გასოციალურებული და "განაცქოცებული" საქართველო, ანუ პურსა და სანახაობაზე გადართულებო, რას ცვლის მიშას ჩამოსვლა? - კვირის პალიტრა

გასოციალურებული და "განაცქოცებული" საქართველო, ანუ პურსა და სანახაობაზე გადართულებო, რას ცვლის მიშას ჩამოსვლა?

სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებო, - გამოგვიცხადეს დასავლეთიდან, და მაგათ რომ არ ეთქვათ, ჩვენ არ ვიცოდით? ვიცოდით, მაგრამ ისე შევეჩვიეთ სხვათა მხრიდან შეფასებებსა და ანალიზს, ტვინის დაძაბვაც კი გვეზარება. და კიდევ დავამატებ - სადაა ჩვენი მეგობარი შარლ მიშელი, მეტად რომ გაგვკიცხოს და გვაჩვენოს ჩვენი უსახურობა!

ისე, ამ დასავლეთმაც რომ გვაცადოს და ჩვენ თავად გავყიდოთ ხოლმე ხმები ან კიდევ, დაშინებულებმა ავირჩიოთ ის, ვინც არ გვინდა, რა მოხდება? არც არაფერი! საერთოდ, არჩევნები არის საზოგადოების ელექტორატული დიაგნოზი და თითქმის ყოველ წელს ასეთი სურათი გვაქვს: სრულწლოვანთა ნახევარს ფეხებზე გვკიდია, ვინ მოვა ხელისუფლებაში და არ მივდივართ არჩევნებზე (მერე მოვთქვამთ, რას გვიშვრება ეს მთავრობაო!); არჩევნებზე მისული, მინიმუმ 30% ჩვენივე ნებით ვაძლევთ ხმას არსებულ ხელისუფლებას, რადგან შეჩვეული ჭირი გვირჩევნია შეუჩვეველს და კიდევ, დანარჩენი ხელისუფლების ანგარიშზე მითვლილი პროცენტები არის ადმინისტრაციული რესურსების პირდაპირი თუ ირიბი გავლენა; წინა ხელისუფლების ნარჩენებსაც არ ვაკლებთ მხარდაჭერას, რადგან გვგონია, რომ ადრე ვყვაოდით, ის ხელისუფლება უფრო მზრუნველი და პროგრესული იყო (თან ჩვენივე ფულით რომ აკეთებდნენ რაღაცას და უფრო მეტად თავიანთ საქმეებს იგვარებდნენ!); დანარჩენი ხმები წვრილ და უსახურ, გაქრობად და სულმოღაფარ პარტიებზე ნაწილდება, რომლებსაც მოწყალებასავით გაიღებს სიძე, სიდედრი, რძალი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი...

არჩევნები რომ სანახაობად გვექცა, ეს ნამდვილად ვიცით. მივაცქერდებით ტელეეკრანებს და ვიღაც ტვინამღვრეულის უსაქციელობაზე ვხარხარებთ. სინამდვილეში, ეგ ყველაფერი სატირალია, მაგრამ ეს არჩევნები მილიონები გვიჯდება და ერთი ლარისა რომ გავიცინოთ, კი გვეპატიება! წლევანდელი არჩევნები, რომლის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე ადრეც ვთქვი, რომ არაფერია დიდად, პარტიების ძალის მოსინჯვაა უფრო მნიშვნელოვან არჩევნებამდე, რადგან ჩვენ რეალური თვითმმართველობა არც გვყოლია და ვერტიკალზე იმართებიან მუდამ საკრებულოებიც და მერიებიც. თუ ამ საკითხში არ დამეთანხმებით, მაშინ ძალიან ვარდისფერი სათვალე გკეთებიათ და არ ვაპირებ მის შეცვლას!

პურსა და სანახაობაზე გადართულო თანამოქალაქეებო, რას ცვლის მიშას ჩამოსვლა (ჩამოსვლა იყო ეგ თუ შემოპარვა?!) ქვეყანაში? "ნაციონალებს" კი აქვთ იმედი, რომ სააკაშვილი გათავისუფლდება ციხიდან და ააღორძინებს სახელმწიფოს, მაგრამ როგორ? ღარიბაშვილმა თქვა, არ არსებობს ქვეყნად ძალა, რომელიც მიშას ციხიდან დაიხსნისო. მომხრე ვარ, რომ დამნაშავემ პასუხი აგოს, გინდა, მიშა იყოს, გინდა - ქარდავა და თუნდაც მამაჩემი, მაგრამ დიად მიზნად ყველა არჩევნებზე "ნაციონალების" გაქრობა ვერ გამოდგება. ვხედავთ, რომ "ოცნებაზე" გაბრაზებული ადამიანები ისევ ხუთიანებს ხაზავენ, მაგრამ ის ხომ ვიცით, ბრაზით საქმე არ კეთდება! 2021 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 600 000-ს გადააჭარბა. 622 923 რამდენით მეტია 493 088-ზე? ზუსტად ამდენით მეტი სოციალურად შეჭირვებული გვყავს ერთი წლის თავზე! ბოლო რვა თვეში 266 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხავს ბიუჯეტს სოციალური სიდუხჭირის "აღმოსაფხვრელად" და უნდა ვიკითხო ერთი: შემწეობის მიცემით გაჭირვებიდან ამოსული ადამიანი გინახავთ? თუ ადამიანი ავადაა, უნდა დაეხმარო. უნდა დაეხმარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანსაც. ბარძაყისხელა მკლავები რომ აქვს კაცს და გაქცეულ მოზვერს გააჩერებს ცალი ხელით, მაგას რატომ უნდა ვაძლევდეთ შემწეობას? იქნებ გადახედოს ვინმემ ამ საკითხს, თორემ "გასოციალურდა" მთელი ქვეყანა!

პ.ს. ირაკლი კობახიძე გამოვიდა და მომავალი არჩევნებისთვის ძველი ლოზუნგი გვტყორცნა, - 2024 წლის არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობა" განადგურებული უნდა გვყავდესო. საკუთარ რიგებს თუ ასეთი ინტენსივობით შეივსებთ "ნაცებიდან", ეგ პარტია აღარ იარსებებს, თავისთავად ცხადია... მერე მეორე ტურებიც აღარ დაგჭირდებათ, რადგან "ნაციც" თქვენ იქნებით და "ქოციც"...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს