ისინი თავისუფლები რჩებიან გისოსებს მიღმა, მე კი უკან ვბრუნდები, შეშლილ სამყაროში - კვირის პალიტრა

ისინი თავისუფლები რჩებიან გისოსებს მიღმა, მე კი უკან ვბრუნდები, შეშლილ სამყაროში

"ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა,გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა..."

კენ კიზი

გისოსებს მიღმა შემოდგომაა, შენობაში - ზამთარი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ წელიწადის დროები არასოდეს იცვლება

ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი. შეიძლება ოცი, ოცდაათი ან სულაც - ორმოცი. ყველანი ჩემ ირგვლივ დგანან, გაკვირვებულები, ზოგი გახარებულიც კი. არ ვიცი, რა უხარიათ. ალბათ, ის, რომ უცხო ვარ. უცხოები კი აქ იშვიათად დადიან... ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პირველად ვარ. შენობაში შესვლისთანავე პირველი ხმა, რაც მესმის, ზურგს უკან კარის ხმამაღალი ჯახუნია. შემდეგ ყველაფერი ჩუმდება. ირგვლივ არავინ ჩანს. ქვისიატაკიან დერეფანში მივაბიჯებ, შენობაში თბილა, მაგრამ მაინც მაკანკალებს. ძალიან გრძელ კედლებში შიგადაშიგ რკინის კარებია დატანებული წარწერით: "ნუ იხმაურებთ". სადღაც, შორიდან პიანინოს ხმა ისმის. მგონია, რომ მეჩვენება. ყურადღებას ვძაბავ. მუსიკა ახლოვდება. მიკვირს. გამყინავ სიჩუმეში ეს ძლივს გასაგონი ხმა კიდევ უფრო მაფრთხობს. ვნერვიულობ. არა, მეშინია!.. მრცხვენია იმის, რომ მეშინია.

...ჩემ უკან კიდევ ერთი რკინის კარი იხურება ხმაურით. ერთბაშად ყველა ჩემკენ აბრუნებს თავს. ისინი უზარმაზარ დარბაზში ჩამწკრივებულ გრძელ მაგიდებთან სადილობენ. დაძაბული ვდგავარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ვაითუ, მასპინძლებს ჩემი დაუპატიჟებელი სტუმრობა არ მოეწონოთ. საზარელ სიჩუმეში მხოლოდ ჩანგლისა თუ კოვზის წკარუნი ისმის. ერთ-ერთი, დაჟინებით რომ მიყურებს და თვალს არ მაცილებს, უცებ იღიმება და ხელს მიქნევს. ეს პირველი ნიშანია ჩემთვის. ყველაფერი კარგადაა. მათ მიცნეს, მიხვდნენ, რომ მათიანი ვარ, ერთ-ერთი მათგანი... უკვე მათ შორის ვარ. გარს მეხვევიან. - სიგარეტი ხომ არა გაქვს? - მეკითხება ერთი. ასე, ოცდახუთი წლისა იქნება, ან ცოტა ნაკლების. აქ ყველანი დაახლოებით ოციდან ასე, სამოცდაათ წლამდე თუ იქნებიან. - სიგარეტი არა მაქვს. - და პასტა გაქვს? - აგრძელებს. ჩანთიდან კალამს ვიღებ და ვაწვდი. სიხარულისაგან სახე უნათდება. - მადლობა, რა ლამაზია, - ღიმილით მეუბნება და ჩემს უბრალო საჩუქარს ხელში მაგრად ბღუჯავს. ყველა რაღაცას მთხოვს, - კანფეტი გაქვს?“- სიგარეტი მომე რა, გეხვეწები“...

- რა გვარი ხარ?“- მესმის ჩუმი, ბოხი ხმა. მაღლა ვიხედები, ის ჩემზე ბევრად მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ წელშია მოხრილი. ჩავარდნილი ლოყები აქვს, ოდნავ მოშვებული შავი წვერი და სევდიანი შავი თვალები. - გოგუა, -  ვპასუხობ. - მარგალ რექო? (მეგრელი ხარ?) -  ისევ ისეთი, ჩუმი, სევდიანი ხმით მეკითხება. რატომღაც, ვნერვიულდები. - ქო, - ვეთანხმები მეგრულადვე. ჩემს პასუხზე ოდნავი, სულ ოდნავი ღიმილი ემჩნევა სახეზე და გზას აგრძელებს.

უზარმაზარ დერეფანს მოთეთრო-მოყვითალო სინათლე ანათებს. ეს განათება ისედაც დაძაბულ გარემოს კიდევ უფრო პირქუშს ხდის. გისოსებს მიღმა შემოდგომაა, შენობაში  ზამთარი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ წელიწადის დროები არასოდეს იცვლება.

პატარა ოთახებში სამი ან ოთხი კაცი ცხოვრობს, უფრო მოზრდილებში კი ექვსიც თავსდება. ხელს მიქნევენ, ფოტოს გადაღებას მთხოვენ. ერთი, კედელთან გაუნძრევლად რომ დგას, ჩუმად მომჩერებია. ისევ „გუგულის ბუდე მახსენდება. იქაურ ბელადს მაგონებს. ისეთივე ჩუმია და ტანადაც ძალიან დიდი. ფოტოს ვუღებ. უხარია!

ჰაერს უცნაური, მომჟავო სუნი აქვს. თავიდან მაწუხებდა, მაგრამ ახლა ყურადღებას აღარ ვაქცევ. უკვე ყველა დამიმეგობრდა. ერთ ოთახში მოჭადრაკე ცხოვრობს. ხნიერი კაცია,  ჩაფიქრებული სახით. როცა პარტნიორი არა ჰყავს, ჭადრაკს საკუთარ თავს ეთამაშება.  თამაში იცი? - მეკითხება. ცოტა ხანში უკვე დაფას ვუსხედვართ. უხარია, რომ პარტნიორი იპოვა. ხუთი სვლის შემდეგ ვხვდები, რომ მოგების შანსი არა მაქვს. რამდენიმე სულელურ სვლას მპატიობს, მაგრამ მაინც ვაგებ. ხომ ვამბობდი, შანსი არ მქონდა-მეთქი!

აღმოვაჩინე, რომ მოჭადრაკე მხატვარიც ყოფილა. ნახატები იქვე, საწოლთან უდევს. დაათვალიერე, გადაუღეო, მეუბნება. მეც ვათვალიერებ. მოჭადრაკე-მხატვარს ეშმაკურად ეცინება. ისე, ბავშვები რომ იცინიან ხოლმე, როცა რაიმე ცელქობას ჩაიდენენ. ფერადი ნახატები ეროტიკითაა გაჯერებული. უკვე ყველანი ერთად ვიცინით: მეც და ოთახის ბინადარნიც. - მოდი, გეხვეწები, ამას გადაუღე, - მთხოვს გამხდარი, შუახნის კაცი, ჭაღარა მოკლე წვერითა და კეთილი სახით. წითელი კეპი ახურავს. მიხსნის, ეს პოლიციის ქუდიაო, შემდეგ კეპს კედელზე, ყავისფერი ქუდის გვერდით კიდებს და თან მიხსნის, რომ ეს ყავისფერი სამხედროების ქუდია. ამაყობს თავისი ქუდების კოლექციით.

KvirisPalitra.Geიქ, სადაც ახლა ვარ, მხოლოდ კაცები ცხოვრობენ. განსხვავებულები არიან ეროვნებით, რელიგიით, ასაკით, წარსულით... უჩვეულოა, რომ ეს ხელს არ უშლით, ერთ ოთახში მშვიდობიანად იცხოვრონ. ერთსა და იმავე ოთახში ერთ ტუმბოზე ქრისტიანული ხატები აწყვია, ხოლო მის გვერდით, მეზობელ საწოლთან, იეღოვას მოწმეების ჟურნალი. გაკვირვებული ვარ, ამ ადამიანებს აქ საკუთარი მშვიდობა აქვთ, საკუთარი თავისუფლება...

მას შემდეგ, რაც ზურგს უკან კიდევ ერთი რკინის კარი იხურება, კიდევ ერთ ისეთ რამეს ვპოულობ, რაც გარეთ ძალიან მაკლდა. ფერებს! დერეფნები, რკინის კარები და გისოსები აქაც იგივეა, როგორც ქვედა სართულზე. მხოლოდ ორი რამაა განსხვავებული: აქ მხოლოდ ქალები ცხოვრობენ და აქაურობა ძალიან ფერადია.

ოთახი ყველას საკუთარი გემოვნებით აქვს მოწყობილი. ერთმა განსაკუთრებით დამაინტერესა. ღია კარში სადა, გაცვეთილი, მოყვითალო ფარდაა ჩამოკიდებული. კართან სკამი დგას და ზედ მოქსოვილი, წითელი ნაჭერი აფენია. ოთახი სულ ფერადი ნახატებითა და ქსოვილებითაა მორთული. საწოლთან მოლბერტი დევს, მოლბერტზე - დაუსრულებელი ნახატი. მაგიდაზე წყლიანი ბოთლია, რომელიც, სავარაუდოდ, ადრე ისევე ჩვეულებრივი იყო, როგორც მინის ყველა სხვა ბოთლი. ახლა კი იგი წითელი კოპლებითაა მოხატული. ამ ყველაფრის შემოქმედს ამავე ოთახში სძინავს. გული მწყდება, რომ ვერ ვესაუბრები. ალბათ, თუ აქ ოდესმე დავბრუნდი, აუცილებლად გავესაუბრები. ისევ დერეფანში ვბრუნდები. სულ რამდენიმე წუთის წინ ცარიელი სივრცე ახლა ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ქალებითაა სავსე.

ირგვლივ განსხვავებული სახეებია, მოღიმარი, მაგრამ სევდიანი თვალებით.

- А ты на моего брата похож (ჩემს ძმას ჰგავხარ), - ჩუმად მეუბნება ერთი, გეგონება, ვიღაცისაგან საიდუმლოს მალავსო. შევამჩნიე, რომ აქ ბევრი რუსულად ლაპარაკობს და ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს ერთად.

KvirisPalitra.Geთავიდან მეგონა, რომ ფოტოების გადაღება გამიჭირდებოდა, მაგრამ შევცდი. - მოდი, აქეთ გადაგვიღე გოგოებს, შემოგვხედე! - მესმის ყველა მხრიდან. - მოიცა, მოიცა, ჯერ არ გადაიღო, პომადა უნდა წავისვა, - მეუბნება მრგვალსახიანი ქალი. უჯრიდან პომადას იღებს, ფანჯარასთან მიდის, გულმოდგინედ იღებავს ტუჩებს და თავის საწოლს უბრუნდება, რომ კარგი სასურათე პოზა მიიღოს. ფოტოს ვაჩვენებ. უხარია. ალბათ, მოსწონს საკუთარი თავი. მენანება ეს ფოტოები, რადგან ვიცი, უმეტესობას ვერ დავბეჭდავ. არც ერთი პორტრეტის გამოქვეყნების უფლება არა მაქვს, რადგან მათზე ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები არიან გამოსახული.

ამ საავადმყოფოში უკვე ორი საათი გავატარე. ის შეგრძნება კი, ზურგს უკან პირველი რკინის კარის გაჯახუნებისას რომ გამიჩნდა, კიდევ უფრო ძლიერდება. ეს უჩვეულო თავისუფლების შეგრძნებაა - რკინის გისოსებს შორის მოქცეული თავისუფლების. ორი საათის წინ ჩემი წარმოდგენა ცხოვრების შესახებ თავდაყირა დადგა... და ეს მაშინ მოხდა, როდესაც სასადილო დარბაზში ჯერ კიდევ გაშეშებული ვიდექი მასპინძლების რეაქციის მოლოდინში: - გადამიღე, - მომესმა უკნიდან. მოვბრუნდი. კუთხეში, ძველ პიანინოსთან მუსიკოსი იჯდა, გრძელ, წვრილ თითებზე ასხმული რკინის ბეჭდები კლავიშებზე ელაგა. მივუახლოვდი თუ არა, დაკვრა დაიწყო. რუსულად მღეროდა: "А нам все ровно". "ჯანდაბა,   გავიფიქრე, - მისთვის ხომ მართლა ყველაფერი სულერთია, აქ მისთვის სხვა ცხოვრებაა, ყველასაგან მოშორებული, განცალკევებული. ის კი მაინც ხალისიანად უკრავს!" მაშინ ეს ჯერ კიდევ არ მესმოდა... ვერც კი შევამჩნიე, ისე აიშალნენ სასადილო მაგიდიდან და გარს შემომეხვივნენ. მუსიკოსმა დაკვრა შეწყვიტა და მისი ადგილი მეორემ დაიკავა: "უშანკა" ეხურა, ტანმორჩილი იყო. მგონი, რუსი უნდა ყოფილიყო. მორიგი კადრების გადასაღებად ვემზადებოდი და უცებ გავშეშდი. არა, ეს შიში აღარ იყო, არც ნერვიულობა და არც სხვა რამ... ერთ წამში აღმოვაჩინე, როგორ ინარჩუნებენ ეს ადამიანები სიცოცხლის ხალისს! ალბათ, იმ წამს თვალები საოცრად მქონდა გაფართოებული და პირიც დაფჩენილი, მაგრამ არ ვიცი, არ მახსოვს. მაშინ ოთახში მხოლოდ მე, "უშანკიანი" პიანისტი და ჯონ ლენონი ვიყავით. არავინ მღეროდა, მხოლოდ კლავიშების ხმაში შემეძლო გამერჩია „You may say, that I am a dreamer, but I am not the only one. I hope some day, you’ll join us and the world will live as one" ("შეიძლება იფიქროთ, რომ მეოცნებე ვარ, თუმცა მე არა ვარ მარტო. იმედია, მალე შემოგვიერთდებით და მთელი მსოფლიო იცხოვრებს, როგორც ერთი").

....მას შემდეგ ორი საათი გავიდა. ჩემ უკან რკინის კარი უკანასკნელად იხურება. ისინი თავისუფლები რჩებიან გისოსებს მიღმა, მე კი უკან ვბრუნდები, შეშლილ სამყაროში.

(სიუჟეტი იხილეთ palitratv.ge-ზე)

გიორგი გოგუა