ხუთი შარვალი და ოთხი ჩითის კაბა - კვირის პალიტრა

ხუთი შარვალი და ოთხი ჩითის კაბა

გაყინული სახლის ანგელოზები

უთენია მობილურის ზარი რომ გაისმის, შიში გიპყრობს, წამიერად გულში გაგკრავს, ხომ მშვიდობააო! აბა, კაცი რატომ გაგაღვიძებს, რამე თუ არ უჭირს. მეც ძილ-ღვიძილში წამომაგდო ზარმა და... ალო, შენ მართლა "კვირის პალიტრის" დეიდა ხარო? პატარა ბიჭი რეკავდა. მე კი ვარ, მაგრამ შენ რომელი ხარ-მეთქი? ალექსანდრე ვარ, ჩემთან მოდი, რაო! და... გამითიშა.

მეც რა უნდა მექნა, ავდექი და დავურეკე, ყურმილი ქალბატონმა  აიღო, - თავი მომიკვდეს, წუხელ საღამოს ვკითხულობდი "კვირის პალიტრას", ერთი წავიწუწუნე, - ამ გაზეთს რამდენი ხალხი კითხულობს, ნეტავი ჩვენი როსტომის ამბავიც დაიბეჭდებოდეს-მეთქი, ეტყობა, ჩემმა შვილმა გულში ჩაიდო, თქვენი ნომერი ამოიწერა და ადრიანად დაგირეკათო.

- ეტყობა, რაღაც მნიშვნელოვანის თქმა უნდოდა, არა?

- ალექსანდრეს ოთხი ძმა ჰყავს, ყველანი ვარჯიშობენ, მაგრამ 12 წლის როსტომმა რეკორდი მოხსნა, წუთში 160 აზიდვას აკეთებს მაჯებით, გინესების წიგნში არაბია შეტანილი, ის ასეთ აზიდვებს მხოლოდ 132-ჯერ აკეთებს.

- ხუთი ვაჟი გყავთ?!

- დიახ, ხუთი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი!

...და მე საღამოს გლდანში წავედი. ძალიან ციოდა, ვიდექი ერთი კორპუსის ერთი ფარღალალა კარის წინ და ვფიქრობდი: აი, ახლა გაიღება კარი, დამხვდება ცხრა მხიარული სახე და სითბო-მეთქი. არაფერიც, რუსიტაშვილები შვიდნი დამხვდნენ. სამი, ყველაზე პატარა, იატაკზე გაშლილ საწოლში ერთად იწვა, ოთხი ქურთუკებში იყო გახვეული, ორიც - ჯარში გასტუმრებული. მშობლებმა კი მომიბოდიშეს, - ცივა, პატარებს ადრე ვაწვენთ, რომ არ დაიყინონო და გრძელი ხის მერხი შემომთავაზეს, - ნუ გვიწყენთ, ჩვეულებრივი სკამი არ გვაქვსო.

- არც გათბობა გქონიათ.

- გაზი კი გვაქვს, მაგრამ ვერ ვრთავთ. რომ ვერ გადავიხადოთ, მერე კერძი როგორ მოვამზადოთ?

- კი მაგრამ, ამ საყინულეში როგორ ძლებთ?!

- მთელი ზამთარი ქურთუკები გვაცვია. ავად რომ არ გახდნენ, ბავშვებს მამა გამუდმებით ავარჯიშებს. ეტყობა, ამიტომაც დაამყარა ეს რეკორდი როსტომმა. იმდენს ვარჯიშობს, თითებზე კოჟრები აქვს. აიჩემა, ისეთი სპორტსმენი უნდა გამოვიდე, ფული ვიშოვო და ბინა ვიყიდოთო.

- ესე იგი, ბინაც არ გაქვთ?!

- არა გვაქვს, ოდესღაც ერთოთახიანი გვქონდა დიღმის მასივში. მიხეილი გაგვიხდა ავად და გავყიდეთ, ოპერაცია სჭირდებოდა.

KvirisPalitra.Ge- მას შემდეგ ნაქირავებში ხართ ცხრა შვილით?

- სხვა რა გზაა, არც სოფელში გვაქვს რაიმე. სანამ სოციალური დახმარება გვექნებოდა, ახლობლებმა გვაცოცხლეს. სიკეთე არსებობს. სულ იმას ვეუბნები ჩემს შვილებს, - როცა ფეხზე დადგებით, ეს სიკეთე აუცილებლად გაიხსენეთ-მეთქი.

... შვილს თუ აჩენ, კიდეც უნდა მოუარო. ბინის ქირას რომ გადავიხდით,  ორასი ლარიც არ გვრჩება, მაგრამ ჩემი შვილები სკოლაში გაკვეთილის მოუმზადებლად ერთხელაც არ წასულან. როცა ცდილობ, ღმერთი ხელს გკიდებს და გზაზე მიგყვება, - 69-ე სკოლაში ჩემს შვილებს ისეთი დირექტორი დახვდათ, ხანდახან მინდა, ქვეყანამ გაიგოს, რომ ამდენ უბედურებაში მზესავით ანათებს. ეს ქალი მარტო ჩემს შვილებს კი არა, მთელ სკოლას თავს ევლება. არ ვიცი, როგორ ახერხებს, მაგრამ თუ ვინმეს ნიჭი შეამჩნია, ყველა გზას გაუკაფავს. მარტო ჩემი შვილები სამგან ჰყავდა ოლიმპიადებზე წაყვანილი.

- რა თანხით?

- ახერხებს რაღაცას, - შენ ამაში ნუ ჩაერევიო.

- კი მაგრამ, ამდენ ბავშვს საჭმელს მაინც როგორ ამყოფინებთ?

- რა ვიცი... სამი პური ამოგვაქვს უფასო სასადილოდან. ხან ბრინჯის წვნიანს ვუმზადებთ, ხან მაკარონისას. ახლაც ძალიან გემრიელი ბრინჯის სუპი გვაქვს, ლაპარაკს რომ მოვრჩებით, უნდა დაგვეწვიოთ.

KvirisPalitra.Ge- აუცილებლად დაგეწვეოდით, რომ მშიოდეს. კარგად ვიცი, მრავალსულიანი ოჯახის კერძი ყოველთვის გემრიელია. მაგრამ ახლა ის უფრო მაინტერესებს, როსტომმა როგორ შეძლო რეკორდის დამყარება... და ბიჭმა იატაკზე ტილო დაფინა და საათზე წამების ისარი რომ დადის, იმაზე დაახლოებით სამჯერ სწრაფად დაიწყო ვარჯიში. და-ძმა გაფაციცებული უყურებდა, მე - გაოგნებული. მაგრამ რად გინდა, სიჩუმე პატარებმა დაგვირღვიეს - თურმე თავს იმძინარებდნენ და ყველაფერიც ესმოდათ, ჟივილ-ხივილით წამოცვივდნენ და ტაში დასცხეს.

ასე დაგვავიწყდა სიცივეც, შიმშილიც და უსახლკარობაც. მარტო იმედი არ დაგვვიწყებია, განსაკუთრებით მე - რუსიტაშვილებისგან წამოსული მთელი გზა ვფიქრობდი, რომ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ბავშვებს ხელს წაუკრავს დასახმარებლად. თუნდაც ერთი, როსტომის გზის გაკვლევაც კმარა და მერე თვითონ იცის, რასაც იზამს-მეთქი.

...საერთოდ, ეს წერილი ამისთვის არ დაწერილა, მაგრამ თუკი ვინმეს რუსიტაშვილების გაცნობა მოუნდება, პატარა ალექსანდრესავით აიღოს ტელეფონი და ალექსანდრესვე დაურეკოს, - 593494616. გარწმუნებთ,  ეს ზარი არასოდეს დაგავიწყდებათ.