"სიბერეში სიყვარული რომ გეწვევა განა სირცხვილია?" - კვირის პალიტრა

"სიბერეში სიყვარული რომ გეწვევა განა სირცხვილია?"

რამდენიმე დღის წინ ერთი მამაკაცი შემეხმიანა, - მე თქვენი აქტიური მკითხველი ვარ.  წერილი რომ მოგწერეთ, ალბათ იფიქრეთ, ეს ბერიკაცი გამოჩერჩეტებულა, რაღა დროს ამის სიყვარულიაო და იმიტომაც არ დამიბეჭდეთ.მოვუბოდიშე. ისიც ვუთხარი, შეუძლებელია ყველა შემოსული წერილის გამოქვეყნება-მეთქი. დავიჯერო, სხვებსაც ჩემნაირად უყვართო? - და თავაზიანად დამემშვიდობა. გადავწყვიტე, ხელმეორედ მივბრუნებოდი წერილს...

ბატონი ალექსანდრე წალენჯიხიდან არის, ისტორიას ასწავლის. რამდენიმე წლის წინ, ხანდაზმულს, სიყვარული ეწვია. კარგა ხანს მალავდა  გრძნობას, მაგრამ ის მაინც გახმაურდა. ზოგმა დასცინა, ზოგმა - რაღა დროს შენი ეგეთებიაო... მან კი განიზრახა, ჩვენთვის გადაეშალა გული:

"მეორე სიყვარული 57 წლის ასაკში მესტუმრა. სკოლაში ახალი მასწავლებელი გამოგზავნეს. თეო (სახელი შევცვალე) მოვიდა და გაზაფხულმაც უცებ შემოაბიჯა. ამბობენ, ერთი ნახვით შეყვარება ეფექტზეა დაფუძნებული და მალევე გადისო. არაფერიც. როგორც კი თეო დავინახე, ირგვლივ ყველაფერი გალამაზდა.

ცოლი ადრე გარდამეცვალა. მეორედ დაქორწინებაზე არც მიფიქრია - შვილები დამეჩაგრება-მეთქი. მარტომ გავზარდე გოგონები. ორივე გათხოვდა. უკვე შვილიშვილებიც მყავს. ქალიშვილები სულ  მეუბნებოდნენ, - ცოდო ხარ, ცოლი მოიყვანე, ხომ ხედავ, ხშირად ვერ გაკითხავთო. უარს ვამბობდი. არავინ მინდოდა. როცა შვილებმა გაიგეს ჩემი სიყვარულის ამბავი,   შეფიქრიანდნენ და მითხრეს, - რაღა დროს შენი სიყვარულია, ნუ შეგვარცხვენო. არადა, თეო ჩემს ცოლობას სულაც არ აპირებს - ის უკვე ჩვენი სკოლიდან წავიდა. Gგული დამწყდა, მაგრამ პატარა ბიჭივით უკან დევნას ხომ ვერ დავუწყებდი? ახლა 65 წლის ვარ, თეო ისევ ისე მიყვარს, როგორც ადრე. ვიცი, ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია, მაგრამ გულს ვერაფერს ავუკრძალავ. ის ისევ გაუთხოვარია, მე მას არაფერს არ ვთხოვ, არც ვაწუხებ. ჩავდივარ რაიონის ცენტრში, მივდივარ იმ სკოლაში, სადაც ის მუშაობს, შორიდან დავინახავ და უსაზღვროდ კმაყოფილი ვბრუნდები უკან. არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მე ამ სიყვარულით ბედნიერი ვარ. ვისაც ეს გრძნობა არ გამოუცდია, ვერ გამიგებს და დამცინებს, მაგრამ მე ამ გრძნობის არ მეთაკილება.

დაბოლოს, მინდა გითხრათ: სიყვარული ყველა ასაკში შეიძლება გეწვიოთ და სულაც არ არის სირცხვილი, მთელი გულითა და სულით, უანგაროდ რომ გიყვარდეთ.

პატივისცემით,

ა. ფირცხალავა