რატომ გახდა პატრიარქის ქმედება განსჯის საგანი? - კვირის პალიტრა

რატომ გახდა პატრიარქის ქმედება განსჯის საგანი?

"ადამიანი ვალდებულია, ვისაც არ უყვარს, მასაც შეაცვლევინოს შეხედულება თავისი სიყვარულით"

"პატრიარქმა სცადა თავისი კეთილი ქმედებით მასში უარყოფითი შეესუსტებინა და დადებითი გაეძლიერებინა"

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამეგრელოში ყოფნისას წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია. ბევრს (მათ შორის სასულიერო პირებსაც) გაუკვირდა პატრიარქის ეს საქციელი. ზოგმა იკითხა, ნუთუ უმაღლეს საეკლესიო ჯილდოს იმსახურებს კაცი, რომელიც ძალმომრეობასთან არის სამეგრელოში გაიგივებული და შორს არის ქრისტიანული კაცთმოყვარეობისაგანო. როლანდ ახალაია დათა და ბაჩო ახალაიების მამაა. მისი შვილებიც ვერ დაიკვეხნიან ქრისტიანული მორალით. როლანდ ახალაიას ერთ შვილს თუ შეუძლია გლდანის ეკლესიის კარი შელეწოს და მრევლს გაუსწორდეს, მეორე პატიმრების არაადამიანურ მოპყრობაშია შემჩნეული... და მაინც, პატრიარქმა როლანდ ახალაიას საკუთარი ხელით ჩამოჰკიდა კისერზე წმინდა გიორგის ორდენი. რატომო? - იკითხავს ბევრი, თავი მოვალედ ჩავთვალეთ საზოგადოებისთვის ამ დაბნეულობაზე გვეპასუხა.

KvirisPalitra.Geფსიქოლოგი, აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი:

- თუ ადამიანი არ იმსახურებს და მას მაინც კეთილად ექცევიან, ეს არის მცდელობა, სიკეთით დაამარცხონ მასში არსებული ბოროტება.

ათეისტურად გავიზარდე, ასეთი იყო გარემო ოჯახსა და სკოლაში. ჩემი სკოლა სიონის წინ იყო. ტაძარში ხშირად შევდიოდი, მაგრამ არა რწმენის გამო, ხატებს ვათვალიერებდი. ახლა, უკვე ხანდაზმულს, პატრიარქის გამო მართლმადიდებლობის პატივისცემა გამიჩნდა. პატრიარქის სიტყვას ჩემთვის დიდი წონა აქვს, თუმც ვერ ვიტყვი, რომ დიდად მორწმუნე გავხდი. ორი წლის წინ, აღდგომის კვირაში პატრიარქმა სამებაში დამიბარა. განაცხადა, დღეს მე ერთადერთ ადამიანს ვაზიარებო და საკურთხეველში შემიყვანა. პატრიარქის ნებით ოთხმოც წელს გადაცილებული ვეზიარე და განა იმიტომ, რომ პატრიარქმა ჩემში დიდი მორწმუნე დაინახა.

- როდესაც ვინმე ადამიანში დადებით თვისებას გამოკვეთს, ეს უკეთესს გახდის მას?

- განწყობის ფსიქოლოგიის თანახმად,  ეს პიროვნებაზე უაღრესად დადებით ზეგავლენას ახდენს.

ერთხელ ცდა ჩავატარე: ცდისპირებს დავურიგე ასეთი ტექსტი: "მე, მეფემ, გავატარე დიდი რეფორმები, არ დავინდე არც ნათესავები, არც მტერი და არც მოყვარე. გავჟლიტე მოწინააღმდეგეები და გავაძლიერე ქვეყანა". ტექსტის ბოლოს მივაწერე "დავით აღმაშენებელი" და ცდისპირებს ვუთხარი, ეს პიროვნება შეაფასეთ-მეთქი. უმეტესობამ უმაღლესი შეფასება  +5 დაუწერა. შემდეგ ამავე ტექსტს ბოლოში მივაწერე შაჰ-აბასი და სხვებს ვთხოვე მისი შეფასება.  ყველამ - 4 ან - 5 უარყოფითი შეფასება დაწერა. განსხვავებული შეფასებები ერთი და იმავე ტექსტისადმი განწყობამ, დავით აღმაშენებლისა და შაჰ-აბასისადმი განსხვავებულმა დამოკიდებულებამ განაპირობა, რადგან  განწყობა კონკრეტული ქცევისათვის მზაობაა.

ქრისტიანობა ქადაგებს სიყვარულსა და სიკეთეს. გვასწავლის, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ, მეცნიერები, კვლევების თანახმად, მივედით იმ შეხედულებამდე, რომ სხვისთვის სასარგებლო საქმის კეთებას ადამიანის შინაგანი სამყარო მაღალ დონეზე აჰყავს. მოსიყვარულე ადამიანები ერთმანეთს აძლიერებენ, მაგრამ ადამიანი ვალდებულია, ვისაც არ უყვარს, მასაც შეაცვლევინოს შეხედულება თავისი სიყვარულით. ასე რომ, ჩვენს სფეროშიც მივდივართ იმ დიდ ჭეშმარიტებამდე, რაც ღვთის ნაბოძებია.

განწყობის თეორიის თანახმად, ადამიანთა შორის დამოკიდებულებაში მთავარია სიმეტრიული ურთიერთობა. როდესაც ადამიანებს შორის უარყოფითი დამოკიდებულებაა და ერთ-ერთს აქვს სურვილი, მეორის განწყობა სასიკეთოდ შეცვალოს, იწყებს დადებითი როლის თამაშს, სიყვარულის გამომჟღავნებას მეორისადმი და საბოლოოდ აღწევს დადებით დამოკიდებულებას.

პატრიარქი იყენებს კანონს, რაც ცნობილია ფსიქოლოგიაში, - გიყვარდეს და ეყვარები.

განწყობის თეორიისა და ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, არის ურთიერთობის მეორე წესიც. თუ  დადებით განწყობას ამჟღავნებ კონკრეტული ადამიანისადმი, დადებით განწყობას იჩენ იმ ადამიანებისადმიც, რომლებიც ამ კონკრეტულ პირთან არიან დადებით დამოკიდებულებაში და მათშიც აძლიერებ საპასუხო დადებით დამოკიდებულებას. პატრიარქს თავისი ქმედებით უნდა ერთ პიროვნებასა და მასთან დადებით დამოკიდებულებაში მყოფ ადამიანებში სიკეთე და სიყვარული გააძლიეროს. განწყობის კანონით, თუ ადამიანს არ უყვარხარ, მაგრამ მაინც  გამუდმებით უკეთებ სიკეთეს, მას შეუყვარდები.

პატრიარქმა დაინახა, რომ ახალაია დიდი გავლენის მქონე კაცია, ხშირად არ აკეთებს კარგს, მაგრამ შეუძლია კარგის გაკეთება და დადებითი როლის შესრულება. ამიტომაც სცადა თავისი კეთილი ქმედებით მასში უარყოფითი შეასუსტოს და დადებითი გააძლიეროს. მართლმადიდებლობა სიკეთეს უფრო ძლიერად მიიჩნევს, ვიდრე ბოროტებას. ამიტომაც ქადაგებს მართლმადიდებლობა, მტერს სიყვარულით მოექეცი, ანუ შეარყიე მასში ბოროტება და შენს მოყვარედ იქცევაო.

ასე რომ, პატრიარქის მიერ სიკეთით არცთუ გამორჩეულ ადამიანში დადებითის დანახვა და ხაზგასმა მეცნიერულადაც კი გენიალური და აბსოლუტურად ბრძნული საქციელია.