ნატომ ქართველების კვების ნორმა საგანგაშოდ მიიჩნია! - კვირის პალიტრა

ნატომ ქართველების კვების ნორმა საგანგაშოდ მიიჩნია!

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდებული საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი ადამიანის სიკვდილის პირამდე მიყვანას ნიშნავს!

როგორ იკვებებოდა საქართველოს მოსახლეობა "ვარდების რევოლუციამდე" და რა მდგომარეობაშია რევოლუციის შემდგომ? რატომ ითვლება ქართველებისთვის ნორმად ის რაციონი, რომელიც ნატოს სასურსათო უსაფრთხოების სტანდარტებით არანორმალურია და საგანგაშო ვითარებას ასახავს? - ამ თემაზე "კვირის პალიტრა" ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, კვების მრეწველობისა და აგროტექნოლოგიის მეცნიერებათა აკადემიების წევრს, ნატოში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელს და ექსპერტს სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში შოთა ჩხეიძეს ესაუბრა:

- 1999-დან 2005 წლამდე ნატოში საქართველოს წარმომადგენელი თავად გახლდით, სოფლის მეურნეობის დაგეგმვისა და სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტში ექსპერტად ვმუშაობდი. კომიტეტის სხდომებზე (რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდებოდა და 44 სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრებოდა) საქართველოში არსებული სასურსათო უსაფრთხოების დაცვის საკითხებიც იხილებოდა.

არსებობს სასურსათო უსაფრთხოების კრიტერიუმები.  სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კომპლექსურია და ოთხ კომპონენტს მოიცავს: პირველი - მოსახლეობის საჭირო რაოდენობის სურსათით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, მეორე - დაბალანსებულ კვებას,  მესამე - სურსათის უვნებლობას, მეოთხე კრიტერიუმი კი საკვების, როგორც მატერიალურ, ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს (ვთქვათ, რა პროდუქტიც მოიპოვება აჭარაში, შესაძლოა არ იყოს სვანეთში და პირიქით, რაც სვანეთშია, აჭარაში არ არის). ე. ი. უნდა ვიზრუნოთ, რომ სურსათი თანაბრად, ყველა რეგიონისთვის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი გახდეს.

ამ ორგანიზაციას როგორც თავის წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან (ჩვენ პარტნიორ ქვეყნად ვითვლებით) ვალდებულებები აქვს. ნატო აანალიზებს, რა მდგომარეობაა მის პარტნიორ ქვეყნებში, განსაზღვრავს, არის თუ არა მდგომარეობა საგანგაშო, შემდეგ კი ზომებს იღებს. სწორედ მისი რეკომენდაციებით გვეხმარებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, რადგან საქართველოს მდგომარეობა ადრეც საგანგაშოდ ითვლებოდა. ახლახან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები გავაანალიზე და დავადგინე, რომ "ვარდების რევოლუციის" მერე მდგომარეობა გაუარესდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე წარმოდგენილია შრომისუნარიანი მამაკაცისთვის განსაზღვრული საარსებო მინიმუმი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებულ შემადგენლობას ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს, რომელსაც შრომისუნარიანი მამაკაცის გამოსაკვებად 109 ლარი საკმარისად მიაჩნია(?!). ოფიციალური ინფორმაციით, საარსებო მინიმუმი 156 ლარს  შეადგენს, რომლის &70% კვებაზე მოდის. საქმე ის არის, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი სასურსათო უსაფრთხოების დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს უხეშად უგულებელყოფს. ყოველდღიურ რაციონში ძალზე დაბალია იმ სურსათის ენერგეტიკული ღირებულება, რომელიც შრომისუნარიან მამაკაცს დღის განმავლობაში დაუდგინეს, ეს დღიურად 2300 კკალ-ს არ აღემატება. ამ ციფრის თითქმის ნახევარი, დაახლოებით 47% - პურსა და პურპროდუქტებზე მოდის. ორგანიზმისთვის აუცილებელი ხორცი და  მისი პროდუქტები რაციონში მხოლოდ 6.67%-ს შეადგენს, რძე და რძის პროდუქტები 8%-ითაა განსაზღვრული. საბოლოოდ ასეთი კვება ადამიანის ორგანიზმისთვის კატასტროფაა და ნელ-ნელა დაუძლურებასა და თანდათანობით სიკვდილს ნიშნავს.  ეს მდგომარეობა საგანგაშოა!

საერთაშორისო ნორმებით მსუბუქი შრომით დაკავებულმა პირმა დღეში 2750-3000 კკალ უნდა მიიღოს, საშუალოდ მშრომელმა - 2950-3200 კკალ, მათთვის კი, ვისაც მძიმე ფიზიკური შრომა უხდება, 3450-დან 3700-მდე, ან 3900-დან 4500-მდე კკალ-ის მიღებაა რეკომენდებული (განსხვავება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვითაცაა).

- როგორ აისახება კალორიების სიმცირე ადამიანის ჯანმრთელობაზე?

- დაბალანსებული კვების დროს ცილების საერთო რაოდენობაში ცხოველური წარმოშობის ცილები (ხორცის და რძის პროდუქტების)  60%  მაინც  უნდა იყოს. შემოთავაზებული რეკომენდაციით კი მხოლოდ 40%-ია, რომელშიც  საკუთრივ ხორცისგან მიღებული ცილა ამ 40%-ის  ნახევარიც არ არის. საკვების არასაკმარისად კალორიულობის გამო ცილები უპირველესად ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს ხმარდება და არა ნივთიერებათა ცვლას. აქედან გამომდინარე, თუ რაციონში კალორიულობა არასაკმარისია, მაგალითად, 2300 კკალ და არა 3000-3500 კკალ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურად მომუშავე ადამიანის ეს რაციონი მთლიანად ენერგიის გამომუშავებას მოხმარდება, რის გამოც ორგანიზმში ცილოვანი დეფიციტი განვითარდება. ეს კი არაერთ პათოლოგიას იწვევს, მაგალითად, ენდოკრინულ დაავადებებს, ნერვული სისტემის მოშლილობას და სხვა.

2003 წელსა და წინა წლებშიც მოსახლეობა ძირითადად პურით იკვებებოდა. ერთი სული მოსახლე დღიურად 640 გ პურსა და პურპროდუქტებს იღებდა, საჭირო 350 გ-ის ნაცვლად. ხორცსა და ხორცპროდუქტებს (ღორის, საქონლის, ფრინველის ხორცი და ძეხვეული) მხოლოდ 80 გ-ს მიირთმევდა, რაც საერთაშორისო ნორმის თითქმის მესამედი იყო, ე. ი. ეს პროდუქტი ყოველდღიურად 200 გ  მაინც უნდა მიეღო. რძე და რძის პროდუქტები დღიურ რაციონში 650 გ-ს შეადგენდა (ნაცვლად აუცილებელი 960 გ-ისა) და ა.შ. ყოველივე ეს ქვეყანაში დაბალი სოციალური პირობებით აიხსნებოდა.

სამწუხაროდ, ამ საგანგაშო მონაცემებს არც "ვარდების რევოლუციის" შემდგომ მოჰყვა სათანადო უწყებების რეაგირება. უფრო მეტიც,  ჯანდაცვის სამინისტრომ (2003 წლის 8 მაისის ბრძანებულებით) ნატოს მიერ საგანგებოდ მიჩნეული მდგომარეობა ნორმად "მონათლა". მას შემდეგ კი ამ საკითხით აღარავინ დაინტერესებულა, არც უცდიათ ამ ბრძანებისთვის გადახედვა(?!). უფრო მეტიც, აღარ ტარდება კვლევა,  დაცულია თუ არა მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოება. ამ მოსაზრებას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია 2005-2009 წლებში საკვები ენერგიის მედიანური (კკალ დღეში სულზე) მოხმარების თაობაზე, სადაც გრაფიკულად ნაჩვენებია, რომ ამ წლებში საქართველოს მოსახლეობა დღეში 2100-2300 კკალ-ს იღებდა, მაგრამ არაფერია ნათქვამი, რის ხარჯზე გროვდებოდა კალორიები. ვფიქრობ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოერიდა იმის აღიარებას, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი (დღეისთვის შესაძლებელია 60-70%-ც კი) მხოლოდ პურისა და პურპროდუქტების ხარჯზე არსებობს, ხოლო ხორცისა და ხორცის პროდუქტების წილი მის რაციონში ნორმის ერთი მესამედიდან  ერთ მეხუთედამდეც კი დაეცა, რისი მიზეზიც 2011 წელს ხორცის გაძვირება გახდა. ვფიქრობ, განმარტებას აღარ საჭიროებს ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, თევზის მწვავე დეფიციტი რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებზე. ამას ცხადყოფს მოსახლეობის, მათ შორის - ბავშვების მაღალი სიკვდილიანობის სტატისტიკა. მოზარდს დღიურად 100-120 გ ცილა სჭირდება.

საზოგადოების დაცინვაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდებული მინიმალური სასურსათო კალათით გათვალისწინებული პროდუქტების შესაძენად 109 ლარია გათვალისწინებული. რეალურად კი ადამიანს თვეში მინიმალურად საჭირო პროდუქციის შესაძენად მინიმუმ 255 ლარი სჭირდება (იხ. ცხრილი, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად 2003 წლამდე საქართველოში დამკვიდრებული ფიზიოლოგიური ნორმები და შესაბამისად, ორგანიზმისთვის მინიმალურად აუცილებელი  პროდუქტის ამჟამინდელი საბაზრო  ფასებია მოცემული).

ამგვარად, ნურავინ დაამახინჯებს რეალობას და ნუ შეაყრის ნაცარს ხალხს თვალებში!  მდგომარეობა სერიოზულია და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და გენოფონდის გადარჩენას სასწრაფო ღონისძიების გატარება სჭირდება.

სასურსათო მინიმუმი 1 სულ მოსახლეზე ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით (1 დღეში, 1 თვეში), მათი ენერგეტიკული ღირებულებანი და პროდუქტის ფასები

KvirisPalitra.Ge