ნიცშეს "ფსიქოლოგიის მასწავლებელი" - კვირის პალიტრა

ნიცშეს "ფსიქოლოგიის მასწავლებელი"

ძალიან ძნელია, ქართველ მკითხველს რამე ახალი უთხრა დოსტოევსკიზე, მით უმეტეს მცირე საგაზეთო წერილში. მაგრამ "ძმები კარამაზოვები" დოსტოევსკის იმ იშვიათ ნაწარმოებთაგანია, რომელსაც ყველაზე ნაკლებად იცნობს ქართველი მკითხველი ("ქართველ მკითხველში" ამ შემთხვევაში ქართულენოვან მკითხველს ვგულისხმობ), რადგან იმ ეპოქაში, როდესაც ჩვენში წიგნის კითხვა მხოლოდ ზოგიერთი ჩვენგანის "ჰობი" კი არა, ყველასათვის ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, ამ რომანის ქართული თარგმანი არც არსებობდა (თუმცა, მაშინ უმეტესობას რუსულადაც შეეძლო წაეკითხა). ამიტომ ორმაგად სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის, რომ მომავალი კვირიდან პროექტში - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ორ წიგნად შემოგთავაზებთ დიდი მწერლის ამ რომანის ახალ თარგმანს.

ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა, - დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, ვისგანაც მე რამე შემეძლო მესწავლაო...

"იდიოტის", "დანაშაული და სასჯელის" ან "მოთამაშის" ავტორზე მართლაც შეეძლო ნიცშეს ამის თქმა, მაგრამ თუკი ფსიქოლოგობაზე მიდგა საქმე, დოსტოევსკი ყველაზე დიდი ფსიქოლოგი მაინც "კარამაზოვებშია". გავთავხედდები და ვივარაუდებ, რომ ნიცშემ ეს სიტყვები ალბათ სწორედ ამ რომანის წაკითხვის შემდეგ დაწერა.

ცხადია, დოსტოევსკის ისედაც ჰქონდა ადამიანთა სულში წვდომის თანდაყოლილი ნიჭი, მაგრამ რაც მან საკუთარ ტყავზე იწვნია, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანსაც კი "ასწავლიდა" ცხოვრებასა და ადამიანებს...

ფიოდორ დოსტოევსკი 1821 წელს მოსკოვში დაიბადა არცთუ "მთლად რუსულ" არისტოკრატულ ოჯახში - პაპამისი (მამის მხრიდან) ჯერ კათოლიკე პადრე და, შესაბამისად - პოლონელი ყოფილა, შემდეგ კი, - რუსი და მართლმადიდებელი მღვდელი "გამხდარა"(!).

სხვათა შორის, დოსტოევსკის ბევრი ბიოგრაფი (ძირითადად არარუსები)  მწერლის "შოვინისტობას", ანტისემიტობას და "რუსული რჩეულობის" იდეის ერთგულებას სწორედ არარუსული ეთნიკური წარმომავლობის გამო არსებულ კომპლექსს მიაწერენ - ეს ხომ ყოველთვის ასე იყო რუსეთში.

მომავალი მწერლის მამა პირწავარდნილი ლოთი და სასტიკი მემამულე ყოფილა, ტიპური რუსი ბატონი, რომელიც ყმებს ადამიანებად არ თვლიდა. როდესაც შვიდი შვილიდან მეორე - ფიოდორი გაჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ის ექიმი იყო, მოსკოვში მუშაობდა და ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ორი სოფელი იყიდა ყმებიანად და იქ გადასახლდა.

სრულიად განსხვავებული ყოფილა დოსტოევსკის დედა - მდიდარი ვაჭრის შვილი, კეთილი და სათნო ადამიანი. 16 წლისა იყო მომავალი მწერალი, როდესაც დედამისი ჭლექით გარდაიცვალა და ეს მძიმედ განიცადა. დედის ხსოვნა მან მთელი ცხოვრების მანძილზე შემოინახა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დასრულებულ "ძმებ კარამაზოვებში" სწორედ მწერლის დედაა სოფია კარამაზოვას პროტოტიპი.

ამით დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად "ამეცადინებდა" წუთისოფელი გამძლეობაში, განცდებში, ფიქრში, სიდუხჭირისა თუ ცდუნების გაძლებაში. ისიც "მეცადინეობდა" და ხან "კარგად აბარებდა" გამოცდას, ხან კი "იჭრებოდა", მაგრამ ბოლოს ის "კვალიფიკაცია" მიიღო, რაზეც ნიცშე ლაპარაკობს...

დედის სიკვდილის შემდეგ მამამ პეტერბურგის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელში შესვლა "უბრძანა" და ისიც დამორჩილდა, მაგრამ უკვე მაშინ სერიოზულად ფიქრობდა მწერლობაზე. ყოველ შემთხვევაში, "პროფესიონალი მკითხველი" უკვე იყო, რადგან ის და მისი ძმა მიხეილი (უმცროსი) ბავშვობიდან ბევრს კითხულობდნენ (მიხეილი მომავალში საკუთარ ლიტერატურულ ჟურნალებს "ვრემიასა" და "ეპოქას" ფლობდა, სწორედ იქ გამოქვეყნდა პირველად დოსტოევსკის "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" და კიდევ რამდენიმე შედევრი).

ორ წელიწადში, 18 წლის დოსტოევსკიმ თავზარდამცემი ცნობა მიიღო მამის გარდაცვალების შესახებ. არა, მამაზე სულაც არ ამოსდიოდა მზე და მთვარე და არც საფლავში ჩაჰყვებოდა, მაგრამ შემაძრწუნებელი ის იყო, რომ უფროსი მიხეილ დოსტოევსკი მისგან გამწარებულმა საკუთარმა ყმებმა სასტიკად, ცემით მოკლეს - სწორედ მაშინ მოუვიდა დოსტოევსკის პირველად ეპილეფსიური შეტევა, რაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯავდა. მაგრამ დამეთანხმებით, რომ სიკვდილისათვის ეს პერიოდული თვალებში ჩახედვაც გაკვეთილებად გამოიყენა მწერალმა და ჩვენც - მკითხველიც არაერთხელ ძალიან დამაჯერებლად "მოვმკვდარვართ" მის გმირებთან ერთად.

1843 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო დოსტოევსკისთვის. არა იმიტომ, რომ 22 წლის ახალგაზრდამ სასწავლებელი დაამთავრა და სამსახური დაიწყო, არამედ იმიტომ, რომ ამ წელს მისი პირველი ლიტერატურული ნაღვაწი დაიბეჭდა: მან "ფრთხილად" დაიწყო - ეს მხოლოდ თარგმანი იყო, ბალზაკის "ეჟენი გრანდე". სამაგიეროდ, ერთ წელიწადში "დაიქუხა": რომანი "საბრალო ადამიანები" ბელინსკიმ რუსული ლიტერატურის ახალი ერის დასაწყისად შეაფასა (არც შემცდარა)! დოსტოევსკიმ სამსახურს თავი დაანება და გადაწყვიტა, მხოლოდ მწერლობით ერჩინა თავი, მაგრამ... "დაავიწყდა", რომ ის რუსეთში ცხოვრობდა და არა ცივილიზებულ დასავლეთში - რევოლუციური იდეებით გატაცებამ "ოინი მოუწყო": ჯერ ერთი, რომ ორმა შემდეგმა ნაწარმოებმა ("ორეული" და "დიასახლისი") ისე ვერ ივარგა, როგორც პირველმა და ბელინსკის შეფასებაც შესაბამისი იყო, და რაც მთავარია - დოსტოევსკი სასიკვდილო ეშაფოტზე აღმოჩნდა "რელიგიისა და მთავრობის შესახებ ლიტერატორ ბელინსკის დანაშაულებრივი წერილის გავრცელების გამო" - ასე ეწერა განაჩენში.

ესეც მორიგი "გაკვეთილი" - მხოლოდ დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგარ ტუსაღებს გამოუცხადეს, რომ სიკვდილით დასჯა მხოლოდ ოთხწლიანი კატორღით შეუცვალეს. მისი მეგობარი გრიგორიევი იქვე გაგიჟდა, დოსტოევსკიმ კი თავად მიშკინს "იდიოტში" ალაპარაკა სრული სიმართლე სიკვდილისწინა განცდების შესახებ - შემაძრწუნებელი, დიდებული და ჟრუანტელის მომგვრელი...

ამის შემდეგაც ბევრი იყო განსაცდელი - მატერიალურიც, ფსიქოლოგიურიც... ის კი "სწავლას" განაგრძობდა.

როგორც ყოველთვის, საგაზეთო ფორმატის სიმცირე არ გვაძლევს საშუალებას, ვრცლად ვისაუბროთ. თუმცა რომელი გაზეთი ეყოფა - დოსტოევსკი ხომ ცალკე სამყაროა. საბედნიეროდ, "ძმები კარამაზოვები" ორ წიგნად გამოდის და ორი კვირის შემდეგ კვლავ შეგვეძლება დოსტოევსკიზე ვისაუბროთ, დღეს კი მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, "კარამაზოვები" მწერლის უკანასკნელი რომანია, სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერილი და ამიტომ მასში სრულად არის დოსტოევსკი - მთელი ცხოვრებით, შეცდომებით, სიბრძნით და დიდი, დიდი ტკივილით.

და კიდევ: აქ ნაღდი, ნატურალური, XIX საუკუნის რუსეთია გაშიშვლებული. ისეთი, რომელზეც დიდმა ქართველმა პოეტმა ბრძანა:

"იმ მეცხრამეტემ, და მეოცეც სათვალავშია,

ტყაპუჭიანი ეს რუსეთი ხალხად აქცია..."

უდავოა, ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი გენიალურმა დოსტოევსკიმ ითამაშა!