როცა სიცოცხლე ტკივილს ამარცხებს - კვირის პალიტრა

როცა სიცოცხლე ტკივილს ამარცხებს

ამას წინათ ისეთ ადგილზე მოვხვდი, საკუთარ თავს ვუსაყვედურე, - როგორ არ გრცხვენია, ცხოვრებაზე რა გაწუწუნებს-მეთქი! ორ ინვალიდთან ვიყავი, ინვალიდის ეტლებით გამიღეს კარი, ინვალიდის ეტლებით მომიდუღეს ყავა, ინვალიდის ეტლებით გამომაცილეს და მაინც ისეთი იმედი გამომატანეს, ასე მგონია, ყველა გასაჭირს გავუმკლავდები.ახლა მითხარით, როცა ორივე ხელ-ფეხი საღი გაქვს, საწუწუნო მართლა რა უნდა გქონდეს?!

ზაზა გოგობერიშვილი: - 1983 წელი იყო. 17 წლის ვიყავი. სპორტი მიყვარდა, - კლდეზე ცოცვაში ვვარჯიშობდი... 50 მეტრი სიმაღლის კლდიდან მოვწყდი ბორჯომში.  წამიერად თავში  გამიელვა - ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. და კიდევ: ღმერთი არ გამწირავს!..

თეთრი გვირაბი მახსოვს, რომელშიც ისე მივქროდი, სხეულს ვერ ვგრძნობდი. გვირაბის ბოლოს შავი წერტილი გამოჩნდა, ნელ-ნელა გადიდდა და კარად იქცა. ის იყო, უნდა შემეღო, რომ ექიმის ხმა ჩამესმა - ჩქარა, ბიჭი გონზე მოვიდაო! თურმე ერთი კვირა ვიწექი უგონოდ... მერე ხერხემალზე 9-საათიანი ოპერაცია მიმდინარეობდა. ოპერაციის დროს ისევ გავიარე გვირაბი. ოღონდ კარი თავისით გაიღო და ისეთ სილამაზეში მოვხვდი, წამოსვლა აღარ მინდოდა. ალბათ ის იყო სამოთხე. მერე ზემოდან ექოსავით ჩამესმა, - ზაზა, დაბრუნდიო... თვალი რომ გავახილე, გაჭაღარავებული დედა დავინახე. მერე ექიმის ჩურჩული გავიგონე - კიდევ კარგად გადაიტანა ოპერაცია, ზურგის ტვინი აქვს დაზიანებულიო... შოკში ჩავვარდი, მაგრამ არავისთვის არაფერი მითქვამს, გარდა საკუთარი თავისა. თვალდახუჭული განუწყვეტლივ ვიმეორებდი, - მაინც გავივლი-მეთქი.

ექვსი თვის შემდეგ პირველად წამომაჯინეს საშინლად მძიმე კორსეტით. კიდევ ექვსი თვე და ყირიმის სარეაბილიტაციო ცენტრში წამოვდექი, მართალია, ყავარჯნებით. არადა, ექიმები ამბობდნენ, ეს შეუძლებელიაო. მაგრამ სასწაულებიც ხომ ხდება, - ახალგაზრდა ვიყავი, დღეში 8 საათს ვვარჯიშობდი და...

მერე  სიყვარულიც მოვიდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ინვალიდის ეტლში ასეთ ლამაზ არსებას ვნახავდი, დავინახე და სულში სითბო ჩამეღვარა, ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი, წამიერად დამავიწყდა, რომ ინვალიდის ეტლში ვიჯექი.

- ნუ გამინაწყენდებით და, როცა ქორწინდებოდით, გააზრებული გქონდათ, რას აკეთებდით?!

- არ გაგინაწყენდებით, რადგან ეგ კითხვა ბევრს გასჩენია. 8 წელიწადი ვიფიქრეთ ამ ნაბიჯის გადადგმაზე. ჩვენი დაქორწინება ღვთის ნება იყო ალბათ, რადგან 8 წლის განმავლობაში  დავდიოდით ყირიმში, მაინცდამაინც ერთსა და იმავე დროს და გვერდიგვერდ პალატებში ვხვდებოდით. ყირიმი მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ინვალიდების ერთადერთი იმედია. აუცილებელია, ყოველ წელიწადს რეაბილიტაცია იქ გავიაროთ, ისე კუნთები მოდუნდება, ბევრი ვერ უძლებს გაუთავებელ ჯდომას. ყველას სიცოცხლისთვის ჰაერი სჭირდება, ჩვენ, ინვალიდებს - ყირიმიც. მაგრამ ამას ფული უნდა. ის კი ისე ძნელი საშოვნელია, ვფიქრობთ, - მორჩა, განწირული ვართო. ახლაც დაახლოებით ასეთ დღეში ვართ... მარინას ხერხემლის რვა მალა ლითონის ბრჭყალებს ძლივს უჭირავს, თუ რეაბილიტაცია არ გაიარა...

- მარინა, თქვენ რატომ მიეჯაჭვეთ ინვალიდის ეტლს?

- ხომ გაგიგიათ ახტაჯანა 17 წლის გოგონების შესახებ, რომლებიც ფეხბურთს ბიჭებივით თამაშობენ. ერთ დღეს მე და ჩემი ბიძაშვილი ლისის ტბაზე ფეხბურთის სათამაშოდ წავედით. საღამოს  კისერი ისე ამტკივდა, გამაყუჩებელი დავლიე და დავიძინე. ფეხების დაბუჟებამ გამაღვიძა. სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, ფეხები მერთმეოდა, ტერფები ჩვარივით დამეკიდა. ექიმებმა - ხერხემლის მენინგომიელიტიაო. სხვათა შორის, მეც ისე დავდექი ფეხზე, ექიმები პირჯვარს იწერდნენ, - ეს სასწაულზე მეტიაო.

- აბა, რაღა მოხდა, ისევ ეტლებით რატომ დადიხართ?

- მეც და ჩემმა ზაზამაც მეორედ მივიღეთ ტრავმა. ზაზა 1989 წელს მიტინგზე - შენ ინვალიდს არ ჰგავხარ, აქ რა გინდაო, ვიღაც უგვანოებმა სცემეს. მე კი, წონასწორობა დავკარგე და ისე დავეცი, ხერხემლის რვა მალა თავიდან ამიწყვეს.  ეს მძიმე მოსაგონებელია და მოდი, ახლა კარგ რამეზე ვილაპარაკოთ. ჩვენ შვილი გვყავს, ქორწინებიდან 7 წლის შემდეგ შეგვეძინა ნინიკო... ძალიან ლამაზი გოგოა, უნდა ვიტრაბახო - ჭკვიანიც არის. სხვათა შორის, დამოუკიდებლად გავზარდეთ. შეიძლება სხვისთვის უცნაურია, მაგრამ ასეც ხდება.

- გასაკვირი მართლაც არის. ასეთი ძალა სად იპოვეთ?

- ძალა კი არა, რწმენა. ადამიანს თუ რწმენა აქვს, სამყაროს გადაატრიალებს. ჩვენ ახლაც ვფიქრობთ, რომ ერთ დღეს ფეხზე ავდგებით. მთავარი მაინც სიცოცხლეა. უნდა გიხაროდეს, რომ ცოცხლობ. აბა, როგორ არ უნდა გვიხაროდეს, რამდენჯერ გვაჩუქა სიცოცხლე უფალმა!

- და ტკივილები - ცხოვრებამ.

- ჰო, მაგრამ ხომ ვცოცხლობთ? რადგან ვცოცხლობთ, რაღაც მისია გვაქვს.

- მივხვდი, თქვენი მისია რა არის, - ადამიანებს უღვიძებთ ბრძოლის სურვილს და სიცოცხლის სიყვარულს.

- ჰო, ეგ ბევრს უთქვამს. სხვათა შორის, - სიკეთის სურვილსაც. ჩვენ ბევრი გვეხმარება. ამისთვის მადლობის სიტყვები ცოტაა. მათთვისაც ხომ ბედნიერებაა, როცა სიკეთეს გასცემენ. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა ვთქვათ, - ჩვენი გოგონა სანდრა რულოვსმა წაგვაყვანინა ყირიმში. ნინიკოს ორივემ შევამჩნიეთ ეტლებით რომ დავყვებოდით, ნელ-ნელა ითრგუნებოდა, მის ტოლს ინვალიდი დედ-მამა არავის ჰყავს. ყირიმში რომ არ წაგვეყვანა, სული ალბათ ძალიან დაუმძიმდებოდა. ყირიმი კი ჩვენნაირებით არის სავსე და ჩვენი შვილიც მიხვდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. იქნებ ისიც მოხდეს, ჩვენი გოგონა ჩვენნაირებს დაეხმაროს. ამბობს, აუცილებლად ექიმი უნდა გავხდე და ხალხი ფეხზე დავაყენოო. ეს სიხარულიც ტკივილებს გვავიწყებს.

- მე კი იმ განცდით მივდივარ თქვენგან, რომ ამიერიდან ყველა სირთულეს გავუმკლავდები.

- რაღა თქმა უნდა, თქვენც და ყველანიც. მით უმეტეს, რომ უფალმა ჯანმრთელობა მოგცათ.

P.S. თუკი თქვენც ფიქრობთ, რომ სიცოცხლის სიყვარული ნებისმიერ ტკივილს მოერევა და სურვილიც გაგიჩნდათ, სიცოცხლისათვის ბრძოლაში ამ ორ ადამიანს დაეხმაროთ, ზაზა გოგობერიშვილის ანგარიშს ვბეჭდავთ:

ანგარიში: GEO8LB LB0111155850662000

კოდი: LBRTGE22

ტ: 571-300-310