ანტივაქსერები, "ბიძინელები" და ყოფილი პრემიერი, ანუ სადაა კობახიძე? - კვირის პალიტრა

ანტივაქსერები, "ბიძინელები" და ყოფილი პრემიერი, ანუ სადაა კობახიძე?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ კიევში და ამოვისუნთქე! ამ კაცს, მიშელზე ვამბობ, სხვა საქმე არაფერი აქვს? თუ ჩვენს ხელისუფლებას იბრიყვებს და უკვე ზედმეტად აწუხებს საქმეზე თავგადაკლულ "ქართულ ოცნებას" (იმედია, ირონია იგრძნობა ნათქვამში)?

ახლა მე სხვა რამე უფრო მადარდებს, ვიდრე ღარიბაშვილის უკრაინული ვიზიტი (თუნდაც მიშას შეხვდეს და ყურით ჩამოიყვანოს საქართველოში, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ეგ მაგის გამკეთებელი ვერაა, მოგეხსენებათ!). შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც იურიდიული პირი 10.000 ლარით, ხოლო ფიზიკური პირი 2.000 ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმდაო და, ჯარიმები გადაიხადა ვინმემ ან ადრინდელი, ან მომავალში გადაიხდიან? არც ესაა საღელვებელი, გადაიხდიან თუ არა, სადარდელი ისაა, ამ ჰუმანიტარულ კრიზისს გადავლახავთ თუ არა! რა უნდა ელაპარაკო ხალხს, რომელიც არც კოვიდსიტუაციას უშინდება, არც ჯარიმას და სუფრას სუფრაზე შლის?!. ვიღაც ბატონს შვილისთვის 300-კაციანი სუფრით ქორწილი გადაუხდია და კი მივიღეთ იმავე საღამოს ასეულობით პოტენციური კორონიანი! ამ კორონიანებმა ასეულობით სხვა დაავირუსეს, ცალკე ანტივაქსერები ეწევიან პროპაგანდას, თითქოს აცრილები მუტანტდებიან, მორალურად მიუღებელი ვაქცინის გამო მათი სულები ვერასდროს შევა სამოთხეში, ხორცი ზეზეურად დაულპებათ, ინტერნეტს უფასოდ დაიჭერენ და ხურდა ფულს მიიკრავენ ნანემსარზე თუ რაღაც ამდაგვარი! ვაქცინა სასწრაფო წესით რომ მიიღეს, კარგია თუ ცუდი, არ ვიცითო, რომ ამბობენ ეს მამაცხონებულები, ის საიდან იციან, თითქოს ორ წელში კბილთა ღრჭენის დრო რომ დადგება? ისე, ჩვენი ჯანდაცვის მესვეურების შემხედვარე, სიცოცხლე აღარც კი მოგინდება, რომ არა რიგითი მედიკოსების თავგანწირული დგომა ყოველი პაციენტის მაჯისცემასთან!

რა მაგის პასუხია და, მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძე სადაა?! ქარმა წაიღო, ჩიტმა წაიღო? გახარიას წასვლისას რომ იყო აფორიაქებული, ახლა არ უსკდება გული ეპიდემიის მასშტაბებზე? ისაო, გახარია არაფერი მენეჯერიც არ იყოო, "ბოლი" იყო და "ვოზდუხაო", ახლა რა გამოვიდა, "თვალთხარიას" დაწესებული შეზღუდვების ფონზე გენოციდია სახელმწიფოში, მგონი! არ უნდა მოისმინოს მაგან და მაგისმა გუნდმა, რას ვფიქრობთ და როგორ ვცხოვრობთ მოქალაქეები? "ნაცმოძი" მისივე ანასხლეტებით არავინ მიხსენოთ, ეგენი რომ არ არიან წარსულში, ეგეც "ქოცთა" ბრალია და 2012 წლის შემდეგ რაც ვერ გაკეთდა, ხან რესპებს რომ აბრალებდნენ, ხანაც - გახარიას, ესაა ნორმალური საქციელი? ამ ოხრებს განა იმიტომ არ ვირჩევთ თანამდებობებზე, რომ ქვეყანა გამოასწორონ? რა უნდა სამმილიონიანი ქვეყნის მოწესრიგებას? მხოლოდ პოლიტიკური ნება და მოაზროვნე თავები, მაგრამ სადაა ახლა მოაზროვნე თავები? ყაზბეგის მერობის კანდიდატი პარტიიდან გაქცეულა, რუსთავზე თავგადაკლული საკრებულოს თავმჯდომარე ონიანი სიაშიც არ შეიყვანეს, კახეთში (და მგონი, მთელ საქართველოშიც!) ფაქტობრივად, "ძველი გვარდია" ჩაანაცვლეს ნანაცარი კადრებით და მერე უკვირთ "ბიძინელებს", რად გარბის გახარიას პარტიაში ჩვენი ხალხიო! მე კი ვიცი, რადაც გარბიან, მაგრამ თავად "ქოცებმაც" კარგად უნდა იცოდნენ, რატომ ხდება ასე!

პარტიული შემადგენლობის "გადახალისება" ძველი სიმღერასავითაა, ეგ სულ ხდებოდა, მაგრამ პასუხისმგებლობის ხარისხი უნდა იმატებდეს. აგე, ამერიკის პრეზიდენტი გამოსულა და უთქვამს, დროა, წახვიდეთ და ჩაიტაროთ ვაქცინაცია დღესვეო. ჩვენთან კიდევ, ანტივაქსერი ექიმებიც კი გვყავს, თავი რომ დავანებოთ სხვა პროფესიის ადამიანების "ანტიფაიზერობას".

პ.ს. ზოგიერთმა პარტიამ ისეთი კანდიდატი დაასახელა, რომ... ტაში, მეგობრებო, გადავრჩით მგონი! იცით, რას გადავრჩით? თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს! ოღონდაც ასე იყოს, აღარ გვინდა არჩევნების მეორედ გამართვა, "კოვიდი" შემოგვიტევს ისევ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს