მეორედ მოსული პრემიერის დაპირება მერებს და კითხვები ორ ირაკლისთან, ანუ როდემდე გადაარჩენს "ოცნებას" კალაძისადმი კეთილგანწყობა - კვირის პალიტრა

მეორედ მოსული პრემიერის დაპირება მერებს და კითხვები ორ ირაკლისთან, ანუ როდემდე გადაარჩენს "ოცნებას" კალაძისადმი კეთილგანწყობა

"კოვიდი" გვიტევს. მარტო ჩვენ არა, მაგრამ ეს რა სანუგეშოა?! არც არანაირი. მართალია, ისრაელისა თუ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ეკონომიკა არ ჩამოგვშლია (რაც არ გვაქვს, რას ჩამოგვიშლიდა "კოვიდი"?!), თუმცა ესეც ვერ გვანუგეშებს. ათეულობით გარდაცვლილი და ათასობით ინფიცირებული ყოველდღე, ანტივაქსერების სოციალურ ქსელებში წამოწყებული დამაფრთხობელი კამპანიები, საწოლფონდის დეფიციტი, ტოტალური უიმედობა, მეტი არაფერი ჩანს და ამ დროს გამოდის ღარიბაშვილი და ისეთებს გვეუბნება, თითქოს ახალი მატერიკი აღმოაჩინა.

თურმე, ნუ იტყვით და, იმ პარტიას, რომლის მმართველობის ჟამსაც ტერიტორიების 20% დავკარგეთ, არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ გაიმარჯვებს. ახლა კი არა, რამდენ არჩევნებზე უნდა აკრძალვოდათ ზოგიერთებს საარჩევნო უფლება, ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ ირაკლი კობახიძე ამბობს, მტერს შეიძლება დაელაპარაკო (თუ გაურიგდე!) და მოღალატეს - არაო. ჯერ არ მსმენია არც ერთი "ქოცისგან", ენმ-ი მოღალატეაო (ეს რომ თქვან, მაშინ კიდეც უნდა გასამართლდნენ!) და მტრულად განწყობა კიდევ პოლიტიკურ ოპონირებას ნიშნავს მხოლოდ. ასე რომ, "ქართული ოცნებისთვის" მიშას პარტია მხოლოდ ოპონენტია და ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებები არც არაფერი! მთავარია, რომ კობახიძემ გახარიაზე მიუთითა, ეგ "ბოლი" არის მოღალატეო. ბატონო ირაკლი (კობახიძეს მივმართავ), გახარია ვერ მოვა ასე სწრაფად ხელისუფლებაში, ის ჯერ სტრატეგიულად აშენებს პარტიულ სტრუქტურებს, არ ილანძღება, შეცდომები უნდა გამოვასწოროთო და "გირჩებს", "ლელოს", "აღმაშენებელს" და რუსოფილურ ძალებს უკვე აღემატება რეიტინგით! ვიდრე გახარია პარტიის სტრუქტურიზაციაზეა ორიენტირებული, ბატონო ჩემო, მანამდე "ქართული ოცნებისაა" პირველი ადგილი, მეორე - "ნაციონალური მოძრაობის" და კი უნდა იყოთ მოსვენების რეჟიმში, ვიდრე მომავალი არჩევნები არ მოვა. მეც კიდევ რა აბდაუბდას მოვყევი, კობახიძეზე კი არ ვლაპარაკობდი, მხოლოდ ღარიბაშვილს უნდა შევხმიანებოდი.

მეორედ მოსულო პრემიერო, ვერ მივხვდი, რა ლოგიკა იდო იმ განცხადებაში, მერების ხელფასები უნდა გავაორმაგოთო, რომ განაცხადეთ. ვიცი, საჯარო სექტორში დაბალია ხელფასი, თუ არა სკამისმოყვარეობა ან კიდევ "დამატებითი შემოსავლები", ვინ აიღებს თავის თავზე 3.200 ლარად მუნიციპალიტეტის მართვას? ჯერ ჩაგეტარებინათ ეს საცოდავი არჩევნები და მერე დაგეწყოთ ხელფასების მატებაზე ლაპარაკი. 300 ლარი რომ აქვს ადამიანს ხელფასი ან სულაც, 160 ლარი სოციალური შემწეობა, მაგათ ყურს რამდენიმე ათასის ხსენება უნდოდა?!. ამიტომაც მოჰყვნენ სამართლიან კრიტიკას სოციალურ ქსელებში, - ან სამი ათასისას რას აკეთებენ, ახლა გაორმაგებას რომ უპირებენო?! არ თქვათ ახლა, ვინც უკვე დაასახელეთ მერობის კანდიდატებად, სულ ამ გაორმაგებული ხელფასის პერსპექტივის გამო დაივლიან კარდაკარ, ხალხს რომ მხარდაჭერა სთხოვონ. ჯერ იმით ააღელვეთ ხალხი, რომ წარსულში "ნაცები" წამოაყელყელავეთ, თან იმას გაიძახით, მიშას ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალა უნდა აღვგავოთო და საარჩევნო სიები გადაავსეთ ნანაცარი ნეოქოცებით, ახლა - ხელფასი უნდა მოვუმატოთ მერებსო... სადაა აქ ლოგიკა?! ისე, იმ მერებსა და საკრებულოს წევრებს რატომ გაუწყერით, ვინც არც გამდიდრებულა, არც კოაბიტაციაში ყოფილან და არც ოდიოზურ ტიპებად გამოჩენილან?! მეც რას გეღრიჯინებით კიდევ, წასვლა თუ გნებავთ, წადით, ვინმე დაგიჭერთ, გგონიათ? არ ვფიქრობ, ვინმე კალთებზე ჩამოგეკიდოთ და მუხლზე დაჩოქილებმა გთხოვოთ, ნუ წაბრძანდებითო! კალაძისადმი კეთილგანწყობა რომ გადაგარჩენთ ამ არჩევნებზე, გასაგებია, მაგრამ მერე ვინ ან რა გიშველით, მომდევნო არჩევნების ჟამს? ათწლიანი გეგმების გამოფენა, ეპიზოდური გამონათებები, აქაოდა, ამერიკიდან სატვირთო ავიაგადაზიდვები აღდგება, საჯარიმო სახდელებს გაგიუქმებთო, - ეგ გაგიხანგრძლივებთ პოლიტიკურ მოღვაწეობას? არა მგონია, აღდგომა და ხვალეო, ნათქვამია!

პ.ს. ძველი ანეკდოტი უნდა გავიხსენო, ჩემო ერთგულო მკითხველო. კანდიდატს დაეკითხნენ, - თქვენ რომ აგირჩევთ, გვეშველება რამეო? - თქვენი არ ვიცი და, მე კი მეშველებაო. მაშასადამე, ოქტომბერში ვიღაცების ასარჩევ-საშველად მივდივართ, ჩემო კარგებო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს