პრაიდელები, მთავრობა, ოპოზიცია, მედია, მიმხტომები, დამხვდურები... ანუ "ვოზდუხა" გახარია უკეთ მართავდა?
პრაიდელები, მთავრობა, ოპოზიცია, მედია, მიმხტომები, დამხვდურები... ანუ "ვოზდუხა" გახარია უკეთ მართავდა?
მთელი მსოფლიოს წინაშე რომ მოვიჯაყეთ, ამაზე უნდა ვილაპარაკო დღეს. მსოფლიო რას იტყვის, ეს კი არ მადარდებს, იმას ვნანობ, ასე სამარცხვინოდ რომ იქცევა ყველა: მღვდელი, ბერი, ჟურნალისტი, ლგბტ+, პრემიერი, მინისტრი, ფერადსამოსიანი, ტაბურეტიანი და ჯვრიანი.

ეგებ ვინმე არის ამ საცოდავ ქვეყანაში ისეთი, ვინც არ იცოდა, რა მოხდებოდა 5 ივლისს? ასეთი გულუბრყვილო აღარავინ მგონია ღვთისმშობლის წილხვედრში. დაგვავიწყდა ყველაფერი ამ ფერადი მარშის გამო: ზნეობა, მორალი, რელიგია, რწმენა, ქრისტე და თვით ჩვენი თავიც კი! ამ
რომელიმედან ერთ-ერთი რომ მაინც გვახსოვდეს, "მამაო ჩვენოს" პარალელურად, სხვის დედას არ "მოვიკითხავდით", პარაკლისის გადახდისას დანას არ ვიშიშვლებდით! 5 ივლისს უპრინციპოდ და სასტიკად მოვიქეცით ყველა - ჩვენ, პრაიდელები, მთავრობა, ოპოზიცია, მედია, მიმხტომები, დამხვდურები... ჰოდა, აღარ გვინდა ახლა ერთმანეთზე გადაბრალება და ლანძღვა-გინება. ფაქტი ერთია - კიდევ ერთხელ
ვცადეთ ქვეყნის ცოცხლად დამარხვა, კიდევ ერთხელ არ დავინდეთ შინაური და გარეული, კიდევ ერთხელ ვაკაკუნეთ კლავიატურაზე, კიდევ ერთხელ დავამუნათეთ ერთმანეთი, კიდევ ერთხელ შევასხით ქება-დიდება და ლაფი მავანთ და ერთმანეთს, ვირბინეთ კლინიკებში, კიდევ ერთხელ მოვიხმეთ ციტატებად კონფუცის, კოელიოს და ნიცშეს აზრები, ისიც საიდანღაც დაკოპირებული (აბა, წიგნიდან ამოკითხვა, მერე დაბეჭდვა დროს მოითხოვს). ვინერვიულეთ, ავფორიაქდით, ვწერეთ კომენტარები, პოსტები და ვალმოხდილებმა დავიძინეთ! თავს მაინც ნუ ვიქებთ და ერთმანეთს მაინც ნუღარ ვაქებთ. პრინციპულად უპრინციპო ხალხი ვართ და არა მგონია, ჭკუა იოლად ვისწავლოთ ამდენი შეცდომის შემდეგ...

რატომ მგონია ასე? ახლავე ავხსნი. გადახედეთ ეპარქიებს, ზოგან მღვდელმთავარი "სულის ხსნის ლაშქარს" კრებდა, რათა თბილისში კიდევ ერთხელ, ქრისტეს სახელით სიძულვილი დაენთხიათ არა ცოდვის მიმართ, არამედ ცოდვილების მისამართით. სამღვდელოებს პრაიდელები იქით აგდებენ ნამუსზე, ჩვენ თუ გარყვნილები ვართ, თქვენ ვინღა ხართ მაშინ, როცა ჩვენ ჩვენი "საქმისა" სამზეოზე გამოგვაქვს, თქვენ კი მალავთ უარესსო! ფოთის მეუფე გრიგოლს სწორი და ჭკვიანური სიტყვის გამო "ფეისბუკის მართლმადიდებლები" წყევლიდნენ და გაპარსვას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან ეს მეუფე არ ითხოვს ესკალაციას, სისხლს, ცემასა და ტყეპას! მეორე მხარეს გავიხედოთ, ჯვარკომბალა ხალხის საწინააღმდეგოდ - რამდენი ადამიანის რელიგიური რწმენა შეურაცხყვეს რელიგიური სიმბოლიკის "მიხატვ-მოხატვით" უცნაურად ჩაცმულ-დახურულმა ადამიანებმა?!

"პოზიცია" სად გვყავს ან ოპოზიცია, რომ თქვან ერთხელ და სამუდამოდ, ყველა დიდი პრობლემა კანონის დონეზე რომ უნდა გადაწყდეს! კანონი თუ არ მოგწონს, უნდა შეცვალო კანონმდებელი, რომელიც თავად შეცვლის მერე შესაცვლელს. ბევრად უფრო სამარცხვინოდ გვაქვს საქმე მაშინ, როცა პრემიერი პოპულიზმს ვერ სცდება. ვიცი, სამოქალაქო პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზეა. მთავრობამ თუ იცის, რომ წესრიგზე სახელმწიფოში პასუხისმგებელი ხელისუფლებაა? მხოლოდ მას აქვს ძალის გამოყენების უფლება იმისთვის, რომ უარესი არ მოხდეს! პოლარიზაციის გაღრმავებასა და დაუსჯელობის სინდრომზეც ყველაზე მეტად პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა. კრიმინალი რომ ხალისდება ყველა ნაბიჯზე, ამაზე ვინ აგებს პასუხს? აგე, კომენდანტის საათის დარღვევისა და პირბადის უტარებლობისთვის ჯარიმა ზოგმა გადაიხადა, დანარჩენებს გაუუქმდებათო. პრაიდს კი არა, ამ ელემენტარულზე რომ ვერ ფიქრობს ხელისუფლება, კი უნდა წავიდეს, მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს?! ეს გვაქვს ახლა საფიქრალი.

პ.ს. წინა წელსაც ჩატარებულა ასეთი ღირსების მარში. ვიკითხავ, რატომ არ იყო ასეთი ანარქია? სხვა ხელმძღვანელობდა მაშინ მთავრობას? ჰო, კაი, კაი, გამახსენდა, გახარია "ვოზდუხა" იყო პრემიერი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები