მერიის ათასჯიხურიანი "დახმარება"... - კვირის პალიტრა

მერიის ათასჯიხურიანი "დახმარება"...

აუქციონი მცირე (თუ მსხვილი) ბიზნესის ხელშეწყობისთვის?

გიორგი ცხაკაია: "ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

რამდენიმე წლის წინ, როცა თბილისის ცენტრალური ქუჩებიდან ბეჭდური მედიითა და წიგნებით მოვაჭრეები გააძევეს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ  განაცხადა, რომ ძველი ჯიხურები დედაქალაქის იერს აუშნოებდა. შეიქმნება ჯიხურების ახალი დიზაინი, გამოცხადდება ტენდერი ადგილებზე და გამარჯვებულები ახალი დიზაინის სავაჭრო ობიექტებში შეძლებენ ვაჭრობასო. ისიც ითქვა, რომ ტენდერში ყველა მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა, მოგვიანებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ტენდერის გარეშე, თვალის დახამხამებაში გამოჩნდა კომპანია "ვაიდდისტრიბუშენის" ე.წ. უგულავას ჯიხურები.

ამ ფაქტმა პრესის გამომცემელთა და რეალიზატორთა პროტესტი გამოიწვია. გამოითქვა ეჭვი, რომ ხელისუფლება ამ ბაზარზე თავისთვის სასურველი მონოპოლისტის გაბატონებას ცდილობდა, რათა გამომცემლობებისთვის საკუთარი წესები ეკარნახა და არასასურველი გაზეთების ტირაჟების მართვა და კონტროლი შესძლებოდა. პრესის რეალიზატორთა და ბეჭდური მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საქართველოს პრესის ასოციაცია აქამდე უშედეგოდ ცდილობდა მერიისა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან ისეთი გარანტიების მიღებას, რომელიც გამორიცხავდა კოტროლირებადი მონოპოლისტების გაბატონებას და ხელს შეუწყობდა ბეჭდური მედიის განვითარებასა და გავრცელებას.

სულ ცოტა ხნის წინ კი თბილისის მერიამ დაიწყო სავაჭრო ჯიხურების დასადგმელი ადგილების აუქციონის წესით გაყიდვა. გამოიტანენ ათას ლოტს ანუ ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი თითქოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება, აუქციონში მონაწილე მცირე და საშუალო ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ წარმოუდგენელია კონკურენცია გაუწიონ უზარმაზარ კომპანიებს, რომელთაც მათზე მეტი ფინანსები აქვთ და საუკეთესო, ანუ კომერციულად მომგებიანი ადგილების მოსაპოვებლად დიდი თანხის გადახდაც არ უჭირთ. უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს პრესის ასოციაციაც, რომელიც კმაყოფილია აუქციონის გამოცხადებით, მაგრამ წუხს იმის გამო, რომ  პრესის გამავრცელებლებისა და გამომცემლების მრავალი  ზეპირი თუ წერილობითი მიმართვის მიუხედავად, მერიამ ვერ (არ) გამოძებნა ადგილი გაზეთების, წიგნების, ჟურნალების სარეალიზაციო ჯიხურებისათვის, მაშინ, როცა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ამ ტიპის პროდუქციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ითვალისწინებენ და ხალხმრავალ ადგილებში ასეთი პროდუქციის გაყიდვის ყველა პირობას ქმნიან, რათა ხელი შეუწყონ საზოგადოების სწრაფ და მრავალმხრივ ინფორმირებას, ბეჭდვითი პროდუქციისადმი მოსახლეობის ინტერესის გაზრდას, რაც, ზოგადად, განათლების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

"შესაძლოა, საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა თქვას, ხომ გამოცხადდა აუქციონი, მიიღონ პრესის გამავრცელებლებმა მონაწილეობა და მოიპოვონ უფლებაო, მაგრამ ცნობილია, რომ პრესითა და ნაბეჭდი პროდუქციით ვაჭრობა ვერასოდეს იქნება ისეთი მომგებიანი, როგორიც სიგარეტით ან საკვებით, ამიტომ შეუძლებელია, აუქციონზე პრესის რეალიზატორმა კონკურენცია გაუწიოს სხვა, გაცილებით რენტაბელური პროდუქციით მოვაჭრეს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება, თუ თბილისის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ბეჭდური მედიისა და საზოგადოების ინტერესს და გარკვეულ ადგილებზე ჩაატარებს აუქციონებს სპეციალური პირობით, კერძოდ, მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გაყიდვის უფლებით. მით უფრო, რომ მათგან ასეთი დაპირება არაერთხელ მოგვისმენია," - ნათქვამია საქართველოს პრესის ასოციაციის მიმართვაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაზეთებშიც დაიბეჭდა. მერის მოადგილე გიორგი ცხაკაიამ "კვირის პალიტრის" თანდასწრებით წაიკითხა ეს მიმართვა და განაცხადა, რომ საქართველოს პრესის ასოციაცია უსამართლოა მერიის მიმართ.

გიორგი ცხაკაია: - “ამ ახალი პროექტის შესწავლის დროს ჩვენ გადავიღეთ "მაცნეს" ათი ჯიხური, სადაც სიგარეტი იყიდება. ტყუილია, რომ  ეს ორგანიზაციები არ ვაჭრობენ სხვა პროდუქციით, თუნდაც სიგარეტით. ამასთან, მედიას ისედაც აქვს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები, ისინი მოგების გარდა არ იხდიან არაფრის გადასახადს (პრესის ბეჭდვა და რეალიზაცია გათავისუფლებულია მხოლოდ დღგ-სგან. დანარჩენ გადასახადებს, უკლებლივ ყველას, მედიაორგანიზაციები ჩვეულებრივად იხდიან. - რედ.). პრესის გავრცელებას ხელი არ ეშლება და არც მათი შეზღუდვის სურვილი აქვს ვინმეს.

- ბეჭდურ მედიას განვითარების საშუალებას აძლევს თუ არა კომერციულად მომგებიან ტერიტორიაზე მაქსიმალურად ბევრი სარეალიზაციო პუნქტი და წამგებიანია თუ არა მისთვის ასეთი სავაჭრო ობიექტების შემცირება?

- კი ბატონო. მაგრამ ვინ რას ამცირებს? გარდა პრესის სარეალიზაციო ჯიხურებისა, ბევრ სუპერმარკეტშიც შეხვდებით ბეჭდვითი მედიის სტელაჟებს. ამასთან, ჯიხურებში შეუძლიათ სხვა პროდუქტის გაყიდვაც. ნებისმიერ ბიზნესს ძალიან მოეწონება ნებისმიერი შეღავათი, მაგრამ მედიისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების პირობებში პრესის რეალიზატორების მხრიდან შეღავათების მოთხოვნა უსამართლობაა.

- სამართლიანი იყო თუ არა ცენტრალური გამზირებიდან პრესის რეალიზატორთა გაყრა და ერთი კომპანიისთვის ტენდერის გარეშე  ადგილების გადაცემა?

- დაპირება შევასრულეთ, ტენდერი გამოცხადდა და შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.

- ის ადგილები ხომ დაკავებულია?

- ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამასთან, ყველა ჯიხურის მეპატრონეს ნებართვა გარკვეული დროით აქვს, როგორც კი ვადა ამოეწურებათ, ყველა ტერიტორიაზე გამოცხადდება აუქციონი. ჯიხურის განკარგვის უფლება ექნება მხოლოდ მას, ვინც აუქციონზე გაიმარჯვებს.

- აუქციონის განაცხადში ნათქვამია, რომ ეს პროექტი ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში. აქციის მონაწილეები კი მიიჩნევენ, რომ კონკურენცია არათანაბარია.

- გლდანში გაიმარჯვა ჩვეულებრივმა ფიზიკურმა პირმა, მან ჯერჯერობით ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა ჯიხურში, ე.ი. კონკურენცია შესძლებია. არსებობდა იდეა, რომ იურიდიულ პირებს არ უნდა ჰქონოდათ აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა. განა იურიდიული პირი თავის რიგებში ფიზიკურ პირს ვერ იპოვიდა და შემდეგ ქვეიჯარით ვერ გადასცემდა ობიექტს? ამასთან, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები გულისხმობს, რომ ყველა  თანაბარ პირობებში უნდა იყოს. საგადასახადო თვალსაზრისით შედარებით უკეთესი პირობები აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს. შესაბამისად, დიდ კომპანიას  ბიზნესის მასშტაბების გაფართოება უფრო ძვირი უჯდება. ათასივე ჯიხურს ვერც მცირე მეწარმე აიღებს და არც მსხვილ ბიზნესმენს გაუჩნდება ამის სურვილი. ამასთან, თუ მცირე მეწარმე ვერ ყიდულობს ძვირად ღირებულ ადგილს, შეუძლია, იაფი შეიძინოს; პირველი აუქციონიდან 11 ლოტი დარჩა გასაყიდი, მეორიდან - 28. საწყისი ფასი კი მხოლოდ ათასი ლარი იყო.

- ე.ი. კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არ არის და ამიტომაც არ გაიყიდა. აუქციონში მონაწილეებს ვერ აუხსნიათ, რატომ თავიდანვე არ იყო ცნობილი ათასივე ლოტის ადგილმდებარეობა. ისინი ამბობენ, რომ ლოტების  ნაწილ-ნაწილ გამოტანა ხელს უშლით, სასურველ ობიექტზე დაიწყონ ვაჭრობა.

- სწორი შენიშვნაა და აუცილებლად გავითვალისწინებთ. ათასი ობიექტი ცოტა არ არის და  მხოლოდ მათი კადასტრულად დასმა არ კმარა. დასასრულებელია დეტალური კვლევა - დაამახინჯებს თუ არა თბილისის არქიტექტურას ან მოძრაობას ხომ არ შეუშლის ხელს?

- ჯერ გადაწყვეტილი არ გაქვთ, რომელ ადგილებს გამოიტანთ კიდევ?

- რა თქმა უნდა. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა.

- ხელშეკრულების მიხედვით, შესაძლებელია თუ არა, ეკონომიკური სიტუაციის ან სხვა მიზეზთა გამო თანხა, რომელსაც ლოტის შესყიდვის დროს გადაიხდის გამარჯვებული, გაიზარდოს ან შემცირდეს?

- შემცირება არ იგულისხმება; გაზრდა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ან ინფლაციის ზრდის დროს იქნება დაშვებული. იმ მოქალაქეებს კი, ვისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტი და ინფორმაციას კომპიუტერით ვერ იღებენ, შეუძლიათ, მობრძანდნენ მერიაში, მეორე სართულზე, სერვისცენტრში, სადაც  მათ დაეხმარებიან სასურველი ობიექტის შერჩევასა და სხვა პროცედურების ჩატარებაში.