"ებდღნენ და მოგლიჯენ!" - კვირის პალიტრა

"ებდღნენ და მოგლიჯენ!"

"ის ძეგლი უკან მოიტანეთ, თქვენ კი წიგნი გადაშალეთ!"

ვინც ჩვენი მედიასახლის ყოველკვირეულ გამოცემას - ჟურნალ "გზას" კითხულობს, ალბათ, მას ჩემი "პროვოკაციებიც" წაკითხული ექნება. ზოგიერთს შესაძლოა, ბოლო - გასული ხუთშაბათის ნომერიც ნანახი ჰქონდეს, სადაც (როგორც ბევრმა სხვა ჟურნალ-გაზეთმა) ახალი ბათუმური "შედევრის" შესახებ ვიქილიკე ჩემს სვეტში სათაურით "ფეხი დამადგით, კვერცხზე დამადგით!.."

მაგრამ "გზის" ის ნომერი უკვე სტამბაში იყო, როდესაც ლანჩხუთში უარესი ამბავი მოხდა, - ქანდაკება "აჯანყებული გურული" აიღეს.

ეგეთები აუღიათო? - გაიკვირვებს ზოგი. ამიტომ დალაგებით მოვყვები და ვეცდები დავასაბუთო, რომ ამ ფაქტში ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი უმწვავესი პრობლემაც ცხადდება.

მაშ, ასე: ჩვენი ხელისუფლება ძეგლებს თან რომ ერჩის და თან უყვარს, ეს ახალი ამბავი არ არის. ჩვენ მხოლოდ ერთ ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს ძლიერთა ამა ქვეყნის კიდევ ერთი საერთო ნიშანი - საკუთარი ქვეყნის ისტორიის სრული უცოდინარობა.

სხვათა შორის, სულაც არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ "იმელის" შენობაზე კომუნისტური სიმბოლიკით დატვირთული ქანდაკებები და ბარელიეფები მხოლოდ იმიტომ უნდა დარჩენილიყო, რომ თამარ აბაკელიასა და დიდი იაკობ ნიკოლაძის შექმნილი გახლდათ. პირიქით, იქნებ ხელისუფლების მხარეს დავდგე და მეც მათთან ერთად ვუმტკიცო ოპონენტებს, რომ ლენინისა თუ სტალინის ძეგლები, მიქელანჯელოს ქმნილებებიც რომ ყოფილიყო, წესიერ ქვეყანაში არ უნდა იდგეს.

მაგრამ ეს სულ სხვა თემაა - ზღვისპირეთისაკენ მიმავლებს, ლანჩხუთში გავლისას, ყველას გექნებათ შემჩნეული "აჯანყებული გურულის" ძეგლი. ოღონდ აწი უკვე ვეღარ შეამჩნევთ, როგორც გურულებმა თქვეს, "ებდღნენ და მოგლიჯენ!"

და აქ იწყება ყველაზე სასაცილო ამბავი (რა ვქნა, ასეთი ცუდი თვისება მაქვს, სისულელეზე მეცინება ხოლმე): "ნაციონალური მოძრაობისა" და შესაბამისად, ხელისუფლების იმ ოთხ დიდჩინოსან წევრს, რომლებსაც დავურეკე და ერთი და იგივე შეკითხვა დავუსვი (იმედი მაქვს, ახლა მაინც შერცხვებათ და თვითონ თუ არა, შვილებს მაინც "დააძალებენ" წიგნის კითხვას), ამჯერად "დავინდობ" და მათ სახელებს არ ვიტყვი. ჩემი პროვოკაციული შეკითხვა კი ასეთი იყო:

- მართალია, ეს ძეგლი გურიის 1917 წლის სოციალისტურ აჯანყებას ეძღვნებოდა, მაგრამ მაინც ხელოვნების ნიმუშია და გამოჩენილი მოქანდაკის, თანაც თქვენი თანაგუნდელის, ხათუნა ოჩიაურის მამის, გოგი ოჩიაურის ნამუშევარია. არ შეიძლებოდა, თავის ადგილას დარჩენილიყო?

პასუხი ოთხივე შემთხვევაში ერთნაირი (მცირედი "ვარიაციებით") მივიღე და დაახლოებით ასე ჟღერდა:

- ბატონი გოგი დიდი მხატვარია და ის, რომ ჩვენი თანაგუნდელის მამაა, კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს პრინციპულობაზე, რადგან ამ ყველაფრის მიუხედავად, ძეგლი მაინც ავიღეთ (ამის შემდეგ ოთხი რესპონდენტისგან ორმა ზუსტად ის "არგუმენტი" მომიყვანა, რაც მე დავწერე ზემოთ - ლენინ-სტალინის ძეგლებისა და მიქელანჯელოს შესახებ)! რა ექნა ბატონ გოგის, მხატვრებს მხოლოდ ამაში უხდიდნენ მაშინ ფულს და იმიტომ გააკეთა, ახლა თვითონაც თანახმა იქნება ამ ძეგლის აღებისა. თანაც უამრავი ტურისტი აივლ-ჩაივლის იმ ადგილას საზღვაო სეზონზე და რომ დაინტერესდებიან, რა ვუთხრათ, ლენინისა და რუსი ბოლშევიკების თანამებრძოლის ძეგლი გვიდგას ქვეყნის მთავარ მაგისტრალზეო?!

აი, ასე! "მალადეც" თქვენ! ერთი, თქვენი ისტორიის მასწავლებლებისთვის ჩამახედა თვალებში!

ახლა კი ისტორია: როდესაც "გურიის აჯანყებას" ან "აჯანყებულ გურულს" ახსენებენ, ჩვენს ისტორიაში ასე თუ ისე გათვითცნობიერებული ადამიანი შემდეგ მოვლენებს გაიხსენებს:

1. 1841 წლის აჯანყება, ანუ ეგნატე ნინოშვილის რომანში უკვდავყოფილი "ჯანყი გურიაში". ეს იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყება უცხოელი დამპყრობლების - რუსული იმპერიის წინააღმდეგ. წინააღმდეგობა საყოველთაო იყო - მასში ყველა წოდება მონაწილეობდა.

ეს რომ ასე იყო და არა სხვაგვარად, თუნდაც ის მიანიშნებს, რომ აჯანყების მეთაურები ამბაკო შალიკაიშვილი (შალიკაშვილი) და დავით გუგუნავა თავადები იყვნენ.

აჯანყებულები რუსულ თვითმმართველობას, რუსულ წესრიგსა და სიმინდის მაგივრად კარტოფილის დათესვის ბრძანებასაც კი აპროტესტებდნენ (ამიტომ ზოგიერთი ისტორიკოსი "კარტოფილის აჯანყებასაც" კი უწოდებს).

აჯანყება უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, რასაც ქობულეთის ბეგის - ჰასან თავდგირიძის (ცხადია, არც ის იყო გლეხი და "ბოლშევიკი") ღალატმაც შეუწყო ხელი. ეს ის ჰასან-ბეგია, რომელსაც 13 წლის შემდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში ხმლის ერთი მოქნევით წააგდებინა თავი აჯანყების კიდევ ერთმა მონაწილემ - აზნაურმა ერასტი ჭყონიამ.

დასკვნა 1: ლანჩხუთში ხელისუფლების მიერ "მობდღნილი" ძეგლი 1841 წელს აჯანყებული გურული უნდა იყოს, ამიტომ ხელისუფლებას ის ბოლშევიკი არ უნდა ეგონოს.

2. 1905 წლის აჯანყება, ანუ "გურიის რესპუბლიკა". ამ თემაზე ბევრს არ ვისაუბრებთ, რადგან "კვირის პალიტრაში" რამდენიმე თვის წინ ვრცელი სტატია (ორ ნომერში) დაიბეჭდა მის შესახებ. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ "გურიის რესპუბლიკა" "სოციალისტური" მიმართულების მიუხედავად, ისეთი პროგრესული მოვლენა იყო, რომ მას რამდენიმე თვე ("რესპუბლიკამ" დაახლოებით 7 თვე იარსება) მთელი ევროპის პრესა აშუქებდა. აღარაფერს ვამბობ ილიას "ივერიასა" და საზოგადოდ, ქართველ მოღვაწეებზე, რომლებიც აღფრთოვანებით წერდნენ ამ უმაგალითო ავანტიურის შესახებ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მცირე ხნით, მაგრამ მაინც საქვეყნოდ სილაგაწნული მსოფლიოს უდიდესი იმპერია ვერაფერს უხერხებდა ერთი ციდა "დამოუკიდებელ რესპუბლიკას". სხვათა შორის, "გურიის რესპუბლიკის" პრეზიდენტი ბენია ჩხიკვიშვილი მოგვიანებით ჟორდანიას ხელისუფლების წევრი და დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქის თავი (მერი) იყო. ასე რომ, ბოლშევიკობა აქაც ნონსენსია.

დასკვნა 2: ლანჩხუთში ხელისუფლების მიერ "მობდღნილი" ძეგლი 1905 წელს აჯანყებული გურული უნდა იყოს, ამიტომ ხელისუფლებას ის ბოლშევიკი არ უნდა ეგონოს.

3. 1924 წლის საყოველთაო აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. აქ ყველაზე ცოტაა სალაპარაკო, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია ხაზგასასმელი: როგორც ცნობილია, ღალატისა თუ ხელმძღვანელთა შეცდომების გამო, აჯანყება დამარცხდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა და ზოგიერთმა ხელმძღვანელმა საფრანგეთში გაასწრო სასჯელს, ზოგი კი დაატყვევეს და დახვრიტეს; მაგრამ გურია იყო ერთადერთი რეგიონი, რომლის მთელ ტერიტორიაზეც (თვით ალყაშემორტყმული ქალაქ ოზურგეთის გარდა) აჯანყებულებმა გაიმარჯვეს და მართალია, ორ დღით, მაგრამ მაინც აღადგინეს კანონიერი ხელისუფლება.

დასკვნა 3: ლანჩხუთში ხელისუფლების მიერ "მობდღნილი" ძეგლი 1924 წელს აჯანყებული გურული უნდა იყოს, ამიტომ ხელისუფლებას ის ბოლშევიკი არ უნდა ეგონოს.

დამეთანხმებით (მათ შორის, ძეგლის "მომბდღნელებიც"), რომ სამივე ეს დასკვნა ერთნაირი და ერთნაირად მართებულია. ამიტომ მეოთხე გამოსავალი რჩება: ეს იყო 1917 წლის გურიის სოციალისტური რევოლუციის მონაწილის ძეგლი! მაგრამ ოლოლო თქვენ! - არავითარი სხვა აჯანყება, რასთანაც აჯანყებული გურული შეიძლება გააიგივოთ (მით უმეტეს, 1917 წელს) გურიაში არ ყოფილა და თქვენი ცოდნა საბჭოთა ეპოქაში გადაღებულ ფილმებს ვერ სცდება, სადაც გურია რევოლუციასთან, ოღონდ ბოლშევიკურთან ასოცირდებოდა. მე თქვენ "პროვოკაცია" მოგიწყვეთ, პირდაპირ რომ ვთქვა, მოგატყუეთ და თქვენც "ანკესს წამოეგეთ", დასკვნა კი სამწუხაროა: თქვენ არ იცით ისტორია და არ იცით, რას აკეთებთ.

რეცეპტი: ის ძეგლი უკან მიიტანეთ, დადგით, შადრევანი დაუდგით, გარშემო ყვავილები შემოურგეთ, თქვენ კი წიგნი გადაშალეთ! ან, თუ კითხვა გეზარებათ, გოგი ოჩიაურს ჰკითხეთ, რომელიც დღევანდელ ინტერვიუშიც ჰყვება ამ ძეგლის ისტორიას.

P. S. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს რესპონდენტთაგან ერთი კაცი მაინც (დავით დარჩიაშვილი) აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც ჩემი "რეცეპტი" არ სჭირდება.

"პროვოკატორი", ჟურნალ "გზიდან"