მდინარაძის ახალი ნარატივი და მელიასკენ შებრუნებული ნაპრეზიდენტალი, ანუ ქალბატონო კანდიდატო, კირკიტაძე რომ გყავთ კონკურენტად, უხერხულად არ გრძნობთ თავს? - კვირის პალიტრა

მდინარაძის ახალი ნარატივი და მელიასკენ შებრუნებული ნაპრეზიდენტალი, ანუ ქალბატონო კანდიდატო, კირკიტაძე რომ გყავთ კონკურენტად, უხერხულად არ გრძნობთ თავს?

მამუკა მდინარაძეს ახალი ნარატივი გამოუცხვია ხალხის დასაპურებლად, - აქაოდა, მიშა კინაღამ ჰიტლერია, "ნაციონალური მოძრაობა" - ფაშისტური ორგანიზაცია და სიძულვილის ენით საუბარს რომ გვაბრალებენ, ჰიტლერზე ტკბილი ენით სადმე ისაუბრებენო?

"საქართველოში ამ კაცის ჩადენილი დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეთ. ვიდეოკოლაჟით და ყველაფრით უნდა გავახსენოთ", - ბრძანა მამუკამ და ახლა აქედან ვეხმაურები. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, არ გვავიწყდება გირგვლიანი, ცოცხები, გადავსებული ციხეები, დარბეული მიტინგები, მიწასთან გასწორებული "რაღაც ქვის გროვები", ტოტალური მოსმენები, სამსახურიდან გაყრილების ტკივილები და არც ის, თავად თქვენ, "ქართულმა ოცნებამ" ტყუილი დაპირებებით რომ აგვავსეთ, - მოვალთ, სამართალს ვაზეიმებთ, უფასო ფულს მოგცემთ, სოფლებს მილიონებს მივაწვდითო. სახელმწიფოს საშენებლად აგირჩიეთ და არა იმიტომ, რომ გაგვახსენოთ ხოლმე, "ნაციონალები" დამნაშავეები არიანო და ყოველ მომდევნო არჩევნებამდე აპირებთ მაგათ გაქრობას. თამამად არ ისაუბრონ "ნაცებმაო", რომ გაჰყვირით მაღალი რგოლის "ქოცები", გესაუბრებიან კი არა, საქმით გიმტკიცებენ საქართველოს დიდ ქალაქებში თავიანთ უპირატესობებს! დასხედით ახლა შტაბებში და ითვალეთ კორპუს-კორპუს, უბან-უბან, ზონა-ზონა, ზუსტად რამდენი ამომრჩეველი გიგროვდებათ! თქვენ კი არა, მეც ვერ წარმომედგინა, თუ წარსულს ამდენი ადამიანი მისცემდა ხმას, თან - რანაირ წარსულს! შუბლის ძარღვის ამბავია და ამას ვერაფერს ვუშველითო, რომ ამბობთ, გაუფრთხილდით მხარდაჭერას საქმით? სად წავიდა საწვავის ლეგენდარული ლარი? სად გაქრა წამლის გაიაფების დაპირება? პური რომ გაგვიძვირდა და პოლიტტრიუკები უფასო გაგვიხადეთ, მხოლოდ სანახაობით ცხონდება ადამიანი? არა მგონია, ასე იყოს და მეორე ტურზე ნახეთ თქვენ თქვენი გაჭირვებისა!

აი, პირდაპირ დავეკითხები რუსთავის მერობის ორმოცდაერთიანელ კანდიდატ ქალბატონს, პარლამენტარი რომ გახდით, რა ნერვები (დანარჩენ ხარჯებს აღარ მოვიკითხავ!) დაგიჯდათ ეგ და ახლა, მოქმედ კანონმდებელს რომ კირკიტაძე გიწევთ კონკურენციას, მინიმუმ, უხერხულად არ გრძნობთ თავს მაჟორიტარი? თუ იმას გვეტყვით, რომ კანონმდებლობა თქვენი სტიქია არაა და მერის ამპლუაში მეტალურგთა ქალაქს ააღორძინებთ? ეგებ და, "ქართულ ოცნებას" ადრინდელი ან ახლანდელი საკადრო პოლიტიკისთვის გადაეხედა! მარგველაშვილმა როგორ წააჭირა ყულფი ამ წინასაარჩევნოდ ერთ დროს მშობლიურ პარტიას, ალბათ ნახავდით - "ქართულ ოცნებას" არა აქვს მორალური უფლება სააკაშვილის გასამართლების; მელიასა და კალაძეს შორის, მე შემოვხაზავ მელიასო. ჰო, შემოხაზე, რატომაც არა, ბიძინასგან ხეირს ვეღარასდროს ნახავ, იქნებ მიშამ წყალობის თვალით გადმოგხედოს, ბატონო გიორგი! ისე, თქვენ დუშეთში არ ხართ ჩაწერილი? როგორ აძლევთ ხმას მელიას? თუ სიტუაციურად გადაწერ-გადმოწერაც შეიძლება? თუ დაგავიწყდათ, მე გაგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვინ და როგორ დაგყვებოდათ, როგორ გიკაფავდნენ გზას უმაღლესი ხელისუფლებისკენ თქვენ და კიდევ არაერთ ადამიანს... არა, ნუსხას ნურვინ მოითხოვს, ვერ ჩამოვწერ სრულად და გული არ დასწყდეთ მერე გამორჩენილებს!

პოლიტიკურმა ჭირმა და სატკივარმა წაიღოს ყველა პარტია ერთბაშად, ეგ მე არ მედარდებოდეს, მაგრამ აქეთ გვწყვეტენ ეგენი ჩვენ. თან, სახელოვანი თუ ცნობადები რომ ჰქვიათ, ის ხალხი რა დღეშია! მაგათგან ან "მიშა" ისმის, ან "ბიძინა" და სირცხვილი არაა? დაიხლიჩა ორ ნაწილად ერი და ბერი. პასუხისმგებლობის ირიბად აღების მაინც არ გეშინიათ პროპაგანდის იარაღად ქცეულო "სელებრითებო"?! ამერიკიდან რას გვეტყვიან ან რუსეთიდან, მაგის იქით ყურს რომ არ იბერტყავთ, იმის გამოა, მაგინებლების არმია მეტი რომ გყავთ, ვიდრე მლოცველების!

პ.ს. ერთი ჭკვიანი წერდა "ფეისბუკზე", რატომ აჭმევთ ჩემი და ჩემნაირების გადახდილი თანხით ციხეში უკრაინის მოქალაქეს? მსოფლიო ისტორიაში არსებობს ასეთი ფაქტი, ადამიანი ორჯერ არჩეულიყოს პრეზიდენტად და ამრჩევი ქვეყნის მოქალაქეობა დაეტოვებინოს? მაოხრებელი გზირის არ იყოს, თუ დაუპატიმრებელმა მოსპო ეს ქვეყანა, ახლა დაპატიმრებულს აოხრებინებთ? რა დროს ცოცხების ტრიალია და ამისტ-იმისტებად ხალხის დაყოფაო?!.

მართლაც, დაყოფის კი არა, ერთად დგომის დროა იმისთვის, რომ რამე გვეშველოს; იმისთვის, რომ ერთეულების გამდიდრებაზე კი არ ვიზრუნოთ, არამედ რეალურად ამოისუნთქოს საზოგადოებამ და ყველაფერი კი არ ძვირდებოდეს, ფასებმა დაიკლოს, რომ ხალხს ხვალინდელი დღის შიში არ ჰქონდეს... მაგრამ ვის ედარდება ხალხი?..

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს