"ჯიხურებით ომი" პრესის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ჯიხურებით ომი" პრესის წინააღმდეგ

რა აღიზიანებს ხელისუფლებას - პრესის ჯიხური თუ ის, რაც ჯიხურში იყიდება?!

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, ყველაზე ხალხმრავალ და სარეალიზაციოდ მომგებიან ადგილებში, პრესის გავრცელების ჯიხურები ერთიმეორის მიყოლებით "ქრება". უცნაურია, მაგრამ მერიის ახალი პროექტით გათვალისწინებული 1000 ჯიხურიდან, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ადგილას უნდა ჩაიდგას, უმეტესობა სწორედ იმ ადგილებს ემთხვევა, სადაც დღემდე პრესის გავრცელების ჯიხურები იდგა.ქალაქის მთავრობას სწორედ ეს "უსახური" ჯიხურები არ მოსდის თვალში, თორემ "ლიბერთი ბანკის", "ვაიდდისტრიბუშენის", "ნუგეშის" თუ "ორი წუთის" "სახიანი" ჯიხურებისთვის ხელიც არავის უხლია.

მთელი ამ პროექტის "ძაღლის თავი" იმ ხელშეკრულებაში "მარხია", რომელსაც მერია მომავალ მეიჯარეებთან გააფორმებს. ხელშეკრულებაში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტი კორუფციული გარიგების უპრეცედენტოდ დიდ შესაძლებლობებს იძლევა. ამიტომ მათ ინტერესებს უსამართლოდ ეწირება ყველა, ვინც კი გზაზე გადაეღობებათ.

პირველი იერიში

დამოუკიდებელი ბეჭდური მედია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია "პრობლემებს უქმნის". მაშინ, როდესაც ძირითადი ტელეარხებიდან მხოლოდ მთავრობის ქება-დიდება ისმის, გაზეთები ღიად მიუთითებენ მთავრობის მანკიერ მხარეებზეც. ახლა კი, წინასაარჩევნოდ, მით უფრო პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, განსხვავებული აზრის მოსახლეობამდე მიტანა ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად აწყობს. რომელიმე მედიაორგანიზაციაში ნიღბებით შევარდნა მისი დახურვის მიზნით, არაცივილიზებული და მოძველებული ხერხია, ამიტომ "დემოკრატიულ" ქვეყანაში მეთოდებიც ბევრად უფრო "რაფინირებული" და "დახვეწილი" უნდა იყოს. მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საბაბით მერია 1000 ახალ ჯიხურს ჩადგამს, სადაც არავინ იცის, რა სახის პროდუქციის რეალიზაცია მოხდება, სამაგიეროდ, ქალაქში ადგილი აღარ რჩება პრესის რეალიზაციისთვის. მიზანიც მიღწეულია - ახლა წერეთ და იკითხეთო!

"უსახურ" ჯიხურებთან ბრძოლა მერიამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მაშინაც ძირითადი იერიში პრესის გამავრცელებლებზე მიიტანეს და ქალაქის ცენტრალური ადგილებიდან რამდენიმე ათეული პრესის ჯიხური ააღებინეს: ქალაქის იერსახეს ამახინჯებენო. მანამ, სანამ ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებლები ქალაქის ხელისუფლებისგან ახალი ჯიხურების ჩადგმის ნებართვას ელოდებოდნენ, მათ მიერ გათავისუფლებული ადგილები კომპანია "ვაიდდისტრიბუშენის" ე.წ. "პრაიმტაიმის" პრესის ჯიხურებმა დაიკავა. თუმცა "პრესა" ამ ჯიხურებს მხოლოდ თვალის ასახვევად აწერია, რადგან იქ ჟურნალ-გაზეთები მხოლოდ მცირე რაოდენობით იყიდება და ძირითადად ლატარიის ბილეთების, თამბაქოს,  გამაგრილებელი სასმელებისა და ათასი წვრილმანის რეალიზაცია ხდება. პარადოქსია, მაგრამ "ვაიდდისტრიბუშენის" ე.წ. პრესის ჯიხურებს გარედან ლუდის დიდი სარეკლამო ბანერი "ამშვენებს". მაგრამ უსახურობა და უგემოვნობა რა მოსატანია, როდესაც ჯიხურების ეს ყველაზე დიდი ქსელი, როგორც ამბობენ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის - კეზერაშვილისა და თავად ქალაქის მერის, უგულავას სახელსა და ინტერესებს უკავშირდება. სხვაგვარად როგორ მოახერხებდა ხსენებული კომპანია თბილისის მასშტაბით, ერთდროულად 300-მდე ჯიხურის ჩადგმას საუკეთესო ადგილებზე ყოველგვარი ტენდერისა და კონკურსის გარეშე(!). არადა, სხვა პრესის გამავრცელებლები მერიისგან წლების განმავლობაში ნებართვას ერთ ჯიხურზეც ვერ ეღირსნენ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, პრესის გამავრცელებლები რეგულარულად (ორ თვეში ერთხელ) მიმართავდნენ მერიას შესაბამისი განცხადებებით. სწორედ ამ მიზეზით დამოუკიდებელმა მედიამ უნდობლობა გამოუცხადა მთავრობის მიერ კონტროლირებად "ვაიდდისტრიბუშენს" და უარი თქვა მათ ჯიხურებში საკუთარი გამოცემების შეტანაზე.

მერიას არგუმენტებისარ სჯერა

პრესის იმ ჯიხურების რაოდენობა, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და დამოუკიდებელი კომპანიების საკუთრებაა, ქალაქში სულ 150-მდე იქნება. აქედან 70 ჯიხური სააქციო საზოგადოება "მაცნეს" ეკუთვნის, 44 "პლანეტა ფორტეს" და 22 "ელვასერვისს". დანარჩენ პრესის ჯიხურებს ინდმეწარმეები ამუშავებენ. პრესას ყიდიან ასევე კერძო გამავრცელებლები ღია ცის ქვეშ, სტენდებიდან და სტელაჟებიდან. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკვე გააფრთხილა კომპანია "მაცნე", რომ 26 ნოემბრისთვის 12 ჯიხური უნდა აიღონ, რადგან სწორედ ეს ადგილებია გატანილი აუქციონზე. საინტერესოა, რომ ეს ის ადგილებია, სადაც "მაცნეს" ყველაზე შემოსავლიანი ჯიხურები იდგა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ შორის 6 ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურია, სადაც დამონტაჟებულია სწრაფი გადახდის ტერმინალი და ბუნებრივია, მათ დამზადებაზე კომპანიამ სოლიდური ხარჯი გასწია. აუქციონზეა გატანილი რამდენიმე ისეთი სავაჭრო ადგილი, სადაც "პლანეტა ფორტესა" და "ელვასერვისის" ჯიხურები დგას.

სხვათა შორის, "1000 ახალი ჯიხურის" პროექტი ჯერ მხოლოდ ინიციატივის დონეზე იყო გახმაურებული, როცა, როგორც ჩანს, საფრთხე წინასწარ შენიშნა "საქართველოს პრესის ასოციაციამ" და მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მერიას განცხადებით მიმართა.

"მიგვაჩნია, რომ ასეთი ღონისძიება თავისთავად მისასალმებელია და ვიტოვებთ იმედს, რომ ამ ადგილებსაც ერთი ან რამდენიმე მსხვილი კომპანია არ დაეპატრონება (როგორც, სამწუხაროდ, აქამდე  ხდებოდა). ამასთანავე, გვინდა, გაკვირვება და წუხილი გამოვხატოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პრესის გამავრცელებლების, ასევე გამომცემლების მრავალი  მიმართვისა თუ წერილის მიუხედავად, მერიამ ვერ (არ) გამოძებნა ადგილი გაზეთების, წიგნების, ჟურნალების სარეალიზაციო ჯიხურებისათვის, მაშინ, როდესაც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ითვალისწინებენ ამ ტიპის პროდუქციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ქმნიან პირობას, რომ ხალხმრავალ ადგილებში ასეთი ტიპის პროდუქცია გაიყიდოს. ასეთი მიდგომა გამოწვეულია ხელისუფლების სურვილით, ხელი შეუწყოს საზოგადოების ოპერატიულ და მრავალმხრივ ინფორმირებას, ასევე მოსახლეობაში ბეჭდვითი პროდუქციის მიმართ მეტი ინტერესის გაჩენას, რაც ზოგადად განათლების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

შესაძლოა, საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა იკითხოს: გამოცხადდა აუქციონი, მიიღონ პრესის გამავრცელებელმა პირებმა მონაწილეობა და მოიპოვონ უფლებაო. ცნობილია, რომ პრესითა და ნაბეჭდი პროდუქციით ვაჭრობა ვერასოდეს იქნება ისეთივე მომგებიანი, როგორიც თუნდაც სიგარეტის ან სწრაფი კვებისა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია აუქციონზე პრესის რეალიზატორმა პირმა კონკურენცია გაუწიოს სხვა, გაცილებით რენტაბელური პროდუქციით მოვაჭრეს.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ქალაქ თბილისის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ბეჭდური მედიისა და საზოგადოების ინტერესს და გარკვეულ ადგილებზე ჩაატარებს აუქციონებს სპეციალური პირობით, მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის  გაყიდვის უფლებით. მით უფრო, რომ მათი მხრიდან ასეთი სახის დაპირებები არაერთხელ მოგვისმენია", - ნათქვამია "პრესის ასოციაციის" მიმართვაში, რომელიც ჯერ კიდევ მანამდე გამოქვეყნდა, სანამ პირველი აუქციონი ჩატარდებოდა და მერია არსებულ პრესის ჯიხურებს "მიადგებოდა."

მერიის ახალ პროექტს, რომელიც ქალაქის მთავრობისთვის ინოვაციაა, უკვე გამოეხმაურა პოლიტიკური ოპოზიცია და თავისუფალ მედიაზე იერიში უწოდა.

ხელშეკრულება კორუფციული სქემით

ბევრი ფიქრისა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მერიამ დუმილი დაარღვია და ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი გაავრცელა. მერიის "კეთილი სურვილებისა" და "სასარგებლო რჩევების" მიღმა აშკარა ცინიზმი იკითხება. მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სურვილის შემთხვევაში პრესის რეალიზატორებს შეუძლიათ ხელშეკრულებები გააფორმონ აუქციონში გამარჯვებულ სხვა კომპანიებთან და შესაბამისად, პრესის რეალიზაცია სხვა პროდუქტებთან ერთად მოხდეს.

პრესის რეალიზაცია ისედაც ხდება სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში დადგმულ სტელაჟებსა და ცალკეულ დახლებზე. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთ ობიექტებში პრესის გაყიდვის მაჩვენებელი ბევრად უფრო მცირეა (დაახლოებით 1/10 თანაფარდობით), ვიდრე სპეციალიზებულ ობიექტებში, სადაც პროდუქციის 80-100% პრესაა. შესაბამისად, მხოლოდ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით, პრესა ფაქტობრივად განწირულია.

მერიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ დრომდე სულ ხუთი აუქციონი გაიმართა და 250 ლოტიდან მხოლოდ 93-ზე გამოვლინდა გამარჯვებული, 157-ზე კი კონკურენცია არ ყოფილა.

იქნებ კიდევ ერთხელ გადახედოთ, რომელი ლოტები დაგრჩათ გასაყიდი, ისინი ხომ არა, ქალაქის ყველაზე მიუვალ და უკაცრიელ ადგილებში რომ მდებარეობს. რა გასაკვირია, რომ ასეთ ადგილებში ჯიხურის იჯარით აღებას არავინ ისურვებდა.

მერიის მიერ გავრცელებულ წერილში ასევე ნათქვამია, რომ იმ ადამიანების პრეტენზია, ვინც აცხადებს, რომ კონკურენციას ვერ უძლებენ, უსაფუძვლოა, ზოგმა შეძლო აუქციონში გამარჯვება, ზოგმა კი - ვერ.

მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. 1.000 ლარი, ასე ხშირად რომ ჩაგვძახიან ყურში, საიჯარო ქირის მხოლოდ საწყისი ფასია, ანუ შირმა, რომელიც ხელსაყრელ ადგილზე აუქციონის მსვლელობისას მრავალჯერ იზრდება. უკვე გაყიდული ლოტების შემთხვევაში, ჯიხურების წლიურმა საიჯარო ქირამ 19, 25 და 36 ათასი ლარიც კი შეადგინა. წარმოუდგენელია - 6 კვმ ფართობზე, ერთ ჯიხურში ისეთი რენტაბელური ბიზნესი აწარმოო, რომელიც ისეთ მაღალ მოგებას მოგცემს, რომ მხოლოდ იჯარის სახით ამდენის გადახდა შეძლო. მაგრამ ხელშეკრულება, რომელიც მერიასა და ახალი ჯიხურების მეპატრონეებს შორის გაფორმდება, ყველაფერს ნათელს ჰფენს. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, "ეკონომიკური პირობების ცვლილებების გათვალისწინებით, სარგებლობის საფასურის გადახედვა ურთიერთობის მონაწილეების მიერ შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე". დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ეს პუნქტი კორუფციული გარიგებების დიდ შესაძლებლობას იძლევა.

მერიასთან დაახლოებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია, აუქციონზე არარეალურად მაღალი თანხები დაასახელოს, ამით პატიოსანი კონკურენტები ჩამოიცილოს და გამარჯვება მოიპოვოს, შემდეგ კი ხელშეკრულების ამ პუნქტის დახმარებით "კანონიერად გაურიგდება" მერიას და საიჯარო თანხასაც შეუმცირებენ. ასე რომ, როცა ხელშეკრულებაში ასეთიI პუნქტი გაქვს წინასწარ ჩადებული, ჯანსაღ კონკურენციაზე საუბარი უბრალოდ, თვალში ნაცრის შეყრაა და სხვა არაფერი.

საინტერესოა, უცხო ქვეყნის მაგალითების მოყვარულ მთავრობას მაინცდამაინც ახლა რატომ არ გაახსენდა თუნდაც ერთი განვითარებული ქვეყნის პრეცედენტი. თუმცა, ვფიქრობ, ქვემოთ მოყვანილი მაგალითები საკმარისი არგუმენტია მათი "რკინის ლოგიკის" პასუხად.

"ყველა დოკუმენტი მაქვს, მაგრამ..."

KvirisPalitra.Geნუნუ ლაბაძე (ინდმეწარმე): "7 წლის განმავლობაში ქუჩაში ვყიდდი ჟურნალ-გაზეთებს. შემდეგ მცირე დანაზოგით ბუკიას ბაღში ჯიხური ჩავდგი, სადაც მხოლოდ პრესით ვვაჭრობ. მოქმედი ხელისუფლების დროს, ჯიხური და მიწის ნაკვეთი, რომელზეც ის მდებარეობს, ყველა წესის დაცვით დავიკანონე. 6 თვის განმავლობაში დავდიოდი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში, საკადასტრო რუკაზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი წითელი ხაზებით აღინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფართით სარგებლობის უფლება კანონიერად გადმომეცა. ამის დამადასტურებელი ყველა შესაბამისი დოკუმენტი მაქვს. სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა გადასახადს კეთილსინდისიერად ვიხდიდი: მიწის იჯარას, ქონების გადასახადს და საშემოსავლოს. ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტი თანხებიც კი მაქვს გადახდილი.

ცოტა ხნის წინ მოვიდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან და მითხრეს, რომ ეს ადგილი აუქციონზე გადის და ჯიხური უნდა ავიღო. ისიც დაამატეს, რომ აუქციონში, მონაწილეობა მეც შემიძლია. და თუ მსურს, მონაწილეობა უნდა მივიღო. არანაირი დოკუმენტი იმისა, რომელიც მოწმობს, რომ ჩემს სახელზე გაცემული მიწის იჯარა გაუქმებულია, მერიის შესაბამის სამსახურს არ წარმოუდგენია, მაგრამ 24 ნოემბერს ადგილი, სადაც ახლა ჩემი ჯიხური დგას, ელექტრონულ აუქციონზე გაიტანეს. აუქციონი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავიდან ხუთი პირი ვმონაწილეობდით, შემდეგ სამნი დავრჩით: მე, ვინმე ვანო, რომელიც მხოლოდ სახელით იყო რეგისტრირებული და ვინმე მალხაზ ალანია. ბოლო 45 წუთის განმავლობაში იჯარის ფასი 19.600 ლარამდე გაიზარდა. შემდეგ შეცდომა დაფიქსირდა და აუქციონი ჩაიშალა. არ ვიცი, როდის გაიმართება შემდეგი აუქციონი.

KvirisPalitra.Ge 15 წელია აქ ვმუშაობ და მთელი უბანი მიცნობს, ჩემს ჯიხურს პატარა ბიბლიოთეკას ეძახიან და ამბობენ, რომ ყველა გვერდში დამიდგება, თუ ამ ჯიხურის დახურვის საფრთხე დადგება. თუ იჯარის დაწესება უნდათ, დააწესონ, გადავიხდით, უარს არ ვამბობთ, მაგრამ არც ამაზე არიან თანახმა. ჩემისთანა ადამიანები, ბუნებრივია, ვერ გაუწევენ კონკურენციას ვინმე ვანოს, რომელიც თურმე მზად არის, ამ ჯიხურის იჯარაში წელიწადში 19.000 ლარი გადაიხადოს. მხოლოდ ჟურნალ-გაზეთების რეალიზაციით ამხელა თანხას ნამდვილად ვერ გადავიხდი."

"ამ მიდგომით შეიძლება ნებისმიერს მიადგნენ..."

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში პრესის რეალიზატორები სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობენ. პრესა არის ბიზნესი, რომელიც სხვა ბიზნესივით რენტაბელური არ არის. ამიტომაც არის, რომ საქართველოშიც და ბევრ სხვა ქვეყანაში პრესა დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია, რათა მეტი განვითარების საშუალება ჰქონდეს. შესაბამისად, დაუშვებელია, რომ პრესაც და სხვა საცალო რეალიზატორები ერთნაირ სატენდერო პირობებში ჩააყენო.

მთელ მსოფლიოში, თვით ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი, ქალაქის მუნიციპალიტეტები თავად უზრუნველყოფენ პრესის გავრცელებისთვის სპეციალურ ადგილებს, სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვან შეღავათებს უწესებენ, რომ მოსახლეობის ხელმისაწვდომობა პრესაზე მაქსიმალურად უზრუნველყონ, რადგან ეს დემოკრატიულობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია."

ლაშა ტუღუში ("პრესის ასოციაციის" თავმჯდომარე): "რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გააპროტესტოს ის, რასაც ქალაქის ხელისუფლება დღეს პრესის ჯიხურებთან დაკავშირებით აკეთებს. ადამიანების ნაწილი ჯერ ვერც კი იჯერებს, რომ ასეთი რამ ნამდვილად ხდება. თუმცა, დღეს ჩვენ უკვე ვნახეთ იმის მაგალითები, თუ როგორ იღებენ ჯიხურებს თბილისის ქუჩებში, როგორ ცარიელდება ის ადგილები, სადაც მანამდე პრესა იყიდებოდა. ეს უკვე აისახა გაზეთების ტირაჟებზე.

ნებისმიერი ასეთი ქმედება მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ჟურნალ-გაზეთებს, მით უფრო, რომ ამ ჯერზე ძირითადად ცენტრალურ, ხალხმრავალ ადგილებში მდებარე ჯიხურებს მიადგნენ, სადაც რეალიზაციის მაღალი მაჩვენებელი იყო. ამან კი შეზღუდა პრესის გავრცელება.

გაუგებარია, რომელ თანაბარ პირობებზე საუბრობს ქალაქის მერია. წლების განმავლობაში მუშაობდა პრესის ჯიხური კონკრეტულ ადგილას, ერთ დღესაც მოვიდა მერიის წარმომადგენელი და გადააგდო ის ჯიხური. შემდეგ კი ეუბნებიან: თავიდან მიიღე მონაწილეობა ამ საქმის აწყობაშიო. ამაში რამე ლოგიკას ხედავთ? რომელ თანაბარ პირობებზეა საუბარი, როდესაც წლების განმავლობაში აწყობილ სისტემას ერთი ხელის მოსმით ანგრევენ. ამ მიდგომით შესაძლებელია ნებისმიერ საწარმოს მიადგნენ, გააუქმონ, დაანგრიონ და შემდეგ მის მესაკუთრეს უთხრან: მოდი, ახლა რაღაც ბუნდოვან და გაურკვეველ აუქციონში მიიღე მონაწილეობა, თუ გაიმარჯვებ და ფულს გადაიხდი, ამ ტერიტორიაზე საწარმოს თავიდან აშენების უფლებას მოგცემო. თანაბარ პირობებში ჩაყენება ის იქნებოდა, რომ თავის დროზე დაერეგისტრირებინათ ეს ადამიანები მოიჯარეებად და უარი არ ეთქვათ მათთვის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

რატომღაც პრესის გამავრცელებლებზე არ გასცეს ნებართვები მაშინ, როდესაც უპრობლემოდ გადასცეს საუკეთესო ადგილები თბილისში სხვა ჯიხურების ქსელის მფლობელებს, რომლებიც სახელისუფლებო ბიზნესმენები არიან.

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში სახელმწიფოს მიდგომა ბეჭდური მედიის, მისი გამავრცელებლების მიმართ ძალიან ლიბერალურია. ის, რომ დაეძგერონ პრესის ჯიხურს, სტენდს, გამავრცელებელს და გააგდონ თავისი სარეალიზაციო ადგილიდან, ასეთი რამ არსად არ ხდება. პირიქით, ცოტათი მაინც დემოკრატიულ ქვეყნებში ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი იყოს ასეთი ინიციატივა, ხელს უწყობენ ამ სფეროს, განვითარდეს, რადგან იციან სიტყვის თავისუფლების ფასი. ჩვენთან კი გაუთავებლად იბრძვი არსებობისთვის, რადგან მუდმივად გიქმნიან პრობლემებს. მერიისთვის მთავარი პრობლემა ჯიხური კი არ არის, არამედ ის, რაც ამ ჯიხურში იყიდება - პრესა, რომელიც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ."

P.S. სხვათა შორის, ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ფაქტობრივად ავტორიტარულ რუსეთშიც კი მიწის იჯარის კოეფიციენტი დიფერენცირებულია. პირველ რიგში შეღავათები ვრცელდება ე.წ. სოციალური დატვირთვის მქონე ბიზნესებზე, მათ შორის პრესის ჯიხურებზე...

KvirisPalitra.Geამ ჯიხურებში მხოლოდ პრესა იყიდება

ჩვენ დავინტერესდით, როგორ ხდება პრესის გავრცელება ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში და უამრავი თვალსაჩინო მაგალითიც მოვიძიეთ. როგორც ხედავთ, ამ ჯიხურებში მხოლოდ პრესა იყიდება. როგორც წესი, პრესის ჯიხურები ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ, ცენტრალურ ადგილებში დგას და მიუხედავად ამისა, დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმითა და დაბალი საიჯარო კოეფიციენტით სარგებლობენ, შესაბამისად, ბიზნესის განვითარებისთვის, მათ პრესასთან ერთად კვების პროდუქტებისა და სხვა საქონლის გაყიდვა არ სჭირდებათ. ეს თვალსაჩინო მაგალათია იმისა, რომ ყველა მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყანაში ზრუნავენ სიტყვის თავისუფლებისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.

"მე სამი გაზეთის უფრო მეშინია, ვიდრე ასი ათასი ხიშტისა"

ნაპოლეონი