდა მიხვდეს, ფული რომ არ იჭმევა?

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ მიშამ სარჩელი გაამზადა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ ინსტანციაში, მაინც აქვს ერთი დადებითი, ნინო ბურჯანაძესთან შედარებით. ნინოსგან განსხვავებით, მიშას შვილი არ გამოუყვანია პოლიტიკურ ასპარეზზე! აგე, როგორ ვანუგეშე მიშა და როგორ "ვეწინააღმდეგები" ნინოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს