ნეტარი "ქოცები" და ყველგან გახარია, ანუ ბატონო ირაკლი, პირველად მოსვლის ჟამს ვინ შეგიშალათ ხელი საქმე გეკეთებინათ
ნეტარი "ქოცები" და ყველგან გახარია, ანუ ბატონო ირაკლი, პირველად მოსვლის ჟამს ვინ შეგიშალათ ხელი საქმე გეკეთებინათ
ჩართავ ტელევიზორს, რადიოს, "ფეისბუკს", სანდო თუ არასანადო ვებგამოცემებს, ყველგან გახარიაა. "პროვოკაციებში" ზედიზედ გახარიას ვახსენებდი და მგონი, უთოც რომ ჩავრთოთ, იქიდანაც ნაპრემიერალი ჩაგვიპაჭუნებს თვალს. ამიტომაც, დღეს ბატონ გიორგიზე ლაპარაკს არ ვაპირებ მარტივი მიზეზის გამო: ყველა მასზე ლაპარაკობს და ცოტა ხნით მე მაინც არ დავძრავ სიტყვას გახარიაზე.

დღეს პრემიერ ღარიბაშვილზე უნდა ვისაუბრო. ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის მომზადებაში ვაპირებთ ჩავრთოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დონორები, ექსპერტები, მათ შორის პარლამენტი, და ოპოზიციასაც მოვუწოდებ, თუ გაქვთ
სურვილი, თქვენც გექნებათ საშუალება ჩაერთოთ ამ პროცესში და მოვისმინოთ თქვენი შეფასებები და შენიშვნებიო, - განუცხადებია მეორედ მოსულ პრემიერს. ბატონო ირაკლი, პირველად მოსვლის ჟამს ვინ შეგიშალათ ხელი, გეგმაც მოგემზადებინათ, საქმეც გეკეთებინათ და "პოზიციასა" და ოპოზიციას ხალხის მსახურებაში გაგემართათ ჯიბრი და არა ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში? თუ მაშინ ეს
ვერ გააკეთეთ, ან არ გააკეთეთ, ან არ გაგაკეთებინეს, ახლა რატომ ვიცხოვრო ილუზიაში, რომ მაინცდამაინც 2030 წლამდე ააყვავებთ ქვეყანას? გასაგებია, ქვეყანას უნდა ჰქონდეს სტრატეგია, მაგრამ ამ ახალი გეგმის დაანონსებამ უფრო ღიმილი და დაცინვა გამოიწვია, ვიდრე მომავლის იმედის ჩასახვა. თურმე მასწავლებლებს 2.200 ლარი ექნებათ საბაზისო ხელფასი 2030-ისთვის და ამან ჰომერული ხარხარი ამატეხინა: მაგ დროისთვის ლარი კუპონზე უარესი არ იყოს! და კიდევ, რატომ გგონიათ, რომ 9-10 წლის შემდეგაც თქვენ უნდა მოგისმინოთ პარლამენტის ტრიბუნიდან, ან კიდევ თქვენს "ფეისბუკაგიტატორებს" - ონლაინ?

აქვე ერთსაც ვიკითხავ: ეს ათწლიანი დოკუმენტი რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც სექტემბერში? იმიტომ, რომ შემოდგომაზე აპირებთ არჩევნების მოგებას? მაინტერესებს, ახალს რას იტყვით სასექტემბროდ? ალბათ ნამოხვანზე გადაწევთ კაშხლის აშენების ვადებს, დაგვპირდებით, რომ ხორცის წარმოებას გავაორმაგებთ, ან გავასამმაგებთ! ყოველ წელს უნდა მოხდეს შესრულების, ეფექტიანობის შემოწმება, მკაცრი კონტროლი და მონიტორინგი იმპლემენტაციის ამ გეგმის. ყოველ 5 წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს ამის განახლება და 2030 უნდა იყოს ძირითადი სამიზნე, რაც უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ჩვენი მიღწევებისო, ამას რომ ბრძანებთ, ვფიქრობ, ან ძალიან ოცნებობთ, ან - ფრიად ცდილობთ ამომრჩევლის რომანტიკისა და ფანტასტიკის სფეროში გადაყვანას! ღმერთმა ხელი მოუმართოს პოლიტიკოსებზე მოიმედეებს, რომელთაც არ უხილავთ, მაგრამ მაინც სჯერათ ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის სადგურის გახსნის, იქვე ახლოს - ელექტრომობილების სერიული წარმოების, მესაქონლეობა-მეფრინველეობის პროდუქტების გასამმაგებით წარმოების, "ოცნების" შიგნით ერთიანობისა და სიყვარულისა, "ნაციონალებთან" დაპირისპირებისა, სამართლისათვის პურის ჭმევისა თუ ათასი უტოპიური იდეა-ჩანაფიქრისა... ჰო, ესენი არიან ნეტარი "ქოცები" და ამ ნეტარებაში ხელს ვერ შევუშლი, ვისაც როგორ სურს, იმით გაიბედნიეროს თავი: ტყუილი დაპირებებით, "მიშა არ ჩამოვიდეს ოღონდ"-ით, ამჟამინდელობის კმაყოფილებით, ილუზიით, რომ ერთ დღესაც ბიძინა გახსნის სალაროს და გარდააწვიმებს ამომრჩეველს იაფ კი არა, უფასო ფულს! მთავარია, მაგ დროს ხელთ გაშლილი ქოლგა არ გვეჭიროს და ვინმე მოხერხებულს, თუნდაც "ნანაცარს" არ დაებერტყოს ბედი ბედნიერი...

პარლამენტარ პაპუაშვილს გამოუცხადებია, 21 მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილება განხორციელდებაო. არიქა, ეგებ ისეთი ცვლილებები იყოს, რომელიც გარანტიას მოგვცემს, პარლამენტში მოხვდეს ორივე "გირჩი", თაკო ჩარკვიანი, თვით შალვა ნათელაშვილი და ქალბატონი ბურჯანაძე, თორემ თავი ჯერ დასავლეთის წინაშე გვექნება შერცხვენილი, მერე რა პასუხს ვაძლევთ ჩრდილოეთს?!.

პ.ს. დავით ბაქრაძის ზეაღმატებული რეიტინგი საერთოდ აღარაა ხსენებაში. სად წავიდა ეს რეიტინგი? ქარმა წაიღო? ბიძინამ წაიღო? მიშამ წაიღო? მართლა ქვა და რკინაა ადამიანი, თორემ დავითის რეიტინგის განულებას როგორ უნდა ვუძლებდეთ?! პერსპექტივა დავკარგეთ, ხალხო!..

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ალექს
03 ივლისი 2021 21:23
პროვოკაციაა !
გელა
02 ივლისი 2021 22:14
რით ვერ გაიგეთ ხალხო რომ ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ თავისი საქმის და სასახლეების გარდა. ერთი მითხარით ვინ რა გააკეთა ხალხისთვის. ერთი დაასახელეთ.
მედეა
02 ივლისი 2021 11:40
ყველა მთავრობა ხალხმა აირჩია. მისით არ სხდებიან სავარძლებში. უმრავლესობის მიერ არიან არჩეულები და რომ აცამტვერებთ---ამით უმრავლესობას ეუბნებით შ ტ ე რ ი ხარ სწორ არჩევანს ვერ აკეთებო. ზვიად გამსახურდიას 80%-ზე მეტმა მისცა ხმა-----არ ვარგაო,თქვა უმცირესობამ, ჩამოაგდეს და დააქციეს კიდეც ქვეყანა! ჭკუა ხომ უნდა ვისწავლოთ? თამადას არ ვაკრიტიკებთ ხოლმე სუფრაზე და ხალხის მიერ უმრავლესობით არჩეულ მთავრობასაც გვერდში რომ დავუდგეთ და არ ვუჩხიკინოთ---მოგებული დავრჩებით,მე ასე მგონია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები