მერიის კორუფციული გეგმა, ანუ იჯარა "დილიხორით" - კვირის პალიტრა

მერიის კორუფციული გეგმა, ანუ იჯარა "დილიხორით"

თბილისის მერიას ჯიხურების ბაზარიც კი მხოლოდ პრივილეგირებული კომპანიებისთვის ემეტება

"ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.

სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არ აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება."

საქართველოს კონსტიტუცია

ბეჭდური მედიის გავრცელება შეფერხდა, ათეულობით ადამიანი უმუშევარი დარჩა - ეს ის შედეგია, რომელიც მერიის ახალმა "1000 ჯიხურის პროექტმა" უკვე გამოიღო. პრესის გავრცელების ჯიხურების დემონტაჟი უკვე მოხდა ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტის სასახლესთან, დიდუბეში საგამოფენო ცენტრთან, ორთაჭალაში ე.წ. "ციხეების" მახლობლად, დოლიძის ქუჩაზე... ამ დრომდე ჩატარებულ აუქციონზე გაყიდული ლოტების მნიშვნელოვანი ნაწილი პრესის ჯიხურების ადგილმდებარეობას "დაემთხვა." თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "გასაყიდი ჯერ კიდევ ბევრია", ალბათ "დამთხვევები" კიდევ იქნება.

პრესის ჯიხურებისგან "გაწმენდილ" ტერიტორიაზე ახალი ჯიხურები ჯერ არ ჩაუდგამთ, მაგრამ ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანიის ვინაობა უკვე ცნობილია. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ ამ ჯიხურებში პრესა ნამდვილად არ გაიყიდება. 10-დან 17 ათას ლარამდე ფარგლებში ჯიხურების განთავსების უფლება კომპანია "კუმისი XXI"-მ შეიძინა, 22 ადგილს დაეპატრონა ასევე ქათმის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია "კოდა", რომელმაც ასევე არარეალურად მაღალი საიჯარო თანხები დააფიქსირა - 10-დან 30 ათასი ლარის ფარგლებში. როგორც ჩანს, "კოდა" ამ ჯიხურში "ოქროს კვერცხების" რეალიზაციას თუ აპირებს, სხვა მხრივ გაუგებარია, როგორ უნდა ამოიღოს 6 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პროდუქციის რეალიზაციით იჯარის ამხელა ხარჯი, თუ რა თქმა უნდა, მერიამ აუქციონების დასრულების შემდეგ, კორუფციული სქემის კიდევ ერთი "კანონიერი" ბერკეტი არ აამოქმედა.

ბოლო პერიოდში მერიისთვის ეს არახალია და შეიძლება ითქვას, მუშაობის უკვე ჩვეულ სტილად იქცა. ფასადურად ყველაფერი თითქოს ცივილიზებულად ხდება - იმართება გამჭვირვალე, ელექტრონული აუქციონი, სადაც მონაწილეობის უფლება ყველა მსურველს აქვს და ამას, თანაბარი კონკურენციის პირობებში ჩაყენებას ეძახიან. გამარჯვებულად ის ცხადდება, ვინც უფრო მეტს გადაიხდის. მიამიტური გამომეტყველებით გაიკვირვებენ თუ იკითხავ, როგორ შეიძლება ინდმეწარმის და მსხვილი ბიზნესის გათანაბრება, აღარაფერს ვამბობ ისეთი დაბალი რენტაბელობის ბიზნესზე, როგორიც პრესის რეალიზაციაა... ფეხბურთში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ მეც წინასწარ ვიცი, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს თამაში საქართველოს ნაკრებისა და იტალიის, ინგლისის ან ესპანეთის ნაკრებებს შორის.

ასე რომ, მერიამაც წინასწარ იცოდა, რა შედეგებით დასრულდებოდა აუქციონი ყველაზე სარფიან ადგილებზე და რომ პრესა, დაბალი რენტაბელობის გამო, კონკურენციას ვერ გაუწევდა კვების პროდუქტების მწარმოებლებს. შესაბამისად, რაც უფრო მცირე რაოდენობით გაიყიდება ქალაქში დამოუკიდებელი ჟურნალ-გაზეთები ელიტარული კორუფციის მამხილებელი შინაარსის სტატიებით, მით უკეთესი ხელისუფლებისთვის, ხოლო მთავრობასთან დაძმობილებული ბიზნესების სახეიროდ, "მრავალაზროვნად" დაწერილი კანონი გარევაჭრობის მონოპოლიზების დიდ შესაძლებლობებს იძლევა.

ამონარიდი კვლევიდან

სულხან სალაძე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი): "ხელშეკრულება და მისი ცალკეული ნორმები, რომელსაც მერია აუქციონში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს, კანონის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ქონების სარგებლობის პირობებში წერია, ინფლაციის შემთხვევაში შესაძლებელია გადაიხედოს იჯარის საფასურის მოცულობა, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული ინფლაციის რა მაჩვენებელზეა საუბარი - 1%, 2%, 3% თუ უფრო მეტი. შესაბამისად, ამის განსაზღვრა მთლიანად ქონების მეპატრონეზე, მესაკუთრეზე, ამ შემთხვევაში თბილისის მერიის სურვილზე იქნება დამოკიდებული. გარდა ამისა, წერია, რომ ეკონომიკური პირობების ცვლილებების საფუძველზე მხარეები შესაძლებელია მორიგდნენ იჯარის ახალი საფასურის ოდენობაზე. რა იგულისხმება ზოგადად ეკონომიკურ ცვლილებებში, ვინ განსაზღვრავს, ან რა ტიპის პირობების ცვლილებაზეა საუბარი - ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, რომელიც ამ დოკუმენტით არ იკითხება. გადახედვა ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია იჯარის ოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ არ ვიცით, რა იგულისხმება ეკონომიკური პირობების ცვლილებებში და არც ის ვიცით, მერია რას მიიჩნევს იჯარის ოდენობის გადახედვის მიზეზად, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მას აქვს სამართლებრივი ბერკეტი, სურვილისამებრ დაწიოს იჯარის ოდენობა. თუმცა, აქვე წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარე და მერია ვერ შეთანხმდებიან, ამ უკანასკნელს უფლება აქვს ხელახლა თავად განსაზღვროს ქონების სარგებლობის საფასურის ოდენობა და შეატყობინოს მოსარგებლეს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე არ დათანხმდება, გადაიხადოს მერიის მიერ დადგენილი ახალი საიჯარო საფასური, ის ვალდებული იქნება დაცალოს მის სარგებლობაში არსებული ტერიტორია. ანუ რა გამოდის? თბილისის მთავრობას, კონკრეტულად კი მერიას, მინიჭებული აქვს სრული უფლება, სურვილისამებრ შეცვალოს აუქციონის პირობები.

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი დადასტურებული მაგალითი არსებობს იმისა, როდესაც მერია პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს გარკვეულ კომპანიებს. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელიც მოიცავს 2009, 2010 და ნაწილობრივ მიმდინარე წელსაც და მინდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაგაცნოთ. მიმდინარე წლის დასაწყისში თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, ვარკეთილში კომპანია "ნუგეშის" ერთ-ერთი ჯიხურის გახსნის დროს განაცხადა, რომ ის აკონტროლებს ამ ქსელში არსებულ ფასებს და გადაწყვეტილი აქვთ, წლის ბოლომდე ქალაქში 200-მდე ასეთი ჯიხური ჩადგან. ბუნებრივია, ჩვენ დავინტერესდით და თბილისის მერიას მოვთხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ეფუძნებოდა მერის ასეთი განცხადება და რა სამართლებრივ ურთიერთობაშია შპს "ნუგეში" ქალაქის მუნიციპალიტეტთან. აღმოჩნდა, რომ მერიასა და "ნუგეშს" შორის არანაირი ურთიერთვალდებულების ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ბუნებრივია, კითხვაზე პასუხი, თუ რას ეფუძნებოდა მერის ეს განცხადება, პასუხგაუცემელი დარჩა.

2010 წელს თბილისის მთავრობამ ქალაქში განსაზღვრა ზონები, სადაც აიკრძალა დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსება გარევაჭრობის მიზნით. თუმცა, ამ წესების დადგენამდე ორი კვირით ადრე, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გასცა რამდენიმე ასეული ნებართვა ორ კომპანიაზე - "ვაიდდისტრიბუშენსა" და "ნუგეშზე". გაცემულ ნებართვებში მოექცა ის ტერიტორიებიც, რომლებიც შემდგომში აკრძალვის ზონებში შევიდა: მეტროს სადგურების ტერიტორია, ცენტრალური გამზირები, სკვერები, პარკები და თბილისის ისტორიული ნაწილი. უფრო მეტიც, ამ დადგენილებით თბილისის მთავრობამ აღნიშნა, რომ ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც, როგორც წესი, ერთი წლით გაიცემა, ნებართვის ვადას გაუგრძელებდნენ. საინტერესოა, რომ ეს დადგენილება არ ითვალისწინებს, რამდენჯერ არის შესაძლებელი ნებართვის ვადის გაგრძელება?

ძალიან ხშირად, არქიტექტურის სამსახური გარევაჭრობის თანხმობას ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს იმ მიზეზით არ აძლევდა, რომ კონკრეტულ მისამართზე ჯიხურს შესაძლოა გადაადგილების პრობლემა შეექმნა ფეხით მოსიარულეთათვის, ავტოტრანსპორტისთვის. მიზეზთა შორის სახელდებოდა, რომ კონკრეტული ტერიტორია მეტროს სადგურების მიმდებარედ იყო და ისიც, რომ ჯიხურის იერსახე და დიზაინი არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს, იქ არსებულ არქიტექტურას. რატომღაც აღმოჩნდა ისე, რომ პრივილეგირებული ჯიხურების ფორმა, დიზაინი შეესაბამა ერთნაირად, როგორც ძველი თბილისის ტერიტორიას, ასევე პერიფერიებს, რაც უნივერსალურობის თვალსაზრისით შეუძლებელია. ეს ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებები მოკლებული იყო ობიექტურობას.

2009 წლის 29 აპრილიდან 2011 წლის 14 ივლისის ჩათვლით, მერიის არქიტექტურის სამსახურში გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნით 2,515 განცხადება შევიდა. აქედან, არქიტექტურის სამსახურმა 739 შემთხვევაში მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და აღმოჩნდა, რომ 433 თანხმობა წილად 11 კომპანიას ერგო. აქედან 185 ნებართვა მისცეს "ვაიდდისტრიბუშენს", 50 - "აუთდორჯის" და 85 - "ნუგეშს" (ამ პერიოდში მრავალი მიმართვის მიუხედავად, არც ერთი (!) ნებართვა არ გაიცა პრესის გამავრცელებლებზე - ავტ.). ყველა აღნიშნულ ჯიხურზე ვაჭრობის ნებართვა ერთი წლის ვადით არის გაცემული და მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში უმრავლესობას ნებართვის ვადა ამოეწურა. იმ პირობებში, როდესაც მერია ამბობს, რომ ახალი პროექტის თანახმად ყველა იმ ჯიხურის დემონტაჟი მოხდება, რომელსაც ნებართვის ვადა ამოწურული აქვს, ჩვენ 11 ნოემბერს მივმართეთ არქიტექტურის სამსახურს და მოვითხოვეთ ახალი მონაცემები, ვის გაუგრძელეს ნებართვის ვადა და ვის არა, მაგრამ დღემდე არ წარმოუდგენიათ."

სამართლებრივი მიმოხილვა "ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარევაჭრობისა და თანხმობების გაცემა"

01.09.2011 წ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მერია ამ შემთხვევაშიც უკვე გაკვალული გზით მიდის და "1000 ჯიხურის პროექტი" მხოლოდ ფარსია, რომელიც პრესის გავრცელების "უმტკივნეულოდ" მოსახრჩობად არის მოგონილი.

გასულ კვირას ამ თემას ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა და პრესის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს შეხვდა. მან სურვილი გამოთქვა, მხარი დაუჭიროს პრესის გავრცელებას. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე ორიგინალური გზა პრესის გავრცელების სტიმულირებისთვის თბილისში, სხვა ქალაქებში და ასევე სოფლად. ამ პროექტების განხორციელებაზე საქართველოს პრესის ასოციაციამ უკვე დაიწყო ზრუნვა.

კოალიციამ "არჩევანის თავისუფლებისთვის" პრესის ჯიხურების აღების თაობაზე გაავრცელა მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მერიის ე. წ. 1000 ჯიხურის აუქციონებში მონაწილეობის მსურველ პირებს მოვუწოდებთ: გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პოზიცია და არ მიიღოთ მონაწილეობა აუქციონებში იმ ადგილებზე, სადაც ამჟამად დგას ან  25 ნოემბრამდე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. ასეთი სულ 150-მდე ადგილია თბილისში. თქვენი შეგნებული პოზიცია საშუალებას მისცემს იმ პირებს, რომლებიც მრავალი წელია, პრესას ავრცელებენ, მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ აუქციონებში და შეინარჩუნონ იგივე ადგილები, სადაც ამჟამად მუშაობენ. ამით თქვენ მხარს დაუჭერთ თავისუფალ პრესას!

აქვე, ვთხოვთ პრესის წარმომადგენლებს, ინფორმაცია, თუ რომელი ლოტი ემთხვევა არსებულ საგაზეთო ჯიხურებს, საკუთარ გამოცემებში გამოაქვეყნონ.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთმა სახელისუფლებო ბიზნესმენმა შესაძლოა  მაინც მიიღოს მონაწილეობა აუქციონებში ზემოთ აღნიშნული ადგილებისთვის ფიზიკური ან იურიდიული პირების სახელით. ამ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, ვთხოვთ საზოგადოებას, რომ იმ კომპანიებს (და მათ პროდუქციას), რომლებიც თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში ხელისუფლებასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას, სხვადასხვა სახის პროტესტი გამოეცხადოს!

თავისუფალი პრესის მხარდაჭერა ჩვენი უფლების დაცვაცაა, – დაუბრკოლებლად და შეზღუდვის გარეშე მივიღოთ ინფორმაცია! ჩვენ საზოგადოება ვართ! ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს!"