"სხვა ხალხის ისმის იქ ჟრიამული"
12-10-2009
ჯერ კიდევ მაშინ, იმ ძველ, კეთილ დროში, როდესაც "იმედი" პატარკაციშვილის იყო, მიმაჩნდა, რომ ეს ტელევიზია სწორ მიმართულებას ასცდა და მარგინალიზაციის გზას დაადგა. 7 ნოემბრის წინა დღეებში კი აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ცუდ პოლიტიკურ თამაშში ჩაგვითრიეს. ამის გამო, როგორც "იმედის" თანამშრომელს, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და ამას არც ვმალავდი. საბოლოოდ, ამან ის შედეგი მოიტანა, რომ ბატონი ბადრის ნათესავებთან და ახლობლებთან, რომლებიც მაშინ იქ მუშაობდნენ, ურთიერთობა დამეძაბა, თუმცა "იმედიდან" წამოსვლას მაინც არ ვჩქარობდი. არ
მინდოდა, ამით ხელისუფლების წისქვილზე წყალი დამესხა. მიმაჩნდა, რომ "იმედის" გადარჩენის ერთადერთი გზა იქნებოდა, თუ ბატონი ბადრი ამ ტელევიზიას ვინმე ნეიტრალურ პირს მიჰყიდდა, თუმცა მან ამის გაკეთება არ მოინდომა. დასასრული ყველაფერს აქვს და მეც ტელეკომპანია დავტოვე. მალე ბადრი პატარკაციშვილი დაიღუპა, ტელევიზია კი ხელისუფლებამ ჩაიგდო ხელში. ძველი
იმედელებიდან, ვინც ჯერ კიდევ იყო დარჩენილი, ზოგი პროტესტის ნიშნად თავად წამოვიდა, ზოგიც ახალმა პატრონმა გამოუშვა და "იმედმაც" ახალი ცხოვრება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ "იმედში" 4 წელზე მეტი გავატარე, ბევრი მიზეზის გამო, დარწმუნებული ვიყავი, რომ მონატრება არ შემაწუხებდა...
წინა კვირა ტელეკომპანიამ ახალი სეზონის ანონსს დაუთმო. იქნება უამრავი ახალი გადაცემა, ძირითადად გასართობი ხასიათისა და განახლებული საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა", რომელიც ისევ საათში ერთხელ გავა. გასულ კვირას ერთი რეპორტაჟი "იმედმა" განახლებულ "ქრონიკას" მიუძღვნა. აჩვენეს, როგორ ემზადება "ქრონიკის" გუნდი ახალი სეზონისთვის. ჟურნალისტი დადიოდა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, დახტოდა (ხტუნვა, ეტყობა, ახალი "იმედის" ახალი სტილია. ამას წინათ "იმედის" კიდევ ერთი ახალი სახე სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში სულ კუნტრუშით ერთვებოდა) ოთახიდან ოთახში, დერეფნიდან დერეფანში, სამონტაჟოდან სამონტაჟოში და მაყურებლებს იმ ხალხს აცნობდა, ვინც "ქრონიკას" ქმნის. ჟურნალისტებში, ერთის გარდა, ვერც ერთი ნაცნობი სახე ვერ ვნახე. სულ ახალი ხალხია, უმეტესობა ტელეკომპანია "მზიდან" გადმოსული. სამაგიეროდ, ნაცნობი იყო ყველა დერეფანი, ყველა სამონტაჟო, ყველა ოთახი და მივხვდი, რომ სულ ტყუილად ვარწმუნებდი თავს, რომ მონატრება არ მაწუხებდა.
საკუთარი თავი დავიჭირე, რომ სენტიმენტის გარდა სიბრაზეც შემომეპარა. ჩემი განწყობა არც ფაცებოოკ-ზე დამიმალავს. არც ძველი იმედელების გამოხმაურებამ დააყოვნა. დიანა ტრაპაიძემ ასეთი რამ მომწერა: "ცოტა ვინერვიულე... სულ ცოტა ავფორიაქდი... გამახსენდა, დარბევის შემდეგ გამთენიისას, პირველად რომ შევედით "იმედში" სუნი იდგა საშინელი... სპეცრაზმელებს, როდესაც "იმედი" დატოვეს, შუქი გამოურთავთ, ბუფეტში კი ხორცი დარჩენილა... მერე ჩვენ თვითონ დავალაგეთ..."

KvirisPalitra.Geამბობენ, მორალს ფასი არა აქვსო...
შალვა რამიშვილის საქციელმა, როდესაც მან "იმედზე" მუშაობა გადაწყვიტა, ბევრი შოკში ჩააგდო. ჰა, ჰა, ჰა! - ბევრი ვიცინე. ამას წინათ, ერთმა ოპოზიციონერმაც მითხრა, შალვასგან ამას არ ველოდითო. ჰა, ჰა, ჰა! - კიდევ უფრო მეტი ვიცინე. მე კიდევ იმას არ ველოდი, რომ თქვენ, ბატონო ოპოზიციონერებო, კაცს, რომელიც მზად იყო ჟურნალისტური ღირსება კობა ბექაურისთვის ფულზე მიეყიდა, დაჭერის შემდეგ ანგელოზად გამოაცხადებდით. მესმის, მხოლოდ პოლიტპატიმრად რომ გამოგეცხადებინათ, რადგან სადავოა, იყო თუ არა შალვას მაშინდელ საქციელში კრიმინალის ნიშნები, მაგრამ მისი საქციელი რომ ამორალური იყო, იმედი მაქვს, ამაზე არავინ იდავებს. მიუხედავად ამისა, დაჭერის შემდეგ მხოლოდ მხარს უჭერდით და არც ერთს არ დაგიგმიათ მისი საქციელი. მაგალითად, არ გითქვამთ ასეთი რამ: - მართალია, შალვა ცუდად მოიქცა, როდესაც მოპოვებულ მასალას ფულზე ყიდდა, მაგრამ აქ კრიმინალური არაფერია. არა, თქვენ მხოლოდ ამბობდით, - შალვა უკანონოდაა დაკავებული, შალვა მიშას პირადი პატიმარიაო. კი, ბატონო, შეიძლება უკანონოდ იყო დაკავებული და ამის წინააღმდეგ ხმა უნდა ამოგეღოთ, მაგრამ ისიც უნდა გეთქვათ, რომ მისი საქციელი მორალური თვალსაზრისით თქვენთვის მიუღებელი იყო. მაგრამ ამას არ აკეთებდით. ეს რომ გეთქვათ, შემდეგ უფრო გაჭირდებოდა სააკაშვილის მონსტრად წარმოჩენა. ამორალური კაცის ციხეში ჩასმის გამო შეიძლება საზოგადოება სააკაშვილზე ისე ვერ გაბრაზებულიყო. აი, ანგელოზის უკანონოდ დაჭერას კი სხვა ეფექტი აქვს.
შალვა რამიშვილს რას ვერჩი, იგი ასეთია... ამას თავად ამბობს, - ვინც მეტ ფულს მომცემს, მასთან წავალო. თუმცა ვიდრე "იმედში" მუშაობას დასთანხმდებოდა, ერთ-ერთ ჟურნალს ასეთი რამ განუცხადა: "როცა "იმედზე" დამპატიჟეს და დიდი ხელფასი შემომთავაზეს, მივხვდი, მიშა დამთავრდა და გამარჯვებას მივაღწიე. 4 წელი ციხეში მაყურყუტეს, ახლა მაქებენ და მთავაზობენ დიდ პროექტებს, რომ გამაფუჭონ... ბადრი პატარკაციშვილს მაროდიორებმა ტელევიზია წაართვეს. რა უფლება მაქვს, იმ ტელევიზიაში მივიდე. ვერ გავიხარებ. დაწყევლილი ადგილია". ის ჟურნალი, რომელსაც შალვამ ეს ინტერვიუ მისცა, ჯერ გამოსული არ იყო, რომ რამიშვილს უკვე კონტრაქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი. შალვა ამბობს, მე ასეთი ვარ, ჩემთვის ფულია მთავარი. გინდივართ? - მიმიღეთ ასეთი, არ გინდივართ? - ნუ მიმიღებთ. ქართველი საზოგადოება მას სიამოვნებით იღებს.

მიხარია!
ეს ამბავი ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში მოხდა. რუსეთიდან ჟურნალისტების ჯგუფი ჩამოიყვანეს საქართველოს უკეთ გასაცნობად. ბუნებრივია, უპირველესად კახეთში წაიყვანეს, რთველის სანახავად. მაშინ ერთ-ერთ გაზეთში ვმუშაობდი. რედაქტორმა ამ თემაზე რეპორტაჟის მომზადება დამავალა და რუს ჟურნალისტებს გამაყოლა. მოგზაურობის ბოლოს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ერთ-ერთ სტუმართან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე. ინტერვიუს ბოლოს სახელი და გვარი ვკითხე. ანა პოლიტკოვსკაია - მიპასუხა მან. მაშინ ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა. ვინ იყო ანა, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გავიგე, როდესაც მთელი მსოფლიო მასზე ალაპარაკდა.
ამის შემდეგ მასზე საქართველოშიც ალაპარაკდნენ. ყოველ წელს მისი გარდაცვალების დღეს, თბილისში აქცია იმართება. თუმცა ძნელია ანას საქართველოში ჭეშმარიტი მიმდევარი გამოუჩნდეს. წარმოგიდგენიათ ქართველი ჟურნალისტი, რომელიც აფხაზეთში ქართული ჯარის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე დაწერს? ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს დაწერა ჩემმა კოლეგამ, ნინო ბექიშვილმა: "არც ქართველებს და არც აფხაზებსა და ოსებს შორის აღმოჩნდნენ ისეთი ჟურნალისტები, როგორიც იყო ანა პოლიტკოვსკაია, ვინც თავის მოვალეობად ჩათვლიდა, როგორც ქართველებისთვის, ისე მოწინააღმდეგე მხარისთვის ყური დაეგდო, საერთო გასაჭირზე დაეწერა, ან ის მიზეზები ეკვლია, რამაც ასე დაგვაშორა ერთმანეთს... ანა პოლიტკოვსკაიამ, რუსმა ჟურნალისტმა, შეძლო და მთელი რუსეთის წინააღმდეგ წავიდა. მარტო ხელისუფლების კი არა, - მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგაც. მასზე ამბობენ, მებრძოლივით იომა, რამდენიმე წელი გაძლო და მოკვდა, როგორც ნამდვილი ჯარისკაცი ბრძოლის ველზეო".
პოლიტკოვსკაიას მკვლელობა და მერე ამ საქმის არგამოძიება, რა თქმა უნდა, არის ამაზრზენი ფაქტი და მას ყველა უნდა აპროტესტებდეს, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა წელს, რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობის წინ გამართულ აქციაზე ძირითადად იმ ქართული არხების ჟურნალისტები შეიკრიბნენ, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს. ვინ იყო აქციის რეალური ორგანიზატორი, გასაგებია. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები არ მიწყენენ, მაგრამ ცოტა ირონიული გამოვიდა მათი მხრიდან გაკეთებული განცხადება: პოლიტკოვსკია იმიტომ მოკლეს, რომ სიმართლეს ამბობდაო. მთელი ეს აქცია და ეს განცხადებაც მე ასე გავიგე: ჩვენ რუსეთზე უკეთესი იმით ვართ, რომ აქ ჯერ ხელისუფლების დაკვეთით ჟურნალისტებს არ კლავენ. მიხარია!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები