რეზო ესაძე: "ამ კაცმა გააკეთა ღვთიური საქმე და პირდაპირ სისხლით ანთხევინებენ!" - კვირის პალიტრა

რეზო ესაძე: "ამ კაცმა გააკეთა ღვთიური საქმე და პირდაპირ სისხლით ანთხევინებენ!"

ბუბა კიკაბიძე: "ალალი იყოს საქართველოზე, თუ ვინმეს ბიძინა ივანიშვილისგან რამე მიუღია!"

გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობაზე ინფორმაცია გახმაურდა, რამაც გამოააშკარავა, რამდენ ლარს იღებდნენ ყოველთვიურად ხელოვნების მუშაკები, საზოგადო მოღვაწეები, მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანები. გვარ-სახელების დაზუსტებამ, თანაც თითოეულის გასწვრივ სამნიშნა ან ოთხნიშნა ციფრების მიწერამ, გაუგებრობა და კითხვები გამოიწვია. ვინ ანაწილებდა თანხებს, რა ნიშნით არჩევდნენ დასახმარებელ პირებს და რატომ აქვთ ნაკლებად ცნობილებს იმაზე ნაკლები "სტიპენდია", ვიდრე უფრო სახელოვანებსა და დამსახურებულებს? "ქართუ ჯგუფმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: "ფონდის მიერ გაიცემა ყოველთვიური დახმარება თეატრებზე, კულტურულ და სამეცნიერო დაწესებულებებზე, ამ თანხის თანამშრომლებზე გადანაწილება კი ყოველთვიური ხელფასების სახით ხდება მათივე ადმინისტრაციის მიერ და ამაში ფონდი მონაწილეობას არ იღებს".

ამრიგად, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, "ქართუს" არ გაუხმაურებია დეტალური ინფორმაცია ქველმოქმედების თაობაზე. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა მტკიცებით, ხელისუფლების ნება-სურვილის გარეშე ეს ამბავი ვერ გამომზეურდებოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფილანთროპ ივანიშვილს თავის ქველმოქმედებაზე ყურადღების გამახვილება არ უყვარს. ასეა თუ ისე, ბევრმა დამსახურებულმა ადამიანმა თავი უხერხულად იგრძნო, რასაც ყველაზე ვერ ვიტყვით.

მეცენატის ფული მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიურ მხარდამჭერებამდეც აღწევდა. მათ შორის დღესაც არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, პარლამენტარები - ფრიდონ თოდუა, გიორგი ასანიძე... თურმე ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა და აფინანსებს გიგა ბოკერიას დედას - ნანა ალექსანდრიასაც და ასევე, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილს, რომლის ნათლიმამა თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. არადა, ეს კაცი ხელისუფლებამ ლამის ქვეყნის მოღალატედ, რუსულ პროექტად შერაცხა. ნაციონალური ტელეარხების მთავარი თემა თითქმისY უცვლელია, - "ვის დააფინანსებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ივანიშვილი რუსული ფულით?"

საინტერესოა, "ნაციონალებს" რომ აფინანსებდა, მაშინ ივანიშვილი არც რუსეთის პროექტი იყო და არც უცხო ქვეყნის მოქალაქე!

მეცენატისგან დაფინანსებულთა სიაში მოხვდნენ ბუბა კიკაბიძეც და ნანი ბრეგვაძეც 5.000-5.000 ლარით, ოთარ კობერიძე 2.000 ლარით... სხვათა შორის, ამ უკანასკნელს თავად დავუკავშირდი და კომენტარი ვთხოვე. "არა, გენაცვალე, ამ საკითხზე არავის ვაძლევ ინტერვიუს", - მიპასუხა კობერიძემ. რაც შეეხება ბუბა კიკაბიძეს, მასაც დავუკავშირდით.

KvirisPalitra.Ge- იმ გაზეთს ჰკითხეთ, რამდენს ვიღებდი, რომელმაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა. მაგათ ყველაფერი იციან! ისე, მაგას უზრდელობა ჰქვია! ასეთ ინფორმაციებს არ აქვეყნებენ - რას იღებთ, როგორ იღებთ...

- შეცდომით ხომ არ გამოქვეყნდა ინფორმაცია თქვენ შესახებ?

- იცი, რა გითხრა, ალალი იყოს საქართველოზე (როგორც ჩანს, გულისხმობს, თუ ვინმემ რამე მიიღო, ალალი იყოსო! ისე კი ამ ფრაზას უფრო გამცემი ამბობს ხოლმე, ვიდრე მიმღები)!.. დავიღალე, ყველა ჩემთან რეკავს, კაცო!

ფრიდონ თოდუა: - მე ვარ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, მეც და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებიც ბატონი ბიძინასგან ვიღებდით დახმარებას. ყველას გვქონდა დანიშნული ის ყოველთვიური სტიპენდია, რაც ეწერა გაზეთში. ეს თავად ბატონი ბიძინას ინიციატივა იყო.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ ივანიშვილი რუსული ფულით ცდილობს ხალხის მოსყიდვას. უხერხულობას ხომ არ გრძნობთ ამ განცხადების გამო?

- ვერაფერს გეტყვით, ქალბატონო... დეტალები არ ვიცი. საზღვარგარეთ ვიყავი, გუშინწინ ჩამოვედი და არაფერი ვიცი(?!).

- ნუთუ არ იცით, ხელისუფლება ივანიშვილს რუსულ პროექტად რომ მიიჩნევს?

- მე ყველაფერი გითხარით... ახლა პარლამენტის სხდომაზე ვარ და მეტს ვერაფერს გეტყვით.

რეზო ესაძე: "ამ კაცმა ღვთიური საქმე გააკეთა და პირდაპირ სისხლით ანთხევინებენ! მას არ უნდა ამ თემაზე საუბარი! ბიძინა ივანიშვილი ნამდვილი მამულიშვილია, მისი გაკეთებული საქმეები წერია ისტორიაში! ამას ვამბობ იმიტომ კი არა, რომ მე გამიწია დახმარება, არამედ იმიტომ, რომ ასეა!"

ნოდარ ჯავახიშვილი: - როდესაც "ქართუში" ეროვნული ბანკი შემოვიდა, ვიღაცებმა ანაბრების გატანა დაიწყეს, მაგრამ ეს პროცესი მალე შეჩერდა.

- მეანაბრეებში იყო ის ხალხი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა?

- იმ მეანაბრეების სრული სია, ვინც ანაბრები გაიტანეს, არა მაქვს და არც დავინტერესებულვარ მათი გვარ-სახელებით. ანაბრების გატანა ძალზე მალე შეწყდა და ამიტომ. მაგრამ ანაბრების გატანის გარდა ზოგიერთმა ორგანიზაციამ ჩვენს ანგარიშებზე ფულის გადმორიცხვა შეწყვიტა. ვთქვათ, რომელიმე ფირმას ჩვენთან აქვს გახსნილი ანგარიში, მას ბანკის სალაროში, ჩვენს ანგარიშზე ფული შემოჰქონდა, ინკასაციას ახდენდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ ამ კომპანიებმა ფულის ინკასაცია სხვა ბანკებში გადაიტანეს. ბუნებრივია, ამით ბანკმა შემოსავალი დაკარგა. ნაღდი ფული, რომელიც გვჭირდებოდა, ამ წყაროსგან გვქონდა. ამ ორგანიზაციებმა ანგარიშები სხვაგან გადაიტანეს, ხოლო სესხები დაგვიტოვეს. ჩვენგან რაც სიკეთე ჰქონდათ მიღებული, დარჩათ, რადგან ამ ორგანიზაციებისგან ინკასაცია შემოდიოდა, ჩვენთან კრედიტზე დაბალი პროცენტი დავუწესეთ.

- რომელმა ორგანიზაციებმა გაიტანეს ანგარიშები?

- მაგალითად, "ვისოლმა",  PSP-მ. ამას გარდა, "ქართუში" ორგანიზაციებს ჰქონდათ ანგარიშები, ჩვეულებრივ, გადარიცხვებით შემოდიოდა ფული. მათ შორის იყო ხელფასების პროგრამები, რომლებიც ჩვენგან სხვა ბანკებში გადაიტანეს ისეთმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის დანამატებიც ერიცხებოდათ. ახლა ხელფასები სხვაგან ერიცხებათ, ბიძინას დახმარება - ისევ "ქართუში".

- ივანიშვილის დახმარებაზე უარი არავის უთქვამს?

- არა, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი. ჟურნალისტებისაგან გავიგე, თითქოს ნანა ალექსანდრიამ განაცხადა უარი, სხვაზე არაფერი გამიგია.

ოთარ ტატიშვილი, კომპოზიტორი: - როცა სიაში საკუთარი გვარ-სახელი აღმოვაჩინე, გამიკვირდა. სტიპენდია ივანიშვილის ფონდიდან არასოდეს მიმიღია. ამისათვის,  როგორც ვიცი, განცხადების დაწერა იყო საჭირო, მე კი განცხადების დაწერა და დახმარების მოთხოვნა მეუხერხულებოდა. მირჩევდნენ, შენც დაწერე და სტიპენდიას დაგინიშნავენო. როგორც ვიცი, "ქართუს" უნდა განეხილა განცხადება. შეიძლება ღვაწლმოსილ ადამიანებს საკუთარი ინიციატივით უნიშნავდნენ სტიპენდიებს, მაგრამ ერთი-ორჯერ მითხრეს, ჩვენ დავწერეთ განცხადება და გამოგვიყვესო, ზოგს მეტი და ზოგს ნაკლები. როცა სიაში საკუთარი თავი აღმოვაჩინე, გამიკვირდა, ვიფიქრე, ჩემს სახელზე იწერებოდა რაიმე და შეიძლება მე არაფერი ვიცოდი-მეთქი. ამის გამო მივმართე "ქართუს". იქ განმიმარტეს, რომ დახმარებას თურმე მოჭიდავე ოთარ ტატიშვილი იღებდა. ვიდრე ეს სია გამოქვეყნდებოდა, სიმბოლური ანგარიში გავხსენი "ქართუში" ნიშნად ჩემი მხარდაჭერისა. არ მოვერიდე არავის. ბოლოს და ბოლოს, ადამიანმა ხომ უნდა გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება, ყველაფრის მიმალვა და მიჩქმალვა ხომ არ შეიძლება?

KvirisPalitra.Geმარიკა ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი: - აკადემია სახელმწიფო დაწესებულებაა. ადრე ჩვენი სახელფასო ფონდი ბანკ "ქართუში" ირიცხებოდა. "ქართუდან" სწორედ ეს სახელფასო ფონდი გაიტანეს. მგონი, ახლა "ლიბერთი ბანკში" გვერიცხება, ბიძინა ივანიშვილის სტიპენდია კი ისევ "ქართუში". ჩვენ ყოველი წლის ბოლოს ბატონი ბიძინა გვიფორმებდა ხელშეკრულებას, ამ წლის ბოლომდე, ალბათ, მივიღებთ სტიპენდიებს  და მერე რა იქნება, არ ვიცი, ისეთი ამბავი აუტეხეს ამ კაცს, ლამის გააქციონ საქართველოდან. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქველმოქმედებით ოჯახები შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა და მადლობის სამაგიეროა ეს ყველაფერი? ის, რაც ხდება, უზნეობაა. ეს ხომ სახელმწიფოს ფული არ არის? ბიძინა ივანიშვილს იმის უფლებაც არა აქვს, საკუთარი ფული ისე დახარჯოს, როგორც მოესურვება? მადლობის გარდა სხვა რა შეიძლება უთხრა ამ კაცს? საშინელი თვისება გამოვავლინეთ, პირდაპირ მრცხვენია. პრესაში გამოქვეყნებულ სიებში ბევრი შეცდომაა. მაგალითად, აკადემიაში სახელობითი პრემიებია - ჯავახიშვილის, ჯანაშიას, ბერძენიშვილის და ასე შემდეგ - დანიშნული. ახლა გავიგე, თურმე ამ პრემიებსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. სიაში აღმოვაჩინე ხალხი, რომელთაც შარშან ეს ერთჯერადი პრემია მიიღეს. არადა, სიაში ისე იყვნენ მოხსენიებული, თითქოს ყოველთვიურ სტიპენდიას იღებდნენ.

მაგალითად, ნანა ხაზარაძემ შარშან გიორგი მელიქიშვილის სახელობის 3.000-ლარიანი პრემია მიიღო, გამოქვეყნდა, თითქოს ხაზარაძე ამ თანხას ყოველთვიურად იღებდა, რაც სიცრუეა. რომ ამბობენ, ამას იმდენი ფული აქვს, რად უნდა ბიძინას დახმარება, მე შვილი ავად მყავს და მე უნდა დამეხმაროსო, რა უფლებით! რატომ არ უჩნდებათ ამ მოქალაქეებს პრეტენზიები ხელისუფლებასთან? ძვირფასო მოქალაქეებო, ხომ არ აჯობებს, პრეტენზია ხელისუფლებას წაუყენოთ! ბიძინა ივანიშვილი ვალდებულია საქართველოს მთელი მოსახლეობა არჩინოს? რაც გააკეთა, ეს არ არის დასაფასებელი და მადლობის სათქმელი? მგონი, საზოგადოებამ ვერ გაიაზრა, რასთან აქვს საქმე, ამდენი სკოლის, საავადმყოფოს აშენება და გარემონტება რომ დააფინანსა, ეს არაფერია?"

ირაკლი ღარიბაშვილი, ფონდ "ქართუს" პრეზიდენტი: - მართალია, ფონდის საქმიანობა გამჭვირვალეა, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს არა მხოლოდ ციფრებთან, არამედ ადამიანებთან, მეტი სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ არ გვინდოდა, ამ დახმარებით უხერხულობა შეგვექმნა ადამიანებისთვის. ამიტომ, ვიდრე ვინმე სიის აფრიალებას გადაწყვეტს, ცოტა ამ საკითხზეც იფიქროს. სია, რომელიც გამოქვეყნდა, არ გაუვრცელებია ფონდ "ქართუს". ბიძინა ივანიშვილი გაწეული ქველმოქმედების აფიშირების წინააღმდეგია. ფონდის მიზანი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლების ღვაწლის დაფასება იყო, არის და იქნება და არა გაწეული დახმარების აფიშირება, ბიძინა ივანიშვილი ამას ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე აკეთებდა. საიდან მოხვდა ეს სია პრესაში, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ.

- რომელიმე მედიასაშუალებას არ მოუმართავს სიების მოთხოვნით?

- ფონდი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა უკვე 12 წელია, ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე მედიასაშუალება ჩვენი საქმიანობით დაინტერესებულიყო და მოეთხოვა იმ საქველმოქმედო პროექტების გაცნობა, რომელსაც ფონდი ახორციელებს. ერთადერთი, ვისაც ჩვენ ეს სიები მივეცით, ეროვნული ბანკი იყო, იმიტომ რომ "ქართუ" ბანკში შემოსვლის შემდეგ, 9 ნოემბერს მოითხოვეს. განსაკუთრებულ უხერხულობას ის ქმნის, რომ ჩვენი დაფინანსებული საზოგადო მოღვაწეთა სიები, რომელიც მედიაში დაიბეჭდა, არაზუსტი და არასრულია, მეტსაც გეტყვით, სიაში მე და ჩემმა თანამშრომლებმაც კი აღმოვაჩინეთ საკუთარი თავი. სიაში არიან პირები, რომელთაც არასდროს მიუღიათ დახმარება; არიან ისეთებიც, რომელთაც სამკურნალოდ ერთჯერადად გადაერიცხათ თანხა და ა.შ.  უცნაურია, მაშინ როდესაც ჟურნალისტს შეუძლია სათანადო განაცხადით მოვიდეს ფონდში და მოითხოვოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია, რატომ ენდობა საეჭვო გზით მოპოვებულ ცნობებს?

- რა კრიტერიუმებით ინიშნებოდა სტიპენდები?

- მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეთა დაფინანსების მთავარი კრიტერიუმი ქვეყნის წინაშე დამსახურებაა. ვთქვათ, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების ყოველთვიური დახმარება იმის მიხედვით განისაზღვრა, თუ რამდენგზის ჩემპიონია ესა თუ ის პირი. ანალოგიურად დაფინანსდნენ ხელოვნების მუშაკები, მათი ღვაწლის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ფონდი ყოველთვიურ დახმარებას უწევს თეატრებს, კულტურულ და სამეცნიერო დაწესებულებებს. ამ თანხებს თანამშრომლებს მათივე ადმინისტრაცია უნაწილებს. ამაში ფონდი არ მონაწილეობს.

- ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ვის რა თანხა უნდა დაენიშნოს?

- ფონდის გამგეობა, რომლის წევრიც თავად ბიძინა ივანიშვილია, ასევე, მე - ირაკლი ღარიბაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი. გვყავს მოწვეული კონსულტანტებიც.

KvirisPalitra.Geნონა გაფრინდაშვილი: - ამ სიის გამოქვეყნება ძალიან უხერხული იყო. კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების უფლება არავის აქვს.

- თურმე ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებსაც აფინანსებს.

- როგორც ვიცი, მან დახმარებები დაუნიშნა იმ პირებს, როდესაც პოლიტიკურად ასეთი გამოკვეთილი ვითარება არ იყო. მაშინ ის პოლიტიკოსი არ ყოფილა. ახლა კი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ვერ დაიწყებს ადამიანების გამორჩევას, ამას მოუხსენით, ამას დაუტოვეთო. უკაცრავად, მაგრამ ვისთვის რამდენს იღებს საკუთარი ჯიბიდან, ვისი რა საქმეა, ვერ გამიგია.

ფული კი არ უნდა იყოს ამ ადამიანის გვერდით დგომის განმსაზღვრელი, არამედ ქვეყნის გადარჩენის იმედი, რომელიც მან გააჩინა. იმაზე უნდა იმსჯელონ, თუ ვინ არის ბატონი ბიძინა, რა აქვს გაკეთებული ამ ხნის განმავლობაში... ბოლოს და ბოლოს, მოდის ხელისუფლებაში ადამიანი, რომელსაც ფულის შოვნა კი არ უნდა, არამედ დახარჯვა ქვეყნის კეთილდღეობისთვის. აი, ეს არის მთავარი, დანარჩენი კი მათ სინდისზე იყოს, ვინც ფულს იღებს, მაგრამ ასე არ ფიქრობს.

რასაკვირველია, ნანა ალექსანდრიასთან, გიორგი ასანიძესა და ნანი ბრეგვაძესთანაც მოვისურვეთ საუბარი, მაგრამ საქართველოში არ არიან. იმედია, როცა ჩამოვლენ, არც ბატონი ბიძინასთვის მადლობის თქმა დაავიწყდებათ. თუმცა, "ნაციონალური" პროპაგანდა ისე მუშაობს, რომ მადლობის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა-გინებაც არ გამიკვირდება. ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, რომელზეც ერთ გენიალურ ქართველს აქვს ნათქვამი, "ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა სწორედ"... გაკეთებული სიკეთე წინ იშვიათად გვხვდება.

"სხვის გულში მართალი ადვილი საპოვნელი არ არის"

ილია ხათუნა პაიჭაძე

ეკა ასათიანი