როგორ გადაუხადეს ბიძინას ვალი და "რევოლუციის დედოფალი", ანუ "კოვიდი" უფრო საშიშია თუ "ნაცმოძი"? - კვირის პალიტრა

როგორ გადაუხადეს ბიძინას ვალი და "რევოლუციის დედოფალი", ანუ "კოვიდი" უფრო საშიშია თუ "ნაცმოძი"?

ჯერ კიდევ ვერ გავარკვიეთ, მიშა კონტრაბანდაა თუ განუბაჟებელი პრეზიდენტიო, იღრიჯებიან არასერიოზულად "ქოცები" (და არა მარტო ისინი) და იმას კი აღარ ამბობენ, როგორ შემოაღწია მოფარღალალებულ სახელმწიფოში ამოდენა კაცმა ისე, რომ ვერავინ შეამჩნია.

გახარიას მომხრეები კულუარულად ამბობდნენ, წინასაარჩევნოდ ეს ხელისუფლება მიშას "გამოიტანს" ასპარეზზეო. კი ასრულდა მათი ნათქვამი, მაგრამ ეს თუ იცოდნენ, რატომ ხმამაღლა არ ამბობდნენ? არავინ თქვას ახლა, სუს-ში გახარიას მომხრეები და ინფორმატორები არ ჰყავსო. ბატონმა "თვალპაჭუნამ" ის თუ გაიგო, რომ მისი "ბანკა" "სამხარაულში" ცრუდასკვნით გამოვიდოდა გარეთ, დავიჯერო და, მიშას კონსპირაციული შემოსვლა, შემოპარება თუ შემოპარვა არ იცოდა?.. კარგი, დავიჯერეთ და მწვანილის გადამზიდმა შემოაპარა ქინძის, ოხრახუშისა თუ კომბოსტოს წყებებში ტოლმასავით გახვეული კაცი, მაგრამ ხან ბათუმიდან რომ "გველაივებოდა" და მგონი, კინაღამ ცხრუკვეთიდანაც, გარშემო ყველას ეძინა?.. კითხვა ბევრია, მაგრამ პასუხის გამცემი არავინაა. "ქართულ ოცნებას" რაში ესაჭიროებოდა მიშას პოლიტიკურ-პენიტენციარული ტრიუკები? მეგის თუ მეგიზ ქარდავა არ კმაროდა, ადგილობრივ არჩევნებზე ყველაზე დიდი "ნაცი" გასამარჯვებლად ჩამოიყვანეს და ჩააპატიმრეს? ეს თუ ასე იფიქრეს, კი ვხედავთ, ვერაფერი გონივრული ვერ მიიღეს! დიდ და ბევრ პატარა ქალაქში (ზოგგან სოფლებშიც კი!) მეორე ტურები დაგვენიშნა. ამის მეტი სადარდელიც არ გვქონდეს, რომ არა ერთი საშინელი გარემოება - ირგვლივ კორონაა და "ქოცები" მაინც "ნაცებით" გვაშინებენ!

"ნაციონალებმა" იმ ცხრა წელში რაც გვიყვეს, იმაზე მეტი რაღა უნდა იყოს?! ციხე პატიმრებით გაივსო, მიწები რუსეთმა წაგვართვა, ხალხი საზღვარგარეთ გაიქცა (ახლაც მირბის ის, ვისაც გაქცევის თავი და საშუალება აქვს) და არავის მოუკითხავს მოსაკითხი. ახლაც ძველი სანუგეშო გვითხრეს ისევ: 2024 წლის არჩევნებამდე "ნაციონალური მოძრაობა" უნდა მოვსპოთო! ამას რომ ამბობენ იმ რეზულტატების პატრონები, რაც ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და თბილისში გვაქვს, სასაცილო არაა? ხატია დეკანოიძე რომ სახელისუფლებო კანდიდატს "წააქცევს" და დავით კირკიტაძე რუსთავის მიერ წინა წელს არჩეულ პარლამენტარს, თავად "ოცნება" ხომ არაა მოსპობის პირას? მართლა დაიბნევი ადამიანი ამათი არაპროგნოზირებადი საქციელისა და "სტრატეგიების" შემხედვარე.

ჩვენს ბედად, სანახაობა ბევრი გვაქვს, მაგრამ პური რომ გაძვირდა? და ვინ არ იცის, რომ არჩევნების შემდგომ ფასების მატება "მოსული პონტია"? ის გაბნეული ფინანსები, რომელიც ხახვად, კარტოფილად, დამკვირვებელ-კოორდინატორის ხელფასებად გაიფანტა, ამოსაქაჩია! ასე იწურება ჩვენი ჯიბეებიდან გაძვირებული წამლით, პროდუქტითა და ენერგომატარებლებით გასაცოდავებული ლარი და თუ რამე გვრჩება ჭამის იქით, საბანკო სექტორი კოლექტიური ხაზარაძეების სახით ისრუტავს! ნეტავ ასე არ იყოს და, სამმილიონიან ქვეყანაში მშიერისთვის (თუნდაც ციხეში გამოკეტილი მიშასთვის) მიგვატანინა პური (მიშას შემთხვევაში, ნატურალური თაფლი. ენერგეტიკული სასმელები, ღვინო და ჩამოტყავებული ცხვარი კი მიართვეს, გეცოდინებათ!), მწყურვალისთვის - წყალი, ავადმყოფისთვის - წამალი და კიდევ რომ გავაგრძელო სასურველის ჩამოთვლა, მეშინია პლაგიატობაში არ დამდონ ბრალი!

ისე, რა ქნეს იმ პურმარილის მიტანით? რა ვიცი, რა ვიცი... მოკლედ, სიმბოლური აღნიშვნები ამ ქვეყანაში ისეთივე გრანდიოზულ-ფანტაზიორული ვიცით, როგორიც წინასაარჩევნო დაპირებები! თუ ასე არაა, რამდენს გადაავიწყდა უკვე ბათუმში ჩამოქცეული სახლის ტრაგედია? ასეთი ჩამოქცევების ისტორიებს სხვასაც გაგახსენებდით, მაგრამ რა აზრი ექნება? მხოლოდ სამწუხარო პოსტის გამოდება "ფეისბუკზე" და ცრემლიანი "სმაილები"! სინამდვილეში, კორუფციულ-ვანდალური ურბანიზაციაა ამოსაკვეთი სამშენებლო ბიზნესწილებითა და "ჩრდილოვანი ეკონომიკით", მაგრამ ვინ იზამს ამას? "პოზიცია"? არა! ოპოზიცია? მით უმეტეს - არა, რადგან იმედი აქვთ, რომ "ქოცებს" განდევნიან, მობრძანდებიან თავად და ჩაენაცვლებიან ძველ მჭამელებს ახლები!

პ.ს. გია ვოლსკიმ თაკო ჩარკვიანს "რევოლუციის დედოფალი" ირონიით უწოდა და ამოდენა "ქუინს" უყურადღებოდ ვერ დატოვებდა ქართველი კაცი! ჰოდა, ერთმა კიდეც დაწერა: მიშას მხარდასაჭერ აქციაზე თაკო ჩარკვიანმა ბიძინა ივანიშვილს სრულიად გადაუხადა ის ხარჯი, რაც ბიძინამ მისი ოჯახის წევრებზე გასწია: ერთად აღებული მთელი ქოცლიდერობა, თავისი შმექსპერტებ-გამპრავებლებით ვერ მოახერხებდა იმის ნახევარი თავსლაფის დასხმას "ნაცებისათვის", რაც თაკომ მიშას მხარდასაჭერ აქციაზე შეძლოო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს