ირაკლი პირველი და ირაკლი მეორე "მაზაკვალ" გახარიაზე, ანუ პირველი სამი ადგილი ლეიბორისტების არაა?!
02-09-2021
ირაკლი პირველი და ირაკლი მეორე "მაზაკვალ" გახარიაზე, ანუ პირველი სამი ადგილი ლეიბორისტების არაა?!
ღარიბაშვილმა დიპლომატიური სვლა გააკეთა თავისი ჭკუით, ამომრჩეველთა წინაშე და სამეგრელოში რიხით განაცხადა, რომ გახარია მაზაკვალია. მთელი კვირაა, ამ სიტყვის ზუსტ მნიშვნელობას ვარკვევთ და კარგად ვერ გავარკვიეთ, რას გულისხმობდა პრემიერი. ირაკლის გულისთქმას ვერ ჩავწვდით სრულად, თუმცა ის კი ვიცით, რომ კოლხების რისხვა დაიმსახურა.

ერთი ირაკლის პოზიცია მეორე ირაკლიმ გააგრძელა სავსებით ლოგიკურად. კობახიძემ ამაყად განაცხადა, რომ მელიას გამო უღალატა პარტიას "ბოლმა" და კიდევ ერთ თვეს ვისაუბრებთ მის მიერ გუნდის მიტოვებაზეო. გახარიაზე ლაპარაკი
მოუტანს მმართველ პარტიას რეიტინგსა და ხმებს, მოსახლეობას - მატერიალურ სიკეთეს და შვებას? აი, ვერაფრით ავუარე გვერდი ბატონი კობახიძის (ანუ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის) ერთ ნარატივს და მინდა მკითხველმაც გადაიკითხოს გულდაგულ, მერე რამდენიმე კითხვას დავსვამ და დასკვნა თავად გამოიტანოს მისმა უდიდებულესობა ელექტორატმა: "აქტუალობა დაკარგა არსებითად გახარიას ფაქტორმა.
ერთადერთი მისია ჰქონდა მას, რომ რამენაირად დავეახლოებინეთ 43%-იან მაჩვენებელს, ეს მისიაც ამოწურა, ანუ საერთოდ დაკარგა აქტუალობა, ფუნქცია დაკარგა გახარიამ და მისმა პარტიამ. რა დავალებითაც შემოიყვანეს პოლიტიკაში, ის დავალება აღარ არსებობს ბუნებაში. ჩვენც შესაბამისად, იმდენს აღარ ვსაუბრობთ გახარიაზე, რეალურად აღარც არის აქტუალური".
ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ამდენ დროს რომ უთმობენ გახარიას, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ მისი ეშინიათ? პოლიტიკაში შემოყვანა დავალებით - ეს უკვე ფროიდისტული წამოცდენაა თუ თვითლუსტრაცია? განიცდის თუ არა მმართველი პარტია იმას, რომ 43%-იანი მაჩვენებლის მიღწევა გაუჭირდება? როგორ დაკარგა გახარიას პარტიამ ფუნქცია, როცა ახალფეხადგმულია?

წინა პროვოკაციაში ვწერდი, კობახიძე აღარ ჩანს-მეთქი და აჰა, გამოჩნდა, დაგვაყარა თავზე "ვოზდუხას" შესახებ ამბები. ნეტავ ვინ ურჩია ასე საუბარი? ბიძინა დისტანცირებულია "ქართული ოცნებისგანო", რომ ბრძანა და კიდევ, გერმანელ ბავშვებს სკოლებში დღემდე ახსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 1945 წლამდე და 9 წლის წინ რა ხდებოდა, ამის შეხსენება მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებააო. ეგებ მიხვდეს იმას, რომ ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" საქმეები არ დაგვიწყებია, თავად დაივიწყა, "ქართული ოცნების" ავანგარდი გვერდზე მისწია და პორტირებულები შესთავაზა ასარჩევად მოსახლეობას, ამით "ოცნების" რეიტინგი ასწია? როცა გერმანიის მაგალითს გვისახელებს, ეგებ გერმანიის ეკონომიკასა და სახელმწიფო მოხელის ეთიკაზეც ესაუბრა! წილოსანი ერთბაშად ანგელა მერკელს არ დაედაროს და ქუთაისში "გამოსაშვები" ელექტრომობილი - "მერსედესს". ეკონომიკური თვალსაზრისით, ახალი ინიციატივა გადმოისროლეს, - საბანკო სესხების სუბსიდირება დაიწყება მცირეწლოვანთა მშობლებზეო, - და "ფეისბუკზე" გადასახადების გადამხდელებმა ატეხეს განგაში, რით ვეღარ გავისტუმრეთ სხვისი ვალების გამსტუმრებლებმა საკუთარი ვალდებულებები საბანკო სექტორისადმიო?! მართალიც არიან! სხვათა შორის, გახარიას პრემიერობის დროსაც სუბსიდირდა სამშენებლო ბიზნესი და მაშინ რომ ვიკითხე, ჩემი გადახდილი ფულით ვიღაცამ ბინა რატომ უნდა იყიდოს-მეთქი, ვინ გამცა პასუხი? ეჰ, ეგ ის დრო იყო, როცა გახარია არც "ვოზდუხა" იყო, არც "ბოლი" და არც მოღალატე! პირიქით, წარმატებული კრიზისმენეჯერი და პრემიერიაო, გვეუბნებოდნენ!

პ.ს. ღარიბაშვილმა თქვა, ეპიდვითარება ოქტომბრიდან უნდა დასტაბილურდესო. ეს ალბათ 2 ოქტომბრიდან, როცა ვიხილავთ, რომ პირველ ადგილზე "ქართული ოცნებაა", მეორეზე "ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი გახარიას პარტია. ისე, უბრალოდ ვიკითხავ, ამ პარტიებმა ეს ადგილები თუ დაიკავეს, "ლეიბორისტები" არ იტყვიან, კუთვნილი პირველი სამი ადგილი აგვახიესო?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გოჩა
02 სექტემბერი 2021 21:53
გახარია მართლა ბოლია. ისე არც ზოგიერთი განცხადება მომწონს კობახიძის - ან ძალით ცდილობენ დისტანცირებას ან ეშინიათ. თუმცა მომავალ საკრებულოში თუ პარლამენტში თანამშრომლობა მოუწევთ და არ ღირს იმის საუბარი და დაბრალება, რასაც ვერ დაამტკიცებენ საჯაროდ.
ლევანი
02 სექტემბერი 2021 15:19
მაზაკვალი ნიშნავს, ეშმაკიაო ეშმაკი!
მთ
02 სექტემბერი 2021 13:58
კარგი იყო

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები