ბოკუჩავა-პაპუაშვილის "გამოიწიე-გამიშვი" და "ფალავანდიშვილები" ანუ რომელ ქართველ პოლიტიკოსს ხვდებიან საზღვარგარეთ დიდი პატივისცემით? - კვირის პალიტრა

ბოკუჩავა-პაპუაშვილის "გამოიწიე-გამიშვი" და "ფალავანდიშვილები" ანუ რომელ ქართველ პოლიტიკოსს ხვდებიან საზღვარგარეთ დიდი პატივისცემით?

პარლამენტში დაწყებული საცირკო წარმოდგენები (აბა, სხვა რა დავარქვა იმ უნორმო მდგომარეობას?) სალომე ზურაბიშვილმა ადეკვატურად შეაფასა, მაგრამ ვის ესმის?! სამარცხვინო საქციელი, რომელიც არ აწითლებს ჩვენს პარლამენტარებს, უკვე ნორმად აქციეს და ჩვენც ყველაზე დიდი დამნაშავეები ვართ, ვინც ეს ხალხი ავირჩიეთ.

ოდესმე ეგებ ასარჩევებთან მორალური შინაარსის კონტრაქტი გაგვეფორმებინა. აბა, რა ვქნათ, როცა, ლანძღვა, გინება, მუშტი-კრივი, ტყუილი, ცილისწამება და გამდიდრების დაუოკებელი წყურვილი სულ თვალწინ გვაქვს გაჩხერილი ჩვენგან არჩეულებისგან. სადემონსტრაციოდ გვეყოფა პარლამენტში შს მინისტრის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას ოპოზიციის მიერ დაფიქსირებული პროტესტი. "ნაციონალმა" თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატმა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ისე მოაცილა ტრიბუნას. არ მიმიდევნებია თვალი დეტალებისთვის, მაგრამ - ეს ძალადობა იყოო. პაპუაშვილი კი ამბობს, არანაირი ძალადობა არ ყოფილაო, მაგრამ ადამიანები იჯერებენ იმას, რისი დაჯერებაც უნდათ და რა ვქნათ?! საერთოდ, ბატონო პოლიტიკოსებო, თქვენი მთელი გამოჩინებული ცხოვრება ძალადობა არაა? ამდენ ფულს ვიხდით თქვენ გამო, ხელფასები ყელამდე გაქვთ მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ დაგიქირავეთ საქმეების საკეთებლად და რასაც აკეთებთ, ეგ არ დაგვივალებია თქვენთვის.

ლათინურ ამერიკაში იყო ასეთი პრაქტიკა - ხელისუფლება თავის წიაღში შობდა ფსევდოოპოზიციას, რომელიც წინამორბედს აპატიებდა ყველაფერს და ეგებ აქაც იგივე სიტუაციაა? მაქვს ასეთი ეჭვიც, რომ მსოფლიო პოლიტიკური ამინდის შემოქმედნი თანახმა არიან, ხელისუფლება შეიცვალოს საქართველოში. ჰოდა, ვის ხვდებიან საზღვარგარეთ დიდი პატივისცემით?.. გახარიას...

ისე, არც არავინ იქნება წინააღმდეგი, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს და ეს მასკარადი დასრულდეს! 5 ივლისის აქცია რომ პროვოკაციული იქნებოდა, ეს ყველა მოაზროვნემ იცოდა, მაგრამ რატომ არავის აქვს პასუხისმგებლობა დაკისრებული, თუნდაც - თავისი მცირე წილი?.. ეკლესიას უნდა შეეჩერებინა რეაქციონერი სამღვდელოება, პრაიდის მესვეურებს - მოპრაიდენი, რუსეთუმე "მამებს" - რუსოფილები... ხელისუფლებაზე აღარაფერს ვკითხულობ. აქვე ერთი უნდა ვიკითხო: ხელისუფლება ბიუჯეტს ხარჯავს, ეკლესიასაც აქვს ფული, მაგრამ ამ პრაიდის ჩამტარებლებსა და "ფალავანდიშვილებს" საიდან აქვთ ამდენი რესურსი?.. მე კი ვიცი, საიდანაც, მაგრამ ერთ დღეს რომ იგულწრფელონ და სათქმელი თქვან, ყაყაჩოებზე მეტად უნდა გაწითლდნენ!

მოდი მედიაზეც ვისაუბროთ ძალიან ცოტა. ვისაც არ ეზარება, ყველა ჟურნალისტისკენ იშვერს თითს. თან, ჟურნალისტებიც ორ ნაწილად დაყო საზოგადოებამ: საჩვენო და სასხვისო. "ქართული ოცნება" სათავისოდ "იმედელებს" (და მასთან გაიგივებულ მედიასაშუალებებს) მოითვლის, სასხვისოდ - "პირველს" (და მასთან გაიგივებულ მედიასაშუალებებს), ხოლო ოპოზიცია - პირიქით! ჩემო მკითხველებო, მედია საზოგადოების ანარეკლია და ჩვენ ვირეკლებით მედიაპროდუქტებში! ერთსაც დავძენ: ლექსოს ტრაგედია ორნაწილიანია. გარდაცვალების მიზეზებს რომ დავანებოთ თავი, მასზე ფიზიკური ძალადობა არ არის სიგნალი, რომ დროზე უნდა მიეხედოს ყველა ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს? ეგებ ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ, რომ სადაც უფლებაა, იქვეა ვალდებულებაც! და ამ პრაიდჯვარკომბალაობისას კოვიდსაფრთხეზე საერთოდ ფიქრობდა ვინმე?!

პ.ს. შარლ, ვერ გვიშველი, ამიტომ დაანებე ოპოზიციასთან მოლაპარაკებას თავი... ხელისუფლებასთანაც!.. მოსთხოვე პირდაპირ ვადამდელი არჩევნები და ბარემ გასაკრეფი გაიკრიფოს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს