გამოფენა - ნოკაუტი - კვირის პალიტრა

გამოფენა - ნოკაუტი

"მარტოობა არ არის ცუდი, ბედნიერებაც კია, შენს თავთან დარჩენილი ფიქრობ, ოცნებობ..."

დავით კვაჭაძე თითქოს ყველასაგნის სულს ხედავს, ამიტომაც გამოსდის ასეთი არაჩვეულებრივი ფოტოები... აქაც ის წამია დაფიქსირებული,

როცა მზის სხივი ადამიანის სხეულის ფორმით "გამოდის ღია ფანჯრიდან". ასეთ სურათებს მხოლოდ მხატვრები ხედავენ...

ექსპოზიცია ახალ გალერეაში მართლაც განსაკუთრებულია. დავით კვაჭაძის აბსტრაქცია ძალიან დახვეწილი და ფერწერული აღმოჩნდა. ეს ნამდვილად ფოტოებია, მაგრამ დაჯერება მიჭირს... წესით, ფერწერული ტილოების ფოტოები უნდა იყოს... გარკვეულწილად, ასეც არის, ოღონდ, ეს "ფერწერული ტილოები" ჩვენს გარშემო ყოვლად დაუცველად, ღია ცის ქვეშ არიან წარმოდგენილნი: ძველი სადარბაზოს დამსკდარი კედლები, საღებავგადაქექილი ღობე, მზის სხივის ანარეკლი შენობაზე...

შენ რინგზეც ხელოვანი იყავიო, - ყურში მომხვდა ძველი მეგობრის შეფასება, როცა დავით კვაჭაძეს გამოფენის გახსნას ულოცავდა.

საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი კრივში (1976, 1977 და 1980 წლებში) რა გასაკვირია, რინგზე ხელოვანი ყოფილიყო... თუმცა მისთვის მხოლოდ მოგებული შეხვედრები არ ჩაუთვლიათ ხელოვნებად... ჯერ ერთი, კრივში გონიერებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება და მეორე: სადაც უნდა იყო, საკუთარ თავს ხომ ვერ უღალატებ, ის კი სულით ყოველთვის ხელოვანი იყო, სამყაროსთან ამაღლებული დამოკიდებულება ჰქონდა... ჰოდა, როცა რინგზე იდგა, ისევ თავის თავს წარმოადგენდა: დახვეწილს, გონიერს, ამაღლებულსა და მგრძნობიარეს... ასე ამბობენ, თორემ მე კვაჭაძის არც ერთი ორთაბრძოლა არ მინახავს... საერთოდ არ მიყვარს იმ სპორტის ყურება, ერთი ადამიანი რომ მეორეს ურტყამს, ან ეჭიდავება, მგონი, მათი განცდილი ტკივილის მეშინია და იმიტომ... მაგრამ როცა მითხრეს, კრივის ყურება დავითსაც არ უყვარსო, მაშინ კი ვაღიარე, რომ სრულიად განსხვავებულ ადამიანთან მქონდა საქმე. ახლა ძნელია იმაზე საუბარი, რას განიცდიდა ყოველი მორიგი გამარჯვების შემდეგ, ერთი კი ცხადია, ყველაფერს განსხვავებული თვალით უყურებდა და იმას ხედავდა, რისი დანახვაც სხვას გაუჭირდებოდა. ამიტომაც აიყვანეს მისი ხელოვნება ფერწერის რანგში და ბელგიაში, გამოფენაზე, მხატვარ ვან პეერის ნამუშევრების გვერდით გამოიტანეს.

KvirisPalitra.Ge- თუ რამე საინტერესო იქნება, თუნდაც დაფლეთილი აფიშა, გადავიღებ ხოლმე... ხე მომწონებია და გადამიღია, მერე იმ ადგილას რომ გამივლია და აღარ მინახავს, გული მტკენია, თითქოს ძველი ნაცნობი წავიდა და სამუდამოდ დამტოვა, - ამბობს ხელოვანი, - ხანდახან ჩემი ბავშვობის ეზოში მივდივარ. მეზობლის - ქსენიას ოთახში შევდივარ ხოლმე. მამიდამისი თეკლე და მისი მეუღლე - საქუ ძია უშვილოები იყვნენ. ნაღდი თბილისელი სომეხი იყო საქუ ძია. ძალიან უყვარდა გიორგი ლეონიძე და სიკვდილის წინ დაიბარა, პატარძეულში დამასაფლავეთო. ყველაფერი ცხადლივ მახსოვს, სად ისხდნენ, რას მეუბნებოდნენ... ქსენია გადაირია, რომ ვკითხე, - აქ ხელსაბანი რომ იყო, რა იქნა-მეთქი. მერე ყველაფერი ჩამოვუთვალე, სად რა იდგა. ყველაფერი როგორ გახსოვსო. აბა, მაგის დავიწყება შემიძლია?!

გულმოკლული გამოვედი იქიდან. ჩვენ ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით. მამა ადრე გარდაგვეცვალა. დედა სამ ბიჭს მარტო გვზრდიდა. ჩვენ ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ უტილიტარული დამოკიდებულება მატერიალურთან და ამან სულიერად გადაგვარჩინა, ასეთები იყვნენ ჩვენი მეზობლები. გული მტკივა, ცოცხლები რომ აღარ არიან...

ახლაც გული მწყდება, რომ ვიხსენებ, პატარა სახლი გვქონდა, ერთი ოთახი და ერთი პატარა დერეფანი, როგორც საკუჭნაო, თან კარადის კარი გამსკდარი იყო.  კრივზე მინდოდა სიარული და მიშლიდნენ დედაჩემი და ჩემი შუათანა ძმა.   როგორც მოკრივე, ფაქტობრივად უფროსმა ძმამ გამზარდა... როლანდმა მითხრა, ამ კარადის კარს ერთი დარტყმით თუ გატეხ, შენგან ნამდვილად გამოვა მოკრივეო. მეც გულუბრყვილოდ დავარტყი, თორემ გასატეხი კარადა სად გვქონდა... ხე იმდენად ძველი და გამომშრალი იყო, რომ გასკდა. როცა ჩემი შუათანა ძმა დაოჯახდა, მოვინდომეთ ძველი კარადის გატანა. დედაჩემი ნერვიულობდა, - იყოს, ნუ აგდებთო. ეს კარადა ისევ დგას ჩვენი სახლის წინ, ეზოში. ვთხოვე ჩემს ძმას, აქედან მაინც ნუღარ გადავაგდებთ-მეთქი. ფოტოც გადავუღე. დარჩა სევდიან მოგონებად...

ჩემთვის არ უთქვამს ჩემპიონ მოკრივეს, თავად რამდენი დარტყმა მიაყენა ცხოვრებამ, რამდენჯერ უღალატეს, რამდენჯერ წესების გარეშე დაუპირეს დამარცხება... სიტყვაუხვი არ არის, წუწუნს ხომ ვერა და ვერ გაიგონებთ მისგან... ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით ბევრი სტკივათ ხოლმე ცხოვრებაში, რადგან სხვებზე ბევრს ხედავენ და გრძნობენ.

გარეგნულად ყოველთვის წყნარი ვიყავი, თუმცა შინაგანად შეუძლებელია არ ღელავდე. მთელი ღამე შეიძლება არ გეძინოს, მაგრამ დღისით არაფერს ვიმჩნევ.

მახსოვს, ევროპის ჩემპიონი გავხდი... კვარცხლბეკზე მდგარნი სხვადასხვანაირად გამოხატავენ ემოციას. მე ძალიან მშვიდად ვიდექი, ძალიან დაღლილი ვიყავი,  ვფიქრობდი, როგორ გაუხარდებოდა დედაჩემს ეს გამარჯვება, მაგრამ არ გამომიხატავს... შინაგანად ვიწვი, მაგრამ გარეგნულად მშვიდი ვრჩები. ადამიანი მარტო იბადება, მარტო მიდის ამ ქვეყნიდან... მარტოობა არ არის ცუდი, ბედნიერებაც კია, შენს თავთან დარჩენილი ფიქრობ, ოცნებობ...

ახალ გალერეაში მარტოობაში ნაფიქრ-ნაოცნებარის ანარეკლები კიდია კედელზე, მოკრივე ხელოვანი დავით კვაჭაძე ისევ მშვიდად დგას... არადა, ეს გამოფენა ხომ ნამდვილი გამოფენა-ნოკაუტია, აბსოლუტური გამარჯვება! ავტორს გარეგნულად არაფერი ეტყობა... შინაგანად კი ამ ფოტოების ფერებად და სახეებად ნაწევრდება, მერე ერთიანდება და ჯერ კიდევ სხვისი თვალისათვის შეუმჩნეველი მშვენიერების ობიექტივში მოსაქცევად ემზადება...