"გინდ ველოსიპედი დაუდგამთ და გინდ სპილოს ხორთუმი" - კვირის პალიტრა

"გინდ ველოსიპედი დაუდგამთ და გინდ სპილოს ხორთუმი"

უცნაური არქიტექტურა, მოსიარულე ძეგლები და გაურკვეველი შინაარსის სკულპტურები ბოლო დროის ქართული სინამდვილის განუყოფელი ნაწილი გახდა. როდესაც ვარდების მოედანზე, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ადრე დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა, ველოსიპედის სკულპტურა დადგეს, ბატონ მერაბ ბერძენიშვილთან გასაუბრება ვცადე, მაგრამ ტელეფონზე ქალბატონმა მიპასუხა: - მერაბი პოლიტიკაში არ ერევა. დღეს ერთი ხელისუფალი მოვა, ხვალ - მეორე, ზეგ - მესამე, მერაბს არც ეს აინტერესებს და არც ისეთი სისულელე, როგორიც კვერცხებზე დადებული "შლოპანცების" სკულპტურააო.

ლეონა ნაკაშიძე, მხატვარი: "დიდი სატკივარია, როდესაც მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი გააქვთ რესპუბლიკის მოედნიდან და მის ადგილას ველოსიპედის ქანდაკებას დგამენ. სასაცილო და ამავდროულად, ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება. ეს ცუდი მხოლოდ ხელოვანებისთვის კი არა, ხალხისთვისაა. დავით აღმაშენებლის კარგი ქანდაკება არაფერია და რაღაც ჯართია ფასეული? ეს ველოსიპედი სპორტკომპლექსთან ან სტადიონთან რომ დაედგათ, გავიგებდი, მაგრამ ქალაქის ცენტრში? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მერაბი ამით შეურაცხყოფილი კი არ უნდა იყოს, უნდა გაიცინოს. როგორ შეიძლება ასე მოექცე შენს ქალაქს, თუ გიყვარს?

როდესაც დავით აღმაშენებლის ძეგლს ქმნიდა, მერაბ ბერძენიშვილთან სკულპტორი ლევან სალუქვაძე მუშაობდა, რომელსაც "კვირის პალიტრა" ესაუბრა:

- ამ ძეგლზე მეც მიმუშავია, ბატონ მერაბს ვეხმარებოდი და ვიცი მისი ცალკეული დეტალი როგორ იყო გაკეთებული. გადატანისას ზოგი დეტალი დაზიანდა და ეს ხარვეზები ახლაც ეტყობა. ამას იმდენად დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როგორც იმას, რომ მოქანდაკის პროფესიული ჩანაფიქრი დაირღვა, რომელსაც ის კაცი 10 წელი ელოლიავებოდა. პიედესტალი, რაზეც აღმაშენებლის ძეგლი იდგა, უძვირფასესი მასიური დიაბაზის ქვის იყო. ასეთი ქვების მოპოვება დღეს შეუძლებელია და ისინი ძეგლის გადატანისას დაიმტვრა. ძეგლი გადაიტანეს არქიტექტურულად აბსოლუტურად გაუმართლებელ სიმაღლესა და პიედესტალზე, რომელზეც უხარისხო ფილებია მიკრული. წარწერაც ასევე არაპროფესიულია. ოქროსფერი ასოები მიატყეპეს, თითქოს დაწესებულების აბრა იყოს და არა ძეგლი. როდესაც ძეგლს დგამდნენ, მთელი ღამე რესპუბლიკის მოედანზე ვიყავით. ბატონ მერაბს ღამეები არ ეძინა, რომ ძეგლი სწორად დამდგარიყო. ძეგლის გადატანა არ შეიძლება ისე, რომ ერთ დღეს ამწე მოიყვანო და ერთი ადგილიდან მეორეზე გადადგა. ძეგლისთვის მთავარია განათება, როგორ დგას ძეგლი მოძრაობის მიმართ. რაც მთავარია, ძეგლს უნდა ჰქონდეს გარემო, საიდანაც გამვლელები შეძლებენ მის აღქმას. დავით აღმაშენებლის ძეგლი არ არის მანქანიდან აღსაქმელი, ის მოედნიდან საყურებელი ძეგლია. ფეხით მოსიარულე მასთან უნდა გაჩერდეს და ისე აღიქვას.

- რას ფიქრობთ თუნდაც ველოსიპედსა და კვერცხებზე დადებული "შლოპანცების" სკულპტურაზე?!

- ასეთ ქანდაკებებში უფრო პოლიტიკური აზრი დევს, რომ ჩვენ ვართ ევროპული, ლიბერალური ფასეულობების მატარებელი ქვეყანა და ხელოვნებაშიც ასეთი ტენდენციები გვაინტერესებს.

ველოსიპედს, როგორც სატრანსპორტო საშუალებას, არ ედგმება ძეგლი. დარწმუნებული ვარ, მასში რაღაც აზრი იქნება ჩადებული. ადრე იქ მძიმე, ტოტალიტარული არქიტექტურა იყო, რომელსაც "ანდროპოვის ყურებს" ეძახდნენ, მერე კი იდგა მეფის ძეგლი, რომელიც მონარქისტული განწყობის მატარებელი იყო, ახლა კი ჩვენი ხელისუფლება ცდილობს გაალაითოს სიტუაცია, სივრცეს სიმძიმე, მოღუშულობა მოუხსნას და ე.წ. გამახალისებელ ძეგლებს დგამს. მდგარიყო აღმაშენებლის ძეგლი იქ და ველოსიპედის სკულპტურა სხვაგან დაედგათ. უამრავი ადგილია თბილისში.

რაც შეეხება კვერცხებზე დადებულ "შლოპანცებს", მის ავტორს ეს იდეა სხვანაირად ჰქონდა გადაწყვეტილი, კვერცხებზე კედები იდო, მაგრამ ჩვენმა დამკვეთებმა შეუცვალეს. კედებში დასცხებოდა თუ რატომ შეაცვლევინეს? ამ ქალბატონს ჰქონდა თემა, კედი იმდენად სასიამოვნო და მსუბუქია, კვერცხებზეც რომ დადგე, არ დაიმტვრევა. აი, ასეთი მარტივი კონცეპტუალური იდეებია. ჯამბაზი ხალხის წინაშე რომ გამოვა და ცხვირზე ვაშლს გაიჩერებს, ასეთი ტიპის ხელოვნებაა დღეს ჩვენში პოპულარული.

- მაგრამ ჯამბაზობას პოპულარული ენით ხუმრობა, მაიმუნობა ჰქვია.

- ეს გლობალური მოვლენა, მსოფლიო ტენდენციაა. არსებობს სერიოზული ხელოვნებაც და ასეთი ხელოვნებაც და არსებობის უფლება მასაც აქვს. ჩვენი მენტალიტეტისთვის მხედრის ქანდაკება უფრო მისაღებია, ვიდრე ველოსიპედის, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ორივე ტიპის ძეგლები თანაცხოვრობენ ერთ გარემოში. პრობლემას ამაში არავინ ხედავს. ხალხს საქართველოში აღიზიანებს სოციალური ფონი, პოლიტიკური გარემო და ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებები, ეს ძეგლი აქ უნდა იდგესო. თორემ ძეგლი არ მაღიზიანებს, გინდ ველოსიპედი დაუდგამთ და გინდ სპილოს ხორთუმი.

- გადაიტანეს გოგი ოჩიაურის "აჯანყებული გურულიც".

- ეს ბატონი გოგი ოჩიაურის ძალიან კარგი ქანდაკებაა. ეს ძეგლი 1905 წლის აჯანყების აღმნიშვნელი ექსპრესიულ მანერაში შესრულებული და ქართული ქანდაკების ერთ-ერთი შემოქმედებითი მწვერვალია. რატომ გადაიტანეს და ვის რას უშლიდა, ან სად აქვთ ამდენი ფული, რომ ძეგლები  ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ. ეს იმას ჰგავს, ზვიად გამსახურდიას დროს აბაკელიას რელიეფები რომ მოანგრიეს იმელის შენობას, რადგან მათზე ლენინი და სტალინი იყო გამოსახული. არადა, ეს იყო ქართული ქანდაკების ისტორია.

ძეგლის გადატანის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ 60-იანი წლების ქანდაკებაა და ვიღაცამ გადაწყვიტა, ამ ეპოქაში ჩარჩენილი ლანჩხუთი როგორმე გამოეყვანათ და იქ თუ, ვთქვათ, შუშის კუბს დადგამენ, ამით ლანჩუხთი XXI საუკუნის რაიონი გახდება?!

ეს ყველაფერი ერთი პირის გემოვნების ნაყოფია, ერთი კაცის გადაწყვეტილება, რაც მე არ მომწონს, მაგრამ მას აქვს მიზანი, სწრაფად დაეწიოს თანამედროვეობას და ეს რაც შეიძლება ეფექტურად გააკეთოს. რაც ხელისუფლებაშია, სულ ისეთ რამეებს აკეთებს, რომ საქართველო ევროპას დაამსგავსოს. რამდენად გვინდა, რომ ევროპას დავემსგავსოთ და რამდენად სწორია ეს, უკვე პოლიტიკური საკითხია და ცალკე თემაა.

არ მომწონს ის, რაც თბილისში ხდება, არ მომწონს ის, რომ ქართული ქანდაკების სკოლაში, რომელიც საკმაოდ მაღალი დონისაა, უკანასკნელი მოჰიკანებიღა დარჩნენ. ამას წინათ "პესკებზე" როიალი დადგეს. საშინელებაა, იმიტომ, რომ ნაჩქარევად და უხარისხოდ გაკეთდა. ან ქვის როიალი რა იდეაა? თუ მაინცადამაინც როიალი უნდოდათ, უკეთესი მაინც გაეკეთებინათ. ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას, რაც ქანდაკებას ეხება, ათბალიანი სისტემით 2+-ით დავუწერდი.

KvirisPalitra.Geმოქანდაკე გოგი ოჩიაურსაც ვკითხეთ იმ ძეგლებზე, რომლებიც ბათუმსა და თბილისში დაიდგა:

- ბათუმში დადგმული ქანდაკების ფოტო არ მინახავს, რაც შეეხება ველოსიპედს, ტელევიზიით ვნახე. არ ვიცი, ეს რა არის. კონკრეტული თაობა აგებს ამისთვის პასუხს. არა ვარ ამ ხელოვნების პატივისმცემელი, მაგრამ ეს მსოფლიო პროცესია.

- ცნობილი გახდა, რომ ლანჩხუთიდან თქვენი სადიპლომო ნამუშევარი "აჯანყებული გურული" გადაიტანეს.

- უკვე იმუნიტეტი მაქვს, მიჩვეული ვარ ჩემი ძეგლების გადატანა-მტვრევას. ასეთი ბედი აქვთ ჩემს ქანდაკებებს. ეს ჩემი სადიპლომო ნამუშევარიც მოსკოვიდან დამტვრეული გამომიგზავნეს. ამჯერად, როგორც ვიცი, მხოლოდ ადგილი შეუცვალეს და სად გადააქვთ, არ ვიცი. ორი თვის წინ ჩემი ქალიშვილისთვის შეუტყობინებიათ პარლამენტში, რომ ძეგლის გადატანა უნდოდათ და იქნებ ბატონმა გოგიმ ადგილი შეარჩიოსო. არც ველოდი ასეთ ზრდილობიან დამოკიდებულებას, არა ვარ ამას მიჩვეული. ისე, ამ ქანდაკებას არავითარი კავშირი არა აქვს გურიასთან. კომუნისტებისა და მათი მახინჯი იდეოლოგიისადმი ლოიალური არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ქანდაკებაში არ ჩამიდვია რაიმე ანტიკომუნისტური. ახალგაზრდა ვიყავი და აჯანყება გავაკეთე. აკადემიაშიც მიხვდნენ, რომ არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი და მკითხეს, ეს რა აჯანყებააო. მე კი იდიოტივით ვიმეორებდი, აჯანყებაა-მეთქი. არ მიმტკიცებდნენ ამ ნამუშევარს და რატომ, ვერც მე მივხვდი, ვერც ჩემი ხელმძღვანელი ნიკოლოზ კანდელაკი. სასწავლო ნაწილის გამგემ სამსონ ნადარეიშვილმა მირჩია, ძეგლს 1905 წლის აჯანყება დაარქვიო. თუ ეს არის მიზეზი, რაც გინდათ, ის დაარქვით-მეთქი. დაარქვეს 1905 წლის აჯანყება და მერე გურულიც მიაბეს.

მხატვარ გოჩა წულაძეს მოსწონდა ეს ქანდაკება და მითხრა, ჩემს მეგობარს (რომელსაც დიდი პოსტი ეჭირა) ლანჩხუთში შეუძლია დადგას ეს ძეგლიო. შემიკვეთეს და რატომ არ დავდგამდი? ამ ძეგლის გახსნაზე, რომელიც ეგნატობის დღესასწაულს დაამთხვიეს, არ წავსულვარ. ისე, ამ ძეგლის გახსნა ცელქობა იყო. მხატვარმა ბათიკო ურუშაძემ მიამბო. გაითამაშეს სცენა, რომ ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოების პერსონაჟ დარიკოს დაედევნებიან ჟანდარმები. ის ცხენით ჩემს ზეწარგადაფარებულ ქანდაკებასთან მივარდა და მიმართა, მიშველეო. მერე ჩამოჰკრა ტილოს ხელი და  - აააა! - "ბღავის" ჩემი ქანდაკება. ასე გახსნეს ეს ძეგლი და იმდენი ჭკუა მეყო, რომ გახსნაზე არ წავედი.

პრეზიდენტის სასახლე - ავის მომასწავებელი აჩრდილი

"მტკვრის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასახლე აღმართა. ნაგებობა მნახველს ნაცნობი ხმით ესაუბრება და ეს ხმა სტალინიზმის შორეულ ეპოქაში გაბატონებულ ენაზე ლაპარაკობს. დღეს მაღალსართულიანი ნაგებობები და მარმარილოს სუროგატით მოპირკეთებული ბიზნესსასახლეები ამ სადა ქვეყანას ისე გადაჰყურებს, როგორც ავის მომასწავებელი აჩრდილი. ეს იმ ოკუპანტის მომაკვდავი მემკვიდრეობაა, რომელიც ქართველმა ხალხმა უარყო. იმის ნაცვლად, თავი აარიდოს საქართველოს ყოფილი მჩაგვრელის ვიზუალურ ენას და ააღორძინოს დაღუპვის პირას მისული ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობა, სააკაშვილი საბჭოთა არქიტექტორების გრანდიოზულ, ნეოკლასიცისტურ ესთეტიკას მისდევს. უფრო მეტიც, მან ეს ობიექტები იმ ვადაგასული სიტკბოთი გაჟღინთა, რომელიც ნამდვილ მოდერნიზმში ეშლება".

ამერიკული გამოცემა Open Democracy

"ხელოვნება არსებობს არა რომელიმე ჩაკეტილი წრისთვის, არამედ მთელი ერისთვის"

ჰეგელი