ქართველი პენსიონერი ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი პენსიონერია?! - კვირის პალიტრა

ქართველი პენსიონერი ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი პენსიონერია?!

საქართველოში დაახლოებით 700.000 ასაკითპენსიონერია, მინიმალური პენსია კი - 100 ლარი. 2003 წლიდან დღემდე პენსია საქართველოში შვიდჯერ გაიზარდა, მაგრამ საარსებო მინიმუმსაც ვერ მიაღწია.მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, 2012 წლიდან 67 წელს გადაცილებული ყველა პენსიონერი 140-ლარიან სახელმწიფო შემწეობას მიიღებს. სამომავლოდ კი მთავრობა გვარწმუნებს, რომ რადაც უნდა დაუჯდეს, მინიმალური პენსია 100 დოლარამდე უნდა გაზარდოს.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენია მინიმალური ან საშუალო პენსია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მათი ეროვნული ვალუტის ლარში კონვერტირებით ასეთი სურათი მივიღეთ:

1.    ესტონეთი - 660 ლარი

2.    ყაზახეთი - 585 ლარი

3.    ლატვია - 550 ლარი

4.    ლიტვა - 453 ლარი

5.    რუსეთი - 438 ლარი

6.    აზერბაიჯანი - 303 ლარი

7.    უკრაინა - 232 ლარი

8.    ბელორუსია - 185 ლარი

9.    თურქმენეთი - 171 ლარი

10.    სომხეთი - 129 ლარი

11.    საქართველო - 100 ლარი

12.    მოლდავეთი - 93 ლარი

13.    უზბეკეთი - 82 ლარი

14.    ყირგიზეთი - 72 ლარი

15.    ტაჯიკეთი - 27 ლარი

ჩვენ ასევე დავინტერესდით, რამდენად ძვირია პენსიონერისთვის არსებობა ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში და სამომხმარებლო კალათიდან რამდენიმე ხშირად მოსახმარი პროდუქტი შევარჩიეთ, შემდეგ კი მათი ფასები ლარში გადავიყვანეთ.

შაქარი 1 კილოგრამი - რუსეთი (1,40 ლარი), უკრაინა (1,80 ლარი), სომხეთი (1,07 ლარი);

ზეთი 1 ლიტრი - რუსეთი (3,86 ლარი), უკრაინა (2,20 ლარი), სომხეთი (3 ლარი);

პური 500 გრამი - რუსეთი (1, 50 ლარი), უკრაინა (1,15 ლარი), სომხეთი (1 ლარი);

მაკარონი 1 კილოგრამი - რუსეთი (2,12 ლარი), უკრაინა (1,25 ლარი), სომხეთი (1,40 ლარი);

იოსებ არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "რიგითი, ანუ "საშუალო" პენსიონერის პენსია საშუალო მომხმარებლის ოფიციალური საარსებო მინიმუმის მხოლოდ 70%-ს ფარავს. საარსებო მინიმუმამდე ამ 30-პროცენტიანი დეფიციტის შესავსებად თითოეულ პენსიონერს, წელზე გაანგარიშებით, დაახლოებით კიდევ 500 ლარი ესაჭიროება. ასე რომ, მიუხედავად მატებისა, პენსიის სიდიდე ისევე შორსაა საარსებო მინიმუმამდე, როგორც ფერეიდნელი ქართველებისათვის საქართველო.

2003 წელთან შედარებით 2011 წლის სექტემბრისთვის პენსია კი გაიზარდა შვიდჯერ, მაგრამ იმავე პერიოდში ინფლაციამ თითქმის 80% შეადგინა, მათ შორის სურსათსა და მედიკამენტებზე - თითქმის ორჯერ მეტი. ეს ნიშნავს, რომ 2011 წლის 15 სექტემბრიდან 100 ლარამდე გაზრდილი პენსიის რეალური მსყიდველობითი უნარიანობა შეადგენს მხოლოდ 42 ლარს 2003 წლის ფასებით, ანუ რეალურად დაახლოებით სამჯერაა გაზრდილი.

ვაჟა ბერიძე, ეკონომიკის ექსპერტი: "საქართველოში  ადამიანების ღირსეული სიბერით უზრუნველყოფა ჯერ კიდევ არ მოხერხდა. საქართველოშიც საკმაოდ მაღალია საპენსიო ზღვარი - 60 წელი ქალებისთვის და 65 მამაკაცებისთვის. როდესაც ყოველგვარი დანამატისა და შეღავათის გარეშე მინიმალური პენსია 100 ლარია, მაშინ, როდესაც საარსებო მინიმუმი ოფიციალური სტატისტიკით შეადგენს 156,2 ლარს, ბუნებრივია, ლაპარაკი სოციალური პოლიტიკის სრულყოფილებაზე შეუძლებელია. ჩვენ გვიყვარს პარალელის გავლება ჩვენს მტერთან, მოწინააღმდეგესთან - რუსეთთან. რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, მაგრამ თუ შედარებაა, სოციალურ ასპექტებსაც შევხედოთ, სახელმწიფო პენსია რუსეთში მიბმულია საარსებო მინიმუმზე. ის საარსებო მინიმუმზე დაბალი არ შეიძლება იყოს. ამავე დროს, ინფლაციის გათვალისწინებით ხდება მისი ინდექსაცია. საქართველოში ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია".