"ბოლი" გახარია, ნაცქოცობა ქვეყნის გაბრწყინებისთვის და უფროსი მელია ზუგდიდისთვის ანუ "ოცნების" ორი "შეცოდება" - კვირის პალიტრა

"ბოლი" გახარია, ნაცქოცობა ქვეყნის გაბრწყინებისთვის და უფროსი მელია ზუგდიდისთვის ანუ "ოცნების" ორი "შეცოდება"

გვაუწყეს, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან ასეულობით საწოლი გადაეცა, რომლებიც განთავსებულია ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში. თავდაცვის სამინისტრო კიდევ მზადაა, რომ "დელტას" ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე საწოლი დაამზადოს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.

მერედა, რატომ გვჭირდება ამდენი ძალისხმევა სამმილიონიან ქვეყანაში, ამ კითხვას სვამს ვინმე? ანტივაქსერებს ან "ნაციონალურ მოძრაობას" დავაბრალოთ ესეც თავიდან ბოლომდე? აკრძალვათა ერთბაშად გაუქმებამ რომ მოიტანა ეს ყველაფერი, ვინმემ თითი გაიშვირა მთავრობისკენ? პუნქტებად და მიზეზშედეგობრივად დაგისახელებთ "ოცნების" ორ "შეცოდებას": 1. "ნაცები ვერ (არ) დაამთავრენ" "ქოცებმა", რადგან ხელისუფლება გადაივსო პორტირებულებითა და ერთ ხმაში მოგალობე მიშისტებით, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, სამართალმა ქვეყანაში პური ვერ ჭამა, მაგრამ ნაცქოცობამ ქვეყანა კი შეჭამა; 2. ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკური პერსონა, მეორედ მოსვლისა და ნეოქოცების ოდიოზურობის გამო საერთოდ არ ჩანს (პირველად მოსვლისას რაც ვერ გააკეთა, მეორედ მოსვლისას რა ბამბას აგვიჩხრიალებდა?! ან საერთოდ, ბევრიც რომ შეეძლოს, ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა თამამად?! ეჰ...).

ამასობაში გახარიას რეიტინგი რჩება რეიტინგად იმიტომ, რომ გახარიამ არ დაიჭირა მელია, "ამგენმა დეიჭირენ, მარა გამოაშობია ევროპებმა" და ეს ნიშნავს, რომ გახარიას მეტი უნარი აქვს, ვიდრე მის "მემკვიდრეებს"; გახარიამ არ შეამსუბუქა შეზღუდვები, "ამგენმა ოუშვენ" გახარიას ჩასაძირად და გახარიას ნაცვლად კი ვიძირებით მეც, შენც და ყველა! ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში გადახედეთ, რა ხდება! აზერბაიჯანს ხუთჯერ ნაკლები ინფიცირებული ჰყავს დღიურად, მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობას რამდენჯერ აღემატებიან "ალიეველები"?.. განა გახარიას რეიტინგს, პრემიერობიდან გაშვებასა და მომავალ არჩევნებს ვდარდობ, მე ამ გასაცოდავებულ, სულდაღაფულ ქვეყანას ვნანობ, ნეოქოცების ხელში რომ იქცა მიტოვებულ სათამაშოდ! ყბადაღებული, ახალი ტერმინი გულისგულში ტარდება - საწოლფონდი არ გვყოფნის და ამ დროს რაიონების დონეზე "ქოცები" იმას არკვევენ, ვინ ვის დაუჭერს მხარს, თან იმას იმეორებენ დაზეპირებულივით: მტერი გვირჩევნია მოღალატესო. მტერი, ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობაა", მოღალატე კი - ნაპრემიერალი, რომელმაც წასვლის წინ თქვა, მელიას დაჭერის მომხრე არ ვარ და მივდივარო. ატეხეს "ფეისბუკზე" ონლაინაგიტატორებმა ამბავი, - ა, ხო ხედავთ, "ვოზდუხა" და "ბოლი" გახარია ნაცებს უჭერს მხარსო!.. გაიარა ორიოდე დღემ და შინ დაბრუნდა მელია ზარ-ზეიმით და "ქოცების" რეიტინგის გაწყალებით. თუ იჭერდნენ, რაღას უშვებდნენ, თუ არა და, ყოფილიყო "ვოზდუხა" ადგილზე, სხვა თუ არაფერი, დროდადრო თვალს მაინც ჩაგვიკრავდა! ახლა ვინ აგებს პასუხს ბენზინის, პურის, წამლის, ზეთის გაძვირებასა და ადამიანის სიცოცხლის გაიაფებაზე? ვთქვათ და, წამალს ვერ ვაწარმოებთ, ვერც ბენზინს, მაგრამ ხორბლისა და მზესუმზირის წარმოება რატომ გაგვიხდა თავში საცემი? ეგებ და გაიხსენოთ, რას გვპირდებოდნენ "ქოცები" ხელისუფლებაში მოსვლისას: ბენზინის "ლარის" დაბრუნებას, უფასო ფულსა და აყვავება-აღორძინებას, მაგრამ სადაა ეს ყველაფერი? ეგებ მე დავბრმავდი და ვერ ვხედავ... თქვენ თუ ხედავთ, ჯანდაბას ჩემი უმადურობაც, დაუნახაობაცა და "პროვოკატორობაც"!

პ.ს. მიშას უბრძანებია უკრაინაში, ანზორ მელიას კლინიკა მე გავხსენი ზუგდიდში მასთან ერთად და კარგად მახსოვს, როგორ უყვართ ზუგდიდელებს, ეს არის საუკეთესო წარმომადგენელი სამეგრელოში, ზუგდიდსა და მთლიანად საქართველოშიო. მე საბრალოს კიდევ სხვანაირად მახსოვდა და რახან ის სხვა რამე გაცუდდა, ზუგდიდის მერობას როგორ დავამადლებთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს