კომუნისტები უფრო მშვიდად შეხვდნენ გამსახურდიას გამოჩენას, ვიდრე ნაცქოცობა - გახარიას "ეპოქის" დაწყებას, ანუ როგორ დახვდნენ მობრუნებულს
კომუნისტები უფრო მშვიდად შეხვდნენ გამსახურდიას გამოჩენას, ვიდრე ნაცქოცობა - გახარიას "ეპოქის" დაწყებას, ანუ როგორ დახვდნენ მობრუნებულს
გახარიას პოლიტიკაში მობრუნება გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო. მობრუნების დეკლარირებამდე, ანუ პარტიის წარდგენამდე უფრო მეტი აურზაური იყო ქვეყანაში (დავაკონკრეტოთ - "ფეისბუკ"-საქართველოში), ვიდრე პარტიის წარდგენისას. თვალი გადავავლე ცუკერბერგის ელექტრონულ საფიხვნოს და მე იქ ისეთი წარდგინებამდელი ისტერია ვნახე, არ შევსწრებივარ ჯერ ასეთს არაფერს. კომუნისტები უფრო მშვიდად შეხვდნენ გამსახურდიას გამოჩენას ბოლშევიზმის დასრულებისას, ვიდრე ნაცქოცობა - გახარიას "ეპოქის" დაწყებას.

დროზე მოვიდეს და თქვას სათქმელიო, დიდი და მცირე "ქოცები" ყვიროდნენ, არანაკლებად განიცდიდნენ "ნაცებიც" გახარიას პერსპექტიულობას.
იყო ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის აზრთა თანხვედრაც და აცდენაც. ორივე მხარე ამბობდა, მაგის პარტია ვერაფერსაც ვერ გახდებაო (ადამიანებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს სჯერათ ის, რისი დაჯერებაც სურთ. ეს ჩემი მოსაზრება არაა, დეილ კარნეგიმ თქვა), თან ძალიან ნერვიულობდნენ! ლოგიკა სადაა, თუ არავინ იქნება გახარია და მისი გუნდი,
მაშინ რად ასკდებოდნენ სოციალური ქსელის კედლებს ფანჯარაზე შეხეთქებული ჩიტებივით? რატომ წერდნენ "ფეიკებს" ყველგან, სადაც ხელი და კლავიატურა მიუწვდებოდათ? მსგავსებას თავი დავანებოთ და, ახლა განმასხვავებელსაც შევხედოთ: "ნაცები" ამბობენ, რომ გახარია პოსტბიძინისტური ძალაა (ანუ ეს ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის ამომგდებს, პრორუსობას), "ქოცები" ამბობენ, "ნაციონალებით" გაავსო პარტია უკვეო. ეს "ნაციონალობა" საერთოდ, დიდ ბუად გვყავს წარმოსახული. თუ არ გვეყვარება და გვეყოლება "ოცნება", მოვა და შეგვჭამს მიშაო. მიშამ კიდევ, მე რისი შემჭმელი ვარ, ხალხო, იცით და გაგეგებათ, კაპიკიც არ წამიღია საქართველოდანო! მიშას პროლეტარობა ვის სჯერა, მე არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, მიშა ვერც ჩამოვა და არც ჩამოვა. ამის დეტალურად ახსნა მეზარება, ისედაც იცით უჩემოდ მიშას არმომლოდინეებმა და ფანატიკოსებისთვის ახსნას აზრი არა აქვს - მესიას ელოდებიან, მის ლოდინში კი მოუწევთ პენსია, თუ უკვე პენსიონერები არ არიან!

31 მაისის გახარიას შეხვედრა მედიასთან (უფრო კი ტოქშოუების წამყვანებთან) რა ხასიათისა და თვისებისა იქნებოდა, ყველა მოაზროვნემ წინასწარ იცოდა, მე გამაოცა მხოლოდ თურნავას განცხადებამ, გახარია წარმატებული გუნდის წარმატებული პრემიერი იყოო. მაშ, ის ან ეს მთავრობა წარმატებულია? რომელი პარამეტრით? ეკონომიკა გაძლიერდა, სოციალური ფონი გაუმჯობესდა, პანდემია დამარცხდა თუ სამართალმა იზეიმა?! ეგებ ეს ყველაფერი მოხდა და მე ვერ ვხედავ! ნეტამც ასე იყოს და ჯანდაბას ჩემი "პროვოკატორობაც" და დაუნახაობაც! ისევ თურნავას მივუბრუნდები და შევეკითხები, ეგ გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გახარია, სახტად დარჩით მისი წასვლით ერთხელ, მეორედ - პარტია რომ შექმნა, და მორჩა?! საერთოდ, ეს ყველაფერი ლოგიკას ისევე სცდება, როგორც რიონის ხეობის დამცველთათვის გუმათში გზის გადაკეტვა! გახარიამ ასე განაცხადა წასვლისას, მელიასთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობის გამო მივდივარო (იქვე იგულისხმებოდა, მივდივარ მოსასვლელადო) და რა მოხდა შემდეგ? ალიაქოთი რომ იყო, მელია უნდა დავიჭიროთო, ეგებ და დავხედოთ ახლა, სადაა მელია?! ციხეშია თუ მის გარეთ? აქვე დავამატებ რიტორიკულ შეკითხვას: თუ ვთვლით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დამნაშავეა, ვინ და როგორ გაასამართლეთ? თუ დამნაშავე არაა, მაშინ რად დაგვყვიროდით თავზე 2012 წელს, სამართლიანობამ უნდა იზეიმოსო? ქართულ პოლიტიკაში პოზიციების სწრაფი ცვლა "მოსული პონტია". გახედავ, არ შედიან პარლამენტში ვითომც, თან სკამებისკენ აქვთ თვალები! ვის ატყუებენ, თითქოს არ უნდოდათ და უცებ ახლა მოუნდათ პარლამენტარობა? ეს "შესვლა-არშესვლა" უკვე წარსულია, სამომავლოდ კი ახლავე ვწერ პროგნოზს: "ნაცებიც" და "ქოცებიც" ყველაფერს ეცდებიან, რომ გახარია მაქსიმუმ მესამე ძალა იყოს, ამისთვის ხან ჩხარტიშვილის ფულს "მიაბამენ", ხანაც - კეზერაშვილისას. საკითხავი ისაა, თუ მიებმება...

პ.ს. ახლახან წავიკითხე, ბოლო შვიდი ხელისუფლებიდან ექვსი ხელისუფალის წინააღმდეგ პერუში სამართლებრივი დევნაა დაწყებულიო. ჩვენ რა გვჭირს, ვითომ და ყველა აქამდე არსებული ხელისუფლება კარგი იყო, სწორუპოვარი თუ ცოდვათა მათთა მიტევების დიდი ნიჭი აღმოგვაჩნდა, როგორც ქრისტიანული მორალი გვასწავლის?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მედეა
24 ივლისი 2021 12:38
ხელისუფლებისთვის ბრძოლა მისაღები მეთოდებით უნდა ხდებოდეს და არა ტყუილების მოგონება-ჩიჩინით. ხალხი კარგად ხვდება ვინ არის უკეთესი მმართველი. სუფრის თამადის მიერ შემდგარი ლხინის ავ-კარგის გარჩევა ხომ მიღებული ჩვევაა საქართველოში---არ გვეშლება ჩვენ არც მთავრობების შეფასება, ამას ჩიჩინი არ სჭირდება და არც შველის.
rasa
04 ივნისი 2021 20:18
ნაციონალობა ბუად თქვენნაირ ლატენტურ ქოცებს (თუ ევროქოცები დაგიძახოთ?) აქვთ წარმოდგენილი. ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები ასეთ სტიგმას არც ზვიადისტებს აკერებდნენ, არც ნაცებს და არც ქოცებს თუ ექს-მოქკავშირელებს. საქმის გამკეთებელი (და არაჯალათი) ერთ დროს ნაციონალებთან მყოფი გიორგი ვაშაძე ჯობია ნებისმიერ უსაქმურ ქოცს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები