"სამშობლო, რომელშიც აღარ დამედგომება..." - კვირის პალიტრა

"სამშობლო, რომელშიც აღარ დამედგომება..."

"ღმერთო, უკვე 90-იანი წლებია! ჩვენთვის მშიერი, საძაგელი, მარცხით სავსე წლები..."

6 ნოემბერს გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა კარლო კაჭარავას გამოფენა სახელწოდებით "მეფეები და პოეტები", რომელზეც წარმოდგენილი იყო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი 41 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. პირველად გამოიფინა მხატვრის პირადი დღიურები და 80-90-იან წლებში მოხატული 5 ალბომი.

კარლო კაჭარავა 1994 წელს, ძალიან ახალგაზრდა (30 წლისაც არ იყო) გარდაიცვალა. ალბათ, ამიტომაც არ იცნობს ბევრი. ამბობენ, რომ ის იყო უდიდესი ინტელექტის მქონე მხატვარი, პოეტი, თეორეტიკოსი, არტკრიტიკოსი, ფილოსოფოსი და თურმე, 80-90-იანი წლების არტპროცესების ერთგვარი მმართველიც კი... დრო, რომელშიც ცხოვრობდა, შესანიშნავად ჩანს მის ფერწერულ ნამუშევრებსა და ჩანაწერებში:

KvirisPalitra.Ge"ვგრძნობ, რომ კი არ ვცხოვრობ ჩემი საქმეებით, მოძრაობებით და ლაპარაკით, არამედ ეს ყველაფერი მაცხოვრებს, თავის ნაწილად მხდის. ეს ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად არსებობს, თუმცა ეს ყველაფერი ისევ ჩემშია...…

დღეს 19 ოქტომბერია, ჩვეულებრივი, სულელური დღე. ე.წ. ახალ გალერეასთან მხატვრები იდგნენ ჰონორარის მიღების იმედით. ყველა ერთმანეთზე უარესად გამოთაყვანებული. მეტროში ერთი და იგივე ჯოჯოხეთია, გულისრევის გრძნობაა და შიში, ზიზღი და სხვა არაფერი. ქუჩაში სრული ქაოსია. ამ დამპალ ქვეყანაში, ერთმნიშვნელოვნად უინტერესოა ნებისმიერი აზრი, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ცხოვრების ელემენტარული პირობები არ გამაჩნია ამ დაწყევლილ ქვეყანაში, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩემი სამშობლო ჰქვია.…ჯობს, ლიტერატურულ-მხატვრული მითის აურის თანხლებით ცხოვრობდე, ვიდრე სრულიად მარტო დარჩენილი შენს დრამასთან, შენს შიშებთან და შიშნარევ ხილვებთან. გარემოში არაფერია სინტერესო, თუკი მასში შენ თავად არ გაგაჩნია რაღაც თანმიმდევრული. რა სავალალოა, რომ პროვინციალიზმი (რომელიც არასოდეს ყოფილა ჩვენში) ჩემი თაობის დამაბრკოლებელ, შესაზარ თანამგზავრად იქცა. ჩვენ, ქართველები, ფანატიკურად ჩამოვრჩით ყველაფერს. ის, რაც ახლა ხდება ჩვენში, ჩვენი მტრების წაქეზებულია. საერთოდ ბოლოს გვიღებს, გვალპობს...  რა დროს ეს არის, ეს დილეტანტური პოლიტიკოსობა და ნაციონალისტური ლოზუნგებით ბოდვა. არ ყოფილა ჩვენი საშველი. სამშობლო, რომელშიც ჩემნაირებს აღარც დაედგომებათ ცოტა ხანში. ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება, ვშიშობ, თითქმის ვერ ასატანად...

1993 წლის 9 აგვისტო. დღეს ხელფასი ავიღე - 6.400 კუპონი. სიგარეტის ყიდვა მინდოდა. ფასები საშინლად არეულია.… ჩემი შემოსავალი წელიწადში 25 დოლარია. დღეს„"იბერვიზიით" გადმოსცეს, საქართველოში ეკონომიკური აღორძინება ამერიკის სენატის პროგნოზით, 1997 წელს დაიწყებაო. მანამ გაძლებას მართლა კარგი გაძლება უნდა. ამ მკვდარ ქალაქში ჩემი არაფერია, ალბათ, მომიწევს აქაურობის დატოვება. ღმერთო, უკვე 90-იანი წლებია! ჩვენთვის მშიერი, საძაგელი, მარცხით სავსე წლები..."…

...2 წლის შემდეგ ის ანევრიზმით გარდაიცვალა.

დავით ჩიხლაძე, პოეტი: - “კარლო მოსკოველი არტისტების ხშირი სტუმარი იყო. მას ერთი მომხიბვლელი 16 წლის კატია შეუყვარდა, დღეს ის მომღერალია. მას ვიღაც მდიდარი არაბი ბიზნესმენი ეარშიყებოდა, ყოველ საღამოს ფეშენებელურ რესტორნებში ეპატიჟებოდა. კარლო ასეთ დროს ინტელექტუალურ წუწუნს დაიწყებდა ხოლმე, რომ "პროლეტარები" ყოველთვის ასეთი დაჩაგრულები არიან, რომ ქალები მათ არასოდეს სწყალობენ. მაგრამ გულს მაინც არ იტეხდა. "კატია არაბთან ერთად სადმე რომ მიდიოდა, კარლოც თან მიჰყვებოდა, მოსვენებას არ აძლევდა. ჰოდა, წინ არაბი მიდიოდა, უკან - კატია, სულ ბოლოს კარლო მისდევდა და გაუჩერებლად უყვებოდა მათ მხიარულ და სევდიან ისტორიებს"... კატია კი მართლა უყვარდა. მოსწონდა ეს გოგონა, რომელსაც უბრალო თეთრი ლაბადა ეცვა და უსაზღვროდ უხაროდა, თუ სტუმრობისას კარლო მისთვის ერთ ქილა მაწონს გამოაყოლებდა... წინათგრძნობაც ჰქონდა, რომ მისი ცხოვრება დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. ამბობდა, დიდხანს ვერ ვიქნებიო... გვიკვირს, როგორ მოასწრო ამდენის შექმნა.

მისი ნამუშევრების გამორჩეულ ნაწილს ერთი და იგივე თარიღი აქვს - "1986 წელი. მაისი." განსაკუთრებული არაფერი მომხდარა მაისში, გარდა იმისა, რომ მაშინ დაამთავრა სამხატვრო აკადემია. ერთ დღეში შეუქმნია 25 ნამუშევარი.

KvirisPalitra.Geკარლოს გარდაცვალების შემდეგ საქართველოსა და აშშ-ში მოეწყო მისი ნახატების 8 პერსონალური გამოფენა. სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია. მისი შემოქმედება მოიცავს 40-მდე სამეცნიერო სტატიას, 900-მდე ფერწერულ და 3700-მდე გრაფიკულ ნამუშევარს, 1500-მდე ლექსს, 4 პოემასა და დაუმთავრებელ წიგნს.

კარლო კაჭარავა ასე ხედავდა დროს, რომელიც მის ქვეყანაში დგებოდა: "ჩვენში ამერიკანიზაცია ინერგება და ჯერჯერობით მხოლოდ ყველასათვის ვერმისაწვდომ”"კოკა-კოლას", შოუ-ბიზნესის პროდუქციის ტელეფრაგმენტების, მდარე ან სულაც უხარისხო ტრილერების, ან დეტექტივების და პორნოგრაფიის მოძალებას გულისხმობს. ყველაფერი ამერიკული იდეალიზებულია და იდენტიფიცირებულია დახვეწილ გემოვნებასთან - ყველაფერი ამერიკული ძვირია და შესაბამისად, ელიტარულია. ყველანი იმ გარემოცვაში ვცხოვრობთ, რომელიც ძალიან წააგავს "ოსკარის" ცერემონიის დროს მთელი დღის განმავლობაში მომლოდინე ბრბოს, რომელშიც წარუმატებლობის გამო მეოცნებეებად ქცეულნი უსაზღვრო ბედნიერებას განიცდიან, თუკი მოახერხებენ შერონ სტოუნის თმის ან მკლავის, ან სხვა რომელიმე ვარსკვლავის ვითომ უნებლიე ჟესტის დანახვას..."

ეს დრო გრძელდება, კარლო კაჭარავას ესეები კი უფრო მეტად აქტუალური ხდება...