ალბრეხტ დიურერი - ევროპული რენესანსის შემოქმედი - კვირის პალიტრა

ალბრეხტ დიურერი - ევროპული რენესანსის შემოქმედი

ფერმწერი, გრაფიკოსი და გრავიურის ოსტატი ალბრეხტ დიურერი  წარმოშობით უნგრელი იუველირის ოჯახში დაიბადა 1471 წლის 21 მაისს, ქალაქ ნიურნბერგში, რომელიც იმ დროს გერმანული ჰუმანიზმის ცენტრი იყო.

ალბრეხტმა ხატვის პირველი გაკვეთილები მამისგან მიიღო, ფერწერისა და ქსილოგრაფიის (ანუ ხეზე ან სხვა მასალაზე კვეთის) საფუძვლები კი მხატვარ ვოლგემუტის სახელოსნოში აითვისა. 1492-1494 წლები მან ბაზელში გაატარა, რომელიც იმ დროს ილუსტრირებული წიგნების წარმოების უმსხვილესი ცენტრი იყო - აქ მან სპილენძზე გრავირებაც შესანიშნავად შეისწავლა, 1495 წელს კი ვენეციაში გაემგზავრა. ნიურნბერგში დაბრუნების შემდეგ, იმავე წელს, ახალგაზრდა მხატვარმა საკუთარი სახელოსნო გახსნა, სადაც მისი ნახატების მიხედვით შეგირდები გრავიურებს ამზადებდნენ.

საკმაოდ ადრეულ ასაკში დიურერი გახდა არა მარტო მხატვარი და ხელოვანი, არამედ გამომცემელიც.

ნიჭიერ ხელოვანს 1496 წლიდან თავად საქსონიის კურფიურსტი ფრიდრიხი მფარველობდა. საყოველთაო აღიარება კი 1498 წელს მოუტანა გრავიურების სერიამ "აპოკალიფსი". 1502-1504 წლებში მხატვარი ქმნის ცხოველებისა და მცენარეების შესანიშნავ ეტიუდებს აკვარელში, სადაც დეტალები მისთვის დამახასიათებელი სიზუსტითაა გადმოცემული, ხოლო 1504 წელს ლითონზე ქსილოგრაფიის ახალი ტექნიკით  შესრულებული გრავიურა "ადამი და ევა" გამოირჩევა მონუმენტურობითა და ადამიანის სხეულის პროპორციების შესანიშნავი ცოდნით.

1506 წელს მხატვარი შავი ჭირის ეპიდემიას ვენეციაში გაერიდა, სადაც ტრადიციული იტალიური იკონოგრაფიის შესწავლასაც დაუთმო დრო, რაც იმავე წელს რიალტოს გერმანული ეკლესიის საკურთხევლისთვის შექმნილ სურათში აისახა - მადონასა და ყრმას იმპერატორი და რომის პაპი სცემენ თაყვანს, მათ უკან კი ხალხია, რომელთა შორის დიურერმა თავისი არაერთი თანამედროვე გამოსახა.

KvirisPalitra.Ge1511 წელს მხატვარი ვაჭარ ლანდაუერის შეკვეთით ქმნის თავის ერთ-ერთ ცნობილ ნაწარმოებს - "სამების თაყვანისცემა". ზეთით ხეზე დახატულ სურათზე გვირგვინიანი მამა-ღმერთი, ჯვარცმული ძე ღმერთი და სულიწმიდა თეთრი მტრედის სახით ცენტრშია გამოსახული, გარშემო კი წმინდანები 4 ჯგუფს ქმნიან: მარცხნივ, ზევით - ღვთისმშობელი და წამებულები, მარჯვნივ - იოანე ნათლისმცემელი და წინასწარმეტყველები, ქვემოთ მარცხნივ - ორი პაპი და ეკლესიის მოღვაწენი, მარჯვნივ - ხელმწიფე-იმპერატორი და ხალხი. სურათის ძირში კი ტბის პეიზაჟია, სადაც წარწერიან დაფასთან თავად დიურერის ფიგურაა გამოსახული.

“1511-1514 წლებში დიურერი ისევ გრავიურას უთმობს მეტ დროს. ქმნის "აპოკალიფსის" მეორე სერიასა და "მარიამის ცხოვრების" 20 გრავიურისგან შემდგარ ციკლს. ასევე 12 გრავიურა მიუძღვნა სერიას "დიდი ვნებანი", 37 გრავიურა - სერიას "მცირე ვნებანი". 1513-1514 წლებში კი სამი ყველაზე ცნობილი გრავიურა შექმნა: "რაინდი, სიკვდილი და ეშმაკი", "წმინდა იერონიმე სენაკში" და "მელანქოლია I", სადაც რაინდი აქტიური ცხოვრების ალეგორიაა, წმინდა იერონიმე კი სიცოცხლის საზრისს გამოხატავს.

1514 წლიდან აღიარებული ხელოვანი იმპერატორ მაქსიმილიანე I-ის კარის მხატვარი გახდა და იმპერატორის, მისი ოჯახისა და წინაპრების შესანიშნავი პორტრეტების გალერეა შექმნა. 1519 წელს მაქსიმილიანე გარდაიცვალა და ტახტზე კარლოს V ავიდა. 1520 წელს დიურერს ახალი იმპერატორის კარზე გადასვლამ მოუწია, რაც ნიდერლანდების გავლით ხანგრძლივ მოგზაურობად იქცა. დიურერი მოიხიბლა ვან ეიკის მოხატული გენტის ეკლესიის საკურთხევლით, თავად დიურერს კი ყველგან უდიდესი პატივით ხვდებოდნენ. მაგრამ ჰოლანდიაში მას უცნობი სენი შეეყარა, რამაც  იმსხვერპლა კიდეც.

გერმანიაში დაბრუნების შემდეგ დიდმა შემოქმედმა თავისი დაკვირვებანი პერსპექტივისა და ასევე ადამიანის სხეულის პროპორციების შესახებ ტრაქტატების სახით დაუტოვა შთამომავლობას. რაც შეეხება მის რელიგიურ შეხედულებებს, ის თანაუგრძნობდა ლუთერს, თუმცა პირადად არ იცნობდა.

1526 წელს დიურერმა შექმნა ერაზმ როტერდამელის პორტრეტი (გრავიურა სპილენძზე) - ვარაუდობენ, რომ მხატვარი სწორედ მის ზომიერ რელიგიურ წარმოდგენებს იზიარებდა. ამავე წელს მხატვარმა ნიურნბერგის საბჭოს აჩუქა დიპტიქი "ოთხი მოციქული", სადაც ერთ-ერთი წარწერა რელიგიური ფანატიზმის ნებისმიერი გამოვლინების საწინააღმდეგო გაფრთხილებაა.

უნდა ითქვას, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ფართოდ გავრცელების გამო, სიცოცხლის ბოლო წლები შემოქმედმა თავდაცვითი ნაგებობების გაუმჯობესებას მიუძღვნა და ამის თაობაზე 1527 წელს  "ტრაქტატი ქალაქების, ციხესიმაგრეებისა და ვიწრობების გამაგრების შესახებ" დაწერა. სხვათაA შორის, მასში  აღწერილია სიმაგრის სავსებით ახალი სახეობა, რომელსაც მან "ბასტეა" უწოდა.

დიურერი 1528 წლის 6 აპრილს მშობლიურ ნიურნბერგში გარდაიცვალა. ჰუმანიზმით, მაღალი ზნეობითა და დიდი ღირსებით გამორჩეულმა ხელოვანმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ბავშვური გულწრფელობა და იდეალისადმი სწრაფვა.

ალბრეხტ დიურერი ევროპული რენესანსის ერთ-ერთი შემოქმედი და კაცობრიობის უდიდესი პიროვნებათაგანია.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ