"გაძლიერებულები მოვდივართ ამ გზაზე" - კვირის პალიტრა

"გაძლიერებულები მოვდივართ ამ გზაზე"

სპორტსმენები - ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი და მწერალი მერაბ შათირიშვილი ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით დაადგნენ გზას გელათიდან სამებამდე.მათ ყინვასა და უამინდობაში რამდენიმე ასეული კილომეტრი გაიარეს. "კვირის პალიტრა" სოსო ჯაჭვლიანსა და ლუკა კურტანიძეს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა.

- სოსო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანამ გზას დაადგებოდით, კურთხევა კათოლიკოს-პატრიარქისაგან მიიღეთ.

- არავითარი კურთხევა არ მიგვიღია პატრიარქისაგან. ვიღაცები განგებ აბამენ ჩვენს პროტესტს პატრიარქის სახელს.

ჩვენ, სამმა კაცმა, გადავწყვიტეთ, გაგვევლო გზა გელათიდან სამებამდე. ამით ჩვენს სამოქალაქო პროტესტს გამოვხატავთ ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის გამო. ამბობენ, რომ ივანიშვილი 2012 წლამდე საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს და ამაზე როგორ დუმს ქართველი საზოგადოება?! ჩვენ არავის არაფრისკენ მოვუწოდებთ. ვისაც უნდა, გამოგვყვეს და როგორც მოინდომებს, ისე გამოხატოს პროტესტი. ივანიშვილის  რომ ეშინიათ, იმიტომ მოუხსნეს მოქალაქეობა. ასეა, ქართველები უმადურები ვართ. კაცმა ამხელა სიკეთე გაუკეთა ხალხს და მათ კი ხმის ამოღების ეშინიათ, თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას მოგებული აქვს არჩევნები.

KvirisPalitra.Geლუკა კურტანიძე: - სანამ ამ გზას დავადგებოდით, გელათში დავანთეთ სანთლები და ვილოცეთ. გელათის მადლით გაძლიერებულები მოვდივართ ამ გზაზე. ჩვენ საქართველოში სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ. იმ კაცს, რომელმაც წლების განმავლობაში ქვეყნისთვის უამრავი სიკეთე გააკეთა, მორალურადაც, ღვთისგანაც, ხალხისგანაც და კანონითაც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა. სრულიად საქართველოს მოვუწოდებთ დიდი სიყვარულისკენ, გვინდა, ყველა ქართველი სამშობლოს სიყვარულით გაერთიანდეს...

პირველ დღეს 60 კილომეტრი გამოვიარეთ. გვარიანად დავიღალეთ. ბევრი გვირეკავს უცხოეთიდან, გვამხნევებენ, ხალხი გვხვდება და გვეკითხება, რით დაგეხმაროთო. რა გამოლევს ისეთ ხალხს, ვისაც ერის ბედნიერება უნდა. მძღოლები გვიჩერებენ მანქანებს, რამე ხომ არ გჭირდებათო... როდესაც ვამბობ, რომ უნდა გავერთიანდეთ, იმას კი არ ვგულისხმობ, ყველა ერთ აზრზე ვიყოთ, ქვეყნისთვის გავისარჯოთ და თუ პაექრობამ მოგვიწია, ერთმანეთს სამართლიანად ვეპაექროთ, მაგრამ პაექრობამდე თუ ხელი და ფეხი მომაჭერი, რა გამოვა? მე ის გონებადაბნელებული ხალხიც მიყვარს, ვინც ათას უმსგავსობას სჩადის. არავის მტერი არა ვარ, ღმერთმა დამიფაროს, ყველას სიყვარულით მოვუწოდებ, დავასრულოთ ეს უსამართლობა და სამართლიანი ქვეყანა ავაშენოთ.