შარლ, მიშველი? ანუ რა გადაუხადა გახარიამ ირაკლის ამდენი!
შარლ, მიშველი? ანუ რა გადაუხადა გახარიამ ირაკლის ამდენი!
პოლიტიკოსებს, როგორც წესი, ჩვენთვის არ სცალიათ, სათავისო ქცევაზე არიან მომართულნი და რა ვქნათ? მრევლის არევას ბერის არევაც დაემთხვა. აქეთ ნინოწმინდის პანსიონის მართვის უფლება ერთ მეუფეს ჩამოართვეს და მეორეს გადააბარეს, რომელიც, მოგეხსენებათ, ისეთი საუბრით გამოირჩევა, მეობა-კაცობაში რომ ჩვეულებრივი "პონტია". ამ პანსიონმა მეუფე პეტრეც კი დაგვავიწყა და დასავიწყებელია ის, რის გამოც პეტრეს კინაღამ ტყავი გააძვრეს?

მეუფეების საკითხი რომ ქართული ეკლესიის ძლიერი მხარე არაა, ჩემი თქმის გარეშეც კარგად ჩანს. კარგი, ამასაც ნუ ვიდარდებთ,
ვინ გვაძალებს სამღვდელოთა პატივის მიგებას ან რევერანსებს?! არც არავინ! მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები თავად რომ უნდა მოგვაგებდნენ პატივს, მსახურებად უნდა თვლიდნენ თავს და არა - მეფეებად?!. მოვა არჩევნები და გნახავთ, პოლიტიკოსებო, კარდაკარ ხმის მეროჭიკეებად, როგორი მავედრებლები ხართ ხოლმე მაგ დროს და როგორ მიხარია, ეს არჩევნები მიწაზე
რომ დაგიშვებთ ხოლმე. სამწუხარო ისაა, არჩევნების შემდეგ რაც ხდება...

მოდი, გავუსწოროთ თვალი რეალობას. "ქართული ოცნებიდან" მხოლოდ კახა კალაძეს შერჩა ადეკვატური კომუნიკაცია საზოგადოებასთან (არც ამისთვის ვამბობ მადლობას, ასეც უნდა იყოს!), მაგრამ ეს ჩვენი ნეოქოცელიტა რას მიედ-მოედება? ისაო, ესაო, ნატოსთან ურთიერთობას უფრო გავაღრმავებთო, მეორედმოსულ პრემიერს უთქვამს. ბატონო პრემიერო, ისე არ გააღრმავოთ, რომ "სიღრმეს" ვერ გადავახტეთ ან სულაც - გადაცურვისა შეგვეშინდეს! ნატო კი არა, ამნაირი არეული ქვეყნისთვის მსოფლიო კარს ჩაკეტავს, გეუბნებით მე თქვენ! ახლა კობახიძის ნათქვამიც ვნახოთ: 20 ივნისს გახარია თავისი ხელით უშვებდა ხალხს პარლამენტში, უბრალოდ ჩემი ლოგიკით, სპეცრაზმს მოუწია თავის დაცვამ და ვეღარ შევიდნენ ამიტომო! და კიდევ - იმ პერიოდში რაც "ოცნებას" პრობლემა დაუგროვდა, გახარიას დაგეგმილ სპეცოპერაციებს უკავშირდებოდაო! დედააა, ეს რა ესმა ყურთა ჩემთა! მის მერე რამდენჯერ აქეთ და ადიდეთ ეგ "თვალთხარია", ეს თუ გაქვთ დათვლილი, ბატონო ჩემო? ეგებ ის მაინც გაიხსენოთ, როგორ მიმართეთ "ნაციონალურ მოძრაობას", გახარიამ დაგაგოიმათო? ბოლო სერიაში კენედისაც მაგას მოაკვლევინებთ, პრინცესა დაიანასაც და ვფიქრობ, ქრისტეს ჯვარზე გაკვრასაც აჰკიდებთ წინასაარჩევნოდ! განა რამე მიკვირს თქვენგან ან ერთ ხმაში სიმღერა ხაზარაძესთან, მიშას "ასკოლკებთან" თუ ნათელაშვილის ფანჩატურის პოლიტელიტასთან, უბრალოდ, დაგვღალეთ და წადით, წადით! ან უკეთესი - ჭკუაზე მოდით! იქნებ და, სულაც ეს ხალხი გახარიას ანტიპიარით პიარს გვთავაზობს, მაგრამ ამდენი რა გადაუხადა გახარიამ ამ მამაცხონებულებს, ეს გამაგებინა და მის მერე თუნდაც ერთი "პროვოკაციაც" არ დამეწერინოს! იმას აღარ ვკითხულობ, "ფეისბუკქოცგამპრავებლები" რომ გახარიას ამუნათებდნენ, რამ მიიყვანა ნაცტელევიზიებშიო, და ამ დროს კობახიძის "მთავარ არხზე" მისვლა ისე "გაატარეს", თითქოს საკატლეტედ ხორცსაკეპით ფარში მოამზადეს.

ჩემო თანამემამულეებო, ერთს გეტყვით - წინ საინტერესო არჩევნები გველოდება. არჩევნებამდე ბევრს ბევრჯერ უმტყუნებს ნერვული სისტემა, მეც საწერი არ გამომელევა! თუ იტყვით, წერე და იკითხეო, მამლისა არ იყოს, მე მიყივლია და თუ არ გათენდება, ჩემი ბრალი არ არისო, ასე იქნება ჩვენი საქმე. მე გეტყვით დაუფარავად და პირდაპირ, დანარჩენი თქვენ და თქვენმა საარჩევნო ალღომ იცოდეს! თუ თქვენ არ ჰქმენით საქნელი, მაშინ მივმართავ ჩვენს მედიატორს: შარლ მიშელ, ღმერთმა აღარ მოიცალა ჩვენთვის და ნუთუ აღარ გვიშველი?

პ.ს. ერთი ჭკვიანი კაცი მეუბნებოდა, ქართველი ექიმების "შეცდომები" სასაფლაოზე სუფევენ, ქართველი მასწავლებლებისანი (სულ მთლად მაგათაც ნუ დავაბრალებთ, ზოგიც ამომრჩევლის "გრეხია") - პარლამენტში. ჰოდა, ამ ჭკვიან კაცს რომ გადავაბარო "პროვოკატორობა"?.. თავის ქებად ნუ ჩამითვლით და, ეგ გამონათქვამი ჩემია! ანუ - გრჩებით "პროვოკატორად"!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ნათია
01 ივლისი 2021 23:46
საქმის გამფუჭებელი გენიოსი არ შეგხვედრიათ. ვინ თქვა რომ გიჟია, თავისი საქმე არ იცის?
მედეა
20 ივნისი 2021 19:46
ირაკლი კობახიძე საგინებელი ვაჟი არ არის! კარგად განათლებული, კარგად მოსაუბრე და თავის სპეციალობაში წარმატებული მეცნიერული ხარისხების მქონე კადრია. მასეთები სანთლით საძებნელები არიან. პროვოკატორს და ქეთოს თუ არ მოსწონს, ეს არაფერს ნიშნავს. გახარია დიდებული პიროვნებაა, მას მოსახლეობის დიდი ნაწილი მისცემს ხმას. კობახიძე--გახარია თითქმის თანაბარი წონის პოლიტიკოსები არიან. ვნახოთ ვის დარჩება გამარჯვება-----ორივე ღირსეული მოპაექრეები არიან. ძლივს მოვესწარით 2 დადებითი მეტოქის ხილვას ქართულ 30 წლიან პოლიტიკურ ველზე. ისე---მიქელანჯელოსაც ძალიან არ მოსწონდა ლეონარდო-----მარტო ჩვენთან არ ხდება 2 დადებითის შერკინება.
ქეთო
18 ივნისი 2021 10:06
გაიტანეთ კობახიძე თავიდანვე არავის მოსწონდა ,ჩლუნგი ბლუყუნა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები