"იქნებ, შევძლო ცხოვრების თავიდან დაწყება" - კვირის პალიტრა

"იქნებ, შევძლო ცხოვრების თავიდან დაწყება"

რედაქციაში ბევრი წერილი მოდის. მკითხველი გულწრფელად გვიყვება თავის სატკივარზე, გვთხოვს რჩევას... თუმცა სჯობს რამდენიმე წერილი გაგაცნოთ და მიხვდებით, რატომაც გვიმხელენ ადამიანები პირადულ ამბებს...

"ერთი გზააბნეული კაცი ვარ. ზოგჯერ ისე წავქცეულვარ, მიფიქრია, ვეღარასოდეს ავდგები-მეთქი. ხშირად სირთულეებსაც გავქცევივარ... მრცხვენია, მაგრამ რადგან წერილს გწერთ და ჩემს შეცდომებს ვაღიარებ, გულის სიღრმეში მიხარია კიდეც - მთლად ლაჩარიც არ ვყოფილვარ.

ციხეშიც ვიჯექი, გამოუსწორებელი ნარკომანიც ვიყავი. დედ-მამის თხოვნით ნარკოლოგიურ კლინიკაში ვმკურნალობდი. ჩემმა მშობლებმა რა არ სცადეს, რომ თავი დამენებებინა წამლისთვის. ახლა ნელ-ნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან. ხომ ხედავთ, იმდენი გავბედე, რომ თქვენ გწერთ.

მართალი გითხრათ, ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ უმეტესწილად ქალბატონები გწერდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ქალს ნაკლებად უჭირს თავის სატკივარზე წერა, ისინი მამაკაცებზე გულგახსნილები არიან; არადა, ზოგჯერ კაცებს უფრო მეტად სჭირდებათ გულის დაცლა. ქალებს ათასნაირი ხერხით შეუძლიათ დარდის გამოხატვა და გაქარვება, კაცებს კი ეს არ გვეადვილება. კარგია, რომ თქვენი რუბრიკა საშუალებას აძლევს ადამიანს, ბოლომდე ამოთქვას ის, რაც აწუხებს და თან ისე, რომ ბევრისთვის მისი ვინაობა საიდუმლოდ დარჩეს...

სიყმაწვილეში კალათბურთს ვთამაშობდი, დიდ მომავალს მიქადდნენ, მაგრამ ერთხელ შევცდი და მას შემდეგ გზა და კვალი ამერია. უბნის ბიჭებმა მითხრეს, - ამ ცხოვრების გემოს ისე ვერ გაიგებ, ყველაფერი თუ არ გამოცადეო. 18-19 წელი ხომ იცით, რა ასაკია. ჰოდა, უკან არ დავიხიე, მინდოდა, ჩემი სიმამაცე მეჩვენებინა უბნელებისთვის. ამას მეორე მოჰყვა, მესამე და წამალზე "შევჯექი". რაღა თქმა უნდა, მწვრთნელმა შემამჩნია და გამაფრთხილა, მერე მამაჩემიც დაიბარა. რაღაც უნდა ვქნათ, თორემ ბიჭი დაიღუპებაო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი შველა უკვე შეუძლებელი იყო.

სპორტიდან წამოსულმა ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და პირველ ადგილზე ნარკოტიკი დავაყენე. ჩემი ოჯახი ყველანაირად მეწინააღმდეგებოდა, დედა მეცოდებოდა და ოთხი წლის მერე მის თხოვნას დავმორჩილდი. კიევში სამთვიანი მკურნალობის შემდეგ წამალზე უარი ვთქვი. უკვე 24 წლის ვიყავი, სასწავლებელშიც აღმადგინეს, დავამთავრე სამხატვრო აკადემია. მერე ცოლად შევირთე ის გოგო, რომლის გულისთვისაც მზად ვიყავი, წყალში გადავვარდნილიყავი... საუბედუროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი ბედნიერება. ერთხელ ძველ ნაცნობებს შევხვდი და... ძველმა ჩვევამ მძლია. მაკა, ჩემი ცოლი, კარგა ხანს ვერ მამჩნევდა ვერაფერს, მან არც ჩემი წარსულის შესახებ იცოდა რამე, მაგრამ მშობლებმა მალე შემატყვეს, რაც მჭირდა... მამა  სულ მეჩხუბებოდა, შინ ყოფნა აღარ მინდოდა. იმასთან ვცხოვრობდი, ვისთანაც კარგად ვგრძნობდი თავს.M მივხვდი, რომ სასწორზე დავდე ცოლ-შვილი, მშობლები და ახლობლები და წამალი. წამალი ვარჩიე. მაკა გამშორდა, მოგვიანებით ციხეში მოვხვდი (გარდა მოხმარებისა, რამდენჯერმე წამალი გავყიდე კიდეც), ციხიდან გამოსულს დედამ ზურგი არ შემაქცია და ჩემს გამოსაბრუნებლად ბრძოლა გააგრძელა. თბილისშიც ვიმკურნალე... რთული პერიოდები მქონდა, ორჯერ თავის მოკვლაც კი ვცადე, მაგრამ ჩემ გვერდით ისევ და ისევ დედა იდგა...

კარგა ხანია წამალს არ გავკარებივარ.  დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა - აღარც გავეკარები. ერთმა ნაცნობმა გამაგონა, -გამოსწორებული ნარკომანი არ მინახავსო. მინდა ყველას დავანახვო, რომ ეს შესაძლებელია. არანაირი მკურნალობა არ უშველის ნარკომანს, თუ თავად არ შეუძახა თავს და არ მოინდომა. მინდა, ჩემს 15 წლის გოგონას არ შერცხვეს, რომ მამამისი ვარ...

მინდა თავიდან დავიწყო ცხოვრება. ჩემ გვერდით ახლა არის ადამიანი, რომელიც მენდობა და სჯერა ჩემი. არც მას, არც ჩემს მშობლებს, არც ჩემს შვილს არ გავუცრუებ იმედებს. ალბათ, არ არის გვიან, აღარ მინდა წარსულში დაბრუნება, ცხოვრება თავიდან უნდა დავიწყო.

დათო, თბილისი"