ფარული გენოციდი ჯანდაცვის სახელით?! - კვირის პალიტრა

ფარული გენოციდი ჯანდაცვის სახელით?!

ჯანდაცვის სფეროში რომ უმძიმესი ვითარებაა, ეს დიდი ხანია სადავო აღარ არის. ალბათ, დადგა დრო, საზოგადოებამ და შესაბამისმა ორგანოებმა გააანალიზონ და გამოიძიონ, რატომ ჩავარდა ჯანდაცვის ყველა რეფორმა და რატომ მოიშალა მთლიანად სისტემა. ამ საკითხზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ ყველა გამომძიებელი, რომელიც ჯანდაცვის სფეროში არსებულ დარღვევებს იძიებდა და არაერთი სიყალბე აღმოაჩინა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათი შედგენილი სკანდალური საქმეები კი სეიფებში ინახება.

ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის სამედიცინო მომსახურებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  საქალაქო სამსახურის საბუღალტრო რევიზიის აქტი, რომელიც 2006 წლის 25 დეკემბრით არის დათარიღებული. რევიზია 1997 წლიდან 2006 წლამდე პერიოდს მოიცავს. მასში დაფიქსირებულია თანხების გაფლანგვის, არამიზნობრივად ხარჯვისა და დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი ფაქტები. ამ აქტს, თავის დროზე, რეაგირება არ მოჰყოლია, - პირები, რომელთაც პასუხი უნდა ეგოთ აქტში მოყვანილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, დღეს ან პარლამენტის წევრები არიან, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები უჭირავთ.

ტარიელ ლომინაშვილი, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე: პროფესიით ეკონომისტი ვარ, რამდენიმე წელი ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ვიყავი და როცა ამ სფეროში ჩავიხედე, ადამიანობაზე წარმოდგენა დავკარგე. ეს არ იყო მხოლოდ ფულის გაკეთება, ეს იყო ერის ფარული გენოციდი! გიამბობთ, რა ხდებოდა ამ წლებში ჯანდაცვის სისტემაში! ეს არის მკვლელობათა სერიალი. ჩემი სიტყვები ლაყბობად რომ არ მოგეჩვენოთ, ფაქტებით დავიწყებ. მაგალითად, 6 რუსთაველი მხოლოდ იმიტომ გაწირეს სიკვდილისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი 104 ათასი ლარი არამიზნობრივად გახარჯეს. ეს 2005 წელს მოხდა. ექვს რუსთაველ ავადმყოფს, რომლებიც დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში იყვნენ ჩართული, ჯანდაცვის სამინისტრომ 104 ათასი ლარი რუსთავის თვითმმართველობაში გადაურიცხა. ნაცვლად იმისა, ფული მათ მოხმარებოდათ, თანხა ხელფასებსა და პრემიებზე გაწერეს. შედეგად, ვერც ერთი დიალიზის პროგრამაში ვერ ჩაერთო და ექვსივე გარდაიცვალა. კარგად მახსოვს, ერთი მათგანი გვარად კუსიანი იყო, 21-22 წლის ბიჭი. მოსახლეობის ნელი გენოციდი შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო და სააკაშვილის მთავრობამ უმაღლLეს რანგში აიყვანა!

დოკუმენტებში რომ ჩავიხედე, აღმოვაჩინე აბსტრაქტულ პროფილაქტიკურ პროგრამებში გაწერილი სრულიად კონკრეტული, სოლიდური თანხები. ცხადი გახდა, რომ დიდძალი საბიუჯეტო თანხები იფლანგებოდა რამდენიმე კარგად დამუშავებული სქემით.

სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე რიცხავდნენ ფულს კონკრეტული მომსახურებისთვის, რაც სინამდვილეში არ ხდებოდა. ფულს კი საავადმყოფოს დირექტორი და იმ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი იყოფდნენ, რომელიც ბიუჯეტიდან თანხებს გამოყოფდა.

მოკლედ, მოქალაქე იქსს გაუწევდნენ არასრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას, ძირითად ხარჯებს ავადმყოფი იხდიდა, მაშინ როცა მისი მკურნალობის ხარჯებს ცენტრალური სახელმწიფო პროგრამა და მუნიციპალური ფონდი დუბლირებულად აფინანსებდა. სინამდვილეში გამოყოფილი თანხის მეასედიც კი არ მიდიოდა ავადმყოფამდე და ჩინოვნიკები ითვისებდნენ ან საარჩევნო ყულაბაში იყრებოდა. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გაირკვა ისიც, რომ სამსახურს არ გააჩნდა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. პრეზიდენტის 1997 წლის ბრძანებულების მიხედვით, რუსთავში უნდა შექმნილიყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ნაცვლად ამისა, იმდროინდელმა მერმა, მერაბ ტყეშელაშვილმა, გამოიგონა ეგრეთ წოდებული სპეცპროგრამების ბიურო მხოლოდ იმიტომ, რომ საბიუჯეტო თანხები, რომელიც უნდა გამოყოფილიყო  ჯანდაცვითი პროგრამების დასაფინანსებლად, თავად ეკონტროლებინა.

როგორც კი ამ თანამდებობაზე დამნიშნეს, მაშინვე პირდაპირ და მოურიდებლად დაიწყო ჯანდაცვის პროგრამებისთვის გათვალისწინებული თანხებიდან "ატკატების" მოთხოვნები. ფულს ითხოვდნენ როგორც რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის ჩინოვნიკები, მაგალითად, მაშინდელი ვიცე-მერი თემურ დალაქიშვილი, ისე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები.

- "ატკატი" როგორ უნდა გაგეთეთრებინათ?

- ბუღალტერიაში უნდა მომეხერხებინა რაღაც-რაღაცები და გამეწერა შესრულებულ სამუშაოებში, შემდეგ რაღაც უნდა შემესყიდა, ორგანიზაციებს ან სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს გავრიგებოდი, რომ თითქოს შევასრულე სამუშაოები, მაგალითად, ჩავატარე საბავშვო ბაღის ან სკოლის დეზინფექცია, ინფექციური კერების ლოკალიზაცია და ა.შ. არჩევნების წინ კი საარჩევნო ყულაბაში თანხების მობილიზებასაც ითხოვდნენ. ეს კატეგორიული მოთხოვნა იყო, უფრო მეტიც, პირობა სამსახურის შენარჩუნებისა. არადა, შეუფასებელია ამ თანხების გაფლანგვით გამოწვეული შედეგის სიმძიმე,საქმე გვაქვს სიცოცხლისათვის საშიში გარემოს ხელოვნურად შექმნასთან. ამის თაობაზე ყველა შესაბამისი ორგანოსთვის მაქვს  ოფიციალური წერილი მიწერილი. ყველა წერილი რეაგირების გარეშე დარჩა, პირიქით, მტრები შევიძინე.

დაიწყო ჩვენი დევნა, მოსყიდული ჟურნალისტების მეშვეობით აკეთებდნენ სიუჟეტებს, აწყობდნენ პროვოკაციებს, თითქოს აქეთ ვითვისებდით საბიუჯეტო სახსრებს. ვითომ მოქალაქეთა საჩივრები შედიოდა ჯანდაცვის სამინისტროში, პროკურატურაში, კონტროლის პალატაში. კომისია კომისიაზე მოდიოდა ჩვენს სამსახურში. ორჯერ დაიწყეს წინასწარი მოკვლევა, მაგრამ, რადგან კვალი ჯანდაცვის სამინისტროსთან, კლინიკების ხელმძღვანელებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლეს ეშელონებში მოკალათებულ პირებთან მიდიოდა, გამოძიება იძულებული გახდა, ორჯერვე არაღძვრის დადგენილება გამოეტანა. კომისიებს, რომელთაც გზავნიდნენ, ჰქონდათ მითითება, რომ პროგრამული თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე ჩაეტარებინათ რევიზია, მაგრამ პარადოქსი ის იყო, რომ პროგრამის თანხები მიზნობრივად რომ დახარჯო, უნდა არსებობდეს თავად პროგრამა. როცა კომისია მოდიოდა, ვთხოვდით, თან მოეყოლებინა ის პროგრამა, რომლის ფინანსების მიზნობრივი ხარჯვა უნდა შეემოწმებინათ, მაგრამ ასეთი პროგრამა არ არსებობდა და რას შეამოწმებდნენ?

რაკი ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლება ვერ მოხერხდა, ბევრი იფიქრეს და ჯერ დაწინაურება შემოგვთავაზეს, ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა პირდაპირ გვითხრა, ან იცურებთ მდინარის მიმართულებით, ან ციხეში წახვალთო.

იმ პერიოდში ქვემო ქართლის პროკურორი სიმონ მაჭავარიანი იყო. როცა მეორედ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, მაჭავარიანმა რეალურად შეაფასა ვითარება და როგორც კი  ჩვენს წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ საპირისპირო მიმართულება მიიღო, სასწრაფოდ მოაშორეს თანამდებობიდან, - ის გენერალურ პროკურატურაში დააწინაურეს!

რადგან ვერ გადაგვიბირეს, სამსახურის ლიკვიდაცია გადაწყდა. გვაიძულებდნენ, არარსებული რუსთავის ჯანდაცვის ცენტრის სალიკვიდაციო აქტზე მოგვეწერა ხელი და ქონება, რომელიც ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრს ეკუთვნოდა, ახალშექმნილი სამსახურისთვის გადაგვებარებინა. ამ ფარსში მონაწილეობა არ მივიღეთ და დღემდე არ არის სალიკვიდაციო აქტი შედგენილი, მაგრამ იმას, რაც ვერ შეძლეს კანონით, მიაღწიეს სპეცრაზმის გამოყენებით. ამ ცენტრის უკანონო ლიკვიდაცია 2003 წელს მოახერხეს, ამასობაში "ნანატრი" "ვარდების რევოლუციაც" მოხდა. ვიფიქრე, ახლა კი ყველა აგებს პასუხს-მეთქი, მაგრამ ახალი ხელისუფლება ძველის ცოდვების ჩაფარცხვითა და უფრო დახვეწილი კორუფციული სქემით მოგვევლინა! ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს საქმე არ ჩაფარცხულიყო და 2004 წლის მარტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამომძიებელ ალექსი შარიაშვილის ხელში მოხვდა. სწორედ მან  გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა, - შეამოწმა გარდაბნის რაიონი, რუსთავი, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება, მარნეული და კვალმა დაავადებათა ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სოციალურ ფონდთან მიიყვანა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში იყო სადაზღვევო ფონდი, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი იმ დროისთვის, როცა ეს დანაშაულები დაიშიფრა, ლადო ჭიპაშვილი გახლდათ. შარიაშვილმა ფონდში შესვლა მოიწადინა. ამისთვის კი საჭირო იყო სპეციალური უფლებამოსილება, მაღალი თანამდებობის პირის მხარდაჭერა ან პოლიტიკური ნება, რომ ამ დანაშაულებს დღის სინათლე ეხილა. ჭიპაშვილთან ახლო ურთიერთობა მქონდა და ჭიპაშვილისა და შარიაშვილის შეხვედრა მოვახერხე. გამომძიებელმა ჭიპაშვილს  მთელი სქემა გაუშიფრა.

შარიაშვილმა პირდაპირ უთხრა ჭიპაშვილს, რომ ამ საქმეში გარეული იყვნენ სამედიცინო დაწესებულებების თითქმის ყველა ხელმძღვანელი, საკრებულოების თავმჯდომარეები, გამგებლები და ქალაქის მერები. ლადო ჭიპაშვილმა დიდი მადლობა გადაგვიხადა, დახმარება  აღგვითქვა და... გამომძიებელი ალექსი შარიაშვილი ორ კვირაში გაათავისუფლეს თანამდებობიდან როგორც წესრიგის დამრღვევი(?!).

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)