დრო "მხოლოდ" ორ შედევრზე ეყო... - კვირის პალიტრა

დრო "მხოლოდ" ორ შედევრზე ეყო...

მაშინდელი საზოგადოების მკაცრად შეფასება იყო მიზეზი, რომლის გამოც სტენდალი ერთ-ერთია იმ იშვიათ ფრანგ მწერალთაგან, რომლებიც სიცოცხლეში ვერ მოესწრნენ სამშობლოში აღიარებას

ამ წერილის მომზადებისას, როცა სტენდალის შესახებ გამოცემულ წიგნებსა და ინტერნეტში გამოქვეყნებულ მასალებს გავეცანი, ყველაზე მეტად მისი ერთი გამონათქვამი დამამახსოვრდა, თუმცა უბრალოდ გამონათქვამი კი არა - სტენდალი ამას რომანისტისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევდა: აუცილებლად უნდა ვისწავლოთ შექსპირისგანო.

მართალი რომ გითხრათ, თვითონ რომანი აღარ გადამიკითხავს, იმდენად კარგად მახსოვდა - მაგრამ არ ვიცოდი, რატომ: შეუფერებლად ადრეულ ბავშვობაში რომ წავიკითხე და მერე რამდენჯერმე კიდევ მივუბრუნდი?.. იქნებ იმიტომ, რომ ჩვენში 60-80-იან წლებში რამდენჯერმე გამოიცა და "თვალში ხშირად გვხვდებოდა"?.. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ მე რომ არ ვარ ასე, ცხადია: "ექსპერიმენტი" ჩავატარე და ჩემს ირგვლივმყოფთ არათუ წაკითხული ჰქონდათ "წითელი და შავი", არამედ ეპიზოდური პერსონაჟების სახელებიც კი ახსოვდათ.

ახლა კი, როდესაც "შექსპირის მოწაფეობის" შესახებ სტენდალის აზრი წავიკითხე, მგონი "აღმოვაჩინე" სტენდალის ამ რომანის ასეთი "დაუვიწყარობის" მიზეზი: იქ მოთხრობილი ამბავი მართლაც ძალიან ჰგავს შექსპირისეული სიყვარულის ამბებს, ოღონდ პროზად არის დაწერილი და ცოტა არ იყოს, გრძელია... ხუმრობა იქით იყოს და, ეს მართლაც ვნებებით, თავგადასავლებითა და ინტრიგებით სავსე ამბავი სტენდალს გაზეთში, სასამართლო ქრონიკაში, ამოუკითხავს და რომანად უქცევია.

ამბავი ამბად, მაგრამ არავის ისე ზუსტად არ აუწერია მაშინდელი არეული საფრანგეთი, როგორც სტენდალმა დახატა ამ რომანში - ჟულიენ სორელთან ერთად მკითხველი ფრანგი საზოგადოების სამივე ძირითად სამყოფელს გაივლის: პროვინციული პატარა ქალაქის მერის სახლი და იქაური საზოგადოების ანგარებიან-მანკიერი ურთიერთობები; სასულიერო სემინარია, რომლის კედლებშიც ერთი მხრივ რწმენა, ღირსება და ერთგულება სუფევს, მეორე მხრივ კი - ღალატი, დასმენა და ორგულობა ბატონობს და ბოლოს, პარიზელი არისტოკრატის საცხოვრისი, რომელიც მხოლოდ მასშტაბებითა და სიმდიდრით განსხვავდება პროვინციისაგან, სხვა ყველაფერი თითქმის იგივეა.

მაშინდელი საზოგადოების ასე მკაცრად შეფასება იყო სწორედ ის მიზეზი, რომლის გამოც სტენდალი ერთ-ერთია იმ იშვიათ ფრანგ მწერალთაგან, რომლებიც სიცოცხლეში ვერ მოესწრნენ სამშობლოში აღიარებას - ძალიან ადრე, 17 წლისა გახდა ბონაპარტისტი და საყვარელი იმპერატორის დამარცხებასა და ახალ რესპუბლიკას შორის არსებულ მცირე პერიოდში (ისტორიისთვის მცირე, თორემ სტენდალისთვის თითქმის მთელი ცხოვრება გამოვიდა), ე.წ. "რესტავრაციის" რეჟიმში თუ ეპოქაში მოუხდა ცხოვრება, როდესაც საფრანგეთს კვლავ მისთვის საძულველი ბურბონები მართავდნენ.

სულ სხვაგვარად წარიმართებოდა სტენდალის ცხოვრება, რომ არა ის პოლიტიკური კატაკლიზმები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთმა გამოიარა. ის ალბათ ანრი ბეილად დარჩებოდა და ჭაბუკობიდანვე სამხედრო კარიერაზე მეოცნებე, იქნებ გენერალიც გამხდარიყო, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება და ძალიანაც კარგი, რადგან მაშინ აღარ იქნებოდა "წითელი და შავი" და "პარმის სავანე".

მარი-ანრი ბეილი 1783 წელს საფრანგეთის სამხრეთში, პატარა ქალაქ გრენობლში დაიბადა ადვოკატ შერიუბენ ბეილის ოჯახში. თუმცა, მის აღზრდაში, როგორც თვითონ აღიარებდა, მხოლოდ პაპას - დედის მამას მიუძღვის წვლილი (დედა ადრე გარდაეცვალა). მის ოჯახში თაყვანს სცემდნენ ფრანგ განმანათლებლებს, პაპამისი თავგადაკლული ვოლტერიანელი იყო და როგორც ამბობდა, ჟან-ჟაკ რუსოსაც პირადად იცნობდა. ანრის მამაც პროგრესულ იდეებს ემხრობოდა, მაგრამ 1789 წლის დიდმა რევოლუციამ, როგორც სხვა არისტოკრატები, ისინიც შეაშინა და ძველი რეჟიმის მხარეს აღმოჩნდნენ - რევოლუციას მდიდრები არ უყვარდა.

ანრის დედის გარდაცვალება მძიმედ განიცადეს მამაკაცებმა. მამა არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი ყურადღებით, მოხუცი კი შვილის სიკვდილის შემდეგ ძალიან რელიგიური გახდა და ბიჭის აღზრდა მათ ოჯახში შეფარებულ, პოლიტიკურ დევნას გამორიდებულ პადრეს მიანდეს.

ალბათ, იმ მძიმე წლების გავლენა იყო, რომ ბიჭს სამუდამოდ შესძულდა რელიგია და ყოველივე მისტიკური, ყოველთვის ორივე ფეხით მყარად იდგა მიწაზე.

13 წლისა ბედნიერი იყო, რომ გრენობლის ცენტრალურ სკოლაში მიაბარეს. ოჯახი უარს ვერ იტყოდა ბავშვის იქ შეყვანაზე - დისიდენტობას დასწამებდნენ, რადგან ეს იყო ერთ-ერთი იმ სახელმწიფო და საერო სკოლათაგანი, რომლებითაც ხელისუფლება კერძო და სასულიერო სასწავლებლებს ანაცვლებდა.

ანრის იქ ბევრი არაფერი უსწავლია, თუმცა მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა და 1800 წელს პარიზში გაემგზავრა პოლიტექნიკურ სკოლაში შესასვლელად. იქ ზუსტად იმ დროს ჩავიდა, როდესაც გენერალ ბონაპარტს რამდენიმე დღის აღებული ჰქონდა ძალაუფლება - თავი პირველ კონსულად გამოაცხადა და იტალიაზე გალაშქრება ბრძანა იქიდან ავსტრიელთა განსადევნად.

ახალი ამბებით აღფრთოვანებულმა ბეილმა მათემატიკა დაივიწყა და ბავშვობის დროინდელი ოცნება გაიხსენა - 17 წლის ბიჭი დრაგუნთა პოლკში ჩაეწერა და იტალიაში გაემგზავრა. ორი წელი დაყო იტალიაში. ბრძოლაში ჩართვა არ მოუხდა, სამაგიეროდ, სამუდამოდ შეიყვარა ეს ქვეყანა (მის სამუდამო განსასვენებელზე, მონმარტრის სასაფლაოზე, დღესაც ამოიკითხავთ: არიგო (ასე ეძახდნენ იტალიაში, - ზ.გ.) ბეილი, მილანიდან).

1802 წელს დაბრუნდა პარიზში და უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, სერიოზული მწერალი გამხდარიყო, ამისათვის მთელი სამი წელი ჯიუტად მეცადინეობდა - ფილოსოფიას, ლიტერატურის ისტორიასა და ინგლისურ ენას სწავლობდა.

ადრე, როდესაც 1799 წელს ნაპოლეონი "მეფე გახდა", ის ბედნიერი იყო, მაგრამ როდესაც 1804 წელს მის ოფიციალურ კორონაციაზე რომის პაპი ჩავიდა, ძალზე უკმაყოფილო დარჩა და დაიფიცა, ამ "მატყუარა პაპის მოკავშირეს" აღარასოდეს ვემსახურებიო.

ფიცი ერთ წელიწადში გატეხა - ისევ დაიწყო დაუსრულებელი ომები ევროპულ კოალიციასთან, მას კი ფული სჭირდებოდა. აბა, მისი რამდენიმე დაუსრულებელი კომედია არავის აინტერესებდა და იგი მოქმედი არმიის მომარაგების სამსახურში მოეწყო. ყველგან თან ახლდა ნაპოლეონის არმიას: ბერლინშიც, ვენაშიც, 1812 წლის გადამწვარი მოსკოვიც ნახა და ბოროდინოს ბრძოლაც, პარიზის ქუჩებში შეჭრილი რუსი ჯარისკაცებიც იხილა 1814 წელს და ნაპოლეონის საბოლოო მარცხის შემდეგ თავის საყვარელ მილანში წავიდა საცხოვრებლად.

სიყვარული სიყვარულად და "იაფფასიან" მილანში ცხოვრება ხელსაყრელიც იყო მისთვის - საფრანგეთის ახალი ხელისუფლება ნაპოლეონის ოფიცრებს იმით სჯიდა, რომ მხოლოდ ნახევარ პენსიას უხდიდა, ამ ფულით კი პარიზში ვერ იცხოვრებდი.

იქიდან 1821 წელს დაბრუნდა და მაშინვე გადაეშვა პოლიტიკისა და ლიტერატურული ცხოვრების მორევში.

დანარჩენს მოკლედ ვიტყვით - არასოდეს ჰყოფნიდა ფული და დრო. ერთის შოვნას მეორის ხარჯზე ცდილობდა - ინგლისური გაზეთებისა და ლიტერატურული ჟურნალებისათვის დაწერილ "წყალწყალა" სტატიებს დრო მიჰქონდა და საარსებო ფული მოჰქონდა. თანაც მოუწყობელ-დაულაგებელი პირადი ცხოვრება - საბოლოოდ ხომ სიფილისმა შეიწირა...

დრო კი, დრო მართლაც ბევრი დაკარგა - "წითელი და შავისა" და "პარმის სავანის" ავტორი ხომ სხვასაც ბევრს შექმნიდა დიდებულსა და მარადიულს?!