წაიკითხეთ, "დაიღალეთ" და "ინერვიულეთ"!.. - კვირის პალიტრა

წაიკითხეთ, "დაიღალეთ" და "ინერვიულეთ"!..

აქედან დასკვნა: ყველა დამნაშავეა, ყველამ დაივიწყა ღმერთი, ან ისე "გაიცნო", როგორც თვითონ აძლევს ხელს...

გასულ ორშაბათს დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვების" პირველი ტომი (I-II ნაწილი) შემოგთავაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად პროექტში "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", და სანამ მეორე წიგნის წარსადგენი ამ წერილის წერას შევუდგებოდი, ძალიან მაინტერესებდა ისეთი ადამიანის შთაბეჭდილება, ვინც პირველად გაეცნო ამ რომანს. არცთუ ისე ადვილი საქმე გამოდგა - ჩვენში ხომ რუსულ ლიტერატურას, მიზეზთა გამო, სხვა ქვეყნების ლიტერატურაზე უკეთ იცნობენ, მით უმეტეს დოსტოევსკის. ახალგაზრდები არ "დამიკითხავს", საშუალო და  უფროსი თაობის მკითხველთა უმეტესობა კი "გადამეორების" რეჟიმში კითხულობდა.

"ფეისბუკმა" მიშველა - ამ პროექტის პერსონალურ გვერდს მივმართე და მალე ვიპოვე რამდენიმე სასურველი რესპონდენტი. საინტერესო საუბარი გამოგვივიდა (აქვე გეტყვით, რომ წიგნის მოყვარულებს შეგიძლიათ შეუერთდეთ ასეთ საუბრებს "ფეისბუკზე", არ ინანებთ) და ყველაფრის მოსაყოლად ადგილი არ გვეყოფა, მაგრამ სხვაზე მეტად ერთი მკითხველის ფრაზა მენიშნა და დამამახსოვრდა: "სამ დღეში წავიკითხე, შეუსვენებლად ვკითხულობდი... ძალიან დამღალა, მაგრამ ვერ მოვწყდი. ახლაც, ვიცი, რომ კიდევ უფრო უნდა "დავიღალო" და "ვინერვიულო", მაგრამ სულმოუთქმელად ველი მეორე ტომის გამოსვლას."

ვფიქრობ, ემოციური, მაგრამ ძალიან ზუსტი შეფასებაა იმ შთაბეჭდილებისა, რომელიც ამ რომანის კითხვისას გეუფლება ადამიანს.

ცხადია, "დაღლაში" იმ მკითხველმა კითხვისგან დაღლა ან მობეზრება არ იგულისხმა - ალბათ ამას უფრო ემოციებისგან, შთაბეჭდილებებისგან დაღლა, ან თუნდაც აღელვება, შფოთვა შეიძლება ვუწოდოთ, აღელვება იმის გამო, რომ თითქმის საუკუნე-ნახევრის წინანდელი ამბავიც და მაშინდელი ქვეყანაც ისევეა დახუნძლული ბუნებით ბოროტი ან გაბოროტებული, ანგარებიანი და სასტიკი ადამიანებით, როგორც თუნდაც დღევანდელი სამყარო.

ვინმემ შესაძლოა თქვას, - მთელი სამყარო რა შუაშია, დოსტოევსკი სუფთა რუსულ სინამდვილეს ასახავს, ევროპა კი უკვე მაშინ იწმინდებოდა და მორალი წინა პლანზე გამოდიოდაო. ალბათ, არც უმაგისობაა, მაგრამ ასეთი "ოპტიმისტებისთვის" თვით ამ რომანიდან ისმის პასუხი სმერდიაკოვის პირით: "თუ გინდათ იცოდეთ, გარყვნილებაში ისინიც და ჩვენებიც ერთმანეთს ჰგვანან... იმ განსხვავებით, რომ იქაური გალაქული ჩექმებით დაბრძანდება, ჩვენი არამზადა კი წუმპეში არამზადობს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს..."

ისიც სათქმელია, რომ ამას თვითონაც არამზადა და მკვლელი სმერდიაკოვი ამბობს, ოღონდ ის მაინც კარამაზოვია, უკანონო შვილი, მაგრამ მათი სისხლი და ხორცი, რომელიც ცხოველური სიხარულით კლავს უფროს კარამაზოვს - საკუთარ მამას.

შესაძლოა, დოსტოევსკიმ "დაინდო" კარამაზოვები, "მოერიდა", რომ "კანონიერ" შვილს და გვარად კარამაზოვს გაესტუმრებინა იმ ქვეყნად ფიოდორ პავლოვიჩი (სხვათა შორის, ზოგი მკვლევარი, უფროსი კარამაზოვისა და ავტორის სეხნიობაშიც ხედავს რაღაც სიმბოლურს), იქნებ მაშინდელ კონიუნქტურას, საზოგადოებრივ აზრსაც გაუწია ანგარიში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ხელით მოკვდა მამა-კარამაზოვი? ივანს არ მოუკლავს, მაგრამ მამისმკვლელობის შესაძლებლობა, აზრი, რომ ეს "ნებადართულია", პირველად მან ჩამოაყალიბა; დმიტრისაც არ მოუკლავს, მაგრამ მამისადმი ზიზღის ერთ-ერთი მორიგი შემოტევისას, ცოტა დააკლდა მკვლელობამდე; კი, სმერდიაკოვმა მოკლა, რომელსაც ავტორიც "ნაბიჭვარს" უწოდებს, მაგრამ მან მხოლოდ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა ივანის მიერ ჩაწვეთებული "აზრები" და დმიტრის გაავებულ სულში მომწიფებული განზრახვები. ბოლოს და ბოლოს, დოსტოევსკისავე "დანაშაული და სასჯელში" ხომ სწორედ ინტელიგენტმა და "უწყინარმა" ყმაწვილმა გაუპო ცულით თავი მოხუც ქალს, თუნდაც მევახშეს, მაგრამ არა ფიოდორ კარამაზოვისნაირ არამზადას.

აქედან დასკვნა: ყველა დამნაშავეა, ყველამ დაივიწყა ღმერთი, ან ისე "გაიცნო", როგორც თვითონ აძლევს ხელს...

მაგრამ უმცროსი კარამაზოვი? იგი ხომ მონასტერში მამა ზოსიმეს მორჩილი იყო, ის ხომ მაინც უნდა იყოს წმინდა და გაურყვნელი?!

ალბათ, ალბათ... მაგრამ რა ვუყოთ, ავტორის მიერვე წერილობით დადასტურებულ განზრახვას, რომ ამ რომანს გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა (მაგრამ მალევე გარდაიცვალა და ვერ მოასწრო), რომელშიც სწორედ ალიოშა უნდა ყოფილიყო მთავარი გმირი და ეს ეკლესიის წიაღში გაზრდილი ბიჭი ბერობით, მღვდლობით ან თუნდაც მასწავლებლობით კი არ ასრულებდა "კარიერას" იმ ვერმოსწრებულ რომანში, არამედ რევოლუციონერი ხდებოდა!..

...და იმის მიუხედავად, რომ დოსტოევსკი თვითონ იყო სიკვდილმისჯილი და შემდეგ კატორღულ სამუშაოებზე გაგზავნილი "რევოლუციონერობისათვის", ამ სიტყვას მაინც ბრჭყალებში ვწერთ, რადგან მწერალი არასოდეს ყოფილა "პროფესიონალი მოჯანყე" და რევოლუციონერები მაინც ღვთისა და ადამიანების მტრებად მიაჩნდა (მით უმეტეს, ახალგაზრდობის შემდეგ).

ასე რომ, უმცროსი კარამაზოვიც დამნაშავეობისთვის ჰყავდა განწირული ავტორს...

რა იყო ეს - რუსეთის მისეული შეფასება? ზოგადად ადამიანისადმი რწმენის საბოლოო დაკარგვა? საკუთარი ცხოვრებისეული ტკივილების სარკისებური ასახვა?

შესაძლოა ყველაფერი ერთად - ბიოგრაფები წერენ, რომ დოსტოევსკიმ კატორღაში გაიცნო დმიტრი ილინსკი - დიდგვაროვანი ახალგაზრდა, რომელიც მამის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს (მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი უდანაშაულო იყო) და სწორედ ის იყო დმიტრი კარამაზოვის პროტოტიპი. მეორე მხრივ, სმერდიაკოვი ხომ შინაყმა მოსულელო ქალის შვილი იყო და მის მიერ უფროსი კარამაზოვის მოკვლა, შესაძლოა, მომავალი მწერლის სიჭაბუკის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილების ანარეკლიც იყო - მამამისი ხომ გაწამებულმა შინაყმებმა სასტიკი წამებით მოკლეს, ქვებით ჩაქოლეს...

ცალკე სასაუბრო თემაა ივან კარამაზოვის პოემა "დიდი ინკვიზიტორი", რომელსაც ის უმცროს ძმას უკითხავს და მის "გარყვნას ცდილობს": "ფორმულას, რომ "ყველაფერი ნებადართულია", მე არ უარვყოფ, შენ კი ამის გამო მე უარმყოფ?"

ალბათ სწორედ ეს არის კარამაზოვების და ზოგადად "კარამაზოვშჩინის" ფორმულა, რომელიც მოურჩენელ სენად მოჰყვება ამ ქვეყანას დღემდე. სამაგიეროდ, იქ დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე გენიოსები, რომლებიც ცდილობენ სარკეში ჩაახედონ რუსეთი და არა მარტო რუსეთი - ნებისმიერი ერისა და ენის მკითხველი დააფიქრონ სიკეთესა და ბოროტებაზე, "შეაშინონ" ბოროტების ძლიერებით და იქნებ, ამ ბოროტებასთან ბრძოლის იარაღიც მიასწავლონ...