"ბრინჯაოს გიორგი", მდინარაძის ფანტაზია და ნაპრეზიდენტალის "გეგმები", ანუ ვინ დაუფრთხო კალაძეს ძილი - კვირის პალიტრა

"ბრინჯაოს გიორგი", მდინარაძის ფანტაზია და ნაპრეზიდენტალის "გეგმები", ანუ ვინ დაუფრთხო კალაძეს ძილი

გაგონილი გექნებათ ქათმის დაჩივლება: ხარი დაკლეს, ზედ წამაკლეს, ცხვარი დაკლეს, ზედ წამაკლეს, ღორი დაკლეს, მაინც მე მიმაყოლესო, და ასეა ჩვენი ხელისუფლების საქმეც: მოხდება რამე თუ არა, ნაპრემიერალს მიაბამენ ხოლმე ავტომატურად ნეგატივებს. ახლა, როცა მიშა ისევ ალაპარაკდა ჩამოსვლაზე, მდინარაძეს უთქვამს, რას ჩამოვა, მაგას გახარია ჰგონია ისევ პრემიერიო?

მიშას ვინ ჰგონია პრემიერი, არ ვიცი, მაგრამ გახარიას დროს რომ ვერ ჩამოვიდა მიშა სამშობლოში, ეგ ფაქტია. არც ის მგონია, რომ მიშამ ჩამოსვლა გაბედოს, მაგრამ თუ გაბედა, ნამდვილად გაუშვებენ "ხანგრძლივ დასვენებაზე" და სასაცილო ის იქნება, თუ ჩამოვიდა შარლ მიშელი და გვაჭამა პოლიტიკური ვერმიშელი ისე, როგორც მელიას შემთხვევაში იყო. წინათ დავწერე, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს თითქმის ყველა მაჟორიტარი #41 იქნება და საკრებულოებში პირველი ადგილი "ქოცებს" დარჩებათ, მეორე - "ნაცებს" და მესამე, ბრინჯაოს მედალი კიდევ, "ვოზდუხისტებისაა"-მეთქი. მესამე ადგილზე გამწესება არ არის ორიოდე დღის წინ ჩამოყალიბებული პარტიისთვის ურიგო, მით უფრო, როცა "პირველები" "მეორეებისთვის" ზრუნავენ და - პირიქით! რატომ უნდა იყვნენ უნიათო "ქოცები" პირველ ადგილზეო, თუ მკითხავთ, გეტყვით იმას, რომ მმართველ ძალას ავტომატურად არჩევნებზე მისული ამომრჩევლის მესამედი მაინც უჭერს ხოლმე მხარს და ახლა რა ელექტორატის ღმერთი გაუწყრება ჩვენებურ ამომრჩევლებს? თანაც, ნაცქოცობა უკვე ისეა გადასკვნილ-ათქვეფილი ერთმანეთში, რომ განსხვავებას ვეღარც კი დაინახავთ. მართალია და არა მონაგონი, რომელი "ნაცი" გაქოცდა, ვერ გაიგებ, მაგრამ მაგათ მხოლოდ სახელები და გვარები ასხვავებს ერთმანეთისგან, სხვა უკვე არაფერი!

გგონიათ, მიშასეული მოწოდების გამო ქუდზე კაცი გამოვა? პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს - ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა - ხმელეთით, ჰაერით, - წავიდეთ ყველა ერთად საქართველოშიო, რომ ბრძანა ნაპრეზიდენტალმა, ეგებ ვინმემ უთხრას, რომ საქართველოში ყველას სხვისი ხელით უყვარს ნარ-ეკლის დაგლეჯა. თან, უკვე ვინღა ფიქრობს, ვინც მოვა აგვაშენებსო? მიშამ რაც გვაშენა, კი გვახსოვს, არც "ოცნების" ჟამს ავყვავებულვართ და ახლა "ბრინჯაოს გიორგისაც" თუ დაველოდებით, არც ეგაა ჩვენი საქმის გამკეთებელი! საქმე საქმედ იყოს, მაგრამ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მესიჯბოქსი გახარიას ანტიპიარზეა და თუ ადრე იყო ლოზუნგი - "აბა, "ნაციონალები" გირჩევნიათ?.." - ახლა ჩანაცვლდა - "ბოლი გირჩევნიათ?.." უბრალოდ, მდინარაძის ფანტაზია უფრო შორს გაიჭრა და "ნაციონალები" გადაასკვნა გახარიაზე მარტივი ფორმულირებით: "ვოზდუხამ" იცის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, საკუთარი კანდიდატურა მაინც დააყენა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატ მელიას უწყობს ხელსო! ღმერთო ჩემო, მელიას გახარია კი არა, თვით ბიძინა ივანიშვილიც ვერ გაამარჯვებინებს ახლა, მაგრამ ქათმის წაკვლისა არ იყოს, ბარემ როდოსის კოლოსის დაწვაც გახარიას დააბრალონ, "კოვიდის" გავრცელებაცა და გლობალური დათბობაც!

პატარა ბიჭები რომ გაიბუტებიან და ათას რამეს წამოაძახებენ ერთმანეთს, ისე იქცევა ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიცია. ეს არახალია, ძველია, მაგრამ კალაძის პოზიცია გამკვირვებია. ეგ ყველაზე გაზრდილი პოლიტიკოსია ამჟამინდელ პოლიტფიგურებს შორის, მაგრამ მაინც ისეთი პოზიციების დაფიქსირება დაიწყო, რომ ხანდახან ღარიბაშვილი მგონია... ფაქტია, ძილი დაუფრთხო "ბრონზის" გიორგიმ. გადაწყვეტით შემიძლია ვთქვა, რომ კალაძემ არც უნდა იფიქროს იმაზე, პირველივე ტურში გავიმარჯვებო... ესეც არ ვიდარდოთ, მთავარია, საწვავისა და დოლარის ფასი ოდნავ დაჩოჩდა დაბლა, სადღაც-სადღაც წინასაარჩევნოდ ფულიც გაიხარჯება ჩუმად, მერე ჩაივლის არჩევნები და ნახარჯი ერთიორად იქნება ჩვენივე კისრიდან თუ ჯიბიდან ამოწურული!

პ.ს. გახარიას პარტიიდან 12 წევრი გავიდაო, მთელი "ფეისბუკქოცობა" ყიჟინებდა. და ეგენი რომ შევიდნენ გახარიას პარტიაში, მაშინ რად არ თქვით? შესვლისას თუ არ ყვიროდით, გამოსვლისას რაღა გაღრიალებთ?! თან, ეგ 12 სულ ტალეირანები და დე გოლები იქნებიან ვითომ?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს