"დღეს აზროვნება გმირობის ტოლფასია" - კვირის პალიტრა

"დღეს აზროვნება გმირობის ტოლფასია"

ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პრობლემებმა შეიძლება კაცი ისეთ დღეში ჩააგდოს, რომ თავიც დაავიწყოს და ყველაფრის ინტერესი დააკარგვინოს. ამას სულიერი გაკოტრება ჰქვია.მწერალი ერეკლე საღლიანი ცდილობს, როგორმე ღირებულებებისაგან არ განიძარცვოს. ოცნებობს ჰარმონიულად განვითარებულ სამშობლოზე, სადაც მთა მთა იქნება, ბარი - ბარი, ქალაქი - ქალაქი და სოფელი - სოფელი, ძველს არ გაუნადგურებენ და ახალსაც ექნება თავისი ადგილი.

- მესტიაში უნიკალური ისტორიული ძეგლებია, პარალელურად შენდება ახალი მესტია. რას ამბობენ იქაურები?

- დღევანდელი მესტია უკვე აღარ არის მესტია, ტეხასია... არ შეიძლება იმ მიზეზით, რომ რაღაცის შენება გინდა, სახე დაუკარგო ძველს. ზოგს რომ ჰკითხო, სიღნაღი გაალამაზეს, მე რომ მკითხო - დააუშნოეს. რატუშის სტილის შენობით უცხოელს ვერ გააკვირვებ. ერთ რამედ ღირდა, ნუკრიანიდან რომ გადმოხედავდი ამ ძლიერ ქართულ დასახლებას. დღეს ეს დაკარგულია. მესტიაშიც იგივე ხდება. რაიონის ცენტრი, სეტი, წმინდა ადგილია, ჩვენი სალოცავია. იქვეა წმინდა გიორგის ეკლესია. ხალხი ჯერ სეტში შეიკრიბებოდა, მერე მიდიოდა წმინდა გიორგის ეკლესიისკენ. ეს სალოცავი  მოშალეს.  ნახეთ მილიციის შენობა. კახურიდან რომ გადმოხედოთ მესტიას, დაგბურძგლავთ. ვის მოუვიდა აზრად ასეთი საშინელების გაკეთება? ამ საქმეს ფუძეს, ფესვს მოწყვეტილი ადამიანები ხელმძღვანელობენ, ამიტომაც ვეღარ გრძნობენ, რომ არღვევენ მთავარ ჰარმონიას. ამას წინათ გერმანელი სტუმარი იყო მესტიაში. თბილისში რომ ჩამოვიდა, მეგობრებს უთხრა, - წადით, ნახეთ მესტია, ვიდრე დაამახინჯებენო. ზოგი ამბობს, - ნახე, რომ აშენდება, როგორი ლამაზი იქნებაო. რა იქნება ლამაზი? არ ესადაგება იქაურ ლანდშაფტს, ხუროთმოძღვრებას. არაპროფესიონალების ხელშია ყველაფერი.  იმის ჭკუა მაინც უნდა გქონდეს, რომ ვინც იცის, იმას ჰკითხო.

- სათხილამურო ტრასებზე რას იტყვით?

- იყოს ის სათხილამურო ტრასა, მაგრამ იქ ზვავი იცის, ცხადია, ეს საშიში მონაკვეთები უნდა იცოდნენ. ზვავს კი არ უნდა გავატანოთ სტუმრები და ჩვენი შვილები...

- ბოლო დროს ყველა აღაშფოთა ველოსიპედის სკულპტურამ.

- ეგ უკვე აბსურდის თეატრია, არ მინდა ამ აბსურდის თეატრის მსახიობი ვიყო... ესენი ხომ საერთოდ არ ფიქრობენ. ჩემი აზრი რომ გამოვთქვი სვანეთში,  ჭარმაგმა კაცმა მითხრა: - შვილო, შენ ამათგან ფიქრს ითხოვ, ეგენი კი თავის საქმეს აკეთებენო... ყველაფერია ამ ფრაზით ნათქვამი.

- ახალი სპექტაკლი "ქეთო და კოტე" ხომ არ გინახავთ?

- ასეთ ადამიანად მიცნობთ, რომ მსგავს სპექტაკლს თავიდან ბოლომდე ვნახავ? რომ დაფარონ მთავარი სიმახინჯე, მიიწვიეს ნანი ბრეგვაძე, რომელიც ყველას უყვარს, ბატონი პაატა, რომელიც უზარმაზარ ეროვნულ საქმეს აკეთებს... პაატა ბურჭულაძე ისეთ სერიოზულ საქმეს არის შეჭიდებული, რომ შეიძლება სულ მცირე დაუფიქრებელმა ნაბიჯმა ყველაფერი ჩაუშალოს. მე მირჩევნია, ამ უსახურ სპექტაკლში იმღეროს და ბავშვებს ჭერი მისცეს, ვიდრე უარი თქვას და ბავშვებს ვეღარ დაეხმაროს. მიღირს ეს მსხვერპლი ამად.

-  კულტურას დიდი მეცენატი ჰყავს ივანიშვილის სახით და დაუწყეს ლაფის სროლა...

- სამების ამშენებელზე ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს აუგის სათქმელად? მაგრამ ხომ გახსოვთ: "დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგიაო"...

სტუდენტობისას ვერ გავიგე ნიცშეს ნათქვამი: მეცოდება ერი, რომელსაც გმირი სჭირდებაო. ახლა ვიცი. გმირი არ უნდა გჭირდებოდეს, გმირობა უნდა იყოს ცხოვრების წესი... გმირი კი არა, გონიერი კაცი გვჭირდება. დღეს აზროვნება გმირობის ტოლფასია. ისეთი პროფესიონალი გვჭირდება, ოდნავ მაინც რომ აქვს სამშობლოს განცდა... საქართველო მისთვის საშუალება არ უნდა იყოს, ტკივილი უნდა იყოს.

- ზოგისთვის სამშობლო საშუალებაა, ზოგისთვის - ტკივილი? თანაფარდობა როგორია?

- საუბედუროდ, იმათი რიცხვი იზრდება, ვინც საქართველოს "გამოყენებითად" უყურებს. ნუ გგონიათ, რომ ძველებური გული ძგერს... აღარ ვართ ის სვანები, რომლებმაც პროხოროვის არმია გააჩერეს და 1924 წლამდე წითლები არ შემოუშვეს. აღარ ვართ ის სვანები! აღარც კახელები, ქართლელები, იმერლები და გურულები ვართ ძველებური... იმათი კაცობის საზომი, სამწუხაროდ სხვა იყო, ახლა კი ოცნებობენ ისეთ ფასეულობებზე, რომელმაც დაღუპვამდე მიიყვანა ერი. უკიდურესობიდან უკიდურესობისკენ გავრბივართ. ოქროს შუალედი აღარ არსებობს...

- ასე უიმედოდ ხართ?

- პირიქით, იმედიანად ვარ. მთავარია, უარი ვუთხრათ კერპთაყვანისმცემლობას... ნიცშეს უწერია, - კერპებს ჯერ ვქმნიდი და მერე გზადაგზა დიდი სიამოვნებით ვამსხვრევდიო... მისი კერპი იყო ვაგნერი და ხომ გახსოვთ, რაც უქნა მერე... არ შეიძლება კერპი შექმნა ადამიანისაგან.

იცით, რატომ სჭირდებათ კერპი? მას შესციცინებ, პასუხისმგებლობას გადააბარებ, მისგან ელი წყალობას, ხსნას და დაპურებას... თუ არ გამოუვიდა საქმე, ჭუჭყიან ხელებსაც მას შეაწმენდ... სანამ ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას არ იკისრებს, არაფერი გვეშველება.

P.S. ერეკლე საღლიანის სულ ცოტა ხნის წინ დაწერილი ლექსი, რომელიც პირველად დაიბეჭდება ჩვენს გაზეთში, ყველაზე უკეთ გამოხატავს მის სულისკვეთებას (იხ.გვ. 30).