გახარიას "შესეული" "ოცნებისტები" და კალაძის ბიძინასეული საუბარი, ანუ "ოცნებას" მიშას ჩამოყვანა შეუკვეთეს და ქარდავა ჩამოიყვანაო - კვირის პალიტრა

გახარიას "შესეული" "ოცნებისტები" და კალაძის ბიძინასეული საუბარი, ანუ "ოცნებას" მიშას ჩამოყვანა შეუკვეთეს და ქარდავა ჩამოიყვანაო

ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: მაროს მეზობელი ეუბნება, მიხო თურმე ვენაში იჩხირავსო და ცოლმა ქმრის მისამართით ქოქოლა გაგზავნა, - ვენაში რათა, განა გურჯაანში ვერ მოიხერხებდაო?.. "პროვოკატორი" ტყუილად არაფერს ვამბობ და ეს "წვერ-ულვაშგამოსხმული" ანეკდოტიც გახარიას მიერ ავსტრიაში "ბანკის" გაგზავნას მივუძღვენი.

რა სამარცხვინოა კობახიძის "მზრუნველი" ტონალობა, ნარკომანია ვნებს გახარიას და მასზე ზრუნვით ვამბობ, თორემ რა, უნდა საეჭვო კლინიკის ლაბორატორიაში აუღია ცნობა, ნარკომანი რომ არაა, უნდა და, სულაც ნუ გაიკეთებდა ნარკოტესტსო! ნეტავ არ გაიგებდეს იმ კლინიკის ადმინისტრაცია, რას მიედ-მოედებიან "ქოცები", თორემ რომ გვიჩივლონ, მორალური ზარალის ანაზღაურება იმ ბიუჯეტს დაეკიდება დამოკლეს მახვილივით, რომელსაც საოცრად განკარგავს ჩვენი ხელისუფლება უმეტესად იმის გამო, რომ თავისი ჯიბის ფული ჰგონია ზოგიერთს! გახარიას ნარკომანიაზე საუბარს "ოცნებისთვის" სასიკეთო არაფერი მოჰყვება, დამერწმუნეთ. ამას დაუმატეთ მეორე ირაკლის (ანუ ღარიბაშვილის) სრულიად გაუაზრებელი ნათქვამი, ივნისში თვალები რომ დასთხარა გახარიამ ხალხს, ჩვენ ოფისში ვისხედით და ვკითხულობდით, რა საჭირო იყო ასეთი ღონისძიება, როცა წყლის ჭავლითაც შეეძლო და ცრემლსადენი გაზითაც ხალხის დაფრთხობაო?! ამის გარდა, ვინც პარლამენტში შეღწევადობის სირთულეები იცის, დამემოწმება კიდეც, რაოდენ ტყუილად "ვოზდუხაობდა" გახარიაო. ცალკე კალაძემ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გახარიას თვალთხარიობასთან მაშინაც არსებობდა კითხვები და ახლაც გვაქვს "ვაპროსებიო" (ბოდიში მკითხველთან, არ ვიცი, როგორ გამოითქმის იტალიურად შეკითხვა). თუ ასეა, მაშინ ჩვენც გვაქვს ინტერესის სფერო! გამობრძანდნენ დიდ-პატარა "ქოცები" და გაგვცენ პასუხი კითხვებზე: თუ დააშავა მაშინ გახარიამ, რად დააწინაურეთ პრემიერად? მისი გამოსვლებისას ტაშისცემით რად იტყავებდით ხელებს? იმასაც ტყუილად ამბობთ, რომ გახარია "ვარდისფერი პუფის" საქმეს აკეთებსო! ესაა ქოცლოგიკა! ქოცლოგიკისგან განსხვავებით, არსებობს ნამდვილი ლოგიკა, რომელსაც ასე ვაყალიბებ იმ მოცემულობების ფონზე, რომელსაც ვუყურებ: ყველა თავის საქმეს აკეთებს ამქვეყნად, წავიდა თავდადებისა და სამშობლოს მსახურების დრო. იმასაც ტყუილად ოცნებობს ზოგი, რომ მიშა ჩამოვა. ჩვენი შეკვეთა კი იყო მიშას ჩამოყვანა, მაგრამ მეგის ქარდავა მოგვგვარეს და კი ვღლიცინებთ ახლა, ვისი ჩამოყვანა შევუკვეთეთ "ქართულ ოცნებას" და ვინ ჩამოგვიყვანაო!

ქარდავას ჩამოცალყურავება არაფერია იმ საჭიროებებთან შედარებით, რაც ჩვენ გვსურს. ვინ ჭამს ახლა იმას, რომ მეგისის დაპატიმრებით იწყება არნახული სიმაღლეების დაპყრობა? რასაკვირველია, გეგმა "ბ"-ც ბევრი აქვს ჩვენს მთავრობას, მათ შორის, ფარული ჩანაწერებიც. რისთვის იწერდნენო? - არავინ იკითხოს. ჯერ კიდევ ის ხალხი ვართ, სხვის უკანალს რომ ვდარაჯობთ, სიწმინდის მანტიით შემოსილები და სადღა გვახსოვს ქრისტეს შეგონება, - იმან ესროლოს მრუშ დედაკაცს ქვა პირველმა, ვინც უცოდველიაო. მაქვს ჩემეული ახსნაც, რატომ ჰქონდა სახელმწიფოს საგულდაგულოდ გადამალული სასულიერო პირთა "წმინდა ბუნაგის" და ბიზნესამბები. მოგეხსენებათ, ეკლესიას დიდი ავტორიტეტი აქვს და მორწმუნეთა თუ ფსევდომორწმუნეთა ხმებზე მანიპულირებაც იოლად შეიძლება ამბიონიდან. ათწლეულებია, ყველა ინსტიტუციის დისკრიმინაცია მიდის გაშლეგებით, რადგან "ცოდვაში გამოჭერილს" იოლად აქნევინებ პირს იქით, საითაც გსურს. შანტაჟისა და არსებული ლუკმის პირიდან გამოძრობის შიშით, უკვე კარგა ხანია, ისეთ არჩევანს ვაკეთებთ, ვაი-არჩევანი რომ ჰქვია!

ჩემი პოზიცია დიდი ხანია, კრიტიკულია ყველა პარტიის მიმართ. არ დავმალავ, კალაძეზე არაერთხელ მითქვამს, რომ თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, "ქოცთა" შორის ყველაზე მისაღები სახეა-მეთქი, მაგრამ ამ ბოლო დროს მანაც ისეთი ენით დაიწყო საუბარი, როგორითაც ბიძინასეულმა ორივე ირაკლიმ და მამუკა მდინარაძემ. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, კახა დებატებზე დაუჯდება ოპონენტებს (დაგვპირდა კიდეც!) და პოლიტიკოსის შესაფერისად მოიქცევა!

პ.ს. მეგის ქარდავას ეკითხებიან ციხეში, რის გამო ჩაგსვესო? "ნაციონალობის" გამოო, - უპასუხა. ნუ იტყუები, მაგის გამო მხოლოდ აწინაურებენო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს