"ეს სრული მონოპოლიაა და ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან საერთო არაფერი აქვს." - კვირის პალიტრა

"ეს სრული მონოპოლიაა და ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან საერთო არაფერი აქვს."

აპარატურა, რომელიც ვითომ რემონტის საბაბით მოხსნეს, გასატანად იყო მომზადებული

(დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრის" #45-46-ში) ქეთევან გეჯაძე, მედიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე: -  პრეზიდენტის განკარგულებით ონკოლოგიური კლინიკური ცენტრის აპარატურა ნეიროქირურგიის ცენტრს გადაულოცეს. ამაზე ერთი ამბავი ავტეხეთ. ამის გამო მეორედ ასეთი უმსგავსობის გახმაურება და დოკუმენტურად გაფორმება მიზანშეწონილად აღარ ჩათვალეს და ქურდობას მიჰყვეს ხელი.

აპარატურის ქურდობა და სამედიცინო დაწესებულებების გაკოტრება უმაღლესი ეშელონების შეკვეთა იყო. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის გარემონტება დაიწყეს. რა საჭირო იყო რემონტი, წყლის, დენის თუ კანალიზაციის გაყვანილობა, როცა ყველაფერი ახალგაკეთებული და კარ-ფანჯარაც ახალთახალი იყო.  თანამშრომლები რემონტის საბაბით გაუშვეს უხელფასო შვებულებაში. ამ პერიოდში კლინიკას დავალიანება არ ჰქონია. რემონტის დროს ელექტროენერგიის გადასახადი - 48.919 ლარი დაგროვდა, წყლისა - 70.857 ლარი,  დეზინფექციის - 4.600 ლარი.

ვინაიდან თანამშრომლების ორ თვეზე მეტხანს უხელფასო შვებულებაში გაშვება არ შეიძლებოდა, ხოლო რემონტს ბოლო არ უჩანდა, დაგროვდა სახელფასო დავალიანებაც - 68.000 ლარი.  მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაო ვერ დაასრულეს, მთლიანად დაანგრიეს და გაანადგურეს კლინიკა. 2007 წელს სხვა 4 კლინიკასთან ერთად 1.000 დოლარად გააჩუქეს. სახელფასო დავალიანების მხოლოდ ნაწილი გადაიხადეს, თანამშრომლების ნაწილს კი დავალიანება გაუნულეს და არაფერი მისცეს. ამ უნიკალური კლინიკის პერსონალი ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მე-3 სართულზე გადაიყვანეს და ახლა იქ მუშაობის საშუალებასაც არ აძლევენ, - რემონტის დროს დაგროვილი დავალიანების გადახდას სთხოვენ! თანაც ეს ფართობი "ბლოკ-ჯორჯიას" იპოთეკით აქვს დატვირთული. როგორც ვიცი, ამ ფართობის ხელში ჩაგდებას ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მაფიოზები ცდილობენ. ფაქტობრივად, კარდიოლოგიის ინსტიტუტი აღარ იარსებებს და უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალიც უმუშევარი დარჩება. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც კარდიოლოგიური დაავადებები პირველ ადგილზეა. იქნებ დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები, რა მოხდა კარდიოლოგიის ინსტიტუტში და როგორ გაიტანეს იქიდან ძვირად ღირებული აპარატურა!

KvirisPalitra.Geფოტოებზე აშკარად ჩანს, რომ აპარატურა, რომელიც ვითომ რემონტის საბაბით მოხსნეს, გასატანად იყო მომზადებული, რადგან კომუნიკაცია, რომელზეც აპარატურა იყო მიერთებული, ახალგამოცვლილი გახლდათ. რამდენიმე წლის წინ სამედიცინო პერსონალი ჩივილს აპირებდა, მაგრამ კლინიკის ხელმძღვანელმა ბეჟან წინამძღვრიშვილმა შეაჩერა, კლინიკას წაგვართმევენო, არადა, კლინიკა უკვე დიდი ხნის წინ წართმეულია.

2006 წლამდე პირველადი ჯანდაცვის სფეროს წლიური ბალანსი თბილისის მასშტაბით 6 მილიონ ლარს შეადგენდა. 6 მილიონ ლარად იღებდნენ პირველად სამედიცინო დახმარებას უმწეოებიც და სხვა მოქალაქეებიც. შემდგომ დაიწყო პოლიკლინიკების ჯერ გაყოფა, მერე გაყიდვა-გაჩუქება. რადგან პირველადი ჯანდაცვა სრულად მოშალეს, ამიტომ რაღაც ახლის გამოგონება გახდა საჭირო. ხელისუფლებამ აიღო და სადაზღვევო კომპანიებს მისცა ორნახევარჯერ მეტი (16 მილიონი) თანხა, ვიდრე დედაქალაქის პირველად სამედიცინო დახმარებას ესაჭიროებოდა. სადაზღვევო კომპანიებს უნდა უზრუნველეყოთ ის პირველადი დახმარება, რასაც აქამდე 6 მილიონ ლარად უწევდნენ მოსახლეობას პოლიკლინიკები(!). გაუგებარია, რა საჭირო იყო შუალედური რგოლის დამატება? საქმე ის არის, რომ იმ 16 მილიონი ლარიდან, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს გაუნაწილეს, დიდი წილი მიიღო სადაზღვევო კომპანია "ირაომ", რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი ლობირებდა. ყველაზე იოლად ფული პროგრამებში კეთდება, იქმნება პირველადი ჯანდაცვის თუ კლინიკური და გადაუდებელი პროგრამები. სქემა ასეთი იყო: წინასწარ იწერებოდა კლინიკებში გადასარიცხი თანხები, შესაბამისად, იცოდნენ, რამდენ პაციენტს უნდა გასწეოდა ამ პროგრამით მომსახურება. ბევრი კლინიკა ვიცი, რომელთაც პროგრამული მომსახურება მხოლოდ ქაღალდზე გაუწიეს პაციენტებს. გარწმუნებთ, ვერც ერთი კლინიკის ხელმძღვანელი ვერ შეინარჩუნებდა პოსტს, თუ ამ მაქინაციაში არ მონაწილეობდა. მოგვიანებით ექიმებს ისე გაუსწორდნენ, როგორც საჭიროდ ჩათვალეს და ეს ახლაც გრძელდება.

სწორედ სადაზღვევო კომპანიებმა აიღეს ხელში ყველა სამკურნალო ინიციატივა. პაციენტს, რომელიც დაზღვევაში არცთუ მცირე თანხას იხდის, ფაქტობრივად, არჩევანი აღარ დაუტოვეს. სადაზღვევო კომპანიები უთითებენ, რომელ კლინიკაში უნდა გაიკეთოს ანალიზიც კი. ერთ ხელში მოაქციეს ფარმაცია, ჰოსპიტალური სექტორი და სადაზღვევო კომპანიები. წარმოუდგენელია, ფარმაცევტულ კომპანიას ჰქონდეს საავადმყოფო და ასევე სადაზღვევო კომპანია. ეს სრული მონოპოლიაა და ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან საერთო არაფერი აქვს. ჯანდაცვაში ამგვარი მონოპოლია პირდაპირ უკავშირდება კორუფციულ გარიგებებს. ეს მონოპოლია იყო სწორედ იმ "ატკატების" სანაცვლო შეღავათი, რომელსაც ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები სადაზღვევო კომპანიებისთვის გადარიცხული თანხებიდან უკან იღებენ. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ არ გაუწიონ პაციენტს ხელშეკრულების პირობებში მითითებული მომსახურება და ათასგვარ თაღლითურ სქემას იგონებენ. ექიმებს წაართვეს უფლება, გამოწერონ ის წამალი, რომელიც მათ მიაჩნიათ საჭიროდ. დაზღვეული პირი მიდის იმ სადაზღვევო კომპანიის კლინიკაში, რომელსაც სადაზღვევო კომპანია მიუთითებს, იქ დასაქმებული ექიმი კი წერს მხოლოდ იმ წამალს, რომელიც ამ სადაზღვევო კომპანიის სააფთიაქო ქსელმა უნდა გაასაღოს. თუ ექიმის რეცეპტს არ წარადგენ აფთიაქში, რომელიც ასევე ამ ქსელშია ჩართული, დაზღვევით გათვალისწინებულ ფასდაკლებას ვერ მიიღებთ, ხოლო თუ წამლებზე ულიმიტოდ გეკუთვნით ფასდაკლება, აქაც თაღლითობენ და დაზღვეულები ფასდაკლებიდან მოხსნილი ჰყავთ. ვთქვათ, წამალი ღირს 10 ლარი და სადაზღვევო ხელშეკრულებაში გიწერიათ, რომ გეკუთვნით წამლები 14-დან 20%-მდე ულიმიტოდ. გეუბნებიან, რომ ამ წამლის ყიდვა უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე დაზღვევით(?!), რადგან თურმე მათ აქცია აქვთ. სინამდვილეში ათლარიან წამალს ხელოვნურად მიამატეს 20%, მერე ისევ დააკლეს და ამას აქცია დაარქვეს. თუ რა ხდება ეგრეთ წოდებულ კერძო მაღალი დონის კლინიკებში, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებს ეკუთვნით, კიდევ ცალკე თემაა და ვფიქრობ, მას ჯანდაცვასთან საერთო არაფერი აქვს.

გაგრძელება იქნება