ღარიბაშვილის დეტოქსი და გრიგოლიჩის უცნაური პოლიტიკა ანუ ჩამოყალიბდეს ქალბატონი თურნავა, ავყვავდით თუ გავღატაკდით? - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილის დეტოქსი და გრიგოლიჩის უცნაური პოლიტიკა ანუ ჩამოყალიბდეს ქალბატონი თურნავა, ავყვავდით თუ გავღატაკდით?

ვარლამმა და მისმა გუნდმა იმძლავრა. "ენკამ" გუდა-ნაბადი აიკრა. ვფიქრობ, გეგმა ა და ბ-ს მქონე კომპანია, რომელიც ორივე გეგმით იგებდა, სიხარულისგან გაბრწყინებულია ჩვენგან მალულად. ვარლამ გოლეთიანი ვინაა ისეთი, რომ "ნეიტრალიტეტში" ვერ გადაეყვანათ, მაგრამ ქართული ანდაზაა - "ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს" - და "ენკაც" კმაყოფილი აცხადებს, სასამართლო არ გვაინტერესებს, თუ ვინმე გამოჩნდება, იყიდის ჩვენგან ამ პროექტს და ეგაა სულო.

ნათია თურნავა, რომელიც გვეუბნებოდა, ეკონომიკა აყვავდაო, ახლა გვმოძღვრავს, მთავარია, ნამახვანჰესი აშენდესო (ალბათ, ყვავილობის სრულ ფაზაში შესასვლელად!). მანვე ბრძანა, 180 მილიონი ღარიბი შეემატა სამყაროს პანდემიის გამო და საქართველო რა ბედნიერი გამონაკლისი იქნებაო?! ჩამოყალიბდეს ეს ქალბატონი, ავყვავდით თუ გავღატაკდით? ისე, მთავარი, ქალბატონო მინისტრო, ჰესები კი არა, ორი ოქტომბერია "ორმოცდაერთიანელებისთვის". კარგად დაითვალეთ 3 ოქტომბრის დილისთვის, გექნებათ თუ არა ყელყელაობის საფუძველი და შესაძლებლობა. თავის დროზე, არც ერთი ხელისუფლება არ ფიქრობდა იმას, რომ რბილი სავარძლიდან გადააჩოჩებდნენ, მაგრამ კი მოხდა ასე! თურნავასი არ მიკვირს, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, "ენკას" ხარჯები შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს, უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავო, და ეგ არაა უკვე პრობლემა, როცა პრემიერი ამხელა პრობლემას ვერ ხედავს?.. ვატყობ, მეორედ მოუწევს პრემიერის სკამიდან წასვლა ირაკლის და მერე ათონის მთაზე დეტოქსაციის გამეორება. ისე, დეტოქსი განიცადა თუ კათარზისი უფრო? "გადავგუგლე" ის, რაც "განიცადა" ღარიბაშვილმა, და ასეთი რამ წავიკითხე: "ბოლო წლებში სიტყვა "დეტოქსმა" პოპულარობით მნიშვნელოვნად გაუსწრო სიტყვა "დიეტას". "დეტოქსი" ასოცირდება ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, რომლებიც სხვადასხვა ეგზოტიკურ კუნძულზე მიდიან, რათა სრულად მიეცნენ რელაქსს, ორგანიზმი გაიწმინდონ შლაკებისა და ტოქსინებისგან, მოიკლონ ზედმეტი წონა, აღიდგინონ სასიცოცხლო ძალები და ცივილიზაციას გაახალგაზრდავებულები დაუბრუნდნენ". ღარიბაშვილის დეტოქსი წმინდა პოლიტიკური აღმოჩნდა - დაუბრუნდა ქართულ პოლიტიკას. გრიგოლიჩის საკადრო პოლიტიკა უცნაურად ასეთია! ხან ვის დაგვისვამს პრემიერად, ხანაც - ვის! რიგით "ქოცობას" მერე ხელები აქვს გადატყავებული ტაშისცემითა და "ფეისბუკზე" ათასი რამის "გაპრავებით".

ახლა პრემიერს ცოტა ხნით ჩავეხსნათ და გკითხავთ, ვინმემ თუ გაადევნა თვალი ბოლო პერიოდის ქართული პოლიტიკის "მეტრების" ქმედებებს? ძალიან სამარცხვინოები არიან თუ სასაცილოები? "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ოდესმე პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გინახავთ? - იკითხა ბადრი ჯაფარიძემ და ხაზარაძის ქუჩის მუსიკოსის ამპლუა გამახსენდა. ნეტავ ამოდენა ბანკირ-ბიზნესმენ კაცს რისი ჩვენება უნდოდა? ვითომ და, თუ ბიზნესსა და პოლიტიკაში არ ვიქნები, ჩემი ვოკალი და ინსტრუმენტი გადამარჩენსო?.. იქნებ თავისი წარსულის შესახებ მოეთხრო, სინანული გამოეხატა რაღაცების გამო და 2 ოქტომბერს ეგებ კი ასცდენოდა 2%-ს მაგისი "ლელო" და ბატონ ჯაფარიძესაც პასუხისმგებლიანი პარტნიორის საგმირო საქმეები მოეთვალა. ცალკე თავზარი დამცა გუბაზ სანიკიძის ხატოვან-სიმბოლურმა და ესქატოლოგიურმა ნარატივმა, ქვეყანას ვკარგავთ ბრალიანებიც და უბრალოებიც. ერთი კაცის იმედად ყოფნა არა, ყველა უნდა იყოს საკუთარი თავის იმედად. მოხვალ არჩევნებზე, იქნება ცვლილება, არ მოხვალ და, ან "კოვიდი" ამოგხდის სულს, ან - ბიძინა. სინამდვილეში ორივე ერთი და იგივეაო.

პ.ს. ღარიბაშვილს უთქვამს, გახარიას ნარკომანობა არც მე და არც არავის გვაინტერესებს, თავად ამტკიცოს, რომ არაა ნარკომანიო. "ქოცები" ისე იზამენ, რომ "გირჩს" წაართმევს გახარია თაყვანისმცემელთა ნაწილს. "ქოცთა" ნაწილი ისედაც ფრიად მოხიბლულია პოლიტიკური თვალის ჩაპაჭუნებით. როგორც ამბობენ, თვით ლეგენდარული ვიტია ჯაფარიძე სვანეთის სოფლიდან სოფელში დადის და ამბობს, გახარია თუ მოვა, ეგ ჩემი მეგობარიაო. მართლა და, ვინ ვისი მეგობარია პოლიტიკაში? ისე, მაგათი მეგობრობისაც რომ აღარ მჯერა, ეს ჩემი ბრალია თუ ოდესღაც მეგობრების წამოძახებების? ეჰ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს