"ეგრეთ წოდებული 100 საავადმყოფოს პროექტი ბლეფი იყო" - კვირის პალიტრა

"ეგრეთ წოდებული 100 საავადმყოფოს პროექტი ბლეფი იყო"

"დაათვალიერონ კერძო კლინიკები და ნახავენ ნაქურდალ აპარატურას"

"ივანიშვილის შეძენილი აპარატურა სააკაშვილმა გააჩუქა"

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #45)

ვაგრძელებთ სტატიების ციკლს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე.

ტარიელ ლომინაშვილი, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე: - ვაღიარებ, რომ გამომძიებელ შალიაშვილის გათავისუფლება ჩემს კისერზეა, საბედისწერო შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა ჭიპაშვილს წარვუდგინე. არადა, როგორ იმუშავა!

- მაინც რა წარუდგინა ასეთი ჭიპაშვილს შალიაშვილმა?

- მაგალითად, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტები. 2002-2003 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს ერთ დიდჩინოსანს საბიუჯეტო თანხის მითვისება უმტკიცდებოდა. მას ვაქცინების განსაბაჟებლად სალაროდან 18 ათასი დოლარი ჰქონდა გამოტანილი. ტვირთი არ ჩამოვიდა, ნაცვლად იმისა, თანხა დაებრუნებინა, რომელიღაც ბანკში პირადი ანგარიში გახსნა და სარგებელსაც იღებდა.

საქმე ის არის, რომ რევოლუციის შემდეგ, მინისტრად დანიშვნამდე, რამდენიმე თვე ჭიპაშვილი სწორედ ამ სოციალურ ფონდს ხელმძღვანელობდა, მან ძველი ხელისუფლების დანაშაული დამალა.

როგორც კი გამომძიებელი შალიაშვილი მოხსნეს და ეს საქმე თაროზე შემოდეს, ოლქის პროკურატურას ახალი განცხადებით მივმართე ახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით. პროკურატურამ უარი ვერ თქვა და საქმე ფინანსურ პოლიციას გადაუგზავნა. დაიწყო გამოძიება და დადგინდა ჩემ მიერ დასახელებული ფაქტები, მაგრამ რატომღაც არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ფინანსურმა პოლიციამ შეამოწმა 2005-2006 წლების პერიოდიც და დაადგინა, რომ 2005 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილი 20.921 ლარი იმდროინდელმა რუსთავის მერმა დავით ნადაშვილმა არამიზნობრივად გამოიყენა. დადგინდა ისიც, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 4 პროგრამა განუხორციელებელი დარჩა, თანხები კი სწორედ ამ პროგრამებისთვის იყო გამოყოფილი.

- იმ მოქალაქეებმა, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტრომ სამკურნალოდ თანხები გამოუყო, იცოდნენ ამის შესახებ?

- ათობით განცხადება შეიტანეს. ჰპირდებოდნენ, დღეს-ხვალ გადმოგირიცხავთო და ამასობაში ის ხალხი გარდაიცვალა. ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა, ნაცვლად იმისა, სასჯელს იხდიდეს, პარლამენტში ზის. ხელისუფლებამ მათი მეშვეობით შექმნა სქემა, თუ როგორ შეავსოს საარჩევნო ყულაბა ჯანდაცვისათვის გამოყოფილი თანხებით. ეს სქემა სწორედ კერძო სადაზღვევო კომპანიების შექმნას უკავშირდება. რატომ ურიცხავს სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებს მილიონებს, რატომ აძლევს ბიუჯეტის თანხებიდან მოგების დატოვების საშუალებას? იმიტომ, რომ ე.წ. მოგების მარჟა "ატკატით" ვიღაცების ჯიბეში ან საარჩევნო ყულაბაში დაბრუნდეს. სინამდვილეში სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობას ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხების 40%-საც არ თუ ვერ ახმარენ, რადგან ხელისუფლებას "ატკატის" მაღალი მარჟა აქვს დაწესებული.

ქეთევან გეჯაძე, მედიკოსთა კავშირის თავმჯდომარე: - ახალმა სქემამ, რომელიც რევოლუციის მერე სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ შეიმუშავა, გაანადგურა ჯანდაცვის სისტემა. ამ საკითხებზე წლებია, ვმუშაობ და დანაშაულებრივი ფაქტების ამსახველი ტომები დამიგროვდა.

ეგრეთ წოდებული 100 საავადმყოფოს პროექტი ბლეფი იყო, გამიზნული საავადმყოფოების ხელში ჩასაგდებად. ვერ ნახავთ ვერც ერთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელსაც ჯანდაცვა მხოლოდ კერძო სექტორზე ჰქონდეს მინდობილი და არ ჰქონდეს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი კლინიკა. ეს ხომ დანაშაული იყო, მაგრამ იმას, რაც მოგვიანებით დაატრიალეს, ვერც კი წარმოვიდგენდი. საავადმყოფოების გაყიდვა 2007 წლიდან დაიწყო, მაგრამ ამას წინ უსწრებდა პროცესები, რომელიც ხელისუფლებამ ძალზე მზაკვრულად და შენიღბულად ჩაატარა. დაიწყო კლინიკებისათვის საწესდებო კაპიტალის შემცირება. უზარმაზარი კლინიკების საწესდებო კაპიტალი რამდენიმე ათასზე დაიყვანეს. 2004 წლიდან კი საქართველოში მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული სამედიცინო პროგრამები დაიწყეს. საამისოდ ტენდერები გამოაცხადეს. პროგრამებში ძალიან მაღალი დონის მოთხოვნები იყო, ერთი კლინიკისგან თითქმის ყველანაირი მომსახურების გაწევას მოითხოვდნენ. თუ კლინიკა ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნას, შეეძლო სუბკონტრაქტორად სხვა კლინიკა აერჩია. სწორედ აქ იყო ძაღლის თავი დამარხული. ასე დაიწყო კლინიკების ვირტუალური შერწყმა, რომელიც 2007 წელს ოფიციალურად გაფორმდა. ამას ისიც დაერთო, რომ პროგრამებში სახელმწიფო კლინიკებს  ფულს არ უხდიდა. ამიტომაც კლინიკებს გადასახადები დაუგროვდათ, რასაც მათი ხელოვნური გაკოტრება მოჰყვა. 2007 წლის აგვისტოში პრეზიდენტის განკარგულებების სერია დაიწყო. კლინიკები ლოტებად დაყვეს და ერთ ლოტში 4-5 კლინიკა შეიყვანეს. ფაქტობრივად, 1000 ლარად გააჩუქეს. დააქციეს არა მარტო ჯანდაცვის სისტემა, არამედ მოშალეს საგანმანათლებლო კერებიც. მეექვსე კურსის სტუდენტები ისე ამთავრებენ ინსტიტუტს, პაციენტები არ ჰყავთ ნანახი.

სად არ გავასაჩივრე ეს ყველაფერი, მათ შორის - საწესდებო კაპიტალის განზრახ მინიმუმამდე შემცირება, განცხადება შევიტანე პროკურატურაშიც, მაგრამ პასუხი არავის უგია.

ამავე პერიოდში დაიწყო სახელმწიფო საავადმყოფოებიდან ძვირად ღირებული აპარატურის "დაკარგვა". საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფო დაწესებულებისათვის აპარატურის წართმევასა და კერძო კლინიკებისათვის გადაცემას მიჰყო ხელი. მოგეხსენებათ, ონკოლოგიურ ავადმყოფთა 75% რადიოთერაპიულ მკურნალობას საჭიროებს. აპარატურა ონკოლოგიური კლინიკისათვის ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, ამ აპარატებზე სამუშაო პროგრამა კი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დააფინანსა. "მაგატემ" რამდენიმე აპარატიც აჩუქა ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს, მაგრამ პრეზიდენტის განკარგულებით ინგოროყვას კერძო ნეიროქირურგიის ცენტრს 1000 ლარად მისცეს. როგორც ვიცი, ამ საავადმყოფოს ლადო ჭიპაშვილი, უფრო სწორად კი საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი მფარველობს. აპარატურა ონკოლოგიური კლინიკის ბალანსზე იყო. როგორ შეიძლებოდა ეროვნული ცენტრისთვის წაერთმიათ და კერძო კლინიკისთვის ეჩუქებინათ? ეს სასწრაფოდ ვაცნობეთ "მაგატეს", გამოგზავნეს წარმომადგენელი, რომელიც გააოგნა ხელისუფლების თვითნებობამ.

ამის მერე დაიწყო ძვირად ღირებული აპარატურის "ქურდობა". მაგალითად, რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაქრა აპარატურა და ხელსაწყოები, დაიკარგა წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ძვირად ღირებული აპარატურაც. როგორ გგონიათ, ქუჩიდან შემოხეტებული ქურდი ამას მოახერხებდა?! სინამდვილეში, ყველამ იცის სად დევს აპარატურა!

- სად დევს?

- იმ ექიმების კერძო კლინიკებში, რომლებიც პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდნენ! დაათვალიერონ კერძო კლინიკები და ნახავენ სახელმწიფო კლინიკებიდან ნაქურდალ აპარატურას. არ გაინტერესებთ რა სქემით იპარავდნენ აპარატურას? შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რესტრუქტურიზაციის ცენტრი ვითომ სარემონტო სამუშაოებს იწყებდა საავადმყოფოში. ამ საბაბით თანამშრომლებს ორი თვით უხელფასო შვებულებაში უშვებდნენ. რემონტი დანაპირებზე დიდხანს გრძელდებოდა, ხშირად კი გაურკვეველი ვადით წყდებოდა. ბუნებრივია, აპარატურა რემონტის საბაბით იხსნებოდა და მერე "იკარგებოდა".

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)