საგანძურის მცველობა სვანების მემკვიდრეობაა - კვირის პალიტრა

საგანძურის მცველობა სვანების მემკვიდრეობაა

"ალბათ, ჩემსავით ბევრი არ ყოფილა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, რომელზეც ბოლო დროს პრესაშიც იწერება და ტელეარხებზეც შუქდება. იქნებ გვითხრათ, რა უნიკალური საგანძურია დაცული მესტიის აწ უკვე დანგრეულ მუზეუმში.

ქეთევან მიროტაძე, თბილისი"

"კვირის პალიტრა" სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ხელმძღვანელს რუსუდან ქოჩქიანს ესაუბრა: - "მუზეუმში უამრავი უნიკალური ექსპონატი ინახება. უნიკალურია მესამე ათასწლეულის სპილენძის ცულები და ყუნწიანი შუბისწვერი, ბრინჯაოს ზოდები, რაც მოწმობს, რომ სვანეთში განვითარებული მეტალურგია ჰქონდათ. აქ ნახავთ ნუმიზმატიკურ მასალას:  VI საუკუნის კოლხურ თეთრს, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერს. ალექსანდრეს სულ 377 ცალი სტატერია საქართველოში, მათგან - 367 სვანეთში. მუზეუმის უძვირფასესი ექსპონატია:  IX-XI საუკუნეებში შექმნილი ხელნაწერები და ფერწერული ხატები, VI საუკუნის სირიული ბრინჯაოს საცეცხლურები,  XIII საუკუნის ვენეციური ჯვარი - მსოფლიოში ასეთი სულ სამია. ხელნაწერები ეტრატზეა შესრულებული. მათ შორის არის უძველესი ადიშის ოთხთავი, რომელიც თარიღდება 897 წლით და გადაწერილია შატბერდის ლავრაში,  XIII საუკუნიდან კი სვანეთში ინახება. აქვეა დაცული XI-XII საუკუნეების ფარი, რომელზეც მზის დისკოა გამოსახული, 13 ასურელ მამასთან დაკავშირებული VII  საუკუნის უიშვიათესი საცეცხლურები, დაახლოებით XII-XIII  საუკუნეებში შესრულებული უნიკალური ნაქარგი ხატი. აქვე ინახება ლემი, თავისუფალი სვანეთის დროშა.  ეს არის ლომისგამოსახულებიანი დროშა, რომელიც წმინდა ელიას დღესასწაულზე გამოჰქონდათ დოღზე, მოძრაობის დროს იბერებოდა და ლომის ფორმას იღებდა. გვაქვს XIV საუკუნეში ხეზე შესრულებული უნიკალური საბუთები, რომლებიც არსად გვხვდება.

- როგორ მოხვდა უნიკალური ოთხთავი სვანეთში?

- როდესაც საქართველოს მტერი შემოესეოდა, მეფეები და მთავრები ქვეყნის საგანძურს სვანეთში გამოხიზნავდნენ ხოლმე. მცველობა ჩვენი მემკვიდრეობაა.  ბოლშევიკების მსახვრალი ხელი სვანეთის ეკლესიებსაც რომ მისწვდა,  გონიერმა ხალხმა საგანძურის გადასარჩენად მუზეუმი გახსნა, ნაძარცვი და დაზიანებული ნივთები დააბრუნეს და დაიცვეს. იმედი ჰქონდათ, რომ ბოლშევიკები მათ საეკლესიო ფასეულობად აღარ აღიქვამდნენ და საგანძური გადარჩებოდა.

- მუზეუმი, რომელიც ახლახან დაანგრიეს...

- 2003 წელს გადავედით იმ შენობაში, რომელიც 27 წელი შენდებოდა, მათ შორის ათი წელი უსახურავოდ იყო და კედლები წყლით გაიჟღინთა. როდესაც დანგრევა გადაწყდა, ექსპონატების შესაფარებლად მესტიაში შენობას ვეძებდით, მაგრამ მოსახლეობამ დაჟინებით მოგვთხოვა, ეზოდან არ  გატანილიყო კოლექციები. ამიტომ გადაწყდა, იტალიიდან შემოეტანათ კონტეინერები, რომლებიც ნივთის დროებით შესანახად გამოიყენება...

იყო ლაპარაკი, რომ საგანძური წმინდა ნიკოლოზის ტაძარში გადაგვეტანა, მაგრამ კლიმატკონტროლის სისტემის დასაყენებლად უნდა დახვრეტილიყო კედლები. შესაბამისად დაზიანდებოდა ახალაგებული ულამაზესი ტაძარი. ექსპონატებს მალე ახალგარემონტებულ ყოფილ მუსიკალური სკოლის შენობაში გადავიტანთ. დამერწმუნეთ, საგანძურს მუზეუმის თითოეული თანამშრომელი თვალისჩინივით უფრთხილდება.

ადიშის  ოთხთავი

გადმოცემის თანახმად, ადიშის  ოთხთავი თავიდან კერძო პირის სახლში ინახებოდა. ყოველდღე საგანგებოდ გამოყოფილი მცველი ჰყავდა. ერთხელაც ერთ მათგანს დაესიზმრა, რომ სახლს ცეცხლი ეკიდა და მართლაც, ცეცხლში გახვეულა ოთხთავის საცავი. მიუხედავად ამისა, გადაარჩინეს,  ფურცლებს დღემდე ეტყობა ხანძრის კვალი. შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში გაიტაცეს, დაედევნენ სვანები და ორი თვის შემდეგ დააბრუნეს სამშობლოში. ადიშის ოთხთავმა 1936 წელს შექმნილ მუზეუმში დაიდო ბინა.