"გაუჩინარებული" გახარია, ვასაძის "დამდაბლება" და მელიას ფსევდომანდელობა - კვირის პალიტრა

"გაუჩინარებული" გახარია, ვასაძის "დამდაბლება" და მელიას ფსევდომანდელობა

ქართული პოლიტიკა არის სამარცხვინო; ისეთი სამარცხვინო, მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, ისეთი წითელი ვივლიდი, მინდვრის ყაყაჩო მონაგონია. ამდენი პარტია, ამდენი პოლიტიკოსი ზედმეტზე ზედმეტი არაა? ერთი ზღვაში ქვიშა ვერ დამითვლია, მეორე - ცაში ვარსკვლავები და მესამე - პოლიტიკოსები ამ დაბეჩავებულ სახელმწიფოში.

წინა კვირას ლევან ვასაძე გამობრძანდა ამაყი განცხადებით, "ერი" შევქმენიო. 1970 წელს დაბადებული რაინდი 2013 წელში ბრძანებდა ლუკას სახარებიდან ციტატას: "რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა". მას მერე კი გასულა 8 წელზე მეტი და ალბათ გადაავიწყდა, რაც ბრძანა, თორემ ვის უნახავს პოლიტიკოსი დამდაბლებული? არ თქვას ახლა ბატონმა რაინდმა, რომ ჯერ რაინდის წოდება სიმდაბლისთვის აირჩია ან კიდევ სამოსელი ისეთი, როგორიც აცვია, საგლახაკოა! ზუსტად ამაზე დაწერა სვეტიცხოვლის მღვდელმსახურმა პეტრემ (კოლხმა), ყველამ ვიცით, რომ ვასაძე ქართული ბრენდის "სამოსელი პირველი" მფლობელია; ძალიან მომწონს ქართული სამოსი და მისი ყოველი დეტალი, თუმცა, არც საშუალო და მით უფრო, დაბალ ფენას არასდროს ეღირსება მის მიერ წარმოებული ქართული ჩოხა და მით უფრო, ლევანის კერძო სკოლაში ფეხი მხოლოდ მდიდრებს მიედგმევინებათო... აგე, ხედავ, რაინდო, სამღვდელოებაც კი ეჭვის თვალით გიყურებს, თორემ მე ვერაფერს ვხედავდე დიდად სანუგეშოს შენს წარსულსა და დღევანდელობაში, ეგ რა უცნაურობა უნდა იყოს?!

ბატონი ლევანის ჩოხა, ჯვარი ხელში, საუბრის ქედმაღლური მანერა, რუსეთუმეობა, მრავალშვილიანობა და ასე შემდეგ (ანუ დადებითი და უარყოფითი მხარეები, რასაც ქართველი ამომრჩეველი უყურებს ვასაძეში), ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლამ ისე დაგვავიწყა, როგორც შარშანდელი თოვლი. გამოდის, რომ ვასაძემ კარგი დრო ვერ შეარჩია ასპარეზისათვის. სწორი გითხრათ, ვასაძის პოლიტიკაში წასვლა არაფერი უცნაურობა არაა. მდიდარი ხალხი გვიკვირს ჩვენ თუ რუსეთუმეები? ეგებ პოპულიზმი გვაოცებს ან რელიგიურობა/ათეისტობა ვინმესი! სხვა თუ არაფერი, ბიძინა მდიდარია, "გასპაჟა ბურდჟანაძე" რუსეთუმეა და თვით ედუარდი ჯერ გაქანებული კომუნისტი იყო და მერე - თვით პატრიარქის ნათლული. ანუ რა დარჩა განსაკუთრებული ვასაძისგან, არც რა! იმასაც გეტყვით - სადაც შარვალჩახდილი "გირჩები" მიგვიღია, იქ ჩოხაში გამოკვანწული ვასაძე რას დააშავებს?

აგე, გამოვიდა არშემდგარი ნელსონ მანდელა ციხიდან და როგორი დახვედრა მოუწყო ხალხმა?! თავად ნიკაც კი შეძრწუნდა და უხერხულიაო, თქვა. ამ დახვედრამ და დახვედრის შინაარსმა კიდევ ერთხელ მაჩვენა საზოგადოების უმწიფრობა. ამას წინ უძღოდა ბაღდათ-ვანის მეუფის ალიყური "მთავარის" ჟურნალისტზე და ორ ნაწილად გაყოფილი საქართველო: ჟურნალისტის დამცველები და "მარჯვენა დაგელოცოს, მეუფეო" დამძახებლები! ცივი გონებით ვინც განსჯით, მითხარით, ან მელიას დახვედრა იყო ნორმის ფარგლებში, ან მეუფის უროს მუშტი? ეს რომ ვიკითხე "ფეისბუკზე", - მელია დიდი ვინმეა. ღმერთი მიშაა და მისი მოციქული ნიკანორიაო,- მითხრეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. რაც შეეხება უმაღლესი სამღვდელოს ქმედებას, ყველა ქრისტე ვერ იქნება, გოლგოთა მოითმინოსო! აგე, გავიხარეთ, მეტეორი არ დაგვეცა, არც ტაბურეტი, არც ჩინური რაკეტა, სამაგიეროდ მივიღეთ მუშტი-კრივი ხან სამეგრელოში, ხანაც - იმერეთში! ასეთი აზროვნებით ჩვენ დავამარცხებთ სიღატაკესა და გაუნათლებლობას? აი, გაუნათლებლობა როგორ უნდა დავამარცხოთ, როცა 12 მაისს ეუბნებიან სასწავლებლებს, 13 მაისს დაიწყება თუ არა სწავლა! მართალია, ნიკა გამოვიდა ციხიდან, ვასაძეც გადაფარა, ეკლესიის ამბებიც, მაგრამ ის გირაოს გადაუხდელობა და დიდი პოლიტპატიმრობის ამპლუა საპნის ბუშტივით გაქრა! "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დირიჟორის უკრაინული მესიჯები აღარ მომისმენია ამ ბოლო დროს. იმისიც მჯერა, რომ ნიკას "პოლიტიკურზე ჯდომა" სულ მისი აზროვნების ნაჟურია, რომელიც ევროპულმა ხელმა გაანეიტრალა! ჰოდა, მერე იაგო კაჭკაჭიშვილს უბრძანებია, ნიკა ნაკლები პოლიტიკური დანაკარგით გამოვიდა ციხიდან, თანაც, არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის", მას ასევე აქვს გარკვეული ზეპარტიული ლიდერის შარმიო.

ამასობაში "ქოცობა" დიდ განსაცდელშია, ვის შეუტიონ, აღარ იციან: პარლამენტისკენ ფეხაკრეფით მიმავალ ოპოზიციას, გახარიას თუ ვასაძეს... ვასაძე უკვე დავიწყებამდეა მისული მელიას ციხიდან გამოსვლის გამო, ეს გახარია კი რაღაც დიპლომატიურად ითრევს ფეხს, რა უნდა ქნან "ქოცებმა", ვინმემ მიაშველეთ იდეა...

პ.ს. თვითმფრინავში შუქი ჩაქრა და ერთი "გირჩელი" კითხულობს: ვაა, გვირაბში შევფრინდით, ტო თუ პარლამენტში ვართ?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს