მზიანი აფხაზეთის უმზეო გაზაფხულები - კვირის პალიტრა

მზიანი აფხაზეთის უმზეო გაზაფხულები

მანანა გოგოხია პირველი აფხაზი ჟურნალისტია, ვინც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ თვრამეტწლიან დუმილს არღვევს და ინტერვიუზე გვთანხმდება.

- მზიანი აფხაზეთის უმზეო გაზაფხულები და ომით ჩამომდგარი, დაუსრულებელი ზამთარი; ბავშვობის გაყინული ფერები და მზერა წარსულისაკენ, სადაც მუდამ გაზაფხულია -  ასეთია მანანა გოგოხიას აფხაზეთი.

ქართველ და აფხაზ ჟურნალისტებს ერთმანეთთან სასაუბროდ არც საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობა დაგვჭირვებია და არც ოკეანის გადალახვა. თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. აქცენტმა გასცა"... გაღმა მხრიდან" გადმოსული შინაური გულში ჩავიკარი... შემდეგ კი ნდობის აღდგენაზე, ქართველებისა და აფხაზების დაახლოებაზე ვსაუბრობდით, თან ,,კვირის პალიტრაში"" ჩვენი შერიგების შესახებ დაბეჭდილ პუბლიკაციებს ვაცნობდი... ეს სტატიები (და საერთოდ, ქართული პრესა) მანანასთვის უცნობი და მოულოდნელი აღმოჩნდა.

- ძმათამკვლელ ომში გამარჯვებული არ არსებობსო... მე ამ ომში დავმარცხდი, შენ?

- მეც დამარცხებული ვარ!.. ომში ყველა თავისას კარგავს. 18-დან 40 წლამდე პერიოდი საუკეთესოა ადამიანის ცხოვრებაში; ეს ის წლებია, როცა გინდა, ვარსკვლავებს მისწვდე... სამწუხაროდ, ჩემი ვარსკვლავები ომის ღრუბლებმა დაფარა... სამაგიეროდ, როცა  ბავშვობას ვიხსენებ, ზამთარს ვერ ვხედავ, ამიტომ სულ წარსულისკენ ვიხედები - იქ მხოლოდ გაზაფხულია!.. მიყვარდა თეთრი ბაფთები, გუაშით გამოყვანილი ფერები, რატომღაც, - სხვისი ეზოს ყვავილები... ომმა მძიმე ნაკვალევი დამიტოვა და მიჭირს მისგან თავის დაღწევა. ასე მგონია, ბავშვობა გაიყინა ჩემში და დღესაც დიდი ბავშვი ვარ!...

- შენთვის ომი როგორ დაიწყო?

- ...თვრამეტი წლის ვიყავი. შემოტევა ყველა მხრიდან დაიწყო, საავტომობილო ტრასაზე ხალხის ტევა არ იყო, ტანკებითა და "ბეტეერებით" კუბოები გადაჰქონდათ... ხალხი ოჯახის მარჩენალ პირუტყვს მიერეკებოდა. ვერტმფრენები გუგუნებდა... უკუნი ღამე იყო... გასაქცევ გზას ყველა ხედავდა, ოღონდ არავინ იცოდა, სად მიდიოდა ეს გზა...

- ენგურგაღმა დიდხანს იცხოვრე?

- ზუგდიდსა და მის მიმდებარე სოფლებში თითო ოჯახი ორმოცდაათამდე დევნილს იფარავდა. ახლა ნამდვილად ვიცი, რა არის ომი!.. შერყეული ჯანმრთელობით, ფსიქიკით (რომლის აღდგენა, ალბათ, არც ხერხდება) და ნაცრისფერი დღეებით ომი ისევ არის ჩემში... სამი თვე ვიმუშავე ჭითაწყარის საშუალო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად. შევიყვარე იქაურები და მათგანაც სიყვარულისა და მზრუნველობის მეტი არაფერი მიგრძნია.

- აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ რას საქმიანობ?

- თავდაპირველად ბაღში დავიწყე მუშაობა,  შემდეგ კი - სოხუმში გამომავალ "ნუჟნაია გაზეტაში" (ეს გაზეთი ყველაზე პოპულარულია აფხაზეთში). ვმონაწილეობდი ენგურთან გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებებში. ვმუშაობდი ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციაში; გავემგზავრე ამერიკაში საერთაშორისო ჟურნალისტიკის კურსებზე, საიდანაც მდიდარი გამოცდილებით დავბრუნდი. მას შემდეგ ბიჭვინთაში ჟურნალისტთა სემინარებსა და ტრენინგებში ვმონაწილეობ.

- არასამთავრობო ორგანიზაცია "სპექტრი", რომელსაც შენ ხელმძღვანელობ, უწყობს თუ არა ხელს კონფლიქტის მოგვარებას და ადამიანთა ნდობის აღდგენას?

- "სპექტრი" 12 წლის წინ შეიქმნა. პირველი პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარა გაეროს მისიის პოლიტიკური მრჩეველი, იტალიელი მაურიცია ჯენკინსი. მისი ხელშეწყობით გალის კულტურის სახლში დაიდგა "კომბლე"  ქართულ და რუსულ ენებზე. თოჯინები და დეკორაციები თბილისიდან ჩამოგვიტანეს. ჩემი პროექტით აფხაზეთში გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა, შემდეგ წიგნების ფონდს შეემატა აფხაზური, რუსული და ინგლისური წიგნებიც. შვეიცარიული დონორი ორგანიზაციის ხელშეწყობით აფხაზეთის შვიდი რეგიონიდან ჩამოყვანილი მოზარდი ფეხბურთელები ხუთი დღე ცხოვრობდნენ გალში, ქართველი თანატოლების ოჯახებში. იმავე ორგანიზაციის ხელშეწყობით დავეხმარეთ ინვალიდ და ობოლ ბავშვებს. ვაქვეყნებდი მასალებს ჟურნალ "დიალოგში", რომელიც ძირითადად წარმატებულ აფხაზ ქალებზე წერს.

- საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ როგორ იღებთ ინფორმაციას?

- ერთადერთი წყარო ქართული ტელეარხებია, რომელთა ინფორმაციები ვერაფრით უწყობს ხელს ომით მიყენებული ჭრილობების მოშუშებასა და ნდობის აღდგენას.

- ქართულ პრესაზე რას იტყვი?

- გამოგიტყდებით, ქართულ პრესას ვერ ვკითხულობ. აქამდე არც კი ვიცოდი, რომ ნდობის აღდგენის, შერიგების თემაზე ამდენი წერილი იბეჭდებოდა. მოულოდნელი იყო ის ვიდეოკადრები, რომლებიც თქვენ მაჩვენეთ; ძალიან ამაღელვა 16 წლის ოჩამჩირელი დამწვარი გოგონას - ქრისტინა კალატალ-ოღლის თბილისში ხელმეორედ დაბადების ისტორიამ, ოჩამჩირელი ალიკ თარბას გადარჩენის ამბავმა. აფხაზეთში არასამთავრობო სექტორმაც კი არაფერი იცის ამ ფაქტების შესახებ...

- ენგური ვერ ყოფს ომით დაშორებულ ადამიანებს. რას ნიშნავს შენთვის "საზღვარი" ენგურზე"?

-  სანამ ორივე მხარეს შიში და უნდობლობა არსებობს, საზღვრები აუცილებელია. თუმცა საზღვარი ენგურზე მართლაც ვერ ყოფს ადამიანებს - ამის მაგალითებზე ჩვენ ვისაუბრეთ. მხოლოდ ერთს დავამატებ: ამას წინათ ორი ქართველი სასიძო (ერთი იმერეთიდან, მეორე - გურიიდან) მაყრით მოადგა ენგურის საზღვარს პატარძლების წასაყვანად. აფხაზმა მესაზღვრეებმა და საბაჟოს თანამშრომლებმა საზღვარი გახსნეს... ქორწილში ისე მოილხინა მაყრიონმა, წამოსვლა აღარ უნდოდათ...

- როგორია აფხაზი ხალხი 18 წლის შემდეგ - აგრესიულია თუ იარები დრომ მოაშუშა?

- როდესაც თბილისში სამკურნალოდ ჩამოვდივარ, ამ კითხვას ხშირად მისვამენ და ყოველთვის ვღიზიანდები. აფხაზი ხალხი ისეთივეა, როგორიც იყო და საერთოდ, კავკასიელები წეს-ჩვეულებების მტკიცედ დამცველი, ღირსეული ხალხია. მათ ერთნაირი შეგრძნებები აქვთ - ერთნაირად უყვართ და სტკივათ!.. როდესაც აფხაზებს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, ასე მგონია, შიგნით ყველაფერი მეწვის, იგივე მემართება, როცა  ქართველების აუგს მეუბნებიან!

- უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამას წინათ ბრძანა: ეს ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ წარმოებული ომი იყო და არა მათ შორის კონფლიქტიო...

- განა შეიძლება არ დაეთანხმო პატრიარქს! ანჩოუ პაჰატ (უფალი გფარავდეს. -  აფხ.)!

- იმ მღვდელმსახურს თუ იცნობ, ვინც საქართველოსგან მოწყვეტილ ნაწილში ლოცვისას კათოლიკოს-პატრიარქს - ილია მეორეს იხსენიებს?

- მამა მათე ტუჟბას? რა თქმა უნდა, ვიცნობ, ლოცვას აფხაზი მღვდელი ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე აღავლენს; მას უყვარს უფალი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს და მრევლსაც უყვარს მამა მათე.

- როგორია დღევანდელი სოხუმი, რომელიც ჩვენ ძალიან გვენატრება?

- სოხუმი თავის ადრინდელ სახეს ნელ-ნელა იბრუნებს, თეთრი სამოსით ირთვება.  თანდათან ქრება ომის კვალი.

- მოგვიკითხე ზღვა... მოგვიკითხე სოხუმი... გაგრა, ბიჭვინთა, გულრიფში, ოჩამჩირე... და ომით გულნატკენი, ჩვენი აფხაზი ხალხი...