ბოკერიას ცინიზმი და ბიძინასეულები და ანუ როდის აქეთ გახდა მიშა თაკოს ჩამოსაყვანი - კვირის პალიტრა

ბოკერიას ცინიზმი და ბიძინასეულები და ანუ როდის აქეთ გახდა მიშა თაკოს ჩამოსაყვანი

ჩემი აზრით, თავისუფალი ქვეყანა წარმატებულია იქ, სადაც ინიციატივა და წარმატება აქვთ წესიერ, პატიოსან, განათლებულ ადამიანებს, ვინც ხალხს ემსახურებაო, - ბრძანა გიგა ბოკერიამ. მისი ეს სიტყვები პოსტსკრიპტუმში მინდოდა გამეტანა, მაგრამ იყოს "პროვოკაციის" დასაწყისშივე, რათა კიდევ ერთხელ თვალწინ დაგვიდგეს პოლიტიკოსთა უკიდეგანო ცინიზმი.

ცინიზმია, როცა ბატონი გიგა ამას ბრძანებს და ზედ ამატებს, ბიძინა უფსკრულისკენ მიაქანებს სამშობლოსო! თუმცა, ბიძინამ საით გაგვაქანა, ეს ჩვენც ვიცით... დარდით აღსავსე ვამბობ, ეგებ სახელიც ვერ მოვუძებნოთ იმ ფაქტს, რასაც ყოველდღე ვაწყდებით პოლიტიკოსების (ნებისმიერის!) მხრიდან. აგე, თაკო ჩარკვიანს უთქვამს, სახალხო მოძრაობა უნდა დავიწყოთ და მიშა ჩამოვიყვანოთო. აი, იმ მიშას რა ვუთხრა, სხვისი ჩამოსაყვანი თუკი გახდება!.. ისე, თავის მხრივ, ჩარკვიანსაც და სხვებსაც ვკითხავ: როდემდე უნდა მიეწებოთ მიშას რეიტინგს? ბუნებრივია, თავად მიშა არაფერს აგებს ამ ყველაფრით, პირიქით, სულ სატრაბახოდ აქვს, - აი, ნახეთ, ბიძინას და მისი "ქოცების" ერთადერთი ალტერნატივა და შემმუსვრელი მე ვარო, და დასავლეთს კონკრეტულ მესიჯებს უგზავნის: ბიძინასეულები უნიათოები არიან, სამი მილიონი კაცისთვის ვერ მოუვლიათ; სხვას რომ თავი დავანებოთ, ისეთი საკადრო დეფიციტი აქვთ, ჩემს ხელის გოგო-ბიჭებს მაჟორიტარ კანდიდატებად ასახელებენ და ზოგჯერ სიებშიც სვამენო.

ბიძინას რომ უსუსტესი საკადრო პოლიტიკა აქვს, მიშას დადასტურება რად უნდა? მოგეხსენებათ, მიშას დროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსებს მხოლოდ მასწავლებლებზე ზემოქმედების ბერკეტებად იყენებდნენ და "ქოციანობის" ჟამს "ნაციონალური მოძრაობის" ამ ბერკეტებს #41-ად ვხვდებით საარჩევნო ბიულეტენებში. მაგალითი გნებავთ? ბლომად არის, მთავარია, კარგად მიიხედ-მოიხედოთ, რაღა მე დაგისახელოთ... ისე, ამ ყველაფრით რას იგებს ქვეყანა? ან თავად პარტია? რა გახდა სუფთა წარსულის მქონე ახალგაზრდების მოძებნა? კი არის რამდენიმე ნათელი წერტილიც, მაგალითად, ჩოხატაურში ასეთი შეურჩევიათ ორმოცდაერთიანელებს, მაგრამ რა ბედი გაუწყრათ სხვაგან?!. არ გეგონოთ, პარტიებისა მედარდებოდეს. დაგვღალა ვითომ პოლიტიკურმა, ნაცქოცურმა ჭიდილებმა და ამ ჭიდილის ცქერამ ერთი მარტივი მიზეზის გამო - არ დაგვადგა საშველი ამათ ხელში!

მოდი და, გავყვეთ საქართველოს პრემიერის ბოლოდროინდელ განცხადებებს და კომენტარები და შეფასებებიც არ დავიშუროთ. "შეგვიძლია მართვა სწორად, დემოკრატიულად და ჰუმანურად და არა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით და ათასი უბედურებით, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა". აქვე შეკითხვა: მიშას დროს დაშვებული დანაშაულების გამო ვინმეს პასუხი აგებინეთ მთავრობის პირველ ჯერზე ხელმძღვანელობისას ან ახლა?!. თუ ისევ ძიებაშია საქმენი და ვიდრე არ დადასტურდება სისხლის სამართლის დანაშაულები, მანამდე არც ვიოცნებოთ სამართლის ზეობაზე?

"მათ (ენმ-ის წევრებმა) ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და მეორედ ამის გაკეთების უფლებას არ მივცემთ". თქვენ რა, ნებართვების გამცემი ორგანოს ხელმძღვანელი ხართ, ბატონო პრემიერო? ფაქტია, ქვეყნის დიდი და პატარა დამანგრევლები ხელისგულზე დაისვით და სასათბურე პირობებით აცხოვრებთ!

ღარიბაშვილმა განაცხადა: "ქართულმა ოცნებამ" მოსვლის დღიდან გახსნა ბაზრები. ჩვენ მოვახერხეთ და გავხსენით ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ეს ბაზარიც. გავხსენით ევროკავშირის ბაზარიც, 500-მილიონიანი უზარმაზარი ბაზარი, რომელიც მართლაც ძალიან დიდი მიღწევა იყო". ჩაგეკითხებით, ირაკლი: ამ ბაზრებიდან მეტი შემოგვაქვს თუ გაგვაქვს? ისე, აქვე დავამატებ ჩვენი პრეზიდენტის ბაბუის ნათქვამს: ვიდრე შემოსატანი მეტი გვექნება, ვიდრე გასატანი, არაფერი გვეშველებაო!

პ.ს. ვინმემ ირაკლი ღარიბაშვილს უთხარით, რომ კვირიკაშვილის პრემიერობის ჟამს გაფორმებულ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფუძველი შევარდნაძის დროს ჩაეყარა და არა - ახლა! ისიც მოახსენეთ, - სამი წელი არ იქნება არჩევნებიო, ასეთ რამეს ჩრდილოეთ კორეისა და განვითარებადი სამყაროს დიქტატორები ლაპარაკობენ ხოლმე...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს