სადაც ყველაზე ძვირფასი მიწა - წინაპრების სასაფლაოა - კვირის პალიტრა

სადაც ყველაზე ძვირფასი მიწა - წინაპრების სასაფლაოა

სოხუმით განებივრებული და სოხუმზე შეყვარებული...

"ამბობენ, თავისუფლება ზღვის საჩუქარიაო. მე მივიღე ეს საჩუქარი..."

"მე ვიცვლები,  ჩემი ლექსებიდან უკვე სხვა კაცი მიყურებს... ახლა სხვა ვარ -  60 წლის გურამ ოდიშარია..."

საინტერესო კაცთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა... დროსაც ვეღარ გრძნობ, როგორ გადის, მოსმენილი კი თვალსა და ხელს შუა გარდაიქმნება სახიერ ჩვენებად. უკვე ვხედავ კიდეც მწერალ გურამ ოდიშარიას ჯერ პატარას, მერე ყმაწვილს - სოხუმით განებივრებულსა და სოხუმზე შეყვარებულს... მერე ომიც ცოცხლდება... ეს ყველაფერი ცხოვრებაა თავისი ტკბილ-მწარე მხარეებით.

ყველაზე მეტად მაინც ერთმა ამბავმა შემძრა, რომელიც, სიტყვამ მოიტანა და, თავად მწერლის ცხოვრებას არც ეხება... მას მერე, რაც ყველაფერი დაინგრა, ვანდალიზმი უცხო ხილი აღარ იყო, საფლავის ქვების მოპარვაც დაიწყეს. ერთგან მარმარილოს ქვა მოუპარავთ და გაუყიდიათ... ერთ დღეს კი ჭირისუფლებს უნახავთ: წვიმის შემდეგ შიდა, ძველ წარწერასა და ფოტოს გამოუნათებია... ასეა, წარსულს ვერ წაშლი, რამდენჯერაც იწვიმებს, იმდენჯერ შემოგანათებს... და რაც უფრო მძიმე დრო შეიძლება გვედგეს, მით მეტად იწვიმებს...

ჩემი დილა

დავიბადე სოხუმში, ცენტრში, წითელი აგურით ნაგებ შენობაში. მერე სამშობიარო სადღაც ქალაქგარეთ გადაიტანეს და იმ შენობაში ვენდისპანსერი გახსნეს. ეს იყო ჩვენი ხუმრობის საგანიც. ვინმე რომ ჩამოვიდოდა დასასვენებლად, განსაკუთრებით ქალები, გავატარებდით ამ შენობის წინ ბიჭები და ავუხსნიდით: აი, ამ ვენდისპანსერში დავიბადეთო...

განსაკუთრებით მიყვარს ახალი წელი. ჩემი პირველი მოგონებაც ახალ წელს უკავშირდება. მახსოვს, იმ დღეს ფოტოც გადამიღეს. მერე, რომ დავაკვირდი წარწერას ფოტოზე, წლისა და სამი თვისა ვყოფილვარ. 1953 წელი დგებოდა. განსაკუთრებული დღე იყო...  საახალწლო ნაძვის ხე გვედგა, მახსოვს ის სათამაშოებიც. ყოველ წელს ინახავდა დედა და საახალწლოდ გამოჰქონდა. ის სათამაშოებიც სოხუმში დარჩა...

ორი სახელი მერქვა: მირიანი და გურამი... სოხუმის ახლოს, სოფელ მაჭარაში გამაძიძავეს. ჩემს ძიძას, გოგუცა ჯანელიძე-გედენიძეს, ოთხი ვაჟი ჰყავდა. სამი მათგანი სოხუმის ომის მერე გარდაიცვალა... მათ მეზობლად ჩვენი ახლობელი ვეკუების ოჯახი ცხოვრობდა.

სოფელში პატარა მდინარე ჩამოედინებოდა - მაჭარა, მაჭარკას ვეძახდით. შიგ შევცურდებოდი და ვუყურებდი, როგორ დასრიალებდნენ თევზები... ეს მდინარე ზღვას უერთდებოდა, თან ტრასის პირას იყო. ძიძის სახლი ცოტა დაბლა იდგა, იქიდან ტრასას მაღლა ვხედავდი. ეს იყო ჩემი პირველი სანახაობა - თეატრი. ვუყურებდი როგორ დადიოდნენ მანქანები, ტრაქტორები, ადამიანები...

მამაჩემი სამხედრო პირი იყო, ამიტომ მოგზაურობა ხშირად გვიხდებოდა.

სოხუმში მთის ძირის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ფუნიკულორის უკანა მხარეს... მერე ამ ქუჩას რევოლუციონერ ძიგუას სახელი დაარქვეს, ახლა სხვა სახელი ჰქვია. მეზობლად ცხოვრობდნენ აფხაზები, ბერძნები, სომხები, რუსები. მამას ჰყავდა აფხაზი ძმადნაფიცი - გვარად კიუტი და სომეხი ძმადნაფიცები - არამ და გარეგინ კაბასაკარიანები. საუკეთესო ხალხი...

სტრაბონი წერს: დიოსკურიაში 70 ენაზე ისმოდა ლაპარაკიო. აქ ბერძნების გემები ურიგოდ იცლებოდა და იტვირთებოდა, რადგან მათი აშენებული იყო დიოსკურია...

პატარა ვიყავი, მამა რომ ბაღდათში გადაიყვანეს სამუშაოდ და ოჯახიც წაგვიყვანა. წელიწადში ორჯერ მაინც მივდიოდით სოხუმში. ძალიან მიყვარდა ეს მოგზაურობა, მანქანაში ჯდომა. საერთოდ მიყვარს ყველაფერი, რაც ბორბლებზე დგას. მიყვარს მოგზაურობა ზღვითაც, თვითმფრინავითაც...

ბავშვობიდან ვხატავდი. სოფელ ნოსირში ამბობდნენ, ოდიშარიები ცუდადაც რომ სწავლობდნენ, ან ხატავენ, ან ლექსებს წერენო. მამაც წერდა. ლექსებს მამასთან ერთად ვრითმავდი... დედა მასწავლებელია, დღეს 92 წლისაა და ისევ ცინცხალი მეხსიერება აქვს.

მერე მამა წალენჯიხაში გადაიყვანეს. პირველ კლასში იქ შევედი. მეგრული არ ვიცოდი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა. მახსოვს, მასწავლებელი ხსნიდა ახალ ასო-ბგერას. ერთ ბავშვს წააკითხა დამარცვლით თ ო ხ ი. მერე ჰკითხა, რა გამოვიდაო და - ბერგიო.

ხშირად ჩამოვდიოდი თბილისში, ბიცოლასთან, რომელმაც გამაცნო ეს ქალაქი... ბიძაჩემი, მირიან ოდიშარია, ომში დაიღუპა. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო...

მერე სოხუმში გადავედით. ვიდრე მე წალენჯიხაში მეგრულს ვსწავლობდი, აქ რუსული უსწავლიათ ბავშვებს და მათი დაწევა მომიხდა.

სოხუმის დაბურულ ბაღებში მოვწიე პირველი სიგარეტი... ავად თუ ვხდებოდი, მიხაროდა კიდეც, შინ ვრჩებოდი და ვკითხულობდი.

KvirisPalitra.Geჩემი შუადღე

ჩემი მეგობრის, ლადო კუკულაძის მამა, ჭოლა ბიძია, მხატვარი იყო, ხშირად დავდიოდი მათთან. ვემზადებოდი, რომ მხატვარი გავმხდარიყავი, მაგრამ ლიტერატურამ გადაწონა. VIII-IX  კლასიდან ვბეჭდავდი ჟურნალ-გაზეთებში. მამას უნდოდა სუბტროპიკულ ინსტიტუტში მესწავლა. მე ფილოლოგობა მინდოდა...

სოხუმში ზოგიერთ ოჯახს აკრძალული წიგნები ჰქონდა. ჩუმად გვათხოვებდნენ ხოლმე. მაშინ წავიკითხე ნიცშე.

ინსტიტუტში ხშირად ვეკამათებოდი პარტისტორიის ლექტორებს. მემუქრებოდნენ ხოლმე უშიშროებით. გაკვირვებული დავრჩი, როცა ეროვნული მოძრაობის დაწყების შემდეგ ეს ხალხი ამტკიცებდა, დისიდენტები ვიყავითო...

სიყვარულით და სილამაზით გაბრუებული სოხუმში კი არ ცხოვრობდი, ნებივრობდი ამ ქალაქში. ომმა ყველაფერი გაანადგურა. პალმები და აგავები დაიწვა, რესტორნები და ღია კაფეები დაინგრა... განადგურდა სასტუმრო "რიწაც", სადაც თაფლობის თვე გავატარე... ეს ჩემ თვალწინ ხდებოდა, ამიტომ ომის შემდეგ მე სხვა გავხდი. გავიარე უღელტეხილი, რომელიც დაიწყო საკენიდან და დამთავრდა ჭუბერში... ეს უღელტეხილი სულიერადაც გავიარე. ვნახე, კაცს, რომელიც ვაჟკაცი მეგონა, შეეძლო, მუჭში გამოეჭამა საჭმელი და სხვისთვის არ გაეყო... იყო სხვანაირი ხალხიც, რომლებიც ამ საშინელ გზაზე ხეზე მავთულით კიდებდნენ კალათას და შიგ სახელდახელოდ გამომცხვარ პურს აწყობდნენ მათ შემდეგ წამოსული ლტოლვილებისთვის.

აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების პროზა... ლექსი აღარც დამიწერია, მხოლოდ პიესა და რამდენიმე რომანი დავწერე... ადამიანიც უკეთ გავიცანი, ჩემთვის გამჭვირვალე გახდა კაცი... ორჯერ გადავურჩი სიკვდილს... მას მერე ჩემი მთავარი მიზანი ადამიანის დახმარება და მხარში დგომაა...

8 წელი ვიყავი ჟურნალ "რიწის" მთავარი რედაქტორი... ვბეჭდავდი იმას, სადაც ვხედავდი ადამიანის სიყვარულს...

წყნეთში ვცხოვრობდი დევნილებთან ერთად. იყო საოცარი გაგება, სიყვარული... მერე ეს სიყვარული ნელ-ნელა დაიკარგა...

წყნეთი დავტოვე და ბინა ნაძალადევში ვიქირავე. ჯერ კიდევ სოხუმში ვრჩებოდი სულიერად. ვუყურებდი გორაკებს და მახსენდებოდა სოხუმი. ვქეიფობდი... მოდიოდნენ, მოჰქონდათ სასმელი... მაღლა მთაზე დათვრებოდა ერთი ჯიგარი და ყვიროდა: - ეეეე!.. მახსენდებოდა ჩემი სოხუმელი მეზობელი და მეგონა, იქ ვიყავი. ჭიშკარი გაიჭრიალებდა და მეგონა, სოხუმის ეზოს ჭიშკარი გაიღო...

მერე ენგურის ხიდამდე მანქანით მივედი, გადავედი ხიდზე... იქ დამხვდნენ აფხაზები, რომლებიც ჩემთან ჩამოდიოდნენ. ბუხართან ისხდნენ და საშინლად განიცდიდნენ მომხდარს. ერთმა იტირა კიდეც, - ეს რა მიქენით, კაცი მომაკვლევინეთ! პირველად რომ გვარდიელი მოვკალი, მივირბინე და ფეხები ვურტყი, - რა გინდოდა, იარაღით რატომ ჩამოხვედი, ეს რა გამაკეთებინე, ჩემგან მხეცი შექმენიო. ასეთ რამეს ბევრი გეტყვით. ამიტომ გამოვიყენე სპექტაკლში ეს ამბავი.

"სოხუმში დაბრუნება" ქართულად 1995 წელს დაიბეჭდა, ერთი წლის მერე - რუსულად. ეს რომ წაიკითხეს, - ჩამოდი, ვილაპარაკოთო.

5 დღე ვიყავი ჩემს ქალაქში. ამას ყველა ვერ გაუძლებს... ჩემს სახლში გუდაუთელი მებრძოლი, ღირსეული კაცი შევიდა... ქართველებს იცავდა... დარჩენილ ქართველებთან პური მოჰქონდა. ხორცი დაურიგებიათ. ვიღაცას - ქართველს არ მისცეთო. ამას - რას ჰქვია, არ მისცეთო... მიუცემინებია. სწორედ მას მიუბარებია ერთი ქალისათვის ჩემი ფოტოები, - შეუნახეო... სამწუხაროდ, ის ფოტოები დაიწვა.

ჩემი საღამო

შემიძლია სამ ეტაპად დავყო ცხოვრება: პირველი 20 წელი - ბავშვობა, მეორე 20 - სოხუმში  ცხოვრება... მესამე 20 - ომის შემდეგი ცხოვრება... ახლა 60 წლის გავხდი... ყოველთვის თავისუფალი ვიყავი, ახლაც თავისუფალი ვარ... ვფიქრობ, კიდევ 20 წელიც რომ გავიდეს, ამას არ დავკარგავ. ამბობენ, თავისუფლება ზღვის საჩუქარიაო. მე მივიღე ეს საჩუქარი...

შეთვისებული მაქვს აფხაზური კულტურაც და ქართული კულტურაც...

აფხაზეთში 60 წელს რომ გადააბიჯებენ, ნელ-ნელა ემზადებიან ცხოვრების სხვა პერიოდისთვის, თავის თავს მეტს სთხოვენ, უფრო ღირსეული უნდა იყო... ახლა მეც ეს დრო მაქვს. თავს უფლებას ვერ მივცემ, ბიჭივით მოვიქცე...

რაც დამიწერია, მოვაგროვე და ოთხ წიგნად გამოვა.... ჩანაწერების ნაწილი დამეკარგა სოხუმში... იქ დარჩა ჩემი წიგნებიც, რომლებზეც ყოველთვის ვაკეთებდი ჩანაწერებს. იმ ჩანიშვნების აღდგენა ხომ შეუძლებელია... ვმუშაობ ახალ რომანზე. პერსონაჟი ჩემი ხნის კაცი იქნება...

სოხუმში თუ დავბრუნდები? დავბრუნდები! არაფერი მინდა, ერთი პატარა მიწური ოთახიც მეყოფა, რომ იქ ყოფნა შევძლო, ეს უკვე ბედნიერებაა... იქ ჩვენი ყველაზე ძვირფასი მიწაა - ჩვენი წინაპრების სასაფლაო... სოხუმში პირველად სასაფლაოზე მივდივარ ხოლმე... ჩემი ყოფილი სახლი არც მინახავს. ზოგს არ ესმის ჩემი, მეკითხება კიდეც: სახლი ალბათ გაყიდეო... ვბრაზდები, ასე პრიმიტიულად არ უნდა მივუდგეთ საკითხს.

მე ვიცვლები, ჩემი ლექსებიდან უკვე სხვა კაცი მიყურებს, ჩემი რომანებიდანაც: სხვაა ის გურამ ოდიშარია, რომელმაც დაწერა "სოხუმში დაბრუნება", "პრეზიდენტის კატა", "სათვალიანი ბომბი"... ახლა სხვა ვარ -  60 წლის გურამ ოდიშარია...