"მაესტროს" თიშავენ - კვირის პალიტრა

"მაესტროს" თიშავენ

"საკანი #5" ბევრად უფრო რეიტინგულია, ვიდრე მათი "კურიერი"

ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელის, მამუკა ღლონტის განცხადებით, ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს წესების გარეშე მათთან ბრძოლას. ოპოზიციური ტელეკომპანია უკვე ვეღარ ითვლის ხელისუფლებისგან ნათავაზებ აპერკოტებს და მიუხედავად ძლიერი დარტყმებისა, კვლავაც ფეხზე დგას. მეტიც, "მაესტროს" იმედი აქვს, რომ გაიმარჯვებს. თუმც, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონებში ეტაპობრივად წყვეტენ "მაესტროს" მაუწყებლობას. ითქვა ისიც, რომ ტელეკომპანიას ფინანსური და რეიტინგული პრობლემები აქვს და ამიტომაც ატეხეს აურზაური საზოგადოების ყურადღების მისაქცევადო.

მამუკა ღლონტი: - მკითხველს შევახსენებ, რომ ეს ყველაფერი  რამდენიმე თვის წინ, რუსთავიდან დაიწყო, სადაც სამწლიანი მაუწყებლობის შემდეგ "მაესტრო" საკაბელო ტელეკომპანიის ეთერიდან გამორთეს. ცხადია, დავიწყე რუსთავის საკაბელო ტელევიზიის დირექტორის ძებნა. ეთერიდანაც კი მივმართე, რომ ეს კანონდარღვევა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაა. მხოლოდ ამის შემდეგ დამიკავშირდნენ მისი მეგობრები და მთხოვეს, მისი სახელი აღარ მეხსენებინა, რადგან ზეწოლას ვეღარ უძლებს და არავის აღარ ენახვებაო. ამას მოჰყვა იგივე პროცესი ახმეტის საკაბელო ტელევიზიაში, რის შესახებაც მოვახსენე ამერიკის საელჩოსაც და საფრანგეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ფურნიეს. ხელისუფლებას რეგიონებში ყველაზე მეტად არ აძლევს ხელს ობიექტური ინფორმაციის გახმაურება. გორში, ახმეტასა და რუსთავში უკვე გამოგვრთეს. შესაბამისად, გამიჩნდა ეჭვი, რომ ზეწოლა გაგრძელდებოდა სხვა საკაბელო ტელევიზიებშიც. ასეც მოხდა. ამ დღეებში კი ერთ-ერთი საკაბელოს უფროსმა მითხრა, ათი წუთის შემდეგ რომ გამოგრთო, არ გაგიკვირდეს, ძალიან მძიმე დღეში ვარო. მეც პრევენციულად გავაკეთე განცხადება, "მაესტრო" რომ გამოერთოთ, მერე სამი თვე გაგრძელდებოდა სასამართლო და გარჩევები. ამ დროს არჩევნებიც ჩაივლიდა და ხელისუფლებისთვის აღარ ვიქნებოდით ძალიან არასასურველი, შემდეგ კი, გაიღებდა "მოწყალებას" და ეთერში გაგვიშვებდა. ამასთან, იტყოდნენ, "მაესტრო" ტექნიკური მიზეზების გამო გამოვრთეთო.

- გავრცელდა ხმა, რომ "მაესტროს" ფინანსური და რეიტინგული პრობლემები აქვს და ამიტომაც ატეხა აურზაურიო.

- ხელისუფლებას შევახსენებ, რომ "მაესტრო" არის ტელეკომპანია, რომელიც 15 წელია სატელევიზიო ბაზარზეა და მინიმალური შესაძლებლობებით აკეთებდა იმაზე უფრო რეიტინგულ გადაცემებს, უკეთესსაც, ვიდრე მილიონების ხარჯვით აღწევს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანიები. "საკანი #5"-ის დეკორაცია მხოლოდ ერთი ოთახი და ოთხი რკინის საწოლია, მაგრამ ბევრად უფრო რეიტინგული, ვიდრე მათი "კურიერი" ან მთელი ტელეკომპანია "იმედი". რაც შეეხება რეიტინგის კლებას, ეს ბუნებრივია ზაფხულში. რეიტინგი თანდათან მოიმატებს და ბევრ სიურპრიზსაც ვპირდებით ხელისუფლებას. ფინანსურ პრობლემებზე კი არ ტყუიან, რადგან ზედმიწევნით აკონტროლებენ ჩვენთან შემომავალ თანხებს. ჩვენთან რეკლამის მოტანა იკრძალება. თქვენი გაზეთის მეშვეობით სააფთიაქო კომპანიებს: "ავერსსა" და PSP-ს, "საქართველოს ბანკსა" და "კოკა-კოლას" ვთავაზობთ რეკლამას ერთ ლარად. აბა, ნახეთ, თუ მოიტანენ! ამას როგორ გაბედავენ?!

ჩვენ მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს დავუკავშირდით და ყოველივეს შეფასება ვთხოვეთ.

ზვიად ქორიძე: - რატომ არ უნდა სურდეს ხელისუფლებას "მაესტროს" მაუწყებლობა? ერთადერთი მოტივით, იგი ვერ აკონტროლებს მას. თუ დავაკვირდებით, ხელისუფლებას აქვს ასეთი ტენდენცია, ჯანდაბას, თბილისმა უყუროს, ოღონდ რეგიონებმა არაო.

- მიხეილ სააკაშვილმა გაეროში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ "მაესტროს" სატელიტით მთელ საქართველოზე მაუწყებლობის უფლება მიეცა.

- ხელისუფლებას რომ ჰქონდეს "მაესტროს" მთელ საქართველოში მაუწყებლობის სურვილი, მას კი არ მისცემდა სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიას, რომელიც სულაც არ არის მისი გასაცემი და ძალიან ძვირიც ღირს, არამედ მისცემდა ჩვეულებრივი საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიას, რათა მაყურებელმა ყველგან ნახოს "მაესტროს" გადაცემები. ეს ტელეკომპანიას დაუჯდებოდა იაფი და საზოგადოებაც კმაყოფილი იქნებოდა. ამას არ აკეთებს ხელისუფლება, რადგან ტექნიკური პრობლემა კი არა, ნება არა აქვს. ამიტომაც შესთავაზა სატელიტური მაუწყებლობა, ის, რასაც დამოუკიდებელი ტელეკომპანია ფინანსურად ვერ შესწვდება. ეს პრობლემები არ ესმის საერთაშორისო საზოგადოებრიობას, ამიტომაც, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს ტრიბუნიდან აცხადებს, რომ  საქართველოში ყველაფერი კეთდება დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის აღორძინებისათვის, იქაურ საზოგადოებას სჯერა. ამ დროს კი მას ატყუებენ.

შესაძლოა, ხელისუფლებას არ მოსწონს, "მაესტრო" ან "კავკასია", სადაც ოპოზიციის ხმა ჭარბობს, მაგრამ ეს ტენდენცია აუცილებლად შენარჩუნდება ქვეყანაში, ვიდრე არსებობს ისეთი ტელევიზიები, როგორებიც არიან "რუსთავი 2" და "იმედი". სახელისუფლებო ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, "მაესტრო" და "კავკასია" ცდილობენ, ყოველდღე ჰქონდეთ დებატები და დისკუსია  ეთერში. რამდენადაც ვიცი, არც ერთ მაუწყებელზე, გარდა პირველი არხისა (იმასაც კანონი ავალდებულებს), არ არსებობს საზოგადოებრივი პოლიტიკური ხასიათის ტოქშოუ, მალე იქაც აღარ იქნება.

- როგორ ფიქრობთ, რით დასრულდება ბრძოლა ტელესივრცის გაკონტროლებისთვის?

- "მაესტრო" და "კავკასია" თუ დაიხურა, ეს დემოკრატიული ღირებულებების კრახი იქნება.

როდესაც მხოლოდ ტელევიზიებთან ბრძოლით იყო დაკავებული ხელისუფლება, ამბობდა, გაზეთებს არ ვკითხულობთო. გავიდა ხანი და უცებ დაინახა, რომ ბეჭდური მედია მაინც გავლენიანია, აქვს ტირაჟი და ჰყავს მკითხველი. თავიდან რეკლამის დამკვეთები შეზღუდა, შემდეგ უფრო შორსაც წავიდა, დაიწყო დისტრიბუციის ქსელის მონოპოლიზება, ბეჭდური მედიის გარე ვაჭრობის შეზღუდვა და ხელისუფლების მიერ მართული კომპანიის ჯიხურების ჩადგმა. ახლა ხელისუფლება ამბობს, ქალაქს ვალამაზებთო. მაგრამ ეს არის თეჯირი, რომლის უკანაც იმალება მთავარი იდეა, - ხელისუფლება ხვალ უკვე ამ მონოპოლისტი ჯიხურების კომპანიის სახით დაიწყებს ფასების რეგულირებას. ამჯერად კი ნახეთ რა ხდება? ძალიან ბევრი გაზეთი, რომელიც ბოიკოტს უცხადებს ამ კომპანიას, უცებ ახალი ჯიხურების დახლებზე ჩნდება. როდესაც დავინტერესდი იმით, თუ რა მოხდა, უცნაური რამ აღმოვაჩინე, - ჯიხურები, რომელთა მოგების წყაროს ჟურნალ-გაზეთების საფასურზე დამატებული პროცენტები წარმოადგენს, ძალზე უცნაურად იქცევიან, - თანახმა არიან მოგება არ დარჩეთ,  სხვა მოვაჭრეებისგან ბოიკოტის გამომცხადებელი გაზეთები იყიდონ და იმავე ფასად გაყიდონ. იბრძვიან იმისთვის, როგორმე ეს გაზეთები მათ დახლებზე აღმოჩნდეს და მყიდველი მიიჩვიონ. როდესაც სრულ მონოპოლიზებას მოახდენენ და მხოლოდ ეს ჯიხურები იქნება ბაზარზე, სავაჭრო ტარიფები აიწევს, ასცდება 30-35%-ს, შესაძლოა, მეტსაც. კომპანია გეტყვის, მე ვარ გამავრცელებელი და როგორც მინდა, ისე გავყიდი ან არ გავყიდი საერთოდო. თუ ეს მოხდა, ბეჭდური პრესა, ფაქტობრივად, ვეღარ მივა მკითხველამდე, ან მივა ის, რომელიც ნებით ჩაჰბარდება ხელისუფალთ.

რაში მდგომარეობს ქართული მედიის გადარჩენა? ქართული მედია და საზოგადოება პარტნიორები უნდა გახდნენ. თუ ეს არ მოხდა და ბეჭდურმა მედიამ ისევე მიატოვა თავისი მომხმარებელი, როგორც ელექტრონულმა მედიამ, თუ მანაც გადაწყვიტა, რომ მთავრობასთან ურთიერთობით უფრო უკეთ იქნება, ვიდრე საზოგადოებასთან ურთიერთობით, მაშინ პროცესი მძიმედ განვითარდება.